Facebook Twitter

#ბს-869(კს-18) 26 ოქტომბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ბ. ხ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

მესამე პირები - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო; შპს „...ი“; ი. ხ-ი

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 1 ივნისს ბ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ.

მოსარჩელემ ბ. ხ-ისა და ი. ხ-ის საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2016 წლის 23 დეკემბრის #5972 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროსათვის ბ. ხ-ის 2016 წლის 7 დეკემბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, რომლითაც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს დაევალება არარად აღიაროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2012 წლის 16 ივლისის #A11040435-016/001 განკარგულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო, შპს „...ი“ და ი. ხ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით ბ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ხ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის განჩინებით ბ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებაზე გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლი ითვალისწინებს საპროცესო ვადის გასვლის შედეგებს, კერძოდ, ადგენს, რომ საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლოს სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის გათვალისწინებულ სუბიექტს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება არაერთხელ გაეგზავნა მოსარჩელე ბ. ხ-ს სარჩელში მის მიერ მითითებულ მისამართზე. საქმის მასალებით დგინდება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ ბარდებოდა ადრესატს, რის გამოც 2017 წლის 28 ნოემბრის საჯარო შეტყობინებს გზით ჩაჰბარდა ბ. ხ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამის სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის განჩინება, ამავე კოლეგიის 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების საჯაროდ შეტყობინების შესახებ, ვებგვერდზე განთავსდა 2017 წლის 30 ნოემბერს, რაც დასტურდება საქმეში არსებული აქტით. შესაბამისად, 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება ბ. ხ-ისთვის ჩაბარებულად ითვლება აღნიშული გადაწყვეტილების ვებგვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს, ანუ 2017 წლის 7 დეკემბერს. ბ. ხ-ი ვალდებული იყო სასამართლოში ან საფოსტო განყოფილებაში სააპელაციო საჩივარი შეეტანა სასამართლო გადაწყვეტილების საჯაროდ გამოქვეყნების მეშვიდე დღიდან (2017 წლის 7 დეკემბრიდან) 14 დღის ვადაში, ანუ 21 დეკემბრის ჩათვლით. საქმის მასალებით კი დგინდება, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა 2018 წლის 19 თებერვალს, ანუ კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით.

აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა ყოფილიყო დატოვებული, ვინაიდან მის მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იყო კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბ. ხ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია გასაჩივრების ვადები.

კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ იგი არის პირველი ჯგუფის ინვალიდი; ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მან ვერ შეძლო გადაწყვეტილების გამოცხადებაზე დასწრება, ხოლო დასაბუთებული გადაწყვეტილება მას არ ჩაჰბარებია. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მან 2018 წლის 15 თებერვლის განცხადებით მოითხოვა საქმის მასალების გაცნობა, რის საფუძველზეც დაადგინა, რომ 2018 წლის 28 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო სასამართლოს მიერ განხორციელდა საჯარო შეტყობინება, რის საფუძველზეც მას 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ ვინაიდან იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის საფუძველზე განთავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მისთვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება სასამართლოს უნდა უზრუნველეყო. საჯარო განცხადებით კი, მას მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა, ხოლო დასაბუთებული გადაწყვეტილება 2018 წლის 15 თებერვალს გადაეცა. შესაბამისად, მის მიერ დაცულია გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივლისის განჩინებით ბ. ხ-ის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ხ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ბ. ხ-ისა და ი. ხ-ის საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2016 წლის 23 დეკემბრის #5972 ბრძანების ბათილად ცნობასა და მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის ბ. ხ-ის 2016 წლის 7 დეკემბრის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას ითხოვს, რომლითაც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს დაევალება, არარად აღიაროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2012 წლის 16 ივლისის #A11040435-016/001 განკარგულება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლოს სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის გათვალისწინებულ სუბიექტს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება კერძო საჩივრის ავტორს - ბ. ხ-ს სარჩელში მის მიერ მითითებულ მისამართზე 4-ჯერ გაეგზავნა, კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ კურიერის ვიზიტი მისამართზე - ქ. თბილისი, ... ქ. #19, 2018 წლის 10 აგვისტოს, 2018 წლის 2 სექტემბერს, 2018 წლის 22 სექტემბერსა და ამავე წლის 6 ოქტომბერს განხორციელდა, თუმცა აღნიშნულ ოთხივე შემთხვევაში ადრესატისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარება ვერ მოხერხდა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც უწყების ადრესატისათვის გაგზავნა მის მიერ სარჩელში მითითებულ მისამართზე ხორციელდება, აღნიშნული უწყების პირველივე გაგზავნისას ჩაბარების შეუძლებლობის შემთხვევაში, სასამართლო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, ადრესატს უწყებას იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე დამატებით ერთხელ მაინც უგზავნის. აღნიშნული დანაწესის შესაბამისად, სასამართლოს უწყების ადრესატისათვის განმეორებითი გაგზავნის ვალდებულება მხოლოდ ერთხელ გააჩნია, ხოლო უწყების ყოველი დამატებითი გაგზავნა სასამართლოს უფლებამოსილებას, მისი მხრიდან უწყების ადრესატისათვის ჩაბარების მაქსიმალური უზრუნველყოფისადმი გამოვლენილ კეთილ ნებასა და გულისხმიერებას წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო უწყების განმეორებით, დამატებით ერთხელ გაგზავნისას გადაწყვეტილების ადრესატისათვის ჩაბარების შეუძლებლობის შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლით განსაზღვრული საჯარო შეტყობინების წესები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამის სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მხრიდან გამოყენებულ იქნა ყველანაირი საშუალება სასამართლო გადაწყვეტილების ბ. ხ-ისათვის ჩაბარებისათვის, თუმცა უწყების 4-ჯერ გაგზავნის მიუხედავად, იგი ადრესატს ვერ ჩაჰბარდა. ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს იმას, რომ ბ. და ი. ხ-ებს სასამართლო გადაწყვეტილება ოთხივე შემთხვევაში ერთსა და იმავე მისამართზე - ქ. თბილისში, ... ქუჩა #19-ში ეგზავნებოდათ, თუმცა ჩაბარება ვერც ერთი მათგანისათვის ვერ მოხერხდა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უწყების ადრესატისათვის ჩაბარების შეუძლებლობის გათვალისწინებით, სასამართლო უფლებამოსილი იყო გამოეყენებინა საჯარო შეტყობინების წესები და სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარება მხარისათვის სწორედ აღნიშნული გზით უზრუნველეყო.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის განჩინება, ამავე კოლეგიის 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების საჯაროდ შეტყობინების შესახებ, ვებგვერდზე განთავსდა 2017 წლის 30 ნოემბერს, რაც დასტურდება საქმეში არსებული აქტით. შესაბამისად, 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება ბ. ხ-ისთვის ჩაბარებულად ითვლება აღნიშული გადაწყვეტილების ვებგვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს, ანუ 2017 წლის 7 დეკემბერს. ბ. ხ-ი ვალდებული იყო სასამართლოში ან საფოსტო განყოფილებაში სააპელაციო საჩივარი შეეტანა სასამართლო გადაწყვეტილების საჯაროდ გამოქვეყნების მეშვიდე დღიდან (2017 წლის 7 დეკემბრიდან) 14 დღის ვადაში, ანუ 21 დეკემბრის ჩათვლით. საქმის მასალებით კი დგინდება, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა 2018 წლის 19 თებერვალს, ანუ კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლი ითვალისწინებს საპროცესო ვადის გასვლის შედეგებს, კერძოდ, ადგენს, რომ საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ბ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა ყოფილიყო დატოვებული, ვინაიდან მის მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იყო კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის განჩინება ეფუძნება სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ წინამძღვრებს, რის გამოც ბ. ხ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი