ბს-368-368 (კ-18) 18 ოქტომბერი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.12.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ბ-ემ 21.11.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის და მესამე პირის გ. ლ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის 19.09.2016წ. №529 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 12.04.2008წ. №17 ოქმის 24-ე საკითხით მიღებული გადაწყვეტილება და გაუქმდა თ. ბ-ისთვის საკუთრების უფლების აღიარება ქ. თბილისში, ... ქ. №13-ში მდებარე 685 კვ.მ. (უსასყიდლო) და 125 კვ.მ. (სასყიდლიანი) მიწის ნაკვეთზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.06.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 19.09.2016წ. №529 გადაწყვეტილება თ. ბ-ის ნაწილში და მოპასუხეს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შ-ის მეორე შესახვევის მაცხოვრებლების კოლექტიურ №8991 განცხადებასთან დაკავშირებით.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის და ვ. ლ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.09.2017წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივრები, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 08.06.2017წ. გადაწყვეტილება.
განჩინება საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, სარჩელის უარყოფის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას და აღნიშნავს, რომ კომისიამ გადაწყვეტილების მიღებამდე საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება გამოიკვლია. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კომისიამ გააუქმა თ. ბ-ისთვის საკუთრების უფლების აღიარება ქ. თბილისში, ... ქ. №13-ში მდებარე 685 კვ.მ. (უსასყიდლო) და 125 კვ.მ. (სასყიდლიანი) მიწის ნაკვეთზე და თ. ბ-ეს უფლება მიენიჭა სავალი გზის გამოკლებით მიწის ნაკვეთის ახალი აზომვითი ნახაზის წარდგენა. ადმინისტრაციული წარმოებისას გაირკვა, რომ საერთო სარგებლობის სავალის გზის მიკუთვნება მოხდა თ. ბ-ისათვის, რაც ეწინააღმდეგებოდა კანონმდებლობას. ამასთან, დადგინდა, რომ სადავო ტერიტორიაზე არსებულ სამანქანო გზას არ გააჩნია ტროტუარი და ფეხით მოსიარულე მოსახლეობა გადაადგილდება სამანქანო გზაზე, რაც საფთხეს უქმნის ფეხით მოსიარულეთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. აღნიშნული გარემოებები გახდა გასაჩივრებული აქტის გამოცემის საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ იყო გამოკვლეული საქმის გარემოებები. გასაჩივრებული აქტით კომისიამ მიიჩნია, რომ თ. ბ-ის სახელზე 810 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოხდა სავალი გზის ჩათვლით, რომელიც წარმოადგენს საერთო სარგებლობის გზას და გამორიცხავს კერძო პირისთვის საკუთრების უფლების მინიჭებას. აღნიშნულ გარემოებაზე მითითებით კომისიამ ბათილად ცნო თ. ბ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილება სრულად, 810 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, მიუხედავად იმისა, რომ შ-ის ქუჩის მაცხოვრებლების განცხადებით გამოთქმული პრეტენზია ეხებოდა არა 810 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, არამედ მხოლოდ იმ ნაწილს, რასაც მოსახლეობა სავალ გზად იყენებდა. კომისიამ სათანადოდ არ გამოიკვლია გადაწყვეტილების რა ნაწილს ეხებოდა შ-ის ქუჩის მაცხოვრებლების განცხადებით გამოთქმული პრეტენზია. კომისიის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დასაბუთებული არ არის საკუთრების უფლების აღიარების გაუქმება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე (685 კვ.მ.), რომელზეც პრეტენზია არავის გააჩნდა. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ არ დასტურდება გასაჩივრებული აქტის გამოცემა სზაკ-ის 53-ე, 96-ე, 97-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და სახეზეა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რაც მართებულად გახდა სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველი.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ არ არსებობდა სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე საკითხის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაბრუნების საფუძველი და აღნიშნავს, რომ მართებულია საკითხის სასკ-ის 32.4 მუხლის შესაბამისად გადაწყვეტა, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ ირკვევა, გარდა მოსახლეობის განცხადებისა, რა გარემოება გამოიკვლია ადმინისტრაციულმა ორგანომ იმისათვის, რომ უტყუარად დადგენილიყო თ. ბ-ისათვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებით აღიარების გამომრიცხავი გარემოების არსებობა. ახალი აქტის გამოცემის დავალებით ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სზაკ-ის 53-ე და 96-ე მუხლების გათვალისწინებით, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-19 მუხლი) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა შეაგროვოს მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სასამართლოწარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ადმინისტრაციულ ორგანოში განსახორციელებელი წარმოების სრულ ჩანაცვლებას. სასკ-ის 32.4 მუხლის მიხედვით სასამართლო დავის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობს აქტს იმ შემთხვევაში, უკეთუ აშკარაა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დავის სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე გადაწყვეტა არ გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან განსხვავებული ან იმავე შინაარსის გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.12.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი