№ბს-453-453(კ-18) 4 ოქტომბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე - ჯ. ლ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 12 ივლისს ჯ. ლ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი 2015 წლის 1 აპრილიდან დაინიშნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის ... განყოფილების უფროსად, საიდანაც 2017 წლის 1 მაისის #835 ბრძანების საფუძველზე, გათავისუფლდა სამსახურიდან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო. ამავე ბრძანების მე-2 პუნქტით განისაზღვრა მოსარჩელისათვის ორთვიანი კომპენსაციის გაცემის ვალდებულება. 2017 წლის 29 მაისის გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის #1193 ბრძანებით უკანონოდ ძალადაკარგულად გამოცხადდა მითითებული ბრძანების მე-2 პუნქტი, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას ავალდებულებდა გათავისუფლებული მოხელისათვის 2 თვის კომპენსაციის ჩარიცხვას.
ამდენად, მოსარჩელემ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 მაისის #1193 ბრძანების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის ჯ. ლ-ის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით ორი თვის სარგოს - 2062 ლარის დაკისრება მოითხოვა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჯ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 1 აპრილს ჯ. ლ-ი დაინიშნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის ... განყოფილების უფროსად. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 1 მაისის №835 ბრძანებით ჯ. ლ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურს დაევალა მისთვის ფულადი კონპენსაციის სახით 2 (ორი) თვის თანამდებობრივი სარგოს ჩარიცხვა.
2017 წლის 2 მაისს ჯ. ლ-მა განცხადებით მიმართა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელს და მოითხოვა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 2 მაისის №910 ბრძანებით ჯ. ლ-ი დაინიშნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილების ... მოვალეობის შემსრულებლად 2017 წლის 2 მაისიდან 1 ივლისამდე. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 მაისის №1193 ბრძანებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 1 მაისის №835 ბრძანების მე-2 პუნქტი, რომლითაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურს დაევალა ჯ. ლ-ისათვის ფულადი კონპენსაციის 2 (ორი) თვის თანამდებობრივი სარგოს ჩარიცხვა.
საქმის მასალებით სასამართლომ ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 ივნისის №1547 ბრძანებით ჯ. ლ-ი 2017 წლის 30 ივნისიდან დაინიშნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილების ... თანამდებობაზე. ამავე ბრძანების მე-2 მუხლით ძალადაკარგულად გამოცხადდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 2 მაისის №910 ბრძანება ჯ. ლ-ის გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილების ... მოვალეობების შემსრულებლად დანიშვნის თაობაზე.
სასამართლომ მიუთითა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 მაისის №1193 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 1 მაისის №835 ბრძანების მე-2 მუხლი, რომლითაც ჯ. ლ-ისათვის განისაზღვრა კომპენსაციის სახით ორი თვის თანამდებობრივი სარგოს - 2062 ლარის გადახდა. აღნიშნული ბრძანების მიღების წინაპირობად ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა მიუთითა მოსარჩელის დასაქმება ამავე დაწესებულებაში, 2017 წლის 29 ივნისის №1547 ბრძანებით ჯ. ლ-ი დაინიშნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილების ... თანამდებობაზე 2017 წლის 30 ივნისიდან.
სასამართლომ განმარტა, რომ სადავო აქტის მიღებისას მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო სამსახურიდან გათავისუფლებისას მოხელეს კომპენსაციის სახით ეძლევა 2 თვის თანამდებობრივი სარგო. სასამართლომ მხარეთა ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ დასახელებული ნორმის გამოყენების დროს ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს ნორმის მიზნობრივი განმარტებით, თუ რა მიზანს ემსახურება კანონმდებლის ნება. კომპენსაცია თავისი შინაარსით წარმოადგენს თანხას, რომელიც შეიძლება გადახდილი იქნეს რაიმეს, კერძოდ, დანაკარგის ან დანაკლისის ასანაზღაურებლად. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა ის სამსახური, რომელიც დაკავებული ჰქონდა მოსარჩელეს, ადმინისტრაციულმა ორგანომ შტატების შემცირების გამო სწორად უზრუნველყო მოსარჩელისათვის ორი თვის თანამდებობრივი სარგოს სახით კომპენსაციის მიცემის საკითხის გადაწყვეტა. ასევე სწორად იქნა მიღებული გადაწყვეტილება ჯ. ლ-ისათვის კომპენსაციის მიცემის გაუქმების თაობაზე ამ უკანასკნელის იმავე დაწესებულებაში სხვა თანამდებობის დაკავების გამო. უფრო მეტიც, ჯ. ლ-ს გავლილი აქვს საკონკურსო-საატესტაციო კომისია, მოსარჩელე არ იმყოფება სამსახურის დაკარგვის საშიშროების ქვეშ, შესაბამისად, მოსარჩელე სამსახურის დაკარგვის გამო არ ჩავარდნილა მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. კანონის მიზნიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ კომპენსაციის მიცემა ორი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით ემსახურება დასაქმებულის ინტერესს, შეძლოს სხვა სამსახურის მოძიება. სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მოსარჩელე დღემდე აგრძელებს მუშაობას და უწყვეტად იღებს პოზიციისათვის შესაბამის თანამდებობრივ სარგოს. სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტით არ მომხდარა მოსარჩელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების (კერძოდ, შრომითი საქმიანობის სტაბილურად, უწყვეტად განხორციელების, ადეკვატური გასამრჯელოს მიღების უფლების, პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენა-განვითარების, კვალიფიკაციის ამაღლების და ა.შ. ინტერესების) შეზღუდვა, მოსარჩელეს არ მიუღია იმგვარი მატერიალური ზიანი, რაც მისთვის კომპენსაციის გადახდას დაავალდებულებდა ადმინისტრაციულ ორგანოს.
სასამართლომ აგრეთვე ყურადღება გაამახვილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტზე, რომელსაც აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა, რომ გასაჩივრებული აქტი კანონსაწინააღმდეგოა, ვინაიდან გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფორმალური და მატერიალური კანონიერების თვალსაზრისით, კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი, რაც წარმოადგენს კომპენსაციის გაცემის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ლ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით ჯ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ჯ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 მაისის #1193 ბრძანება; გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას ჯ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 2062 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა არ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ჯ. ლ-ისათვის ორი თვის კომპენსაციის გადახდის თაობაზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 მაისის №1193 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ და განმარტა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა ის სამსახური, რომელიც დაკავებული ჰქონდა მოსარჩელეს, ადმინისტრაციულმა ორგანომ შტატების შემცირების გამო სწორად უზრუნველყო მოსარჩელისათვის ორი თვის თანამდებობრივი სარგოს სახით კომპენსაციის მიცემის საკითხის გადაწყვეტა, თუმცა, პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო ჯ. ლ-ისათვის კომპენსაციის მიცემის გაუქმების თაობაზე. პალატის მითითებით, ნიშანდობლივია, რომ საჯარო სამსახურში მუშაობა უნდა ქმნიდეს სტაბილურობის განცდას. საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება უნდა იყოს კანონით მკაცრად გაწერილი რთული პროცედურა.
პალატამ ყურადღება გაამახვილა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 2 მაისის №910 ბრძანებაზე, რომლითაც ჯ. ლ-ი დაინიშნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილების ... მოვალეობების შემსრულებლის თანამდებობაზე 2017 წლის 2 მაისიდან 1 ივლისამდე. ამდენად, ჯ. ლ-ის დასაქმება გარკვეული ვადით და მოვალეობის შემსრულებლად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვერ შექმნიდა მისთვის ორთვიანი კომპენსაციის გაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველს. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი მტკიცებულებების, დასახელებული ნორმების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სადავო აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს ჯ. ლ-ისათვის კომპენსაციის მიცემის სამართლებრივი საფუძველი. იგი დღემდე აგრძელებს მუშაობას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში და უწყვეტად იღებს პოზიციისათვის შესაბამის თანამდებობრივ სარგოს. ჯ. ლ-ი არ იმყოფება სამსახურის დაკარგვის საშიშროების ქვეშ და არც მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში ჩავარდნილა, ვინაიდან იგი იმავე დაწესებულებაში იკავებს სხვა თანამდებობას. 2017 წლის 2 მაისის #910 ბრძანებით ჯ. ლ-ი კვლავ დასაქმდა იმავე ადმინისტრაციულ ორგანოში ვაკანტურ თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებული კონკურსის გავლის შედეგად დაინიშნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილების ... . კასატორის აზრით, არ მომხდარა ჯ. ლ-ის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების შეზღუდვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მათი შესწავლისა და ანალიზის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ჯ. ლ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები); ხოლო ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 1 აპრილს ჯ. ლ-ი დაინიშნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის ... განყოფილების უფროსად, ხოლო გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 1 მაისის №835 ბრძანებით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურს დაევალა მისთვის ფულადი კონპენსაციის სახით 2 (ორი) თვის თანამდებობრივი სარგოს ჩარიცხვა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 2 მაისის №910 ბრძანებით ჯ. ლ-ი დაინიშნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილების ... მოვალეობის შემსრულებლად 2017 წლის 2 მაისიდან 1 ივლისამდე. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 მაისის №1193 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ამავე მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 1 მაისის №835 ბრძანების მე-2 მუხლი, რომლითაც ჯ. ლ-ისათვის განისაზღვრა კომპენსაციის სახით ორი თვის თანამდებობრივი სარგოს - 2062 ლარის გადახდა. აღნიშნული ბრძანების მიღების წინაპირობად ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა მიუთითა მოსარჩელის დასაქმება ამავე დაწესებულებაში.
ასევე დადგენილია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 ივნისის №1547 ბრძანებით ჯ. ლ-ი 2017 წლის 30 ივნისიდან დაინიშნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილების ... თანამდებობაზე.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 მაისის №1193 ბრძანების კანონიერება წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე ჯ. ლ-ი სადავო ბრძანების უკანონობის საფუძვლად მისთვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტს მიუთითებს, რადგან იგი გათავისუფლდა განყოფილების ... თანამდებობიდან და დაინიშნა რანგით დაბალ თანამდებობაზე, სადაც მისი ყოველთვიური სარგო უფრო დაბალი ოდენობით განისაზღვრა.
ამდენად, სადავო საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს მსჯელობის ძირითად საგანს იმ გარემოების შეფასება წარმოადგენს, ეკუთვნოდა თუ არა მოსარჩელეს კომპენსაციის სახით 2 თვის თანამდებობრივი სარგოს მიღება იმ პირობებში, როცა საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე დღემდე აგრძელებს მუშაობას იმავე დაწესებულებაში და უწყვეტად იღებს თავისი პოზიციისათვის შესაბამის თანამდებობრივ სარგოს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო ჯ. ლ-ისათვის კომპენსაციის მიცემის გაუქმების თაობაზე, რადგან გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა ის სამსახური, რომელიც დაკავებული ჰქონდა მოსარჩელეს, ადმინისტრაციულმა ორგანომ კი კანონის შესაბამისად, სწორად უზრუნველყო მისთვის ორი თვის თანამდებობრივი სარგოს სახით კომპენსაციის გაცემა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნა არ არის დასაბუთებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის პირობების მოსარჩელესთან მიმართებაში არსებობის შესახებ. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული საკითხი უნდა გადაწყდეს არა მხოლოდ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 მაისის №1193 ბრძანების დამოუკიდებლად შეფასების, არამედ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 2 მაისის №910 და გამგებლის 2017 წლის 29 ივნისის №1547 ბრძანებების ერთობლიობაში შეფასების გზით.
სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ, მართალია, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 1 მაისის №835 ბრძანებით ჯ. ლ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ამავე ბრძანებით განისაზღვრა მისთვის ფულადი კონპენსაციის სახით 2 (ორი) თვის თანამდებობრივი სარგოს ჩარიცხვა, თუმცა აღნიშნული ბრძანების გამოცემიდან მეორე დღეს, ჯ. ლ-ი კვლავ დაინიშნა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში ეკონომიკური განვითარებისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილების ... მოვალეობის შემსრულებლად 2017 წლის 2 მაისიდან 1 ივლისამდე, ხოლო 2017 წლის 30 ივნისიდან იგი დაინიშნა იმავე პოზიციაზე ... თანამდებობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 109-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო სამსახურიდან გათავისუფლებისას მოხელეს კომპენსაციის სახით ეძლევა 2 თვის თანამდებობრივი სარგო. საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მითითებული ნორმის გამოყენების დროს ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს ნორმის მიზნობრივი განმარტებიდან გამომდინარე, თუ რა მიზანს ემსახურება კანონმდებლის ნება. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის მიზანია სამუშაოდან გათავისუფლებული პირისათვის სხვა სამუშაოს პოვნამდე არსებობის შენარჩუნების მინიმალური ფინანსური უზრუნველყოფა. აღნიშნული დახმარება უმუშევრად დარჩენილი მოხელის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის ერთ-ერთი ღონისძიებაა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის ანაზღაურების საფუძველი. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სწორად უზრუნველყო მოსარჩელისათვის 2 თვის თანამდებობრივი სარგოს სახით კომპენსაციის მიცემის საკითხის გადაწყვეტა, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულიად კანონიერად იქნა იგი გაუქმებული ჯ. ლ-ის იმავე დაწესებულებაში სხვა თანამდებობის დაკავების გამო. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ჯ. ლ-ს არ შექმნია არასტაბილურობის განცდა, რადგან 2017 წლის 2 მაისიდან კვლავ დასაქმდა იმავე ადმინისტრაციულ ორგანოში ვაკანტურ თანამდებობაზე, ხოლო გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამოცხადებული კონკურსის გავლის შედეგად დაინიშნა ... თანამდებობაზე. იგი უწყვეტად, დღემდე აგრძელებს მუშაობას და იღებს მისი პოზიციისათვის შესაბამის თანამდებობრივ სარგოს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 მაისის №1193 ბრძანებას არ მოჰყოლია სისტემიდან მოსარჩელის გათავისუფლება და მისი უმუშევრად დარჩენა, ასევე ჯ. ლ-ი არ იმყოფება სამსახურის დაკარგვის საშიშროების ქვეშ, ის ერთი დღეც არ დარჩენილა უმუშევარი, შესაბამისად, სამსახურის დაკარგვის გამო იგი არ ჩავარდნილა მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტის დანიშნულებას კი, როგორც უკვე აღინიშნა, წარმოადგენს სისტემიდან გათავისუფლებული, სამსახურის გარეშე დარჩენილი მოხელის დახმარება, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია (იხ. სუს 2007 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება #ბს-487-464(კ-07)).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია. სადავო ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო სადავო აქტის კანონიერების პირობებში, არ არსებობს ჯ. ლ-ისათვის კომპენსაციის სახით 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილია დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ჯ. ლ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ჯ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი