საქმე #ბ-10-1(ა-18) 12 აპრილი, 2018 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარს სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.12.2017წ. №ბს-1120-1114(კ-17) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა(ა)იპ … (…) 02.11.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპაუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 13 ივლისის განცხადებებით მოთხოვნილი შემდეგი საჯარო ინფორმაციის გაცემა: 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან 2015 წლის 13 ივლისამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწინაურებული თანამშრომლების რაოდენობა, მათი ძველი და ამჟამინდელი პოზიციების მითითებით; ყველა სამხარეო შს მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობის ვინაობა, მათი თანამდებობაზე დანიშვნის თარიღი და წარსული სამუშაო გამოცდილება (მათ შორის - ბოლო სამუშაო ადგილი); თბილისის მთავარი სამმართველოს და თბილისის ყველა რაიონული სამმართველოს (ვაკე-საბურთალოს, დიდუბე-ჩუღურეთის, გლდანი-ნაძალადევის, ძველი თბილისის, ისანი-სამგორის სამმართველოების), ასევე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ვინაობა, მათი თანამდებობაზე დანიშვნის თარიღი და წარსული სამუშაო გამოცდილება (მათ შორის - ბოლო სამუშაო ადგილი); ყველა აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფილი ხელმძღვანელის ვინაობა, თანამდებობიდან გათავისუფლების თარიღი და მათი ამჟამინდელი პოზიცია შს სამინისტროს სისტემაში; 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან 2015 წლის 13 ივლისამდე რამდენმა მოსამსახურემ დატოვა თანამდებობა შინაგან საქმეთა სამინისტროში, მათ შორის: რამდენი თანამშრომელი გათავისუფლდა საპატრულო პოლიციის და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტიდან და რა საფუძვლით; რამდენი თანამშრომელი გათავისუფლდა გენერალური ინსპექციიდან და რა მოტივით; რამდენი თანამშრომელი გათავისუფლდა კონტრტერორისტული ცენტრიდან, ანტიკორუფციული სააგენტოდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოდან, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრიდან და რა საფუძვლით; 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან 2015 წლის 13 ივლისამდე გათავისუფლებული რამდენი მოსამსახურე დაბრუნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და რა პოზიციებზე; 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან 2015 წლის 13 ივლისამდე რამდენი ახალი მოსამსახურე დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროში შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს და სსიპ-ის მითითებით, მათ შორის, რამდენი მოსამსახურის აყვანა მოხდა კონკურსის წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.05.2016წ. გადაწყვეტილებით ა(ა)იპ … (…) სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა 2015 წლის 13 ივლისის განცხადებებით მოთხოვნილი შემდეგი საჯარო ინფორმაციის გაცემა: 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან 2015 წლის 13 ივლისამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწინაურებული თანამშრომლების რაოდენობა, მათი ძველი და ამჟამინდელი პოზიციების მითითებით; ყველა სამხარეო შს მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობის ვინაობა, მათი თანამდებობაზე დანიშვნის თარიღი და წარსული სამუშაო გამოცდილება (მათ შორის - ბოლო სამუშაო ადგილი); თბილისის მთავარი სამმართველოს და თბილისის ყველა რაიონული სამმართველოს (ვაკე-საბურთალოს, დიდუბე-ჩუღურეთის, გლდანი-ნაძალადევის, ძველი თბილისის, ისანი-სამგორის სამმართველოების), ასევე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ვინაობა, მათი თანამდებობაზე დანიშვნის თარიღი და წარსული სამუშაო გამოცდილება (მათ შორის - ბოლო სამუშაო ადგილი); ყველა აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფილი ხელმძღვანელის ვინაობა, თანამდებობიდან გათავისუფლების თარიღი და მათი ამჟამინდელი პოზიცია შს სამინისტროს სისტემაში; 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან 2015 წლის 13 ივლისამდე რამდენმა მოსამსახურემ დატოვა თანამდებობა შინაგან საქმეთა სამინისტროში, მათ შორის: რამდენი თანამშრომელი გათავისუფლდა საპატრულო პოლიციის და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტიდან და რა საფუძვლით; რამდენი თანამშრომელი გათავისუფლდა გენერალური ინსპექციიდან და რა მოტივით; რამდენი თანამშრომელი გათავისუფლდა კონტრტერორისტული ცენტრიდან, ანტიკორუფციული სააგენტოდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოდან, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრიდან და რა საფუძვლით; 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან 2015 წლის 13 ივლისამდე გათავისუფლებული რამდენი მოსამსახურე დაბრუნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და რა პოზიციებზე; 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან 2015 წლის 13 ივლისამდე რამდენი ახალი მოსამსახურე დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროში შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს და სსიპ-ის მითითებით, მათ შორის, რამდენი მოსამსახურის აყვანა მოხდა კონკურსის წესით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.09.2017წ. განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.05.2016წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.12.2017 წ. განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გასაჩივრდა გასაჩივრების 21-დღიანი ვადის დარღვევით, რადგან სააპელაციო პალატის განჩინების ასლი სამინისტროს ჩაბარდა 12.10.2017წ., საკასაციო საჩივარი კი წარდგენილ იქნა 03.11.2017წ., ამასთანავე, საკასაციო საჩივარი ან თანდართული კონვერტი არ შეიცავდა მითითებას საკასაციო საჩივრის უფლებამოსილ ორგანოში წარდგენის სხვა თარიღის შესახებ.
03.01.2018წ. საქართველოს უზენაეს სასამართლოს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მომართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნა, რომ არსებობს ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველი, რადგან საკასაციო საჩივარი ფოსტას ჩაბარდა 02.11.2017წ. 16 საათსა და 10 წუთზე, რაც დასტურდება საფოსტო გზავნილების N2 რეესტრით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების სამართლებრივ საფუძვლებს, რის შემდეგაც მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე თანდართულია საქართველოს ფოსტის საფელდეგრო სამსახურში გადასაგზავნად ჩაბარებულ კორესპონდენციაზე შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის მიერ შედგენილი 02.11.2017წ. N2 რეესტრი, რომელზეც განთავსებულია შსს-ს იურიდიული დეპარტამენტისა და შპს „ს…“ შტამპები, ფოსტის მიერ პაკეტების მიღების თარიღად მითითებულია 02.11.2017წ., ამასთანავე, კორესპონდენციათა ჩამონათვალში მითითებულია პაკეტი - საკასაციო საჩივარი ნომრით ნ/გ, ხოლო აღნიშნული კორესპონდენციის მიმღებად დასახელებულია თბილისის სააპელაციო სასამართლო. საქმეში დაცული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარზე თანდართულ კონვერტზე, მართალია აღნიშნული არ არის ფოსტაში ჩაბარების თარიღი, თუმცა პაკეტის ნომრად მითითებულია ნ/გ (ტ.2,, ს.ფ 486).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის წარდგენის 21-დღიანი ვადა ეწურებოდა 02.11.2017წ. 24 საათზე. კასატორის მიერ წარმოდგენილი N2 რეესტრით დასტურდება, რომ კორესპონდენცია ფოსტას ჩაბარდა 02.11.2017წ. 16 საათსა და 10 წუთზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი 21-დღიანი ვადის დაცვით არის შემოტანილი, ამასთანავე, საკასციო საჩივრის განუხილველად დატოვება განპირობებული იყო შპს „ს...“ მიერ დაშვებული ხარვეზის შედეგად, რადგან კონვერტზე არ მიეთითა გზავნილის (საკასაციო საჩივრის) ფოსტაში შეტანის თარიღი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას (განჩინებას) სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 04.12.2017წ. განჩინება და მოცემულ საქმეზე განახლდეს საქმის წარმოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქარელოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.12.2017წ. №ბს-1120-1114(კ-17) განჩინება და მოცემულ საქმეზე განახლდეს წარმოება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი