Facebook Twitter

#ბს-761-761(კ-18) 4 ოქტომბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა იბა „…-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 28 აპრილს იბა „...-ის“ თავმჯდომარე გ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის მიმართ.

მოსარჩელემ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 8 თებერვლის #... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 28 მარტის #... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 აპრილის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხეებისთვის - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტისთვის იბა „...-ის“ საერთო კრების #04/2012 ოქმით დამტკიცებული განშლის პროექტის მიხედვით, საცხოვრებელ ფართზე უფლების რეგისტრაციის შესახებ, ამხანაგობის წევრის - ე. ბ-ის თანხმობის გარეშე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით იბა „...-ის“ თავმჯდომარე გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა იბა „...-მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განჩინებით იბა „...-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა იბა „...-მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რასაც მიუთითაბდა სააპელაციო საჩივარში. ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ დავის ამოსავალი წერტილი არის ის, რომ განისაზღვროს სარეგისტრაციო დოკუმენტი - 05.12.2012წ. #4/2012 საერთო კრების საოქმო გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა 34 ხმით ერთის წინააღმდეგ, არის თუ არა კანონიერი სარეგისტრაციო დოკუმენტი, თუ იმ მიზეზის გამო, რომ მას არ ეთანხმება და ხელს არ აწერს ამხანაგობის ერთ-ერთი წევრი, ის კანონსაწინააღმდეგო სამართლებრივი აქტია და არ შეიძლება მიჩნეულ იქნას მოქმედ სარეგისტრაციო დოკუმენტად. კასატორის მოსაზრებით, კრების ოქმით დამტკიცებული გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიღებულ სამართლებრივ აქტს და შესაბამისად, წარმოადგენს კანონიერ სარეგისტრაციო დოკუმენტს, რადგან მიღებულ იქნა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით.

კასატორის მითითებით, განშლის პროექტის დამტკიცება, რომლითაც მხოლოდ და მხოლოდ იდენტიფიცირებულია ამხანაგობის წევრთა წილების ტექნიკური პარამეტრები, არ წარმოადგენს ამხანაგობის საზიარო ქონების განკარგვას. გადაწყვეტილება განშლის პროექტის დამტკიცების შესახებ არ შეეხება ამხანაგობის წევრთა საზიარო ქონებას, ე.ი. მიწას, არამედ შეეხება მხოლოდ ამხანაგობის წევრთა პირად საკუთრებაში არსებული წილის პროპორციულ უძრავ ქონებას და არ შეიცავს განკარგვის არც ერთ ნიშანს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული იბა „...-ის“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იბა „...-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში ძირითად სადავო აქტებს წარმოადგენს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 8 თებერვლის #882017045336-05 გადაწყვეტილებისა და 2017 წლის 28 მარტის #882017045336-06 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

დადგენილია, რომ იბა „...-ის“ ამხანაგობის წევრთა 2012 წლის 5 დეკემბრის კრების ოქმით დამტკიცდა განშლის პროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელებულიყო ცვლილება ... ქ. #12/14-ში (ს/კ ...) იბა „...-ის“ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში, კერძოდ, +13,2 ნიშნულზე, ბინა #19-ის ფართობად დაფიქსირდეს 196,69 კვ.მ (ნაცვლად 196,98 კვ.მ-ისა), +16,5 ნიშნულზე ბინა #27-ის ფართობად დაფიქსირდეს 144,84 კვ.მ (ნაცვლად 140,44 კვ.მ-ისა) და +9,9 ნიშნულზე ბინა #28-ს უნდა დაუფიქსირდეს 218,05 კვ.მ (ნაცვლად 218,25 კვ.მ-ისა). აღსანიშნავია, რომ იბა „...-ის“ ამხანაგობის წევრთა 2016 წლის 29 ოქტომბრის #02/2016 განმეორებითი საერთო კრების ოქმის მიხედვით, ამხანაგობის ერთ-ერთი წევრი - ე. ბ-ი უარს აცხადებდა 2012 წლის 5 დეკემბრის კრების ოქმის ხელმოწერაზე.

დადგენილია, რომ იბა „...-ის“ წარმომადგენელმა გ. ბ-მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ბინაზე/ერთეულზე, მდებარე: თბილისი, ... ქუჩა #12/14, სართული #4, ბინა #14.

სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების და შემდგომში - შეწყვეტის საფუძველი გახდა სარეგისტრაციო კრების ოქმის (05.12.2012 წლის #4/2012) შინაარსთან დაკავშირებით ამხანაგობის ერთ-ერთი წევრის - ე. ბ-ის სათანადო წესით გაფორმებული თანხმობის არარსებობა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის მიხედვით, საერთო საკუთრების ორი ფორმაა - საზიარო და წილადი. აღსანიშნავია, რომ თანაზიარი საკუთრება არსებობს მაშინ, როცა თითოეული თანამესაკუთრის წილი საერთო ქონებაში მოცემულია იდეალური წილის სახით და, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ივარაუდება, რომ თითოეულ თანამესაკუთრეს ეკუთვნის თანაბარი წილი. საზიაროა უფლება, რომელიც ერთდროულად და ერთობლივად რამდენიმე პირს ეკუთვნის; ხოლო წილადი საკუთრება გულისხმობს იმას, რომ მის მესაკუთრეს ეკუთვნის განსაზღვრული წილი საერთო საკუთრებაში.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 956-ე მუხლის თანახმად, საზიარო საგანს მოწილენი ერთობლივად მართავენ; ხოლო 959-ე მუხლის თანახმად, თითოეულ მოწილეს შეუძლია განკარგოს თავისი წილი, ხოლო საზიარო საგნის განკარგვა ხდება მხოლოდ ერთობლივად.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დოკუმენტალურად და მხარეთა შეთანხმებით კონკრეტული თანამესაკუთრის წილი არ არის გამოსახული ფართში და არ ფიქსირდება წილში გამოსახული უძრავი ნივთის კონკრეტული მდებარეობა, ივარაუდება, რომ უძრავ ნივთს მართავენ საზიარო საგნის მონაწილეები. ამდენად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად არ გაიზიარეს იბა „...-ის“ არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამხანაგობის ერთ-ერთი წევრის უარი განშლის პროექტის რეგისტრაციასთან დაკავშირებით არ წარმოადგენს უძრავი ნივთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის დამაბრკოლებელ გარემოებას. სარეგისტრაციო კრების ოქმის (05.12.2012 წლის #4/2012) შინაარსთან დაკავშირებით ამხანაგობის ერთ-ერთი წევრის - ე. ბ-ის სათანადო წესით გაფორმებული თანხმობის არარსებობა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების წინაპირობაა, რომელიც შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.

ამასთანავე, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში სარეგისტრაციო კრების ოქმის (05.12.2012 წლის #4/2012) შინაარსთან დაკავშირებით ამხანაგობის ერთ-ერთი წევრის - ე. ბ-ის სათანადო წესით გაფორმებული თანხმობის არსებობა კრების ოქმით დამტკიცებული გადაწყვეტილების აუცილებელი წინაპირობაა, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემული დავის ფარგლებში ამ უფლების (ამხანაგობის წევრის თანხმობის) მიღება შეუძლებელია და წარმოადგენს სხვა დავის საგანს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან იბა „...-ის“ საკასაციო საჩივარზე მ. ს-ეს 07.06.2018წ. №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გ. ბ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. იბა „...-ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განჩინება;

3. გ. ბ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. ს-ის მიერ 07.06.2018წ. №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი