Facebook Twitter

№ბს-907(2კ-18) 26 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 26 ივნისს ვ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კახეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2014 წლის 18 ნოემბრის №1/5-483 ბრძანების, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კახეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2014 წლის 18 ნოემბრის №9/44307 წერილისა და ვ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელე სარჩელით ასევე ითხოვდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას, კერძოდ: ყადაღის დადებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თელავი, ... ქუჩა, საკადასტრო კოდი №... .

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 ივლისის განჩინებით ვ. მ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე: ქ. თელავი, ... ქუჩა, საკადასტრო კოდი №... .

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 ივლისის განჩინება გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ივლისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 ივლისის განჩინების გაუქმების შესახებ, არ დაკმაყოფილდა და საქმე განსახილველად გადაეგზავნა ზემდგომ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 მარტის საოქმო განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კახეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2014 წლის 18 ნოემბრის №1/5-483 ბრძანება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქ. თელავში, ... ქუჩაზე მდებარე 1249 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობის (განაშენიანების ფართობი 130.2 კვ.მ) სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის (განაშენიანების ფართობი 130.2 კვ.მ) ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კახეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2014 წლის 18 ნოემბრის №9/44307 მიმართვა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქ. თელავში, ... ქუჩაზე მდებარე 1249 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობის წარდგენილი აზომვითი ნახაზისა და ელ. ვერსიის მიხედვით სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის თაობაზე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის (განაშენიანების ფართობი 130.2 კვ.მ) ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კახეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2014 წლის 18 ნოემბრის №1/5-483 ბრძანებისა და №9/44307 მიმართვის ბათილად ცნობის თაობაზე, ვ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უარი, ქ. თელავში, ... ქუჩაზე მდებარე 1249 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობის (განაშენიანების ფართობი 130.2 კვ.მ) სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის (განაშენიანების ფართობი 130.2 კვ.მ) ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

აპელანტმა - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

აპელანტმა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მარტის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორები საკასაციო საჩივრებს აფუძნებდნენ ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდნენ სააპელაციო საჩივრებში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კახეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2014 წლის 18 ნოემბრის №1/5-483 ბრძანების (რომლითაც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 7 აპრილის №1/1-594 ბრძანებისა და ნ. ბ-ის 2014 წლის 17 ნოემბრის №59243/05 განცხადების საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უძრავ ნივთზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურისთვის მიმართვისა და ქ. თელავში, ... ქუჩაზე მდებარე 1249,7 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობის (განაშენიანების ფართი 130,2 კვ.მ) სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების თაობაზე), ასევე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კახეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2014 წლის 18 ნოემბრის №9/44307 წერილის (რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 7 აპრილის №1/1-594 ბრძანებისა და ნ. ბ-ის 2014 წლის 17 ნოემბრის №… განცხადების საფუძველზე, ეთხოვა წარდგენილი აზომვითი ნახაზისა და ელ.ვერსიის მიხედვით, ქ. თელავში, ... ქუჩაზე მდებარე 1249,7 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობა დაერეგისტრირებინა სახელმწიფო საკუთრებად) და ვ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

მოსარჩელე დავისადმი კანონიერ ინტერეს ასაბუთებს იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მან ფაქტობრივი ფლობით მიიღო სამკვიდრო, კერძოდ, უძრავი ქონება მდებარე თელავში, ... ქ. №5-ში, საკადასტრო კოდი: ... . აღნიშნული უძრავი ქონება მოექცა სადავო ინიდვიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში.

საქმის მასალების შესაბამისად, თელავის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 1993 წლის 11 აპრილს გაცემული №48 ცნობის შესაბამისად, თელავის ტექნიკური საინვენტარიზაციო ბიუროს ჩანაწერებით საცხოვრებელი სახლი, მდებარე: თელავში, ... ქ. №5-ში, ირიცხება თ. გ. მ-ის სახელზე. აღნიშნული ქონება მოსარჩელე გ. მ-ემ მიიღო მემკვიდრეობით და იგი წარმოადგენს მითითებული ქონების მართლზომიერ მფლობელს. მასზე ირიცხება ასევე სადავო უძრავი ქონების გადასახადი.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2009 წლის 11 სექტემბერს მომზადებული ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მონაცემების თანახმად, ქ. თელავში, ... ქ. №5-ში მდებარე მიწის ნაკვეთი, ფართობით 600 კვ.მ და მასზე მდგომი მშენებარე საცხოვრებელი სახლი, თელავის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1969 წლის 3 სექტემბრის №181 გადაწყვეტილების საფუძველზე, რეგისტრირებულია გ. მ-ის სახელზე.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 7 აპრილის №1/1-594 ბრძანებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის მიმართვის თაობაზე, რათა განეხორციელებინა დანართ №1-ში მითითებულ უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ბრძანების №1 დანართის თანახმად, სახელმწიფოს სახელზე უნდა აღრიცხულიყო შემდეგი უძრავი ქონება: გარდაბნის მუნიციპალიტეტში, დაბა ... მდებარე 24 კვ.მ მიწის ნაკვეთი; დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. ... მდებარე 24 კვ.მ მიწის ნაკვეთი; ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. ... მდებარე 100 კვ.მ მიწის ნაკვეთი; ქ. სენაკში მდებარე 100 კვ.მ მიწის ნაკვეთი; დაბა ... მდებარე 180 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 2014 წლის 17 ნოემბერს მიმართა ნ. ბ-მა და მოითხოვა ქ. თელავში, ... ქუჩაზე მდებარე 1249 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობის შეძენა 20000 ლარად, რასთან დაკავშირებითაც წარადგინა 2014 წლის 17 სექტემბერს მომზადებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი. ამ უკანასკნელის თანახმად, ქ. თელავში, ... ქუჩაზე მდებარე 1249,70 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მდებარეობდა 1 ამორტიზირებული საცხოვრებელი სახლი, განაშენიანების ფართობით 130,2 კვ.მ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კახეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2014 წლის 18 ნოემბრის №1/5-483 ბრძანებით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 7 აპრილის №1/1-594 ბრძანებისა და ნ. ბ-ის 2014 წლის 17 ნოემბრის №59243/05 განცხადების საფუძველზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება უძრავ ნივთზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურთვის მიმართვისა და ქ. თელავში, ... ქუჩაზე მდებარე 1249,7 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობის (განაშენიანების ფართი 130,2 კვ.მ) სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების თაობაზე.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კახეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2014 წლის 18 ნოემბრის №9/44307 წერილით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 7 აპრილის №1/1-594 ბრძანებისა და ნ. ბ-ის 2014 წლის 17 ნოემბრის №… განცხადების საფუძველზე, ეთხოვა წარდგენილი აზომვითი ნახაზისა და ელ.ვერსიის მიხედვით, ქ. თელავში, ... ქუჩაზე მდებარე 1249,7 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობა დაერეგისტრირებინა სახელმწიფო საკუთრებად.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 24 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა სახელმწიფოს სახელზე ქ. თელავში, ... ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციით დაცულია ის უფლება, რომელიც აღრიცხულია ტექნიკური აღრიცხვის (ინვენტარიზაციის) არქივის მონაცემებში და იგი ისეთივე მაღალი დაცვის ხარისხით სარგებლობს, როგორც საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლება. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ქ. თელავში, ... ქ. №5-ში მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე (საცხოვრებელ სახლზე) საკუთრების უფლება დაცული იყო ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კახეთის მომსახურების ცენტრის უფროსი ვალდებული იყო ნ. ბ-ის განცხადების წარდგენის შემდეგ, სადავო უძრავი ქონების სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელი ორგანოსათვის მიმართვამდე გამოეკვლია ხომ არ წარმოადგენდა იგი ვინმეს საკუთრების უფლების ობიექტს.

აქვე საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 7 აპრილის №1/1-594 ბრძანების დანართში, რომელიც საფუძვლად დაედო სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კახეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2014 წლის 18 ნოემბრის №1/5-483 ბრძანებას, არ არის გათვალისწინებული ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტში მდებარე უძრავი ქონება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი