საქმე ბს-587-587 (გ-18) 01 ნოემბერი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი).
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ბმა „…“ სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე მცხეთის რაიონულ სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს შორის წარმოშობილი დავა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბმა ,,…-მა“ 03.04.2017წ. სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა მოპასუხის მიერ ბმა ,,…-თვის“ თიანეთში, დაბა … მდებარე 32.8 კვ.მ. ფართზე უფლების გადაცემის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ... მიერ თიანეთის სანოტარო ბიუროს პრივატიზაციის N2 ხელშეკრულებისა და სახელმწიფო ქონების მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე 27.03.2001წ. განხორციელდა თიანეთის რაიონში, დაბა …, … ქ.N10-ში მდებარე ორი საცხოვრებელი კორპუსისა და მისი მიმდებარე მიწის ნაკვეთის პრივატიზაცია, თუმცა აღნიშნული უძრავი ქონება სრულად არ დარეგისტრირებულა საჯარო რეესტრში. სადავო 32,8 კვ.მ. ფართზე საკუთრების მოწმობა არ გაცემულა და დაურეგისტირებელია, თუმცა ფართი მდებარეობს პრივატიზებულ საცხოვრებელ კოპუსში, არის საერთო სარგებლობის, რომელსაც ფაქტობრივად იყენებს ამხანაგობა. 06.04.2016წ. ბმა ,,…-ის“ თავმჯდომარემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თიანეთის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ამხანაგობის წევრების საკუთრების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, თუმცა განცხადება არ დაკმაყოფილდა უფლების დამდგენი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო. წერილი ასევე გაეგზავნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგნეტოს, მაგრამ მან თავი აარიდა კონკრეტული პასუხის გაცემას მიუხედავად იმისა, რომ განცხადებას თან ერთვოდა ყველა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა თიანეთის რაიონის დაბა …, … ქ.N10-ში მდებარე ორი საცხოვრებელი კორპუსისა და მისი მიმდებარე მიწის ნაკვეთის სრულ და არა ნაწილობრივ პრივატიზაციას. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უმოქმედობის გამო ბმა ,,…“ ვერ ახერხებს საკუთრების რეგისტრაციას.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 26.04.2017წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.04.2018წ. განჩინებით ბმა ,,…-ის“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოსათვის სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რა დროსაც საერთო განსჯადობის წესების საფუძველზე, სარჩელი უნდა წარედგინოს მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით. სასამართლომ სსკ-ის მე-15 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ სარჩელი სასამართლოს წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მდებარეობს ქ. თბილისში, ამდენად, სარჩელი წარდგენილი უნდა ყოფილიყო თბილისის საქალაქო სასამართლოში. ამასთანავე, მართალია სსკ-ის მე-18 მუხლიდან გამომდინარე, უძრავი ქონების ადგილმდებარეობა ასევე განმსაზღვრელია განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას, თუმცა სსკ-ის მე-20 მუხლის მიხედვით, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, სასამართლოს არჩევის უფლება ეკუთვნის მოსარჩელეს. განსახილველ შემთხვევაში, ყველა მხარე, მათ შორის მოსარჩელე, ეთანხმება საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განხილვას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.05.2018წ. განჩინებით ბმა ,,…-ის“ სარჩელი განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, ყოველი პირი უნდა განსჯადოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სასამართლომ სსკ-ის მე-16 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხისათვის თიანეთში, დაბა ... მდებარე 32,8 კვ.მ. ფართის გადაცემის დავალებას ითხოვს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ბმა-ს აღნიშნულ ქონებაზე უფლება 27.03.2001წ. აუქციონის შედეგად სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თიანეთის სახელმწიფო ქონების მართვის განყოფილებასთან გაფორმებული პრივატიზების ხელშეკრულების საფუძველზე წარმოეშვა. ამდენად, დავა გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან და იგი უნდა განიხილოს სასამართლომ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაც მდებარეობს ხელშეკრულების შესრულების ადგილას - თიანეთის რაიონი, დაბა ... .
სასამართლომ მიუთითა, რომ როდესაც დავა ეხება უძრავ ქონებას და სარჩელი წარდგენილია ამ უძრავ ქონებაზე უფლების მქონე პირის მიმართ, განსჯადობის საკითხი წყდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 და მე-20 მუხლების შესაბამისად, სარჩელი ნივთობრივი განსჯადობით უნდა განიხილოს იმ სასამართლომ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც სადავო უძრავი ქონება მდებარეობს და რომელიც მოსარჩელემ აირჩია, რათა დაცულ იქნეს განსჯადობის მარეგულირებელი ნორმების მიზანი - მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის შესახებ. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი მცხეთის რაიონული სასამართლოს განსჯადია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე მცხეთის რაიონული სასამართლოს და თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ ბმა „…-ის“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის 26.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება არა საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხს. სასკ-ის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოებს შორის განსჯადობის წესების მიხედვით დავების განაწილება ემსახურება მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობას, პროცესის ეკონომიურობას და ოპერატიულობას, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების უზრუნველყოფას, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს აგრეთვე საჯარო მმართველობის განხორციელების ფორმა, პრინციპები, კონკრეტული დავის თავისებურებები. ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე უძრავი ქონების ან სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარეობს ეს უძრავი ქონება ან არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. ტერიტორიული განსჯადობის არსი მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვით მოსარჩელე მიმართავს მოპასუხის სასამართლოს. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). ამდენად, საერთო წესის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის მოქმედების ტერიტორიაზეც არის საქმეზე მოპასუხედ დასახელებული ფიზიკური ან იურიდიული პირის, ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელი, თუმცა საპროცესო კანონმდებლობა, გარკვეული კატეგორიის დავების თავისებურებებიდან გამომდინარე, განსჯადობის არაერთ სპეციალურ წესს ითვალისწინებს.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მართალია ითხოვს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის 32.8 კვ.მ. ფართის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას, თუმცა გასათვალისწინებელია მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები. მოსარჩელე უთითებს, რომ ამხანაგობას ფართი გადაეცა 27.03.2001წ. პრივატიზების ხელშეკრულების საფუძველზე, რაც დაფიქსირდა 27.03.2001წ. მიღება-ჩაბარების აქტში. მოსარჩელის მოსაზრებით ხელშეკრულებაში მითითებული ორი საცხოვრებელი კორპუსის პრივატიზება განხორციელდა სრულად და არა ნაწილობრივ, სადავო ფართიც სწორედ ერთ-ერთ კორპუსში მდებარეობს და წარმოადგენს საერთო სარგებლობის ფართს, ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ამხანაგობის საკუთრება სადავო ფართზე პრივატიზების ხელშეკრულების საფუძველზე უკვე წარმოშობილია, თუმცა ფართის მარეგისტრირებელ ორგანოში აღრიცხვისათვის ესაჭიროება აღნიშნული უფლების დადასტურების შესახებ მოპასუხის მიერ სათანადო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ აქტის გამოცემის დავალების საფუძვლად მოსარჩელე მხარეთა შორის არსებულ პრივატიზების ხელშეკრულებას მიიჩნევს, საკასაციო პალატა არ იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ დავა სახელშეკრულებოა და განსჯადი სასამართლო განსაკუთრებული განსჯადობის (სსკ-ის 16.2 მუხ.) წესების დაცვით უნდა დადგინდეს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავის ტერიტორიული კუთვნილების განსაზღვრისას განსჯადობის სპეციალურ წესს უპირატესობა ენიჭება განსჯადობის ზოგად წესთან მიმართებით. სწორედ ასეთ სპეციალურ წესს ადგენს სსკ-ის მე-16 მუხლი, რომლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო. ხელშეკრულების შესრულების ადგილი განისაზღვრება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულების, ანუ იმ ვალდებულების შესრულების ადგილით, რომლის შესრულების მიზნითაც დაიდო ხელშეკრულება. ვალდებულების შესრულების ადგილი შესაძლოა განისაზღვროს კონკრეტულად (ნორმატიულად ან მხარეთა შეთანხმებით) ან დარჩეს განუსაზღვრელი. უკანასკნელ შემთხვევაში ვალდებულების შესრულების ადგილი ვალდებულებითი ურთიერთობის შინაარსიდან დგინდება. განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თიანეთის სახელმწიფო ქონების მართვის განყოფილებასა და აუქციონში გამარჯვებულ … … ა. ქ-ს (ფიზიკურ პირთა ჯგუფის სახელით) შორის 27.03.2001წ. ხელშეკრულება დაიდო თიანეთის რაიონის დაბა … მდებარე ორი საცხოვრებელი კორპუსის, ხუთი კოტეჯისა და მიმდებარე ტერიტორიის კერძო საკუთრებაში გადასვლის მიზნით. ამდენად, ხელშეკრულების შინაარსის გათვალისწინებით, ვინაიდან ხელშეკრულების ძირითადი საგანი უძრავ ნივთზე საკუთრების გადაცემაა, ხელშეკრულების შესრულების ადგილი ემთხვევა უძრავი ნივთის მდებარეობას და არის თიანეთი, დაბა ..., თუმცა აღნიშნული არ ადასტურებს დავის მცხეთის რაიონული სასამართლოსათვის დაქვემდებარებას, რადგან პრივატიზაციის განხორციელებისას - 2001 წელს მოქმედი „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ 30.05.1997წ. კანონის მიხედვით, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესი კომპლექსური ხასიათის იყო და შედგებოდა რეალაქტებისაგან (გამოცხადება, კონკურსის/აუქციონის ჩატარება და სხვ.), ქონების პრივატიზაციის შესახებ ხელშეკრულების დადებისაგან, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - საკუთრების მოწმობის გამოცემისაგან. საკუთრების მოწმობის გაცემის ვალდებულება აღარ ფიქსირდება ამჟამად მოქმედ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ 21.07.2010წ. კანონში, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ 30.05.1997წ. კანონი. მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელე არ ითხოვს საკუთრების მოწმობის გაცემას, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისაგან - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან აქტის გამოცემას, რომლითაც დადასტურდება სადავო ფართზე საკუთრების მოსარჩელისათვის გადაცემა. შესაბამისად მოთხოვნა ეხება არა ხელშეკრულების აღსრულებას, არამედ ადმინისტრაციული ორგანოსათვის აქტის გამოცემის დავალებას, ბმა „…-ის“ სახელზე 32,8 კვ.მ. ფართზე საკუთრების უფლების 2001 წელს გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას (მავალებელი სარჩელი, სასკ-ის 23-ე, 33-ე მუხ.). საქმის მასალებით დასტურდება, რომ საჯარო რეესტრში მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო 32,8 კვ.მ. ფართზე არ დარეგისტრირდა უფლებადამდგენი დოკუმენტების არარსებობის გამო, ამასთან, სააგენტომ უარი განაცხადა სადავო ფართზე ამხანაგობის საკუთრების უფლების დადასტურებაზე. სასარჩელო მოთხოვნას ადმინისტრაციული ორგანოსათვის სწორედ აღნიშნული საკუთრების უფლების დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება წარმოადგენს, მოსარჩელე თვლის, რომ მას საკუთრება უკვე გადაცემული აქვს 27.03.2001წ. პრივატიზების ხელშეკრულებით, ორგანომ აქტის გამოცემით უნდა დაადასტუროს ეს ფაქტი. აღნიშნულის გათვალისწინებით განსჯადობის საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს არა განსაკუთრებული წესის, კერძოდ ხელშეკრულების შესრულების ადგილის მიხედვით (სსკ-ის მე-16 მუხ.), არამედ განსჯადობის ორდინალური წესით (სსკ-ის მე-15 მუხ.) - მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ დავა არ ეხება საჯარო რეესტრში რეგისტრაციის განხორციელების საკითხს, დავის საგანს არ შეადგენს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 11.04.2016წ. და შეწყვეტის შესახებ 13.05.2016წ. თიანეთის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებების, აგრეთვე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 13.07.2016წ. N… გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. დავა არ ეხება საჯარო რეესტრში არსებული რეგისტრაციის კანონიერებას ან პრივატიზაციის ხელშეკრულების აღსრულების მიზნით მარეგისტრირებელი ორგანოსათვის რეგისტრაციის განხორციელების დავალებას. შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს უძრავი ნივთის მდებარეობის მიხედვით (სსკ-ის მე-18) განსჯადობის წესების გამოყენების საფუძველი. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უძრავი ნივთის მდებარეობის მიხედვით განსჯადობის საკითხის გადაწყვეტა დაიშვება მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მის სისტემაში შემავალი რეგიონული ოფისებისა და ფილიალების მიმართ აღძრულ სარჩელებზე, რათა ერთიანმა, ცენტრალიზებულმა სისტემამ, შედეგად არ გამოიწვიოს ყველა შემთხვევაში განსჯად სასამართლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს განსაზღვრა, მარეგისტრირებელი ორგანოს მიმართ წარმოშობილი ადმინისტრაციული საქმეების ერთ სასამართლოში კონცენტრაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ დავა განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც არის მოპასუხის ადგილსამყოფელი. საქმეზე მოპასუხედ დასახელებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მისამართია: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №49ა (საქართველოს მთავრობის 17.09.2012წ. N391 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების“ 1.7 მუხ.). „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 09.08.2007წ. N1/150-2007 გადაწყვეტილებით განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. გადაწყვეტილების 20.2 მუხლის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვრა საქართველოს დედაქალაქის - თბილისის ადმინისტრაციული საზღვრები. მნიშვნელოვანია, რომ მოცემული დავა არ არის გათვალისწინებული მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალში (სასკ-ის მე-6 მუხ.), შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბმა „…-ის“ სარჩელი სსკ-ის მე-15 მუხლით განსაზღვრული განსჯადობის წესების დაცვით, განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს,
საკასაციო პალატა არ იზიარებს მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ განსახილველი დავის განსჯადობის გადაწყვეტისას მხარეთა მიერ განსჯად სასამართლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს დასახელების გამო დავის თბილისის საქალაქო სასამართლოსადმი დაქვემდებარების შესახებ მოსაზრებას, რადგან სასკ-ის 26-ე მუხლის შესაბამისად სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ადმინისტრაციულ სასამართლო წარმოებაში განსჯადობის საკითხს ენიჭება არა დისპოზციური, არამედ იმპერატიული ხასიათი, განსჯადობა განიხილება საჯარო წესრიგის შემადგენელ ნაწილად, მხარეების შეთანხმება სასამართლო განსჯადობაზე ან რომელიმე სასამართლოს იურისდიქციის გამორიცხვა არ დაიშვება, მსგავსი შეთანხმებები არ ცვლის კანონმდებლობით დადგენილ განსჯადობის იმპერატიულ წესს. ამდენად, მხარეთა თანხმობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დავის განხილვაზე, განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისთვის არ არის რელევანტური. განსჯადობის შესახებ წერილობითი შეთანხმება დაიშვება მხოლოდ სამოქალაქო სასამართლო წარმოებაში, თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც არ არის დადგენილი ერთმნიშვნელოვნად განსჯადი სასამართლო და მოპასუხეს განემარტება სასამართლოს არაგანსჯადობის თანამდევი შედეგები (სსკ-ის 21-ე მუხ.). სასკ-ის 1.2 მუხლის ჩანაწერი, რომ ადმინისტრაციულ სასამართლო წარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესები, არ გულისხმობს ადმინისტრაციული დავების განხილვისას სსკ-ის 21-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას, რადგან ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით საკითხი სხვაგვარად არ არის მოწესრიგებული. განსახილველ შემთხვევაში სასკ-ის 26.1 მუხლით ერთმნიშვნელოვნად არის დადგენილი დავის განსჯადი სასამართლოს მიერ განხილვის საჭიროება, შესაბამისად, ადმინისტრაციულ სასამართლო წარმოებაში განსჯადობის საკითხი არ არის დამოკიდებული მხარეთა მოსაზრებებზე. ამდენად, დავა განსჯადობით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას უნდა დაექვემდებაროს შესაბამისი ნორმატიული მოწესრიგების და არა მხარეთა შეთანხმების გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15, მე-16, მე-18 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბმა „…-ის“ სარჩელი მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავჯდომარე: ნ.სხირტლაძე
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ვ. როინიშვილი