Facebook Twitter

საქმე № ბს-282-282(კ-18) 12 ივნისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ბ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 10 ნოემბერს ბ. გ-ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 2691,63 ლარის ოდენობით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ბ. გ-ის სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. გ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ბ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტები და სამართლებრივი გარემოებები. მისი განმარტებით, 2008 წლამდე მუშაობდა სს ,,...” იურისტად. ქ. ქუთაისის მერის ნ. შ-ას 2008 წლის 2 ოქტომბრის N2195 ბრძანების საფუძველზე სს ,,ქ..." მიერ თვითმმართველ ქ. ქუთაისის მერიას ჩუქების ფორმით გადაეცა საკუთრებაში საზოგადოების კუთვნილი ქონება, ბრძანების N1 და N2 დანართების შესაბამისად, რომელიც თან ერთვოდა ბრძანებას. ქუთაისის მერიამ კი იმავე ბრძანების მე-2 ნაწილის შესაბამისად იკისრა ვალდებულება თვითმმართველი ქ. ქუთაისისათვის N1 და N2 დანართებში ჩამოთვლილი ქონების გადმოცემასთან ერთად მასზე გადადის საზოგადოების საგადასახადო დავალიანება 751721, 16 (შვიდას ორმოცდათერთმეტი ათას შვიდას ოცდაერთი ლარი და თექვსმეტი თეთრი)ლარის და სახელფასო დავალიანების 45612(ორმოცდახუთი ათას ექვსას თორმეტი) ლარის დაფარვის ვალდებულება. მოხსენიებული ბრძანების საფუძველზე იმავე დღესვე ანუ 2008 წლის 02 ოქტომბერს სს ,,ქ..." და ქუთაისის მერიას შორის გაფორმდა წერილობითი ხელშეკრულება N296 თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის საკუთრებაში ქონების უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე. მიუხედავად ქონების გადაცემისა, საზოგადოების ლიკვიდაცია არ მომხდარა, ის მექანიკურად განაგრძობდა ფუნქციონირებას და დღემდე დარეგისტრირებულია იურიდიულ პირად სამეწარმეო რეესტრში, მაგრამ რაიმე სამეწარმეო საქმიანობას არ ახორციელებს, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, კერძოდ, კასატორი მიუთითებს, რომ მიმართა სასამართლოს სარჩელით და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება, რაც 2009 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, მაგრამ სასამართლო, ქუთაისის მერიის ნაცვლად ხელფასის ანაზღაურება დააკისრა სს ,,...“, ვინაიდან იგი სამეწარმეო რეესტრში ფუნქციონირებად დაწესებულებად იყო აღრიცხული. გადაწყვეტილება ვერ აღსრულდა სს ,,...“ მიერ მისი ქონების მერიისთვის გადაცემის გამო. სასამართლომ დაადგინა უფლებამონაცვლეობა 2013 წლის 07 მარტის განჩინებით, აღნიშნული განჩინება გააუქმა სააპელაციო სასამართლომ 2013 წლის 23 აპრილის განჩინებით იმ მითითებით, რომ საწარმოს ლიკვიდაციამდე არ შეიძლება უფლებონაცვლეობის დადგენა. კასატორი აღნიშნავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართა კონტროლის პალატას. პალატის თავმჯდომარის 2011 წლის 17 იანვრის N2/43 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ქ. ქუთაისის მერიაზე სს ,,ქ..." ქონების გადაცემის, შემოსავალში აღების, პრივატიზებისა და პრივატიზების შედეგად მიღებული თანხების განკარგვის შესაბამისობის აუდიტი. საქართველოს კონტროლის პალატის აქტში მითითებულია, რომ ,,აუდიტორული შემოწმების ჩატარების შემდეგ დაისვას საკითხი საზოგადოების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, ლიკვიდაციის დროს გათვალისწინებული იქნეს აუდიტის შედეგად გათვალისწინებული ვალდებულებები და მოთხოვნები.“ საზოგადოების მიერ მერიისთვის აუდიტორული დასკვნის წარდგენის მიუხედავად, ქუთაისის მერია არ ახორციელებს სს ,,ქ...“ ლიკვიდაციას, ქონება სრული მოცულობით პრივატიზებულია.

კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლო ვალდებულია ზიანის მიყენების ფაქტი გამოიკვლიოს საფუძვლიანად, გამოიკვლიოს ადმინისტრაციული ორგანოს ქალაქ ქუთაისის მერიის წარმომადგენლებს რა მიზეზით არ ახდენენ კუთვნილი ხელფასის გაცემას და სს ,,...“ ლიკვიდაციას, როდესაც ეს მათ კონტროლის პალატამაც მიუთითა.

საკასაციო საჩივარში, კასატორი შუამდგომლობს დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე, კერძოდ, კასატორი ითხოვს, დაევალოს ქუთაისის მერიას წარმოადგინოს საქართველოს უზენაეს სასამართლოში ყველა წერილობითი მასალა, რაც კი არის დაცული მათთან სს ,,...“ მიმართ ნაწარმოები, მათ შორის ბ. გ-ის განცხადებები, სასამართლო განჩინებები და გადაწყვეტილებები, ვინაიდან, ადმინისტრაციული ორგანო არასრულად ახდენს სასამართლოს ინფორმირებას განსახილველი საკითხების მიმართ, ასევე ყველა სამართლებრივი დოკუმენტი მათ შორის სასამართლოს გადაწყვეტილებები ადმინისტრაციულ ორგანოში ინახება სრული მოცულობით, მათ შორის საწარმოს ლიკვიდაციის დავალდებულების თაობაზე გადაწყვეტილებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განჩინებით ბ. გ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ საქმეზე, დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 1 დეკემბრის №2/968-2009 გადაწყვეტილებით ბ. გ-ის სარჩელი მოპასუხეების - სს ,,ქ...’’ და ქალაქ ქუთაისის მერიის მამართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სს ,,ქ...’’ ბ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების -958 ლარის, მისი დაყოვნების ყოველი დღისათვის 0,07%, ასევე შვებულების კომპენსაციის 100 ლარის და ხელშეკრულების მოშლისათვის ერთი თვის შრომის ანაზღაურების - 100 ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით, ბ. გ-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე ქალაქ ქუთაისის მერიის მიმართ, იმ საფუძველზე მითითებით, რომ ბ. გ-ის მიმართ არსებული დავალიანება საწარმოს გააჩნდა 2008 წლის 14 ნოემბრის შემდეგ, ხოლო ვალდებულება ქალაქ ქუთაისის თვითმმართველ ერთეულს სს „ქ...“ სახელფასო დავალიანების დაფარვის შესახებ ეკისრება 2008 წლის 02 ოქტომბრის პერიოდამდე არსებულ სახელფასო დავალიანებაზე და აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლებზე მითითებით განმარტავს, რომ საჯარო მოხელის ქმედებით ან გადაწყვეტილებით მიყენებული ზიანი სახელმწიფოს მხრიდან ექვემდებარება ანაზღაურების ვალდებულებას, იმ შემთხვევაში თუ ზიანი მიყენებულია განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით და ადმინისტრაციულ ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ განხორციელებულ ქმედებასა (მოქმედება ან უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს (ზიანი) შორის არსებობს პირდაპირი და უშუალო მიზეზობრივი კავშირი.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მატერიალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად უთითებდა მიუღებელ ხელფასს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ბ. გ-ემ განსახილველ საქმეზე ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზედაც ამყარებდა სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ საქმეში არ არის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რომ ქუთაისის მერიის უკანონო ქმედებებმა უშუალოდ გამოიწვია ხელფასის მიუღებლობა და ქუთაისის მერიის ქმედებების გარეშე აღნიშნულს არ ექნებოდა ადგილი.

რაც შეეხება საკასაციო საჩივარში მითითებულ შუამდგომლობას მტკიცებულებათა წარმოდგენის დავალების თაობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები ანუ საკასაციო სასამართლო მსჯელობს მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ასახულია საქმის მასალებში ან ჩამოყალიბებულია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ბ. გ-ის საკასაციო საჩივრის საფუძველზე ამოწმებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინების კანონიერებას სამართლებრივი თვალსაზრისით და შუამდგომლობების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი მოქმედი კანონმდებლობით საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია, რის გამოც, არ არსებობს ბ. გ-ის შუამდგომლობის დაკმაყოფილების პროცესუალური წინაპირობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 404-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. ბ. გ-ის შუამდგომლობა მოპასუხისათვის დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის დავალების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

3. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ნოემბრის მარტის განჩინება;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე