Facebook Twitter

#ბს-857(კს-18) 26 ოქტომბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ქ. ყ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 დეკემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 25 აპრილს ქ. ყ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ თავისი მეუღლის - გ. ბ-ის პოლიციელად აღიარება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სახელმწიფოს კომპენსაციის დანიშვნის საკითხის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიაზე განსახილველად გატანის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით ქ. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოსარჩელის მეუღლე - გ. ბ-ი აღიარებული იქნა პოლიციელად; მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ქმედების განხორციელება, რომლის შესაბამისადაც, სახელმწიფოს კომპენსაციის დანიშვნის საკითხი გატანილი იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიაზე განსახილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 დეკემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილება და ქ. ყ-ის სარჩელზე შეწყდა წარმოება დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. მითითებული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის (1991 წლის 9 აპრილი) შემდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11-ე პუნქტით და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს, გარდა ამ პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. იმავე კანონის 221-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“–„პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს კომპენსაცია დაენიშნებათ ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ კანონით გათვალისწინებული ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაცია არის ოჯახისათვის განკუთვნილი სარგებელი, რომელიც გულისხმობს კომპენსაციის პროპორციულ განაწილებას გარდაცვლილის ოჯახის წევრებს (მშობლები, მეუღლე, შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო შვილები (ასაკის მიუხედავად)) შორის. ამდენად, მითითებულ მუხლში ჩამოთვლილია ის პირები, ვინც წარმოადგენენ კომპენსაციის მიმღებ ოჯახის წევრებს, მათ შორის არიან მშობლები, მეუღლე, შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე და შრომისუუნარო შვილები (ასაკის მიუხედავად).

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში. ამდენად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პირები დაქორწინებულად და შესაბამისად, იურიდიული თვალსაზრისით მეუღლეებად ითვლებიან მხოლოდ მაშინ, თუ მათი „ქორწინება“ რეგისტრირებულია (დღეს მოქმედი კანონით) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში. რელიგიური ქორწინება ან/და ქალისა და მამაკაცის ფაქტობრივად ერთად თანაცხოვრება ამ პირებს იურიდიული თვალსაზრისით არ მიიჩნევს მეუღლეებად.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ქ. ყ-ი ითხოვს მისი გარდაცვლილი მეუღლის (რომელთანაც არ ყოფილა რეგისტრირებულ ქორწინებაში) პოლიციელად აღიარებას (აღიარებითი სარჩელი) და მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალდებულებას, რომლის შესაბამისადაც სახელმწიფოს კომპენსაციის დანიშვნის საკითხი გატანილი იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიაზე განსახილველად.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22-ე–25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლო აღნიშნული საფუძვლით წყვეტს საქმის წარმოებას პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენისას სასამართლო იღებს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებას, რომელიც საჩივრდება კერძო საჩივრით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე და 25-ე მუხლების ანალიზის თანახმად, იმისათვის, რომ პირმა აღძრას აღიარებითი სარჩელი ან სარჩელი მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალდებულების თაობაზე, აუცილებელია აღიარებითი სარჩელის მიმართ მას ჰქონდეს კანონიერი ინტერესი, ანუ ასეთი სარჩელით ხდებოდეს მისი კანონით დაცული უფლებების რეალიზება, მისი დარღვეული უფლებების დაცვა, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე ქმედების განუხორციელებლობით მის კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესებს ადგებოდეს პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანი.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან ქ. ყ-ი არ წარმოადგენდა გ. ბ-თან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს, ამიტომ იგი ვერ ჩაითვლება გ. ბ-ის ოფიციალურად რეგისტრირებულ მეუღლედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის შებამისად, რის გამოც მას არა აქვს უფლება გ. ბ-ის გარდაცვალების გამო მოითხოვოს კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ქ. ყ-ს არ გააჩნია კანონიერი ინტერესი გ. ბ-ის პოლიციელად აღიარების (აღიარებითი სარჩელის) მიმართ და ასევე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქმედების განუხორციელებლობა, ანუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიაზე განსახილველად სახელმწიფოს კომპენსაციის დანიშვნის საკითხის არ გატანა ვერანაირ პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანს ვერ მიაყენებს მოსარჩელის კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. ყ-ის სარჩელზე უნდა შეწყდეს წარმოება დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ როგორც მოსარჩელე მიუთითებს, მასსა და გ. ბ-ს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი. აქედან გამომდინარე, გ. ბ-ის შვილს ან მის მეურვეს/მზრუნველს (ბავშვის არასრულწლოვანების შემთხვევაში) უფლება აქვს იმავე მოთხოვნებით მიმართოს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქ. ყ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორით განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 384-ე, 393-ე, 394-ე და 248-ე მუხლების დარღვევით, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლო გასცდა აპელანტის სააპელაციო საჩივრის ფარგლებს. ამით კი მან დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 384-ე მუხლი. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ქ. ყ-ი 1995 წლის 11 ნოემბრიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ. ბ-თან. ჯვრისწერის მოწმობა სასამართლომ მიიჩნია იმის მტკიცებულებად, რომ ისინი ნამდვილად ცოლ-ქმარნი იყვნენ.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სადავოდ არ გაუხდია მათი ქორწინების ფაქტი. აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, როდესაც აპელანტის მიერ გადაწყვეტილების გაუქმება მოთხოვნილი იყო იმ საფუძვლით, რომ იგი არ იყო დასაბუთებული, სააპელაციო სასამართლოს მხოლოდ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების დასაბუთებაზე უნდა ემსჯელა და სხვა ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ უნდა გაეხადა. სააპელაციო სასამართლოს აპელანტის საჩივარზე შინაარსობრივად არ უმსჯელია, მან არ განიხილა საჩივრის არსი და იმ მოთხოვნის ფარგლები, რაც მისგან გამომდინარეობდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივლისის განჩინებით ქ. ყ-ის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ყ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე - ქ. ყ-ი ითხოვს მისი გარდაცვლილი მეუღლის (რომელთანაც არ ყოფილა რეგისტრირებულ ქორწინებაში) პოლიციელად აღიარებას და მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალდებულებას, რომლის შესაბამისადაც სახელმწიფოს კომპენსაციის დანიშვნის საკითხი გატანილი იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიაზე განსახილველად.

საკასაციო სასამართლო, უპირველესად, კერძო საჩივრის ავტორის მიერ სააპელაციო საჩივრის შემოწმების ფარგლებთან მიმართებით მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლო განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22-ე–25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლო აღნიშნული საფუძვლით წყვეტს საქმის წარმოებას პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენისას სასამართლო იღებს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებას, რომელიც საჩივრდება კერძო საჩივრით.

მითითებულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმის სააპელაციო წესით განხილვისას სარჩელის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე-25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებთან შესაბამისობა საკუთარი ინიციატივით, მხარის ყოველგვარი მითითების გარეშე შეამოწმოს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მხოლოდ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მსჯელობის შესაძლებლობა ჰქონდა, რამდენადაც სასამართლოს მიერ დასაშვებობის საკითხის შემოწმება არ საჭიროებს მხარის მითითებას. აღნიშნული სასამართლოს მხრიდან დამოუკიდებლად ხორციელდება, რა დროსაც სასამართლო არ არის შეზღუდული სააპელაციო საჩივრის შინაარსით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

მითითებული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის (1991 წლის 9 აპრილი) შემდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს, გარდა ამ პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. იმავე კანონის 221-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“–„პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს კომპენსაცია დაენიშნებათ ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი, ამ კანონით გათვალისწინებული ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაცია არის ოჯახისათვის განკუთვნილი სარგებელი, რომელიც გულისხმობს კომპენსაციის პროპორციულ განაწილებას გარდაცვლილის ოჯახის წევრებს (მშობლები, მეუღლე, შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო შვილები (ასაკის მიუხედავად)) შორის.

ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებულ მუხლში ჩამოთვლილი არიან ის პირები, ვინც წარმოადგენენ კომპენსაციის მიმღებ ოჯახის წევრებს, კერძოდ, გარდაცვლილის მშობლები, მეუღლე, შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე და შრომისუუნარო შვილები (ასაკის მიუხედავად).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის მოტივებს ქორწინების არსებობა-არარსებობის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებისათვის დაქორწინებულად და შესაბამისად, იურიდიული თვალსაზრისით მეუღლეებად ითვლებიან პირები მხოლოდ მაშინ, თუ მათი ქორწინება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში არის რეგისტრირებული. ამდენად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ სამართლებრივი შედეგების დადგომა, რომელიც აუცილებლად მიიჩნევს იურიდიული ქორწინების არსებობასა და შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით პირთა მეუღლეობას, მხოლოდ რელიგიური ქორწინებით, თანაცხოვრებისა და შვილების ყოლის ფაქტით ვერ იქნება გამოწვეული.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრისათვის აუცილებელია სარჩელის მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა. აღნიშნული კანონიერი ინტერესის თავისებურება განპირობებულია იმით, რომ ამგვარი სარჩელის აღძვრის საფუძველს არა ნებისმიერი, არამედ პირის იურიდიული დაინტერესება წარმოადგენს. ამასთან, აღნიშნული ინტერესი კონკრეტული, ლეგიტიმური და პატივსადები უნდა იყოს. აღიარებითი სარჩელი მოსარჩელეს მისი კონკრეტული უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის განსაზღვრის კანონიერ შესაძლებლობასა და აღნიშნულით იურიდიული მნიშვნელობის მქონე სარგებლის პოტენციურად მიღების საშუალებას აძლევს.

რაც შეეხება მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალდებულების მოთხოვნის მიმართ კანონიერი ინტერესის არსებობას, ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე ქმედების განუხორციელებლობით მოსარჩელის კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესებს პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანი უნდა ადგებოდეს.

საკასაციო სასამართლო ზემოხსენებული სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ქ. ყ-სა და გ. ბ-ს ერთმანეთთან რეგისტრირებული ქორწინება არ აკავშირებდათ, განსახილველ შემთხვევასთან მიმართებით, ისინი სამართლებრივად, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების მიზნებისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის შესაბამისად, მეუღლეებად ვერ იქნებიან მიჩნეული. ხსენებული გარემოების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში პირი პოტენციური სარგებლის მიღების უფლებით უნდა აღიჭურვებოდეს. თავის მხრივ, გ. ბ-სა და ქ. ყ-ს შორის სამართლებრივი კავშირის - რეგისტრირებული ქორწინების არარსებობა გამორიცხავს ქ. ყ-ის შესაძლებლობას, მიიღოს გ. ბ-ის გარდაცვალების შედეგად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კომპენსაცია. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კომპენსაციის მიღებაზე არაუფლებამოსილ სუბიექტს ზემოხსენებული შედეგების გათვალისწინებით, არ შეიძლება სასარჩელო მოთხოვნის - გ. ბ-ის პოლიციელად აღიარების მიმართ კანონიერი ინტერესი გააჩნდეს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აღიარებითი სარჩელის მიმართ კანონიერი ინტერესის არარსებობის პირობებში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქმედების განუხორციელებლობა, ანუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიაზე განსახილველად სახელმწიფოს კომპენსაციის დანიშვნის საკითხის გატანის განუხორციელებლობა პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს ვერ მიაყენებს მოსარჩელის კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მოსარჩელე ქ. ყ-სა და გ. ბ-ს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი, რაც საქმის მასალებით არის დადასტურებული. დადგენილია ისიც, რომ სასამართლოსათვის მიმართვის მომენტისათვის მათი შვილი სრულწლოვანი იყო. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლოს მხრიდან ვერ დაექვემდებარებოდა შვილის ინტერესების საფუძველზე, როგორც მისი კანონიერი წარმომადგენლის, სასამართლოსადმი მიმართვის შემთხვევად განხილვას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 დეკემბრის განჩინება ეფუძნება სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ წინამძღვრებს, რის გამოც ქ. ყ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 დეკემბრის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ყ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი