Facebook Twitter

ბს-793-793(კ-კს-18) 15 ნოემბერი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ი. ა-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.05.2018წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ა-ამ 27.10.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვა რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 15.12.2015წ. გადაწყვეტილების, 04.11.2014წ. გადაწყვეტილების და 09.01.2012წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება 5000 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.04.2017წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა კ. ხ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.10.2017წ. გადაწყვეტილებით ი. ა-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.05.2018წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ი. ა-ას მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.06.2018წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა ი. ა-ას განცხადება სააპელაციო პალატის 23.05.2018წ. გადაწყვეტილების განმარტების შესახებ, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა ი. ა-ას მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.2018წ. განჩინებით ი. ა-ას კერძო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, ხოლო 02.08.2018წ. განჩინებით - ი. ა-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება შედგენილია ფორმალური ხარვეზებით, სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანია, რადგან არ დგინდება რა ნაწილში დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი. კასატორი თვლის, რომ სადავო რეგისტრაციებით დაირღვა მისი საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებები, კ. ხ-ს არ ჰქონდა საკუთრების წარმომშობი სათანადო დოკუმენტები, რეგისტრაციები განხორციელდა უკანონოდ, შიდა აზომვითი ნახაზის წარდგენის გარეშე. ბინის პრივატიზების პერიოდში კ. ხ-ი აღარ ცხოვრობდა სადავო ბინაში. სასამართლოებმა და ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ არ შეაფასეს წარდგენილი მტკიცებულებები, არ გაითვალისწინეს, რომ სადავო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნა მხოლოდ ი. ა-ასა და ვ. ა-ის სახელზე, რომელთაც ჰქონდათ ბინით სამისდღემშიო სარგებლობის უფლება. კ. ხ-ს სამკვიდრო სათანადო წესით არ მიუღია. სადავო გადაწყვეტილებით ფაქტობრივად გაუქმდა მოსარჩელის მემკვიდრეობის უფლება. კასატორი თვლის, რომ სასამართლომ არ მისცა თავისი პოზიციის სათანადოდ დაფიქსირების შესაძლებლობა. ამასთანავე, სხდომების ჩაწერა ხორციელდებოდა დისკზე და კომპიუტერის არქონის გამო კასატორს არ ჰქონდა ჩანაწერის მოსმენის შესახლებლობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ა-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე (საქართველოს კონსტიტუციის 82.2 მუხ.), პრეიუდიციული ძალა ენიჭებათ ფაქტებს, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ (სსსკ-ის 106-ე მუხ. „ბ“ ქვ.პ.). გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი (სსსკ-ის 266-ე მუხ.). განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებებით დადგენილია სადავო ბინის წილზე კ. ხ-ის საკუთრების უფლება, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.02.2011წ. გადაწყვეტილებით კ. ხ-ი ცნობილ იქნა გ. ა-ის დანაშთი ქონების (ქ. თბილისში, ... გამზ., მე-2 კვ., კორპ. 34-ში მდებარე N22 ბინის 1/3 ნაწილის) 1/3 ნაწილის მესაკუთრედ. გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რის საფუძველზეც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 09.01.2012წ. გადაწყვეტილებით კ. ხ-ის სახელზე აღირიცხა სადავო ბინის 1/3 ნაწილი, თუმცა მოგვიანებით მარეგისტრირებელმა ორგანომ თავისი ინიციატივით გაასწორა რეგისტრაციისას დაშვებული ტექნიკური ხარვეზი და სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 04.11.2014წ. გადაწყვეტილებით კ. ხ-ი აღირიცხა 1/9 წილის მესაკუთრედ. ამდენად, აღნიშნული აქტები გამოცემულია სასამართლო კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების აღსასრულებლად და მის შესაბამისად.

აგრეთვე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზეა გამოცემული ი. ა-ას მიერ სადავოდ გამხდარი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 15.12.2015წ. გადაწყვეტილებაც, კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.02.2015წ. კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით კ. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კ. ხ-ი ცნობილ იქნა დედის - რ. ა-ას სამკვიდრო ქონების 1/16 წილის მესაკუთრედ. ამავე გადაწყვეტილებით კ. ხ-ი ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ... გამზ., მე-2 კვ., კორპ. 34-ში მდებარე N22 ბინის 1/6 წილის მესაკუთრედ, ხოლო 10/12 წილის მესაკუთრედ თანაბარწილად (5/12 - 5/12 წილი) დასახელდნენ ი. ა-ა და მისი ძმა ვ. ა-ი. ამდენად, სადავო აქტების გამოცემისას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული საააგენტო ასრულებდა საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნას სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების სავალდებულოობის შესახებ.

სრულიად დაუსაბუთებელია ი. ა-ას მოსაზრებები მისი საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებების შელახვისა თუ ჩამორთმევის შესახებ. ის გარემოება, რომ მამის - გ. ა-ის სამკვიდრო გაიხსნა მხოლოდ ი. ა-ასა და ვ. ა-ზე, არ გამორიცხავს მშობლების მემკვიდრეთა წრიდან მათ შვილს - კ. ხ-ს. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადგინდა ბინის 1/6 წილზე კ. ხ-ის საკუთრების უფლება.

კასატორის მითითება, რომ მას არ ეძლეოდა სხდომაზე თავისი მოსაზრებების დაფიქსირების შესაძლებლობა ასევე არ არის დასაბუთებული, რადგან საქმის მასალებით დასტურდება, რომ იგი ესწრებოდა სასამართლო სხდომებს და აკეთებდა განმარტებებს, ამასთანავე, ქვედა ინსტანციის სასამართლოებში მის მიერ წარდგენილი იქნა არაერთი განცხადება, სადაც სხვადასხვა საკითხთან მიმართებით მოსარჩელის წერილობითი მოსაზრებებია დაფიქსირებული. ამასთანავე, სსსკ-ის 223.1 მუხლით გათვალისწინებულია მოსამართლის უფლებამოსილება სიტყვა ჩამოართვას მხარეს, თუ ის არ არის კავშირში საქმესთან და ემსახურება პროცესის გაჭიანურებას ან თუ მხარე გადააცილებს სიტყვისათვის მისთვის განსაზღვრულ დროს.

რაც შეეხება სასამართლო სხდომის ოქმის დისკზე ჩაწერას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 290.1 მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია ოქმის შედგენისათვის გამოიყენოს მაგნიტოფონი, კომპიუტერი ან სხვა ტექნიკური საშუალება, რომელთა მეშვეობით ჩანაწერებიც ოქმს თან ერთვის. ი. ა-ას მოთხოვნისთანავე გადაეცა სასამართლო სხდომის ოქმის ასლი. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ი. ა-ა ესწრებოდა სასამართლო სხდომებს და ჰქონდა სრული ინფორმაცია პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ი. ა-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ა-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.05.2018წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი