Facebook Twitter

საქმე №ბს-273-273(2კ-18) 5 ივნისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „…“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „…“ 2015 წლის 20 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ და მოითხოვა 2015 წლის 20 ივლისის № 479 ბრძანების ბათილად ცნობა.მოთხოვნათა და მოპასუხეთა წრის დაზუსტების შემდეგ, შპს „…“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოადგილის 2015 წლის 20 ივლისის № 479 ბრძანების ბათილად ცნობა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 15 აპრილის № 000048 დადგენილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით შპს „…“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 15 აპრილის №000048 დადგენილება. ბათილად იქნა ცნობილი შპს „…“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 20 ივლისის №479 ბრძანება.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 06 დეკემბრის განჩინებით ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, რომელთაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორები საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის უსაფუძვლო, ვინაიდან საქმე განხილულია არსებითი დარღვევებით, რამაც არსებითი გავლენა იქონია საბოლოო შედეგზე, კერძოდ, ქ. თბილისში, … ქ. N2-ში სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სამშენებლო ამწის განთავსებისთვის შპს „…“ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 15 აპრილის N000048 დადგენილებით დაჯარიმდა 8 000 ლარით. ამწის დაშლა, დემონტაჟი (და შემდგომ გატანა) სამშენებლო ტერიტორიიდან უნდა განხორციელებულიყო სანებართვო დოკუმენტაციის ვადის გასვლამდე, რაც კომპანიის მიერ არ განხორციელებულა. შპს „…“ დაევალა ტერიტორიაზე განლაგებული სამშენებლო ამწის დემონტაჟი. აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში შენობა დასრულებულია, რაც დასტურდება ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 29 იანვრის №ბ-12/133114256-16 ბრძანებით. შესაბამისად, რადგან ზემოაღნიშნული ამწე რჩება სამშენებლო მოედანზე მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგაც, სახეზეა უნებართვო მშენებლობა.

კასატორები არ იზიარებენ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას დაზიანებული გზის გამო ამწის გატანის შეუძლებლობაზე და მიუთითებენ, პალატამ საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებად არ მიიჩნია ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის (და ასევე ქ. თბილისის მერიის) კანონიერი მოთხოვნა, რომ ამწე უნდა დაშლილიყო ადგილზე. სასამართლომ იმსჯელა, მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ გაფუჭებული გზა წარმოადგენდა ბრალის გამომრიცხავ გარემოებას კომპანიისთვის, თუმცა არ უმსჯელია შესაძლებელი იყო თუ არა ადგილზე ამწის დემონტაჟი.

ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, კასატორები მიიჩნევენ, რომ ზედამახედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 15 აპრილის N000048 დადგენილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და აღნიშნული აქტით მხარეს კანონის მოთხოვნის საფუძველზე დაევალა სამშენებლო ამწის დემონტაჟი. ზედამხედველობის განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაურღვევია ადმინისტრაციული აქტის მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და აქტის ბათილობის საფუძველი არ არსებობს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ასევე შეფასების მიღმაა დატოვებული, რომ მშენებლობის ორგანიზების პროექტის თანახმად, საპროექტო შენობის მოწყობა უნდა მომხდარიყო … კოშკურა ამწის საშუალებით, ხოლო სამშენებლო მოედანზე ფაქტობრივად განთავსებული იყო … ამწე, რომლის განთავსების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორები ითხოვენ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობას, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 06 დეკემბრის განჩინების გაუქმებას და შპს „…“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განჩინებით ქ. თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 1 ოქტომბრის წერილით დადგენილია, რომ შპს „…“ დაზიანებლი გზის აღდგენის თაობაზე მოთხოვნის შესრულებაზე უარი ეთქვა, იმ საფუძვლით, რომ არსებული ამწიდან ქვედა ნიშნულზე მიმდინარეობს მშენებლობა. ნაგებობის დამცავი კედლის ამოყვანას დაემთხვა 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურება, რამაც დააჩქარა ამ მონაკვეთზე ქანთა მასივში მიმდინარე ეროზიული პროცესი. გარდა ამისა, სტიქიამ სამშენებლო მოედანთან მისასვლელი გზა საერთოდ გაანადგურა. ამჟამად ამ მონაკვეთზე რაიმე აღდგენითი სამუშაოების განახლება შესაძლებელია გახდეს უკვე მიმდინარე ეროზიული პროცესების დაჩქარების გარანტი, შესაბამისად, გამორიცხულია ამ მიმართულებით რაიმეს განხორციელება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიმართ მოთხოვნილ იქნა მისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარება, არსებული პრობლემის სასწრაფოდ გადასაწყვეტად. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგენილია, რომ სამართალდარღვევის გამოვლენამდე, შპს „…“არაერთგზის განახორციელა ქ. თბილისის სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ინფორმირება მისასვლელი გზის იმგვარი დაზიანების თაობაზე, რაც შეუძლებელს ხდის კოშკურა ამწე- მოწყობილობის მოხსნასა და გადაადგილებას.

საქმეში დაცულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 25 აპრილის N002052414 დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ გზის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, თბილისში, ... ქუჩა N2-ში მდებარე სამშენებლო ობიექტიდან კოშურა ამწეს დემონტაჟი და სხვა ადგილზე გადატანა შესაძლებელი იქნება საავტომობილო გზის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის შემდგომ, იმ მეთოდით, რომელსაც იყენებდა სამშენებლო ორგანიზაცია გზის დაზიანებამდე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი მართალია, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ ათავისუფლებს მოსარჩელეს სარჩელის დასაბუთების, თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენი ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმდგენის ვალდებულებისაგან. კონკრეტულ შემთხვევაში, შპს „…“ მიერ დადასტურებულია ამწის გატანის შეუძლებლობა, ადგილზე არსებული გზის მდგომარეობის გამო.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საქმის წარმოებისა და ცალკეული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ზოგად პრინციპებს ემყარება, მათ შორის, აღნიშნული კოდექსის მე-8 მუხლით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ზემოქმედების ზომათა შეფარდებისას კანონიერების უზრუნველყოფის პრინციპს. ამ პრინციპის თანახმად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ამავე კოდექსის 264-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის, შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მართებულია მსჯელობა, რომ ექსპლუატაციაში მიღებული, მშენებლობადამთავრებული ობიექტის (მრავალფუნქციური შენობის) ტერიტორიაზე ამწეს ამ დრომდე არსებობა და დემონტაჟის განუხორციელებლობა გამოწვეული არ არის მოსარჩელის ბრალით. ასევე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ზედამხედველობის ორგანო პასუხისმგებლობის ღონისძიების დადგენის პროცესში შებოჭილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლით, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, დაადასტუროს პირის, ამ შემთხვევაში შპს „…“ ბრალეულობა ჩადენილ გადაცდომაში, რასაც ადგილი არ ჰქონია.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 6 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე