Facebook Twitter

#ბს-781-781(კ-18) 26 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ს. დ-ისა და ვ. ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 30 ივნისს ს. დ-მა და ვ. ქ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს მთავრობის მიმართ.

მოსარჩელეებმა საქართველოს მთავრობისათვის ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიის შექმნის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით ს. დ-ისა და ვ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ს. დ-მა და ვ. ქ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინებით ს. დ-ისა და ვ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ს. დ-მა და ვ. ქ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორები მიუთითებენ, რომ კანონი არ არეგულირებს უშუალოდ სამხრეთ ოსეთის ავტონომიის ქართველი მოქალაქეების კომპენსაცია-რესტიტუციას. უშუალოდ სამხრეთ ოსეთის ავტონომიის ქართველი და ოსი მოქალაქეების უფლებების აღდგენა უნდა გადაწყდეს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირებისას, როგორც მისი შემადგენელი თანმდევი პროცესი.

ამასთან, კასატორები აღნიშნავენ, რომ კანონის მიზანი არის საქართველოს სხვა რეგიონებიდან დევნილი და ქონებაწართმეული მოქალაქეების კომპენსაცია და რესტიტუცია. კანონში არ არის მითითებული, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში დაზარალებული ოსი მოქალაქეების ქონებრივი რესტიტუცია და კომპენსაცია უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების შემთხვევაში, ასევე, კანონში არ წერია, რომ კომისია ვერ შედგება დე-ფაქტო ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე.

კასატორთა მითითებით, სახეზეა კომისიის შესაქმნელად საჭირო ყველა სუბიექტი, საჭიროა მხოლოდ კეთილი ნება სახელმწიფოს მხრიდან და პირველი ცალმხრივი ნაბიჯის გადადგმა მოძმე ერის შემოსარიგებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. დ-ისა და ვ. ქ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. დ-ისა და ვ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს მთავრობისათვის ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიის შექმნის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია კომისიის შექმნის წესი და შემადგენლობა. მითითებული ნორმის თანახმად, კომისია შედგება 9 წევრისაგან, რომლებსაც ნიშნავენ ამ მუხლით დადგენილი წესით; კომისია შედგება კონფლიქტის ქართული და ოსური მხარეებისა და საერთაშორისო სამართლის სუბიექტის (სუბიექტების) მიერ წარმოდგენილი კანდიდატებიდან პარიტეტის პრინციპით დანიშნული წევრებისაგან. საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო სამართლის სუბიექტის (სუბიექტების) მიერ წარმოდგენილი კანდიდატებიდან ნიშნავს კომისიის 3 წევრს, რომლებიც შემდეგ აკომპლექტებენ კომისიას კონფლიქტის ქართული და ოსური მხარეების მიერ წარმოდგენილი კანდიდატებიდან ღია კონკურსის წესით. კომისია უფლებამოსილია განახორციელოს ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციები იმ შემთხვევაშიც, თუ საერთაშორისო სამართლის სუბიექტის (სუბიექტების) მიერ წარმოდგენილი იქნება მხოლოდ 2 კანდიდატი, რომელთაც დანიშნავს საქართველოს ხელისუფლება. ასეთი გარემოების არსებობისას კონფლიქტის ქართული და ოსური მხარეების მიერ წარმოდგენილი კანდიდატებიდან კომისიის დაკომპლექტება მოხდება შესაბამისად ორ-ორი წევრით. კონფლიქტის ქართული და ოსური მხარეებიდან კანდიდატურების წარდგენის უფლება აქვთ საერთაშორისო სამართლის სუბიექტს (სუბიექტებს), პოლიტიკურ პარტიას (პარტიებს), კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, მიუხედავად მათი რეგისტრაციის ადგილისა, ან არანაკლებ 50-კაციანი ჯგუფისა. კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს ქმედუნარიანი პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. იგი უნდა იყოს საზოგადოებისაგან აღიარებული და მისი ნდობის მქონე პირი. კომისიის წევრთა ერთ მესამედს მაინც უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით კომისიის წევრისადმი წაყენებულ მოთხოვნებს. საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 45 დღე. თუ ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში ერთ ვაკანსიაზე არ წარადგენენ არანაკლებ 2 კანდიდატისა, კონკურსი გაგრძელდება მანამ, სანამ ამ ვაკანსიაზე არ წარადგენენ არანაკლებ 2 კანდიდატისა. კანდიდატთა სია გამოქვეყნდება კანდიდატთა წარდგენის ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 2 დღეში. კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 30 დღისა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის (სუბიექტების) კვოტით დანიშნული წევრები ნიშნავენ კონფლიქტის ქართული და ოსური მხარეების კვოტით დასანიშნ კომისიის წევრებს. საერთაშორისო სამართლის სუბიექტის (სუბიექტების) კვოტით დასანიშნ წევრთა დანიშვნისა და მათ მიერ უფლებამოსილების განხორციელების წესი, ასევე კონკურსის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კომისიის შექმნის პროცესში მონაწილე საერთაშორისო სამართლის სუბიექტთან (სუბიექტებთან) დადებული მემორანდუმის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას მასზედ, რომ ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტით საქართველოს სახელმწიფომ აღიარა და აიღო პასუხისმგებლობა აღადგინოს და საერთაშორისო სამართლით აღიარებულ სტანდარტებს მიუსადაგოს 1989-1992 წლებში კონფლიქტის შედეგად და მის შემდგომ პერიოდში დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობა. ამ მიზნით სახელმწიფომ განსაზღვრა კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაკარგული საცხოვრებლის ან სხვა უძრავი ქონების კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნების გარანტიები, რაც გულისხმობს დაზარალებულის უფლებას, მიიღოს უძრავი ქონება, ან თუ მისი საცხოვრებლის ან სხვა უძრავი ქონების დაბრუნება შეუძლებელია, მიიღოს იმავე ღირებულების ადეკვატური (სანაცვლო) საცხოვრებელი, ხოლო თუ იმავე ღირებულების ადეკვატური (სანაცვლო) საცხოვრებლის გადაცემა შეუძლებელია, მიიღოს ქონებრივი ზიანის კომპენსაცია. აღნიშნული ღონისძიების უზრუნველსაყოფად კანონით გათვალისწინებულ იქნა საერთაშორისო სამართლის სუბიექტთა ჩართულობით რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიის შექმნა კონფლიქტის მხარეთა (ქართული და ოსური) მონაწილეობით.

სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიის ფორმირება შესაძლებელია მხოლოდ კონფლიქტის ორივე მხარის ნების საფუძველზე, მხოლოდ ერთი მხარის მონაწილეობით კომისიის შექმნა და კანონით განსაზღვრული მიზნის მიღწევა შეუძლებელია. აღნიშნული კი ამ ეტაპზე გამორიცხავს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნის მისაღწევად, ამავე კანონით გათვალისწინებული რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიის შექმნის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ს. დ-ისა და ვ. ქ-ის საკასაციო საჩივარზე მ. გ-ს 18.07.2018წ. №1 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მ. გ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. დ-ისა და ვ. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინება;

3. მ. გ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ს. დ-ისა და ვ. ქ-ის საკასაციო საჩივარზე მის მიერ 18.07.2018წ. №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი