საქმე Nბს-653-653(კს-18) 17 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ვ. ა-ე (მესამე პირი)
მოწინააღმდეგე მხარეები: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახური, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხეები)
მოსარჩელე - მ. ა-ე
მესამე პირები: ჯ. გ-ი, თ. ჯ-ე
დავის საგანი _ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მესამე პირად ჩაბმა;
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ა-ემ 2013 წლის 23 იანვარს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოპასუხეთა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და მოპასუხეებისათვის ქმედების განხორიცელების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 მაისის განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მესამე პირად ჩაება ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური და ჯ. გ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ა-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 29 ნოემბრის განკარგულება №2704 „ჯ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე“; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ჯ. გ-ის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან მიმართებაში, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში; დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში მ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ჯ. გ-მა და მ. ა-ემ.
2017 წლის 12 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა ვ. ა-ემ და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ითხოვა საქმეში მესამე პირად ჩაბმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინებით ვ. ა-ის შუამდგომლობა ადმინისტრაციულ საქმეში №3ბ/1269-16, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირის სტატუსით ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ა-ემ. კერძო საჩივრის ავტორი მისი შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებს: საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლზე - ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლებაზე; „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ ორჰუსის კონვენციაზე, რომლის თანახმად გარანტირებულია სიცოცხლისა და საქმის სამართლიანი განხილვის უფლება.
კერძო საჩივრის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ დასთან - მ. ა-ესთან ერთად ცხოვრობდა წლების მანძილზე არაჯანსაღ გარემოში და მის მობინადრეობას არ უარყოფს სააპელაციო სასამართლო. მოსარჩელე - მ. ა-ე გახდა მესაკუთრე დედის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდროს მიღების შედეგად. აღნიშნულ ბინაში დედასთან ერთად ცხოვრობდა ვ. ა-ეც. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ მემკვიდრეობით საკუთრების უფლება წარმოიშობა და დგინდება არა რეგისტრაციით, არამედ სამკვიდროს გახსნით.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით სასამართლოს ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით უნდა გამოეთხოვა სამკვიდრო მოწმობა, გაერკვია ვ. ა-ის უფლება სადავო საკითხთან მიმართებაში და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით უნდა ჩაება ვ. ა-ე სამართალწარმოებაში მესამე პირად, რადგან მე-16 მუხლის პირველი ნაწილით არ არის საჭირო კანონიერი ინტერესის არსებობა და აღნიშნული ნორმა მხოლოდ ინტერესზე მიუთითებს. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერში გარდა მ. ა-ისა ასევე მითითებულია სხვა თანამესაკუთრე, რაც ნიშნავს, რომ ტექბიუროში რეგისტრირებულია კიდევ ვიღაც. სწორედ აღნიშნული არ გამოიკვლია სააპელაციო სასამართლომ. ვ. ა-ე აღნიშნავს, რომ სამკვიდრო მანაც მიიღო, თუმცა მ. ა-ეზე უძრავი ქონების რეესტრში რეგისტრაციის დროს მან ვერ შეძლო მისვლა, რის გამოც არ ჩანს მისი საკუთრების უფლება რეესტრის ამონაწერში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ა-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დამკვიდრებულია როგორც მხარეთა და პოტენციურ მესამე პირთა საპროცესო უფლება – მიმართონ სასამართლოს საქმეში მესამე პირის ან მესამე პირად ჩაბმის მოთხოვნით, აგრეთვე, Oოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სასამართლოს გააჩნია, როგორც უფლებამოსილება, ასევე აკისრია პროცესუალური ვალდებულება მესამე პირის ჩაბმის თაობაზე, რაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დავების მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური თავისებურებებიდან გამომდინარეობს.
მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესის დაცვის მიზნის მიღწევას ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მოწვევის ინსტიტუტი ემსახურება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მესამე პირის ინსტიტუტი ადმინისტრაციული პროცესის მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მესამე პირებს დაიცვან თავიანთი კერძო, სუბიექტური ინტერესები და რეალიზება განახორციელონ ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში. მესამე პირების ინსტიტუტის საკანონმდებლო საფუძველს ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი. აღნიშნული მუხლის თანახმად, კანონმდებელი განასხვავებს მესამე პირების მარტივ და სავალდებულო (აუცილებელ) ჩაბმას. მესამე პირთა ადმინისტრაციულ პროცესში მოწვევის მარტივი ფორმა შინაარსობრივად განსხვავდება აუცილებელი, სავალდებულო ფორმისაგან. განსხვავება იმაშია, რომ მესამე პირთა ადმინისტრაციულ პროცესში მარტივი ფორმით ჩაბმა საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებაა, ხოლო მესამე პირთა აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმა კი ვალდებულება კონკრეტული გარემოების არსებობისას. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივ და სავალდებულო ფორმით ჩაბმას შორის განსხვავებას მნიშვნელობა ენიჭება სწორედ მათთვის საპროცესო უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის მინიჭების თვალსაზრისით. ადმინისტრაციულ პროცესში მარტივი ფორმით ჩაბმული მესამე პირები უფრო შეზღუდული უფლებებით სარგებლობენ, ვიდრე სავალდებულო ფორმით ჩაბმული მესამე პირები.
ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა სავალდებულო ჩაბმის ფორმა სახეზეა, თუ მესამე პირი იმ სამართალურთიერთობის მონაწილეა, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივი ჩაბმის დროს გადამწყვეტია მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესები, ხოლო რაც შეეხება აუცილებელ, სავალდებულო ჩაბმას, ამ დროს სამართლებრივი ინტერესის პარალელურად მნიშვნელოვანია ის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მესამე პირთა უფლებები და მოვალეობებიც შეიძლება განისაზღვროს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი მე-2 ნაწილი მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობას ადგენს იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეები, რომელთან მიმართებაშიც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ანუ ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ, კანონით დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესებზე. აუცილებელი მოწვევის საფუძველზე ჩაბმული მესამე პირი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, სარგებლობს მოსარჩელისა და მოპასუხის ყველა უფლებით და ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა, რაც გულისხმობს, რომ ამგვარი სტატუსის მესამე პირი აღჭურვილია მხარის ყველა საპროცესო უფლებით.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის მოტივებს, რამდენადაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში პირის პროცესუალური უფლებების უზრუნველყოფა პირდაპირ კავშირშია მისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლებების არსებობის ფაქტთან. პირს მესამე პირის პროცესუალური ინსტიტუტი აძლევს შესაძლებლობას, საპროცესო უფლებების გამოყენების გზით უზრუნველყოს მატერიალურ-სამართლებრივი უფლებების დაცვა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით საქმეში სავალდებულო მესამე პირად ჩაბმის ინსტიტუტის მიზანს სწორედ ასეთი პირის, სადავო სამართალურთიერთობის მონაწილის მატერიალურ-სამართლებრივი უფლებების დაცვის უზრუნველყოფა წარმოადგენს, რაც შესაბამისი საპროცესო უფლებების რეალიზაციის მეშვეობით უნდა განხორციელდეს.
მოცემულ საქმეში მ. ა-ის მიერ აღძრულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის) და 24-ე (ქმედების განხორციელების თაობაზე) მუხლებით გათვალისწინებული სარჩელი, რომლის საფუძველზე სასამართლოს განხილვის საგანია ქ. თბილისში, … N...-ში განხორციელებული მშენებლობის ლეგალიზაციის კანონიერების შემოწმება, ავარიული კორპუსის აღდგენის მიზნით ადმინისტრაციული ორგანოსათვის გარკვეული ქმედებების განხორციელების დავალება და რიგი საჯარო მოხელეების მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გამოყენება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქ. თბილისში, … №...-ში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქონებაზე, ფართი: 40.00 კვ.მ.; საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება; მესაკუთრე: მ. ა-ე და სხვა თანამესაკუთრე; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, №1-1, გაფორმების თარიღი: 04/01/2001, ნოტარიუსი მ. ბ-ე. ამდენად, სარჩელზე დართული 2012 წლის 27 თებერვლის საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ მ. ა-ეს ჰყავს თანამესაკუთრე, რომლის, როგორც დაინტერესებული პირის უფლება შესაძლოა არ დგინდებოდეს „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან და დადგინდეს ამავე მუხლით გათვალისწინებული სამკვიდრო მოწმობით. მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმეზე სადავო არ არის, რომ მ. და ვ. ა-ეები არიან დაძმა და ქ. თბილისში, … №...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე მ. ა-ის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა.
ამდენად, ცალსახად არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ ვ. ა-ეს მოცემულ დავაზე არ გააჩნია კანონიერი ინტერესი. რაც ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სასამართლოს ვალდებულებას გამოიკვლიოს და ცალსახად დაადგინოს ვ. ა-ის ან საჯარო რეესტრის ამონაწერით გათვალისწინებული სხვა თანამესაკუთრის ინტერესის არსებობა მ. ა-ის მიერ აღძრული სარჩელით გათვალისწინებულ სამართალურთიერთობასთან მიმართებაში, რათა სამომავლოდ გამოირიცხოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სახეზეა ვ. ა-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-16 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. ა-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს საქმეში მესამე პირად ჩართვის თაობაზე ვ. ა-ის შუამდგომლობის განხილვის ეტაპიდან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე