№ბს-610-610(კ-18) 4 ოქტომბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე - ა. ს-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2016 წლის 2 ნოემბერს ა. ს-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 23 სექტემბრის #793 ბრძანებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა მონიტორინგის განყოფილების ... თანამდებობიდან გათავისუფლდა. მოსარჩელემ აღნიშნული ბრძანება გაასაჩივრა სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ანალიზის საფუძველზე, ა. ს-ას შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებით, გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ გადაწყვეტილება მოცემულ ნაწილში დარჩა ძალაში. მოსარჩელის აზრით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სასამართლოს დავალება არ შეასრულა და დამატებითი გამოკვლევის გარეშე გამოსცა ახალი ბრძანება, რომლითაც ა. ს-ა კვლავ გათავისუფლდა სამსახურიდან.
ამდენად, მოსარჩელემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 3 ოქტომბრის #3711 ბრძანების ბათილად ცნობა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ამავე სამსახურის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა მონიტორინგის განყოფილების ... ტოლფას თანამდებობაზე ა. ს-ას აღდგენის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენის დღემდე პერიოდში ა. ს-ას სასარგებლოდ იძულებით განაცდურის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 3 ოქტომბრის #3711 ბრძანება; მოპასუხეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა მონიტორინგის განყოფილების ... ტოლფას თანამდებობაზე ა. ს-ას აღდგენის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ა. ს-ას სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან მისი სამსახურში აღდგენის დღემდე.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 24 დეკემბერს, ერთი მხრივ, ქ. თბილისის მერიასა და მეორე მხრივ, შპს „ნ...ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების ობიექტს წარმოადგენდა ტრანსპორტით მომსახურება. მისი ღირებულება განსაზღვრული იყო 114 340 ლარით, ხოლო ხელშეკრულება 2014 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 მაისამდე იყო ძალაში. ხელშეკრულებით განისაზღვრა ხელშეკრულების შესრულების კონტროლი (ინსპექტირება), რომელსაც ნებისმიერ ეტაპზე ახორციელებდა შემსყიდველი - ქ. თბილისის მერია.
ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის 2013 წლის 1 ოქტომბრის №1781 განკარგულებით, ა. ს-ა დაინიშნა ქ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა მონიტორინგის განყოფილების ... თანამდებობაზე კონკურსის შედეგად 2 თვის გამოსაცდელი ვადით.
2014 წლის 3 სექტემბერს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა №10-10/14246952 წერილით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერს და აცნობა, რომ მის დაქვემდებარებაში არსებული სამსახურის ახალგაზრდულ საქმეთა მონიტორინგის განყოფილების ... - ა. ს-ამ წარადგინა სახელმწიფო შესყიდვების კანონის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში შპს „ნ...თან“ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნული აქტით შპს „ნ...ისთვის“ უნდა გადარიცხულიყო 2 480 ლარი გაწეული მომსახურებისთვის, თუმცა ამ აქტთან დაკავშირებით სამსახურის ... წარმოეშვა შეკითხვები, რაც შემდგომი რეაგირებისა და დასკვნისათვის გადააგზავნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურში. 2014 წლის 15 სექტემბერს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის უფროსს მოხსენებითი ბარათით მიმართეს ამავე სამსახურის მონიტორინგის განყოფილების მთავარმა სპეციალისტებმა, რომლებიც მიუთითებდნენ სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდულ საქმეთა მონიტორინგის განყოფილების ... - ა. ს-ას ქმედებებზე. კერძოდ, მათ მიერ შესწავლილ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის 2014 წლის 3 სექტემბრის წერილი. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ახალგაზრდობის საქმეთა მონიტორინგის განყოფილების ... - ა. ს-ამ, სამსახურის ... თანაშემწის დაუკითხავად სამსახურის ბეჭედი დასვა მიღება-ჩაბარების აქტზე, რომელსაც თავად აწერდა ხელს. ა. ს-ა, შპს „ნ...ის“ მიერ წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერით სატრანსპორტო საშუალებების მიერ გავლილ კილომეტრაჟს, რის საფუძველზეც განისაზღვრებოდა კონტრაქტორზე გადასახდელი თანხა, ადასტურებდა ყოველგვარი პერიოდული ინსპექტირებისა და კონტროლის ღონისძიებების გარეშე. ამასთან, წარდგენილი და მოპოვებული დოკუმენტაციით, ასევე არ დასტურდებოდა №10.2/20/490 ხელშეკრულებით - „ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების“ პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ შესყიდვებზე, „მიმწოდებლის“ მიერ ნაკისრი ვალდებულების პერიოდული ინსპექტირების ფაქტი.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 23 სექტემბრის №793 ბრძანებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა მონიტორინგის განყოფილების ... - ა. ს-ა, სამსახურებრივ მოვალეობათა უხეში დარღვევისათვის გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნული ბრძანება ა. ს-ამ გაასაჩივრა სასამართლო წესით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 23 სექტემბრის №793 ბრძანება ა. ს-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილება ა. ს-ას მიერ გასაჩივრდა ზემდგომ სასამართლო ინსტანციებში, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 9 თებერვლის განჩინებით უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ივლისის განჩინებით ა. ს-ასა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი.
ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 3 ოქტომბრის №3711 ბრძანებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა მონიტორინგის განყოფილების ... - ა. ს-ა 2014 წლის 23 სექტემბრიდან, სამსახურებრივ მოვალეობათა უხეში დარღვევისათვის გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე და განმარტა, რომ ამავე კანონის 99-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის; ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს. სასამართლომ აღნიშნა, რომ თავად არ არის უფლებამოსილი ჩაერიოს ადმინისტრაციული ორგანოს ან შესაბამისი თანამდებობის პირის არჩევანში, რაც დაკავშირებულია ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციას მიკუთვნებულ ისეთი გადაწყვეტილების მიღებასთან, როგორიც არის საშტატო ერთეულზე ამა თუ იმ პირის დანიშვნა/გათავისუფლება, რადგან აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ მათი გადასაწყვეტია, მაგრამ მითითებული მსჯელობა არ ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით და ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის ფარგლებში, არ უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით - თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში აღინიშნება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა აქტის გამოცემისას.
სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ა. ს-ას მიმართ ისე გამოიყენა დისციპლინური პასუხიმგებლობის ყველაზე მაღალი ზომა, რომ არ დაასაბუთა იგი. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ როგორც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 23 სექტემბრის №793 ბრძანების გამოცემისას, ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 3 ოქტომბრის №3711 ბრძანების მიღებისას ყურადღების მიღმა დარჩა საკითხი იმის შესახებ, რომ 2013 წლის 24 დეკემბერს, ქ. თბილისის მერიასა და შპს „ნ...ს“ შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №10.2/20/490 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პერიოდული ინსპექტირებისა და კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილი პირებისათვის, რომელშიც შედიოდა ა. ს-ა, არ ყოფილა შემუშავებული და დღეის მდგომარეობითაც არ არსებობს რაიმე კანონქვემდებარე აქტი, რომელიც დაარეგულირებდა ინსპექტირებისა და კონტროლის წესებს. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისე იქნა გამოცემული ა. ს-ას გათავისუფლების შესახებ ბრძანება, რომ არ იქნა გათვალისწინებული თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებაში მითითებული გარემობები, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაშიც არ არის დასაბუთებული ის გარემოება, რატომ იყო აუცილებელი ადმინისტრაციული სახდელის სახით ყველაზე მკაცრი ღონისძიების გამოყენება და რატომ იყო შეუძლებელი გამოყენებულიყო უფრო ნაკლებად მძიმე სახდელი, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ა. ს-ას მიმართ მანამდე არ ყოფილა გამოყენებული არანაირი სახდელი. აქედან გამომდინარე, სახეზეა სადავო აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული წარმოების უხეში დარღვევა, რაც იწვევს გამოცემული გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობას.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოხელე აღდგენილი უნდა იქნეს გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში პირის თანამდებობაზე აღდგენა თავისთავში გულისხმობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, საიდანაც ის გათავისუფლდა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-58 დადგენილების მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განისაზღვრა თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულები. კერძოდ, თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულებია: გ.ა) თბილისის მერიის ადმინისტრაცია; გ.ბ) თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახური; გ.გ) თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური; გ.დ) თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახური; გ.ე) თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახური; გ.ვ) თბილისის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახური; გ.ზ) თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური; გ.თ) თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახური; გ.ი) თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური; გ.კ) თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური; გ.ლ) თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახური; გ.მ) თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური; გ.ნ) თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური; გ.ო) თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება თუ რომელი სამსახური ახორციელებს იმავე ფუნქციებს, საიდანაც გათავისუფლებულ იქნა მოსარჩელე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ა. ს-ა აღდგება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა მონიტორინგის განყოფილების ... ტოლფას თანამდებობაზე.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა იძულებითი განაცდური. მოცემულ შემთხვევაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 23 სექტემბრის №793 ბრძანებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 99-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა მონიტორინგის განყოფილების ... ა. ს-ა სამსახურებრივ მოვალეობათა უხეში დარღვევისათვის გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ამდენად, ა. ს-ა უფლებამოსილია მიიღოს იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი 2014 წლის 23 სექტემბრიდან სამუშაოზე აღდგენამდე პერიოდისათვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა მონიტორინგის განყოფილების ... ტოლფას თანამდებობაზე ა. ს-ას აღდგენის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ს-ამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის მონიტორინგისა და შეფასების განყოფილების ... თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარს თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ა. ს-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ა. ს-ას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა მონიტორინგის განყოფილების ... ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ა. ს-ას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მონიტორინგისა და შეფასების განყოფილების ... თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა არ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ა. ს-ას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა მონიტორინგის განყოფილების ... ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალდებულების ნაწილში და განმარტა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 სექტემბრის №9-19 დადგენილებით დამტკიცდა „ქ. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულება“. აღნიშნული დებულების 5.2. მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის ერთ-ერთ სტრუქტურულ ქვედანაყოფად მითითებულ იქნა მონიტორინგისა და შეფასების განყოფილება. 7.5. მუხლის თანახმად კი, მონიტორინგისა და შეფასებების განყოფილების კომპეტენციად განისაზღვრა: ა) სამსახურის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული მუნიციპალური პროგრამების მონიტორინგი, შეფასება და შესაბამისი წინადადებების და დასკვნების მომზადება, სამსახურის ხელმძღვანელობის მიერ კანონმდებლობით ნებადართული სხვა დავალებების შესრულება; ბ) მუნიციპალური დაქვემდებარების განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროს დაწესებულებების მიერ განხორციელებული პროგრამებისა და საქმიანობის ხარისხის შესწავლა და შეფასება, ამ მიმართულებით შესაბამისი ანგარიშების მომზადება; გ) შესწავლილი საქმიანობის ანალიზის საფუძველზე შესაბამისი პერიოდული ანგარიშების მომზადება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებიდან მოცემულ დრომდე არაერთხელ შეიცვალა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იმ სამსახურის დასახელება, რომელშიც მუშაობდა მოსარჩელე. თავდაპირველად სამსახურის სახელწოდება იყო ქ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახური, 2014 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით არსებობდა „ქ. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური“, ხოლო 2017 წლის 24 მარტის მდგომარეობით - „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური“. დღეის მდგომარეობით (2018 წლის იანვრიდან) აღნიშნული სამსახურის სახელწოდებაა „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური“. ამავდროულად, უდავოა, რომ ყველა ეტაპზე, არსებითად უცვლელად დარჩა მითითებული სამსახურის კონკრეტული განყოფილების დასახელებაც („მონიტორინგის განყოფილება“, „მონიტორინგისა და შეფასების განყოფილება“) და როგორც ძველ, ისე მოქმედ დებულებაში გათვალისწინებულია სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (განყოფილების) ... თანამდებობა.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ მოცემულ შემთხვევაში, ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება, თუ რომელი სამსახური ახორციელებს იგივე ფუნქციებს, საიდანაც გათავისუფლებულ იქნა მოსარჩელე. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოქმედი და ძველი დებულებებით გათვალისწინებული შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ფუნქციების ურთიერთშედარება, მათი შინაარსი იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ სტრუქტურული ერთეული და თანამდებობა, რომელზეც მოსარჩელე აცხადებს პრეტენზიას, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში კვლავ არსებობს, შესაბამისად, შესაძლებელია მოსარჩელის აღდგენა კონკრეტული დასახელების თანამდებობაზე, ასეთად მოქმედი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-12 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულებიდან“ გამომდინარე, მიჩნეულ უნდა იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მონიტორინგისა და შეფასების განყოფილების ... თანამდებობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს იმ პროცესუალურ დარღვევაზე, რაც, მისი აზრით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი უნდა გახდეს. კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში ა. ს-ას ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ამავე სამსახურის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა მონიტორინგის განყოფილების ... ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რაც დაკმაყოფილდა, თუმცა ა. ს-ამ გადაწყვეტილება სწორედ აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა მონიტორინგის განყოფილების ... თანამდებობაზე აღდგენა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, ა. ს-ა უფლებამოსილი არ იყო სასარჩელო მოთხოვნა შეეცვალა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს დაუშვებლად უნდა ეცნო მისი სააპელაციო საჩივარი.
კასატორი ასევე არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მონიტორინგისა და შეფასების განყოფილება წარმოადგენს იმ სამსახურის იდენტურ სამსახურს, სადაც მუშაობდა ა. ს-ა, რადგან დებულებათა ურთიერთშედარებით ცალსახად დასტურდება ის ფაქტი, რომ ახლანდელი და ადრე არსებული განყოფილება სხვადასხვა ფუნქციების მატარებელია. სახელწოდებათა მსგავსება არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ეს სამსახურები იდენტურია.
ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ ტრანსპორტით მომსახურების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების კონტროლისა და ინსპექტირებისათვის ა. ს-ას მიენიჭა სპეციალური ფუნქცია, რომელიც გაწერილია ამ ხელშეკრულების 5.1, 5.2 და 6.1 პუნქტებში. ხელშეკრულების გათვალისწინებული მომსახურების მიღებაზე კონტროლი და ინსპექტირება მოიცავდა ორ ძირითად პარამეტრს, კერძოდ, რამდენად გააჩნდა კონტრაქტორს ის უფლებები, რომელიც განსაზღვრული იყო ტექნიკურ დავალებაში და რეალურად რამდენ კილომეტრს დაფარავდა ესა თუ ის სატრანსპორტო საშუალება კონკრეტული მარშუტის შესრულებისას, რის საფუძველზეც კონტრაქტორი კომპანია მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ანაზღაურებას. ორივე პარამეტრზე კონტროლი უნდა განეხორციელებინა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 3 იანვრის #1/9 ბრძანებით შექმნილ ინსპექტირების ჯგუფს, კონკრეტულად, ა. ს-ას. მიუხედავად იმისა, რომ მითითებულ ბრძანებაში დადგენილი კონტროლის ღონისძიებების პირობები არ იყო ზედმიწევნით გაწერილი, ამით ა. ს-ას არ გააჩნდა პრივილეგია გადაწყვეტილება მიეღო და კონტროლისა და ინსპექტირების ღონისძიებათა გატარების გარეშე დაედასტურებინა კონტრაქტორის მიერ წარდგენილი ხელმოუწერელი დოკუმენტი. მან ამ შემთხვევაში გადაამეტა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს, ხელმოწერით დაადასტურა შპს „ნ...ის“ მიერ წარმოდგენილი, ხელმოუწერელი მიღება-ჩაბარების აქტი. უფრო მეტიც, იგი სამსახურის უფროსის თანაშემწის ნებართვის გარეშე უკანონოდ დაეუფლა სამსახურის ბეჭედს და სამსახურის უფროსთან შეუთანხმებლად, ბეჭდით დაადასტურა აღნიშნული დოკუმენტი, რითაც საფრთხე შეუქმნა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტს. ამასთან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 29 სექტემბრის დასკვნის შესაბამისად, სამსახურებრივი შემოწმებით დადასტურდა ა. ს-ას ბრალეული სავარაუდო დანაშაულებრივი მოქმედებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის 2832 ლარის ზიანის მიყენების ფაქტი, რის გამოც საქმის მასალები გადაგზავნილ იქნა პროკურატურაში რეაგირებისათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივლისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მონიტორინგისა და შეფასების განყოფილების ... თანამდებობაზე ა. ს-ას აღდგენისა და ა. ს-ასათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ს-ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის 2013 წლის 1 ოქტომბრის №1781 განკარგულებით, ა. ს-ა დაინიშნა ქ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა მონიტორინგის განყოფილების ... თანამდებობაზე კონკურსის შედეგად, 2 თვის გამოსაცდელი ვადით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 23 სექტემბრის №793 ბრძანებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა მონიტორინგის განყოფილების ... - ა. ს-ა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, სამსახურებრივ მოვალეობათა უხეში დარღვევისათვის გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნული ბრძანება ა. ს-ამ გაასაჩივრა სასამართლო წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 23 სექტემბრის №793 ბრძანება ა. ს-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეების მიერ გასაჩივრდა როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 9 თებერვლის განჩინებით უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ივლისის განჩინებით ა. ს-ასა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი.
კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით და ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა 2016 წლის 3 ოქტომბერს გამოსცა №3711 ბრძანება, რომლითაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა მონიტორინგის განყოფილების ...- ა. ს-ა 2014 წლის 23 სექტემბრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან სამსახურებრივ მოვალეობათა უხეში დარღვევის გამო. კერძოდ, ა. ს-ას სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი გახდა ქ. თბილისის მერიასა და შპს „ნ...ს“ შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა. ხელშეკრულების ობიექტს წარმოადგენდა ტრანსპორტით მომსახურება, რომლითაც განსაზღვრული იყო აგრეთვე ხელშეკრულების შესრულების კონტროლი (ინსპექტირება). მას ნებისმიერ ეტაპზე ახორციელებდა შემსყიდველი - ქ. თბილისის მერია. სამსახურებრივ მოვალეობათა უხეში დარღვევა გამოიხატა იმ ქმედებებში, რომ ა. ს-ამ, სამსახურის უფროსის თანაშემწის დაუკითხავად, სამსახურის ბეჭედი დასვა მიღება-ჩაბარების აქტზე, რომელსაც თავად აწერდა ხელს. ა. ს-ა შპს „ნ...ის“ მიერ წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერით სატრანსპორტო საშუალებების მიერ გავლილ კილომეტრაჟს, რის საფუძველზეც განისაზღვრებოდა კონტრაქტორზე გადასახდელი თანხა, ადასტურებდა ყოველგვარი პერიოდული ინსპექტირებისა და კონტროლის ღონისძიებების გატარების გარეშე. ამასთან, წარდგენილი და მოპოვებული დოკუმენტაციით, ასევე არ დასტურდებოდა ხელშეკრულებით - „ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების“ პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ შესყიდვებზე, „მიმწოდებლის“ მიერ ნაკისრი ვალდებულების პერიოდული ინსპექტირების ფაქტი.
განსახილველი დავის საგანს ა. ს-ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 3 ოქტომბრის #3711 ბრძანების კანონიერების დადგენა, სამსახურში აღდგენა და მთელი მოცდენილი პერიოდისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას ა. ს-ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 3 ოქტომბრის №3711 ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით იმ მოტივით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ა. ს-ას მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველაზე მაღალი ზომა გამოიყენა დასაბუთების გარეშე და მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენდა ზუსტად ყოფილიყო დადგენილი, ა. ს-ას მხრიდან ჰქონდა თუ არა ადგილი სამსახურებრივი უფლებამოსილების უხეშ დარღვევას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ყურადღების მიღმა დარჩა საკითხი იმის შესახებ, რომ 2013 წლის 24 დეკემბერს, ქ. თბილისის მერიასა და შპს „ნ...ს“ შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პერიოდული ინსპექტირებისა და კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილი პირებისათვის, რომელშიც შედიოდა ა. ს-ა, არ ყოფილა შემუშავებული რაიმე კანონქვემდებარე აქტი, რომელიც დაარეგულირებდა ინსპექტირებისა და კონტროლის წესებს. ამასთან, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საგზაო დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალებების მიერ გავლილ სავარაუდო მანძილთან (კილომეტრაჟი) დაკავშირებით, რომელსაც დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო ბრძანების მიღებისას, არ ასახავდა ზუსტ მონაცემებს და აღნიშნული ინფორმაცია სადავო 2016 წლის 3 ოქტომბრის №3711 ბრძანების საფუძვლიანობას არ ადასტურებდა. ამდენად, მიღება-ჩაბარების აქტთან დაკავშირებით ოდომეტრის ჩვენებების მიუთითებლობა (ამოუწერლობა) ა. ს-ას მხრიდან სამსახურებრივ მოვალეობათა უხეშ დარღვევას არ წარმოადგენდა. სატრანსპორტო საშუალებების მიერ გავლილი კილომეტრაჟების შესახებ მხოლოდ ზუსტი და სარწმუნო ინფორმაციის მიღების შემდეგ იყო უფლებამოსილი მოპასუხე მხარე, დაყრდნობოდა აღნიშნულ ინფორმაციას სადავო ბრძანების გამოცემისას, რომლითაც მან დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველაზე მაღალი ზომა გამოიყენა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის თანახმად, საჯარო სამსახურში საქმიანობა, საჯარო სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, არის საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი მოვალეობებისა და დაკისრებული ვალდებულებების შესრულება. საჯარო მოსამსახურე საჯარო სამსახურში განხორციელებული საქმიანობის პროცესში ანგარიშვალდებულია სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე და შესაბამისად, საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელიც არის საჯარო მოსამსახურისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა და რომლის მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა და საქმიანობის პროცესის გაუმჯობესება. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს, დისციპლინური ზომის გამოყენება მიზნად უნდა ისახავდეს დარღვევის პრევენციას. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საჯარო მოხელის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით - არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა; ე) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა - არა უმეტეს ერთი წლისა; ვ) სამსახურიდან გათავისუფლება ამ კანონის საფუძველზე. თავის მხრივ, დისციპლინური გადაცდომისათვის სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები განსაზღვრულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლით, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა; ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევას კანონი არ განმარტავს, მაგრამ სამსახურებრივი მოვალეობების უხეშ დარღვევად უნდა იქნეს მიჩნეული ისეთი შემთხვევები, როდესაც დაწესებულებას მნიშვნელოვანი მატერიალური თუ სხვა სახის ზიანი ადგება ან/და ამით მნიშვნელოვნად ეშლება ხელი ადმინისტრაციულ ორგანოს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში, მნიშვნელოვნად ილახება მოქალაქეთა უფლებები, სამსახურის პრესტიჟი, დარღვევა გამოიხატება მოხელის მხრიდან მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შეგნებულ უგულებელყოფაში ან უხეშ დაუდევრობაში და სხვა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისე იქნა გამოცემული ა. ს-ას გათავისუფლების შესახებ ბრძანება, რომ არ ჩატარებულა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, არ იქნა დადგენილი ორგანოსათვის ზიანის მიყენების ფაქტი. ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე ყურადღების მიღმა დატოვა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მითითება საკითხის ხელახალი შესწავლისას განსახილველი გარემოებების შესახებ (თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 მარტის #3/3847-14 და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 9 თებერვლის #3ბ/1668-15 გადაწყვეტილებები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ივლისის #ბს-400-395(2კ-16) განჩინებით, შესულია კანონიერ ძალაში, რომელთა საფუძველზეც ა. ს-ას მიმართ ხელახლა დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება), კერძოდ, მოცემულ შემთხვევაშიც არ არის დასაბუთებული ის გარემოება, რატომ იყო აუცილებელი ადმინისტრაციული სახდელის სახით ყველაზე მკაცრი ღონისძიების გამოყენება და რატომ იყო შეუძლებელი უფრო ნაკლებად მძიმე სახდელის დაკისრება, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ა. ს-ას მიმართ მანამდე არ ყოფილა გამოყენებული არანაირი სახდელი და პირიქით, საქმეში წარმოდგენილია სამადლობელი წერილი შესრულებული სამუშაოს გამო, რომელიც შეეხება 2014 წლის 13 მარტიდან 29 აპრილის ჩათვლით პერიოდს. აღნიშნული გარემოებები, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან გაანალიზების პირობებში, არ იძლეოდა ისეთი მკაცრი დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების შესაძლებლობას, რასაც მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება მოჰყვა, მით უფრო იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს კანონი აძლევდა სხვა, უფრო მსუბუქი დისციპლინური სახდელის გამოყენების შესაძლებლობას. ამდენად, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მითითებებს სადავო აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ კასატორს ამ ნაწილში არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
რაც შეეხება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მონიტორინგისა და შეფასების განყოფილების ... თანამდებობაზე ა. ს-ას აღდგენის ნაწილში, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას, რომ აღნიშნული განყოფილება წარმოადგენს იმ სამსახურის იდენტურ სამსახურს, სადაც ა. ს-ა მუშაობდა. სწორედ მოცემული მსჯელობის დაუსაბუთებლობა წარმოადგენს აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილებით დაავალოს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან თვითონ მოაწესრიგოს სადავო საკითხი. ამასთან, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაშია უფლებამოსილი, მოაწესრიგოს სადავო საკითხი, თუ აღნიშნული ითვალისწინებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას და არ საჭიროებს საქმის გარემოებათა დამატებით და არსებით გამოკვლევას. ამასთანავე, საკითხი არ მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას.
სადავო პერიოდისათვის მოქმედი ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მერიის დებულების“ 16.1 მუხლის მიხედვით, საქალაქო სამსახური არის ქ. თბილისის მთავრობის კომპეტენციას მიკუთვნებულ ცალკეულ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით, შესაბამისი დარგის მართვისათვის შექმნილი ორგანო, რომელიც ქ. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულია. ამასთან, ქ. თბილისის მერიის 2006 წლის 26 დეკემბრის №13 ბრძანებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის დებულების“ 6.6 მუხლის შესაბამისად, ახალგაზრდობის საქმეთა მონიტორინგის განყოფილების კომპეტენციაა: ა) ქ. თბილისის რაიონის გამგეობებისათვის საბავშვო და ახალგაზრდულ საკითხებში ადგილობრივი პოლიტიკის გატარებაზე მონიტორინგის განხორციელება; ბ) საბავშვო და ახალგაზრდულ საკითხებთან დაკავშირებით ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენა; გ) ქ. თბილისის ტერიტორიაზე საბავშვო და ახალგაზრდულ საკითხებში ადგილობრივი პოლიტიკის გატარებაზე მონიტორინგის განხორციელება; დ) ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებულ საბავშვო და ახალგაზრდულ დაწესებულებებზე მონიტორინგის განხორციელება; ე) ახალგაზრდებში სამართლებრივი თვითშეგნების დონისა და კანონისადმი პატივისცემის ამაღლების ხელისშეწყობა, დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში დახმარების გაწევა; ვ) ახალგაზრდათა დასვენების, ყოფის, შრომითი მოღვაწეობისა და სხვა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ოპტიმალური პირობების შექმნა. „ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილება ძალადაკარგულად იქნა ცნობილი „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-58 დადგენილებით, რომლის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განისაზღვრა თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულები, კერძოდ: გ.ა) თბილისის მერიის ადმინისტრაცია; გ.ბ) თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახური; გ.გ) თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური; გ.დ) თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახური; გ.ე) თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახური; გ.ვ) თბილისის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახური; გ.ზ) თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური; გ.თ) თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახური; გ.ი) თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური; გ.კ) თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური; გ.ლ) თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახური; გ.მ) თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური; გ.ნ) თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური; გ.ო) თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-12 დადგენილებით კი დამტკიცდა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულება“. ახალი დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით სამსახურის ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფია მონიტორინგისა და შეფასების განყოფილება. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომპეტენციის ფარგლებში, მონიტორინგისა და შეფასების განყოფილების ფუნქციებია: ა) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ გაწეული სამუშაოებისა და დაგეგმილი საბიუჯეტო ხარჯების გეგმური შესრულების ანალიზი; ბ) იურიდიული პირების საქმიანობის მონიტორინგი, შეფასება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება; გ) სამსახურს დაქვემდებარებული ობიექტების წლიური ანგარიშების შესწავლა; დ) იურიდიული პირების პრობლემების იდენტიფიცირება და საჭიროებების დადგენა; ე) მუნიციპალური პროგრამების, ღონისძიებების/აქტივობების/პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი, შეფასება, შესაბამისი წინადადებისა და დასკვნების მომზადება; ვ) დაფინანსებული პროექტების განხორცილების შესახებ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ფაქტობრივი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადების კონტროლი, წარმოდგენილი დოკუმენტაციის ფინანსური და სამართლებრივი მხარის შესწავლა/ვიზუალური მასალის გაცნობა; ზ) მონიტორინგის ოქმების ფორმების შემუშავება, მოხსენებითი ბარათისა და მიღება-ჩაბარების აქტის მომზადება; თ) პროექტების განხორციელების შესახებ დადებული ხელშეკრულებით მეორე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში საჯარიმო სანქციების გაანგარიშება; ი) იურიდიული პირების სამუშაო პროცესის მონიტორინგი; კ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი; ლ) მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღრიცხვა; მ) ინვენტარიზაციის პროცესის მართვა; ნ) სრულ ინდივიდუალურ მატერიალურ პასუხისმგებლობაზე ხელშეკრულებების მომზადება; ო) სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის/ორგანოს მიერ შემოწმებული მუნიციპალური ობიექტების დასკვნების შესწავლა და რეაგირება; პ) შესწავლილი საქმიანობის ანალიზის საფუძველზე შესაბამისი პერიოდული ანგარიშების მომზადება.
ამდენად, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებიდან დღემდე არაერთხელ შეიცვალა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იმ სამსახურის დასახელება, რომელშიც მუშაობდა მოსარჩელე: თავდაპირველად სამსახურის სახელწოდება იყო „ქ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახური“, 2014 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით არსებობდა „ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური“, ხოლო 2017 წლის 24 მარტის მდგომარეობით - ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური“. დღეის მდგომარეობით (2018 წლის იანვრიდან) აღნიშნული სამსახურის სახელწოდებაა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური“.
საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნულ დებულებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მხოლოდ განყოფილებების სახელწოდებათა მსგავსება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმის დასტურად, რომ სახეზეა იდენტური სამსახურები. საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან მიმართებაში იზიარებს კასაციის მოტივს, რომ მითითებული დებულებების შინაარსობრივი შედარებით ცალსახად დასტურდება ის ფაქტი, რომ მონიტორინგისა და შეფასების განყოფილება, განსხვავებით ადრე არსებული მონიტორინგის განყოფილებისაგან სხვა ფუნქციების მატარებელია. ამასთან, ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება თუ რომელი სამსახური ახორციელებს იმავე ფუნქციებს, საიდანაც გათავისუფლებულ იქნა მოსარჩელე. ამდენად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ა. ს-ა აღდგება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა მონიტორინგის განყოფილების ... ტოლფას თანამდებობაზე.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს ა. ს-ას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მონიტორინგისა და შეფასების განყოფილების ...თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონოდ ცნობა საკმარისია მოსარჩელის იმ უფლებებში აღსადგენად, რაც გასაჩივრებული ბრძანების გამოცემამდე გააჩნდა. ამავე ნორმის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.
ამდენად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა მონიტორინგის განყოფილების ... ტოლფას თანამდებობაზე ა. ს-ას აღდგენასთან დაკავშირებით უნდა იხელმძღვანელოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლით დადგენილი პროცედურების დაცვით.
ამასთან, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის მე-2 წინადადება, რომელიც ითვალისწინებდა, რომ იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეს უნდა მისცემოდა არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/3/630 გადაწყვეტილებით (იხ. საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი.
ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის #2/4/735 გადაწყვეტილებით კონსტიტუციური სარჩელი #735 (იხ. საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - მერი გიორგაძე და ფიქრია მერაბიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდა და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებები საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საფუძვლიანია ა. ს-ას მოთხოვნა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს ა. ს-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 3 ოქტომბრის #3711 ბრძანების ბათილად ცნობის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი, რაც წარმოადგენს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების წინაპირობას. ამასთან, ა. ს-ას უნდა აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური სამსახურიდან გათავიფულების დღიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ა. ს-ას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა მონიტორინგის განყოფილების ... ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, სახეზეა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მონიტორინგისა და შეფასების განყოფილების ... თანამდებობაზე ა. ს-ას აღდგენისა და ა. ს-ასათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და აღნიშნულ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური წინაპირობები, რომლითაც ა. ს-ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ა. ს-ას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა მონიტორინგის განყოფილების ... ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ და ა. ს-ასთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა მონიტორინგის განყოფილების ... ტოლფას თანამდებობაზე ა. ს-ას აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მონიტორინგისა და შეფასების განყოფილების ... თანამდებობაზე ა. ს-ას აღდგენისა და ა. ს-ასათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ა. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა მონიტორინგის განყოფილების ... ტოლფას თანამდებობაზე ა. ს-ას აღდგენის შესახებ;
5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს ა. ს-ას სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა მონიტორინგის განყოფილების ... ტოლფას თანამდებობაზე ა. ს-ას აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე;
6. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება ა. ს-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 3 ოქტომბრის #3711 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში;
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი