Facebook Twitter

#ბს-654-654(კ-18) 26 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. კ-ის, ბ. კ-ას, დ. კ-ის, ე. კ-ის, დ. მ-ასა და ფ. ჯ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 9 თებერვალს ნ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ 2002 წლის 1 აპრილს უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით ... განხორციელებული საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის (კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის ნაწილში), რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 2 თებერვლის #... გადაწყვეტილების (კონფიგურაციის ნაწილში), 2002 წლის 1 აპრილს უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით ... განხორციელებული საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისა და რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 2 თებერვლის #... გადაწყვეტილების (კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის ნაწილში) ბათილად ცნობა მოითხოვა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ბ. კ-ა, დ. კ-ი, დ. მ-ა, ე. კ-ი, ნ. კ-ი და ფ. ჯ-ა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი 2002 წლის 1 აპრილს უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით ... განხორციელებული საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია ნ. ყ-ის (ოჯახი) სახელზე (კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის ნაწილში) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 2 თებერვლის #... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება (კონფიგურაციის ნაწილში); სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი 2002 წლის 1 აპრილს უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით ... განხორციელებული საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია ნ. ყ-ის (ოჯახი) სახელზე (კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის ნაწილში) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 2 თებერვლის #... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება (კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის ნაწილში); საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონულ ოფისს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება და საჭიროების შემთხვევაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. კ-მა, ბ. კ-ამ, დ. კ-მა, ე. კ-მა, დ. მ-ამ და ფ. ჯ-ამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მარტის განჩინებით ნ. კ-ის, ბ. კ-ას, დ. კ-ის, ე. კ-ის, დ. მ-ასა და ფ. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. კ-მა, ბ. კ-ამ, დ. კ-მა, ე. კ-მა, დ. მ-ამ და ფ. ჯ-ამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორები დაუსაბუთებლად მიიჩნევენ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, ვინაიდან საკომლო წიგნებში ნ. კ-ის ოჯახის საკუთრებაში უძრავი ქონების შესახებ ფართობი და რეფორმების დროს მის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფართობის სხვაობა გამოწვეულია საქართველოში 1993-2003 წლებში ჩატარებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების რეფორმების დროს, სახელმწიფოს მიერ ნ. კ-ის, ე.ი. მათი ოჯახისათვის კანონით დადგენილი წესით, დამატებით გადაცემული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ნორმის გამო, კერძოდ, ნ. კ-ის ოჯახს 2002 წლის 1 აპრილს დამატებით გადაეცა 0.186 ჰა მიწის ნაკვეთი.

ამასთან, კასატორთა განმარტებით, სადავო აქტები ბათილად იქნა ცნობილი მხოლოდ კონფიგურაციისა და ადგილმდებარეობის ნაწილში, თუმცა გადაწყვეტილებაში არ არის დასაბუთებული ხსენებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის დროს მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობა და კონფიგურაცია რა ფორმითა და რა ოდენობით შეიცვალა. კასატორების მითითებით, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ვერ დაასაბუთა ის ფაქტი, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა არა კასატორთა, არამედ მოსარჩელის ოჯახს. გარდა ამისა, ისინი 2002 წლის 1 აპრილიდან დღემდე სარგებლობენ აღნიშნული მიწის ნაკვეთებით, ხოლო ამ ხსნის მანძილზე მოსარჩელეს სადავო მიწის ნაკვეთებით არა თუ არ უსარგებლია, არამედ მათთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია.

კასატორთა მოსაზრებით, საქმეში მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მათ მიერ დაზუსტებული ის რეგისტრაციები, რომლებიც სასამართლომ ბათილად ცნო, არის ხარვეზიანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. კ-ის, ბ. კ-ას, დ. კ-ის, ე. კ-ის, დ. მ-ასა და ფ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. კ-ის, ბ. კ-ას, დ. კ-ის, ე. კ-ის, დ. მ-ასა და ფ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს 2002 წლის 1 აპრილს უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით ... განხორციელებული საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის (კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის ნაწილში), რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 2 თებერვლის #... გადაწყვეტილების (კონფიგურაციის ნაწილში), 2002 წლის 1 აპრილს უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით ... განხორციელებული საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისა და რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 2 თებერვლის #... გადაწყვეტილების (კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის ნაწილში) კანონიერება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 14 იანვარს #..., #... და #... სარეგისტრაციო განცხადებებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა ნ. კ-მა და მოითხოვა ბოლნისის რაიონის სოფელ … მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდი: ..., ... და ...) საზღვრების და ფართობის დაზუსტება.

2015 წლის 21 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურმა დააკმაყოფილა ნ. კ-ის განცხადება და მიიღო რეგისტრაციის შესახებ #... გადაწყვეტილება, ხოლო 2015 წლის 2 თებერვალს #... და #... გადაწყვეტილებები და მომზადდა შესაბამისი ამონაწერები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ. კ-ი ცალკე კომლად არის რეგისტრირებული და კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 0,50 ჰა მიწის ფართი, ხოლო სააღრიცხო ბარათების მიხედვით, ნ. კ-ის სახელზე პირველადი რეგისტრაცია განხორციელებულია სამ მიწის ნაკვეთზე, კერძოდ: 1. უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით ბოლნისი ..., ... .., კვარტალი #..., ნაკვეთი #... დაზუსტებული ფართი 4024,63 კვ.მ, 2. უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით ბოლნისი 80, ..., კვარტალი #..., ნაკვეთი #... დაზუსტებული ფართი 0,125 ჰა, 3. უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით ბოლნისი ..., ..., კვარტალი #..., ნაკვეთი #... დაზუსტებული ფართი 0,161 ჰა. შესაბამისად, საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისას განხორციელებული მიწის ნაკვეთების ფართობის ჯამი აღემატება ნ. კ-ის სახელზე საკომლო ჩანაწერების მიხედვით რიცხულ მიწის ფართობს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურმა ისე განახორციელა უძრავი ქონების რეგისტრაცია, რომ არ შეისწავლა და არ გამოიკვლია ყველა არსებითი გარემოება უძრავი ნივთების ფართობების ადგილმდებარეობის და კონფიგურაციის თაობაზე. აღნიშნულის გამო შეუძლებელია დადგინდეს მიწის ნაკვეთების ზუსტი ფართობი, ადგილმდებარეობა და კონფიგურაცია.

გარდა ამისა, პირველადი რეგისტრაციის დროს განხორციელებული ტრანზაქციებისას, ნ. კ-ის საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე დასტურდება გეგმა 293, გეგმა 294 და მიღება-ჩაბარების აქტი 1423, ხოლო აღნიშნული უფლების წარმოშობის სამართლებრივი დოკუმენტები საქმის მასალებში არ მოიძებნება.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაშიც საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა ისეთ გარემოებებსა და ფაქტებზე, რომელიც არ იქნა სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია და არ შეაფასა ის ძირითადი უფლების დამდგენი დოკუმენტები, რომელიც იწვევდა მოცემულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას, ასევე - საკომლო ჩანაწერები, რომლებშიც ნათლად ჩანდა ნ. კ-ის სახელზე რიცხული მიწის ფართის ოდენობა.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ნ. კ-ს საკასაციო საჩივარზე 19.07.2018წ. №8 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნ. კ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. კ-ის, ბ. კ-ას, დ. კ-ის, ე. კ-ის, დ. მ-ასა და ფ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მარტის განჩინება;

3. ნ. კ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 19.07.2018წ. №8 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი