#ბს-691-691(კ-18) 26 ოქტომბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 21 ნოემბერს დ. დ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 24 ოქტომბრის #02/21648 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა მ. ა-ი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით დ. დ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 24 ოქტომბრის #02.21648 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხე - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განჩინებით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად დაადგინა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის შესაბამისად, არ იქნა გამოკვლეული საქმის მასალები.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოსათვის თავდაპირველად მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო დ. დ-ის სამართალურთიერთობის დაწყების პერიოდი და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა განეხორციელებინა საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასება. ქალაქ რუსთავში, ... ქ. #2გ-21-ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან მიმართებით დ. დ-ის სამართლებრივი ურთიერთობა მხოლოდ 2012 წლიდან დაიწყო, როდესაც აღარ მოქმედებდა საბინაო კოდექსი, ასევე, გაუქმებული იყო საბინაო ფონდები და ქონების განკარგვა ხორციელდებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და სხვა კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.
კასატორის აღნიშვნით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოყენებული კანონი კი, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის #189 დადგენილება არასწორად განმარტა. ამასთან, აღნიშნული დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი არც ერთი დოკუმენტით არ დასტურდება სადავო ფართზე დ. დ-ის უფლების წარმოშობა 2007 წლის 2 თებერვლამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 24 ოქტომბრის #02/21648 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საქმეში არსებული ქალაქ რუსთავის მუნციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2016 წლის 29 დეკემბერს შედგენილი აქტით დასტურდება, რომ დ. დ-ი აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდა 2012 წლიდან 2016 წლის ივლისამდე. საქმის მასალებიდან დგინდება, რომ მოქალაქე მ. ა-მა განცხადებით მიმართა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს - გუბერნატორს და განუმარტა, რომ მან თვითნებურად დაიკავა საცხოვრებელი ფართი და ცხოვრობდა რა ქალაქ რუსთავში ... #2გ-21-ში, 2016 წლის 25 ივლისიდან, ვერ სარგებლობდა ელექტროენერგიით, ითხოვა გაეწია დახმარება აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად. გუბერნატორის ადმინისტრაციამ 2016 წლის 30 დეკემბერს მიმართა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს განცხადებაზე რეაგირების მიზნით. 2017 წლის 9 იანვრის #02/265 წერილით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციამ მადონა ახლამოსულიშვილს აცნობა, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2016 წლის 14 დეკემბერს მას (მ. ა-ს) გაეწია შუამდგომლობა შპს „რ...“, შპს „ს...“ და სს „ე...“ კეთილი ნების საფუძველზე. აქვე აცნობა, რომ აღნიშნულ ფართთან დაკავშირებით მიმდინარეობდა სასარჩელო დავა რუსთავის მერიასა და დაინტერესებულ პირ დ. დ-ს შორის.
საქმეში ასევე წარმოდგენილია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართვა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსის - ნ. ნ-ს სახელზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, უძრავ ნივთზე, რომლის მისამართია: ქალაქ რუსთავი, ... ქუჩა #2გ-21 (ს/კ ...), საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.
გარდა ამისა, როგორც საქმეში დაცული დოკუმენტებით დგინდება, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2016 წლის 2 ნოემბრის #02/22021 წერილით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს სზაკ-ის მე-80 მუხლის გათვალისწინებით, გადაუგზავნა მოსარჩელე დ. დ-ის 2016 წლის 10 ოქტომბრის #2816/02 განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, რაზედაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის #189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი“ ვრცელდება მხოლოდ სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის მიმართ. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო – მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, ამ წესისა და აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას მასზედ, რომ ის გარემოება, ადასტურებს თუ არა დ. დ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განმცხადებლის კანონიერი სარგებლობის უფლებას მოთხოვნილ ფართზე, უნდა გადაწყდეს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, იმ ნორმათა გათვალისწინებით, რაც დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და მთავრობის ზემოხსენებული დადგენილებით დამტკიცებული „წესით“.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დ. დ-ს მოთხოვნაზე უთხრა უარი, თუმცა განცხადებით მოთხოვნილი საკითხი არ განუხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და ის არ გადაუწყვეტია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის #189 დადგენილებით დამტკიცებული „წესის“ შესაბამისად. კერძოდ, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას არ შეუფასებია საკუთრების უფლებაასაღიარებელი ფართი ვის საკუთრებას წარმოადგენდა.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი