#ბს-894(კ-18) 26 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. ზ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 23 სექტემბერს ვ. ზ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 19 აგვისტოს #1349 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ვ. ზ-ისთვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და დევნილის სტატუსის უკანონო ჩამორთმევით მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის, კერძოდ, 2015 წლის 19 აგვისტოდან დევნილის სტატუსის აღდგენამდე თითოეულ თვეზე 45 ლარის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემის ტერიტორიული ორგანო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ზ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივნისის განჩინებით ვ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ზ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სასამართლო გადაწყვეტილებას აფუძნებს იმ ფაქტებზე, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მოწმის ჩვენება არის არასრული და საეჭვო, ხოლო ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2014 წლის 5 მაისს გაცემულ ცნობასა და 2014 წლის 2 აპრილს ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ გაცემულ ცნობას მიიჩნევს სარწმუნოდ მაშინ, როდესაც რწმუნებულმა, რომლის მიერაც გაცემულ იქნა ცნობა, სასამართლოზე განაცხადა, რომ 2008 წლისთვის ის აღნიშნულ თანამდებობაზე არ მუშაობდა და იგი 2014 წელს დაინიშნა.
კასატორის განმარტებით, ის ფაქტი, რომ იგი მუდმივად ცხოვრობდა ახალგორში, დასაბუთებული იქნა მოწმეთა მიერ, მაგრამ გაურკვეველია ის, თუ რა საფუძვლით მიიჩნია სასამართლომ აღნიშნული არასარწმუნოდ. ამასთან, მოწმეთა ჩვენებების გარდა, საქმეში წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ იგი ათეული წლების მანძილზე ცხოვრობდა სოფელ ... იქამდე, სანამ იძულებული არ გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილი.
კასატორის მითითებით, მის მიერ წერილობითი მტკიცებულების სახით საქმეში წარდგენილი იყო ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2008 წლის 25 ნოემბრის #355 და 2009 წლის 16 მარტის #6520 ცნობები. აღნიშნული ცნობებით პირდაპირ დასტურდება ის ფაქტი, რომ ვ. ზ-ი 2008 წლამდე ფაქტობრივად ცხოვრობდა ახალგორის სოფელ ... .
ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ მის მიერ შუამდგომლობით წარდგენილი იყო წერილობითი მტკიცებულება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებშიც ფაქტობრივ გარემოებად არის დადგენილი, რომ 2008 წლამდე ვ. ზ-ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს ახალგორის რაიონი, სოფელი ... წარმოადგენდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. ზ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 19 აგვისტოს #1349 ბრძანების კანონიერება, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ვ. ზ-ისთვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და დევნილის სტატუსის უკანონო ჩამორთმევით მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის, კერძოდ, 2015 წლის 19 აგვისტოდან დევნილის სტატუსის აღდგენამდე თითოეულ თვეზე 45 ლარის ანაზღაურების დავალება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას მასზედ, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი იმპერატიულად ადგენს იმ პირთა წრეს, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს დევნილის სტატუსი და ესენი შეიძლება იყვნენ მხოლოდ ისინი, ვინც ნორმაში მითითებული გარემოებების გამო იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
სააპელაციო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ კანონი მუდმივი ცხოვრების ფაქტს პირის რეგისტრაციას არ უკავშირებს. ადამიანის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გამორიცხავს მისი გადაადგილების თავისუფლებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გულისხმობს ფაქტობრივ და არა იურიდიულ (რეგისტრირებულ) მისამართს. მუდმივ საცხოვრებელ ადგილად უნდა ჩაითვალოს ადგილი, რომელსაც პირი ირჩევს საცხოვრებლად და იგი პირის ცხოვრების საერთო მონაცემების შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს მისი ფაქტობრივად უმეტესი დროით ყოფნის, ნათესაური კავშირებით, საქმიანობის და სხვა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2011 წლის 9 ივნისის #ბს-1896-1849(კ-10) გადაწყვეტილებაში გაკეთებულ განმარტებებზე და აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი ადგილი უფრო ფართო მნიშვნელობისაა, რომლის კონკრეტულ სახეებს წარმოადგენს „რეგისტრაციის ადგილი“ და „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“. თუ პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამის საწინააღმდეგოდ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი და მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება, დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დადასტურდეს მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილად წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.
საკასაციო სასამართლო აგრეთვე განმარტავს, რომ დევნილის სტატუსის მინიჭება დაკავშირებულია არა ოკუპირებულ ტერიტორიაზე უძრავი ქონების, საცხოვრებელი ადგილის ქონასთან, არამედ, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის პირის მიერ იძულებით დატოვებასთან.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტამდე, წარმოადგენდა ახალგორის რაიონი, სოფელი ... . აღნიშნულის დასტურად იგი მიუთითებს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2008 წლის 25 ნოემბრის #355 და 2009 წლის 16 მარტის #6520 ცნობებზე, რომლებიც გაცემულია სსიპ სამოქალაქო რეესტრში წარსადგენად. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებაზე - 2008 წლის 25 ნოემბრის #355 ცნობაზე, სადაც აღნიშნულია, რომ ვ. ზ-ი მუდმივად ცხოვრობს ახალგორის რაიონის სოფელ ... თავის საკუთარ საცხოვრებელ სახლში. საყოველთაოდ ცნობილ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდგომ ახალგორის რაიონში მცხოვრები პირები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაფასა, რომ ამავე წლის ნოემბერში მოსარჩელე ვერ იქნებოდა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მუდმივი მცხოვრები პირი, რის გამოც მართებულად არ იქნა გაზიარებული მითითებული მტკიცებულება. რაც შეეხება ახალგორის მუნიციპალიტეტის 2009 წლის 16 მარტის #6520 ცნობას, მასში არ არის მითითებული და დადასტურებული მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, არამედ, იგი მიუთითებს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე სოფელ ... . საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ უძრავი ქონების საკუთრებაში არსებობის ფაქტი არ ადასტურებს პირის ამ საკუთრებაში მუდმივად ცხოვრების ფაქტს, რაც არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას/საფუძველს წარმოადგენს პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ ... საშუალო სკოლის დირექტორის მიერ 2011 წლის 11 მარტს გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც, მოსარჩელე 1989 წლის 16 მარტიდან 1994 წლის 21 იანვრამდე მუშაობდა ... საშუალო სკოლაში … მასწავლებლად, ვერ გამოდგება მოსარჩელის 2008 წლის პერიოდისთვის ამავე ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტის დასტურად.
ამასთან, მართებულია სააპელაციო სასამართლოს შეფასება მასზედ, რომ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2014 წლის 5 მაისს გაცემული #2-0433 ცნობა და ახალგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ 2014 წლის 2 აპრილს გაცემული #41 ცნობა ადასტურებს, რომ ვ. ზ-ი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მუდმივ მაცხოვრებელს არ წარმოადგენდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემული მტკიცებულებები ამყარებს საფუძლიან ეჭვს, რომ მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელს არ წარმოადგენდა სოფელი ... .
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ მოწმის ჩვენება არასრულად და საეჭვოდ მიიჩნია. კერძოდ, პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მცხოვრები ი. ჩ-ი. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში მოწმის ჩვენება ვერ გახდება უტყუარი მტკიცებულება საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების დასადგენად, ვინაიდან იგი, ერთი მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ დოკუმენტთან - ცნობასთან, ხოლო, მეორე მხრივ, მოწმე ადასტურებს და მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომლებსაც სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა 1994 წლამდე, მოსარჩელის სკოლაში მუშაობის პერიოდში. ვ. ზ-ი აღნიშნული პერიოდის შემდგომ აღარ მუშაობდა მასწავლებლად, შესაბამისად, მათი შეხვედრებიც განათლების განყოფილებაში ვერ განხორციელდებოდა იმ სიხშირით, რაც მოწმის მიერ იქნა განმარტებული. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მათი სოფლები დაშორებული იყო ერთმანეთისგან 5-6 კმ-ით, ლოგიკურად, მოწმე ვერ უზრუნველყოფს მოსარჩელის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადასტურებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სოფელი ... არ წარმოადგენდა ვ. ზ-ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, რაც წარმოადგენს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ზ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი