Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 190-კოლ 16 იანვარი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

თ. თოდრია

განიხილა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 6 ოქტომბრის განაჩენზე, რომლითაც მ. ჩ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელად დაენიშნა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 6 ოქტომბრის განაჩენით მ. ჩ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით მასში, რომ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა ერთი შეკვრა ნარკოტიკული საშუალება «---», რომელიც შეინახა თავის «ფორდ-ტრანზიტის» მარკის ავტომანქანის ძრავის ჰაერის ფილტრში და 2003წ. 1 დეკემბერს მარნეულის რაიონიდან მიემართებოდა ქ. თბილისისაკენ. 18.45 საათზე, რუსთავის გზატკეცილის მე-- კილომეტრზე იგი დააკავეს პოლიციელებმა. ავტომანქანის ძრავის ჰაერის ფილტრში აღმოჩნდა პოლიეთილენის პარკში შეხვეული და ყავისფერი ე.წ. «სკოჩით» შეკრული 42,61 გრამი ნარკოტიკული საშუალება «---», რომელიც მ. ჩ-მა უკანონოდ შეიძინა, ინახავდა და გადაზიდა.

სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მ. ჩ-ლს მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2003წ. 1 დეკემბრიდან.

პროკურორი ზ. ბ-ძე საკასაციო საჩივრით მოითხოვს მ. ჩ-ის მიმართ სასამართლოს კოლეგიის განაჩენის გაუქმებას და ხელახლა განსახილველად საქმის გარდაბნის რაიონული სასამართლოსათვის გადაცემას შემდეგი მოტივებით:

სასამართლოს მიერ მითითებული გარემოებებიდან რამდენიმე, მათ შორის ის, რომ მსჯავრდებული დააავადებულია ტუბერკულოზით და ჰყავს 4 მცირეწლოვანი შვილი, უდავოდ შემამსუბუქებელია, მაგრამ არა იმდენად, რომ კოლეგიას გამოეყენებინა სსკ-ის 55-ე მუხლი. მსჯელობა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებზე აშკარად სუბიექტურია. მ. ჩ-ლი ნასამართლევია. მართალია, ეს ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს, მაგრამ მეტყველებს, რომ მისი წარსული შებღალულია, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა. განაჩენში მითითებულია, რომ მ. ჩ-ლი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, აქვს მძიმე ეკონომიკური პირობები და ჰყავს უმუშევარი მეუღლე. დღევანდელ ვითარებაში ამგვარ მდგომარეობაში მრავალი ადამიანია, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს დანაშაულის ჩადენის მიზეზი. მით უფრო, რომ მსჯავრდებული მუშაობდა სამარშრუტო ტაქსზე და მისივე განმარტებით, ანაზღაურებაც ჰქონდა თვეში 300 ლარის ოდენობით. მ. ჩ-ის მონანიება არაა გულწრფელი. იგი მიხვდა, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაული სრულად დადასტურდა წინასწარი და სასამართლო გამოძიებით, ამიტომ იგი აღიარა საბოლოო სიტყვაში, რის გამოც საქმეზე კვლავ განახლდა სასამართლო გამოძიება. მ. ჩ-სათვის დანიშნული სასჯელი აშკარად ლმობიერია, არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და საშიშროებას. იგი ვერ შეძლებს მის გამოსწორებას და სასჯელის სხვა მიზნების განხორციელებას. ასეთი მსუბუქი სასჯელი მ. ჩ-სა და სხვა პირებისათვის შეიძლება დანაშაულის ჩადენის მასტიმულირებელი გახდეს, რაც რეალურად სახეზეა კიდეც, ვინაიდან ნარკოტიკებით ვაჭრობა და ნარკომანია ფართოდაა გავრცელებული.

საკასაციო საჩივრის შესაგებლით მ. ჩ-ლი ითხოვს უარი ეთქვას საჩივარს იმ მოტივით, რომ საოლქო სასამართლო დაეყრდნო ჩხრეკის ოქმს. მას ხელს აწერენ პირები, რომელთა სასამართლოში მოყვანა ბრალდების მხარემ ვერ შეძლო. აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. დაავადებულია ტუბერკულოზის მძიმე ფორმით, ჰყავს 4 მცირეწლოვანი შვილი, რომელთა ერთადერთი მარჩენალია, აქვს მძიმე ეკონომიკური პირობები. ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი მოწმე და ეყრდნობა 1987წ. ნასამართლობას, რის შემდეგ დანაშაული არ ჩაუდენია და ოჯახს პატიოსანი შრომით არჩენდა.

საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა პ. მ-ემ მხარი დაუჭირა საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება იმ მოტივით, რომ მ. ჩ-სათვის დანიშნული სასჯელი აშკარად ლმობიერია.

ადვოკატმა მ. ყ-მა საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სასამართლო კოლეგიის განაჩენის უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ იგი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, რასაც დაეთანხმა მსჯავრდებული მ. ჩ-ლი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, ასევე მხარეთა მოტივები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს გარდაბნის რაიონულ სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 565-ე მუხლის მიხედვით, ქმედების სიმძიმის და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა. სასამართლო კოლეგიამ, იმსჯელა რა მ. ჩ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებზე, სათანადო ყურადღება არ მიაქცია მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და საშიშროებას. საკასაციო პალატა ითვალისწინებს მ. ჩ-ის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და საშიშროებას, კერძოდ იმას, რომ მსჯავრდებულს აღმოაჩნდა 42,61 გრამი ნარკოტიკული საშუალება «-», მაშინ, როცა 1 გრამზე მეტი ოდენობის ეს ნივთიერება ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად. საკასაციო პალატა თვლის, რომ დანიშნული სასჯელი მეტისმეტად მსუბუქი და, შესაბამისად, უსამართლოა. ამიტომ განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს გარდაბნის რაიონულ სასამართლოს, რომელმაც სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს მ. ჩ-ის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ასევე დამამძიმებელი გარემოებები და მიიღოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის»ბ» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

პროკურორ ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005წ. 6 ოქტომბრის განაჩენი მ. ჩ-ის მიმართ და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს გარდაბნის რაიონულ სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.