საქმე №ბს-855(კ-18) 9 ოქტომბერი, 2018 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სპს „...“ (მესამე პირი)
მოწინააღმდეგე მხარე - ო. შ-ი (მოსარჩელე), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ო. შ-მა 2016 წლის 13 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისა და სპს „...“ მიმართ და მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვა ქალაქ ბათუმის მერის 1998 წლის 22 მაისის N4 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 15 ოქტომბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 3 ივნისის N... ,,რეგისტრაციის შესახებ“ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 ივნისის განჩინებით ო. შ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2016 წლის 04 აპრილს ო. შ-მა საჩივარი შეიტანა და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის განჩინების გაუქმება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ივლისის განჩინებით ო. შ-ის საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე უარის თქმის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე, განჩინების მიღებიდან 05 დღის ვადაში დაუსაბუთებლობის გამო საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა ზემდგომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინებით ო. შ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 ივნისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა სპს „...“.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ო. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. შ-მა, რომელმაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით ო. შ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ო. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 15 ოქტომბრის N... გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 3 ივნისის N... გადაწყვეტილება; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შ. თ-ის 2007 წლის 09 ოქტომბრის N... განცხადებასთან დაკავშირებით; დანარჩენ ნაწილში ო. შ-ის სარჩლი არ დაკმაყოფილდა;
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სპს „...“, რომელმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ო. შ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა მოსარჩელის კავშირი სადავო აქტების მიმართ, მისი იურიდიული ინტერესი და მოახდინა იურიდიული პირის და ფიზიკური პირის კატეგორიების აღრევა,კერძოდ: სადავო გადაწყვეტილებაში სასამართლო უთითებს ფირმა „...“, როგორც ბათუმში, ... ქ. ... მდებარე უძრავ ნივთზე უფლების მქონე პირზე ,ამასთან სააპელაციო სასამართლო ამ ფირმის ერთ-ერთ დამფუძნებელ ფიზიკურ პირს ო. შ-ის სარჩელს განიხილავს, როგორც უფლებამოსილი პირის მიერ აღძრულ და სწორი იურიდიული ინტერესის მქონე პირის სარჩელს. იურიდიული პირი და მისი დამფუძნებელი წარმოადგენენ სხვადასხვა სუბიექტს და მათი აღრევა დაუშვებელია, ამასთან, ფირმა „...“,როგორც იურიდიული პირი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი, არ არსებობს. თავად მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ ფირმა „...“ რეგისტრაცია დადგენილი წესით არ მომხადრა, შესაბამისად, ასეთი სუბიექტის რეგისტრაცია გაუქმებულია და იგი არ არსებობს, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კასატორი ასევე უსაფუძვლოდ და სამართლებრივად დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, ბათუმში ... ქ. №... მდებარე ნივთზე ფირმა „...“ უფლების მოპოვებაზე 1993 წლის 28 აპრილის №488 აქტით, რომლითაც ექსპლუატაციაში იქნა მიღებული ფირმა „...“ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მაღაზია. კასატორი აღნიშნავს, რომ შენობის ექსპლუატაციაში მიღების აქტი არც მოქმედი სამოქალაქო კოდექსით და არც 1964 წლის სსრკ სამოქალაქო კოდექსით არ განიხილება საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლად-უფლების დამდგენ დოკუმენტად. ბათუმში ... ქ. №... მდებარე უძრავ ნივთზე ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის არქივში რეგისტრირებული იყო სპს „...“ სახელზე 1998 წლიდან, ამდენად ფირმა „...“ ან ო. შ-ი მიჩნეულიც რომ იყოს აღნიშნულ უძრავ ნივთზე საკუთრების მოთხოვნის უფლების მქონედ, სპს „...“ ფლობს ბათუმში, .... ქ. №... მდებარე ნივთს, როგორც საკუთარს. კასატორის სახელზე რეგიტრაცია დასტურდება 1998 წლის 04 ივნისის №01-10-114 მიმართვით და ტექნიკური ინვერტარიზაციის არქივის მონაცემებით. სამოქალაქო კოდექსის 1514-ე მუხლით, საჯარო რეესტრის ფორმირებამდე ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში ხდებოდა უძრავ ნივთზე საკუთრების აღრიცხვა. 15 - წლიანი რეგისტრაციის შემდეგ, შედავება მესაკუთრედ ყოფნასთან დაკავშირებით სამოქალაქო კოდექსით დაუშვებელია და რეგისტრირებული პირი, თუნდაც უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე, მიიჩნევა მესაკუთრედ.
კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი, კერძოდ: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ უკანონოდ და დაუსაბუთებლად განხორციელდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აქტების ბათილობა; ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 15 ოქტომბრის №.... გადაწყვეტილებით და 2009 წლის 03 ივნისის №.... გადაწყვეტილებით არ მომხდარა საჯარო რეესტრის მიერ რაიმე სახის ახალი რეგისტრაცია (საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია), არამედ დასახელებული რეგისტრაციით განხორციელდა მანამდე არსებული რეგისტრაციის უფლების გადმოტანა, ანუ ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურში განხორციელებული რეგისტრაციის გადმოტანა საჯარო რეესტრში და მასში ცვლილებების რეგისტრაცია, რითაც შპს „...“ საკუთრების უფლება დარეგისტრირდა დაზუსტებული მონაცემებით.
გარდა ამისა, კასატორის განმარტებით, ო. შ-ს საჯარო რეესტრის აღნიშნული გადაწყვეტილება არ აყენებს უშუალო და პირდაპირ ზიანს, რადგან რეესტრის აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე დარეგისტრირებული ობიექტის, მდებარე ქ. ბათუმის №..., მიმართ მოსარჩელეს არ გააჩნია რაიმე სახის დასაბუთებული მოთხოვნა, იქნება ეს საკუთრების უფლება, სარგებლობა თუ სხვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ივლისის განჩინებით სპს „...“ საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სპს „...“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა და სახეზე იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი.
დადგენილია და მხარეთა დავას არ იწვევს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ. ბათუმის მერიის 1998 წლის 22 მაისის N4 საოქმო გადაწყვეტილება, რომელიც უფლებადამდგენ დოკუმენტად გამოიყენა სარეგისტრაციო სამსახურმა და მიიღო სპს „...“ სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, საქმეში წარმოდგენილი არ არის.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საჭიროებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვას, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევისა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად აქტის დასაბუთების შესახებ მოთხოვნების დაცვას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ აქტი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული, ხოლო აქტის მატერიალური კანონიერება უკავშირდება აქტის შინაარსს, კერძოდ, აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შესაბამისობაში უნდა იყოს მისი გამოცემის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებთან, რაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განსახილველ საქმეზე არ არის განხორციელებული. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის №800 ბრძანებით დამტკიცებული უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის (ძალადაკარგული 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით) მე- 10 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო 9 მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. მითითებული ინსტრუქციის 58-ე მუხლის მე- 2 პუნქტის თანახმად, განცხადებას თან უნდა ერთოდეს ამ ინსტრუქციით და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი თუ სხვა დოკუმენტაცია, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რაც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელმა სარეგისტრაციო სამსახურს ვერ წარუდგინა უძრავ ქონებაზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ: ქ. ბათუმის მერიის 1998 წლის 22 მაისის N4 საოქმო გადაწყვეტილება ან თუ ეს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ვერ მოიპოვა თვით ადმინისტრაციულმა ორგანომ, ასეთ შემთხვევაში სადავო რეგისტრაციას ეცლება სამართლებრივი საფუძველი, რამდენადაც უფლება დამდგენი დოკუმენტის გარეშე რეგისტრაცია ვერ იქნება მიჩნეული კანონიერად, შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურის ჩატარების მეშვეობით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სპს „...“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის განჩინება;
3. კასატორს - სპს „...“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს 29.06.2018წ. №1 საგადახდო დავალებით ჯ. თ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე