კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე Nბს-793-793(კს-18) 11 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ი. ა-ას კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.06.2018წ. განჩინებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.06.2018წ. განჩინებით ი. ა-ას განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.05.2018წ. გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 15.06.2018წ. განჩინება ი. ა-ას ჩაბარდა 21.06.2018წ. აღნიშნული განჩინება ი. ა-ამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა 04.07.2018წ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.06.2018წ. განჩინების ასლი ი. ა-ას სსკ-ით დადგენილი წესით გაეგზავნა 20.06.2018წ. და ჩაბარდა 21.06.2018წ. (ს.ფ. 143). ამრიგად, 15.06.2018წ. განჩინების გასაჩივრების ვადა ი. ა-ასათვის, სსკ-ის მე-60 მუხლის შესაბამისად, 22.06.2018წ. დაიწყო და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, 03.07.2018წ. ოცდაოთხ საათზე ამოიწურა. საქმის მასალებით დგინდება, რომ ი. ა-ას კერძო საჩივარი უზენაესი სასამართლოს კანცელარიაში შემოვიდა 04.07.2018წ., სსკ-ის 416-ე მუხლით დადგენილი 12 დღიანი ვადის დარღვევით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლში მითითებული კერძო საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადა, რის გამოც, ი. ა-ას კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 416-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ა-ას კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.06.2018წ. განჩინებაზე დატოვებული იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი