Facebook Twitter

საქმე №ბს-1054 (კ-18) 27 ნოემბერი, 2018 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ. ჩ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ჩ-ამ 2017 წლის 2 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებული პირის სტატუსიდან გამომდინარე საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ყოველთვიურად 22 ლარის ოდენობით აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და მოპასუხისათვის გ. ჩ-ას სასარგებლოდ ზიანის - უკანონოდ შეწყვეტილი მიუღებელი საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ანაზღაურება 2013 წლის ოქტომბრიდან 1056 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით გ. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე გ. ჩ-ასათვის ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებული პირის სტატუსიდან გამომდინარე საყოფაცხოვრებო სუბსიდიის 2017 წლის 2 ოქტომბრიდან ყოველთვიურად 22 ლარის ოდენობით აღდგენის შესახებ; სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა მოსარჩელე გ. ჩ-ას სასარგებლოდ ზიანის - 2013 წლის ოქტომბრიდან უკანონოდ შეწყვეტილი მიუღებელი საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ანაზღაურება 1056 ლარის ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

კასატორის განმარტებით, გ. ჩ-ას დანიშნული ჰქონდა საყოფაცხოვრებო სუბსიდია 22 ლარის ოდენობით 2006 წლის პირველი აპრილიდან, აღნიშნული საფუძვლით სახელმწიფო გასაცემელი შეწყვეტილია 2011 წლის 1 აგვისტოდან პატიმრობის საფუძვლით.

„სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული „საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობის, მისი დანიშვნა-გაცემის წესისა და პრინციპების“ მე-8 მუხლის 2(1) პუნქტის თანახმად, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ადმინისტრირება ამ წესითა და პრინციპებით დადგენილი დებულების გათვალისწინებით, ხორციელდება სახელმწიფო პენსიის ან/და სოციალური პაკეტის ადმინისტრირებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის გ.ა ქვეპუნქტის თანახმად, სოციალური პაკეტი შეწყდება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. აღნიშნულის გათვალისწინებით, გ. ჩ-ას სახელმწიფო გასაცემელი შეუწყდა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ მოხდა გასაცემლის შეწყვეტა და არა შეჩერება.

„სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებული „საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობის,მისი დანიშვნა-გაცემის წესისა და პრინციპების“ მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, 2012 წლის 01 სექტემბრიდან საყოფაცხოვრებო სუბსიდია დაენიშნებათ ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ იმ პირებს, რომლებიც საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნის მომენტისთვის კომპეტენტურ ორგანოში აღრიცხული იქნებიან სახელმწიფო პენსიის მიმღებ პირებად. ვინაიდან, მოსარჩელემ სუბსიდიის დანიშვნის მოთხოვნით სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრს მიმართა 2013 წელს და ამ დროისთვის იგი არ არის აღრიცხვული საპენსიო სუბსიდიის მიმღებ პირად (დაბ. ...), მას მე-7 მუხლის საფუძველზე ვერ დაენიშნებოდა საყოფაცხოვრებო სუბსიდია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებთ ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან, ვინაიდან ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის საფუძველი პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოთხოვნა გასული პერიოდის თანხების ანაზღაურებასთან დაკავშირებითაც.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 01 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ საქმეზე დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე გ. ჩ-ას 2006 წლის 1 აპრილიდან მინიჭებული ჰქონდა ქ.თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებული პირის

სტატუსი და დანიშნული ჰქონდა საყოფაცხოვრებო სუბსიდია, რომელიც შეუწყდა მისთვის, სასამართლოს განაჩენის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის გამო, 2011 წლის 1 აგვისტოდან. სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლების შემდგომ, მოსარჩელე გ. ჩ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და ითხოვა მისთვის ზემოთ აღნიშნული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის განახლება და 2013 წლის 2 ოქტომბრიდან მიუღებელი მითითებული სახელმწიფო გასაცემლის ანაზღაურება, რაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართებულად იქნა შეფასებული „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებით დამტკიცებულ წესში 2012 წლის 20 ივლისს განხორციელებული ცვლილება (მე-8 მუხლის მე-7 პუნქტში), ვერ იქნება გავრცელებული გ. ჩ-აზე და მისთვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაცემაზე უარი სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული, რადგან მას საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება მოპოვებული ჰქონდა 2012 წლამდე - აღნიშნული ცვლილების განხორციელებამდე.

სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან სასამართლომ უკანონოდ ცნო გ. ჩ-ასათვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაცემაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უარი და ამასთან დადგენილია, რომ მოსარჩელეს 2013 წლის 2 ოქტომბრიდან არ მიუღია აღნიშნული სუბსიდია, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს და მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, აფუძვლიანად დაკმაყოფილდა მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რამდენადაც საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიუღებლობით გ. ჩ-ას მიადგა ზიანი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე