Facebook Twitter

№ბს-874(2კ-18) 26 ოქტომბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. გ-ასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 11 აგვისტოს ნ. გ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის მიმართ.

მოსარჩელემ ნ. გ-ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგებლის 2016 წლის 12 ივლისის №78 ბრძანების ბათილად ცნობა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის ... თანამდებობაზე აღდგენა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობისათვის ნ. გ-ას სასარგებლოდ სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი ხელფასის, სახელფასო დანამატისა და ყოველკვარტალური პრემიის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგებლის 2016 წლის 12 ივლისის №78 ბრძანება ნ. გ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ისნის რაიონის გამგეობას დაევალა ნ. გ-ასთან მიმართებაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით ნ. გ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგებლის 2016 წლის 12 ივლისის №78 ბრძანება ნ. გ-ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; ნ. გ-ა აღდგენილ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის ... თანამდებობაზე; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობას ნ. გ-ას სასარგებლოდ დაეკისრა სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი ხელფასისა და სახელფასო დანამატის ანაზღაურება; ნ. გ-ას სარჩელი მის სასარგებლოდ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობისათვის სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი ყოველკვარტლული პრემიის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 მარტის დამატებითი გადაწყვეტილებით ისნის რაიონის გამგეობას ნ. გ-ას სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის - 1000 ლარის ანაზღაურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება ყოველკვარტალური პრემიის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-ამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება და 2018 წლის 26 მარტის დამატებითი გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის განმარტებით, ნ. გ-ას მიერ საავადმყოფო ფურცელზე გასვლა დიდ წილად ქმნის შთაბეჭდილებას, რომ აღნიშნული შესაძლოა განხორციელდა მიზანმიმართულად, რათა თავიდან აერიდებინა სამსახურებრივი პასუხისმგებლობები, მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც 2016 წლის 11 ივლისს დღის უმეტესი ნაწილი ნ. გ-ა იმყოფებოდა სამუშაო ვითარებაში. იმ დღეს გამგებელი თავად იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე და გამგებლის მოადგილე ასრულებდა გამგებლის მოვალეობას, რომელიც აუცილებელი სამსახურეობრივი საჭიროებიდან გამომდინარე გამგეობის ... გეგმავდა შეხვედრას. გამგებლის მოავალეობის შემსრულებელ გამგებლის მოადგილეს ჰქონდა ნ. გ-ასთან სატელეფონო კომუნიკაცია და ნ. გ-ასთვის ცნობილი იყო, რომ გამგებლის მოადგილე იმყოფებოდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში და დაბრუნების შემდგომ აუცილებლად უნდა ესაუბრათ. აღნიშნული გარემოებები მოცემულია საქმეში არსებულ მოხსენებით ბარათშიც.

კასატორის განმარტებით, საქმეში ნ. გ-ას მხრიდან წარმოდგენილი ელექტრონული ფოსტიდან ამონაბეჭდი მომზადებულია უცხო პიროვნების ზ. ბ-ის ....com გვერდიდან, ანუ გამგზავნი არის ვინმე ზ. ბ-ე (აღნიშნულს ადასტურებს ფურცლის მარცხენა მხარეც, სადაც ბოლო ოთხი შეტყობინების შინაარსიდანაც ნათლად დასტურდება, რომ ეს ელექტრონული ფოსტა არის უცხო პიროვნების) და ამასთან დაუდასტურებელია ელექტრონული ფოსტის გაგზავნა გამგებლის მოადგილესთან გ. კ-ესთან, ვინაიდან ადრესატის ველში გაუგებარია ვისთან იგზავნება შეტყობინება და რამდენად მართებულია ადრესატის ველში მხოლოდ გვარის მითითება. ასევე დაუდასტურებელია და შესასწავლია საქმეში ნ. გ-ას მიერ წარმოდგენილი სატელეფონო შეტყობინების ადრესატამდე მისვლის საკითხიც. აღნიშნული მნიშვნელოვანია, იმ კუთხით, რომ თუ ნ. გ-ა ობიექტური მდგომარეობის გამო გავიდა 11 ივლისს საავადმყოფო ფურცელზე, გაუგებარია თუ რატომ ცდილობს დამატებითი საეჭვო გარემოებებით გაამყაროს აღნიშნული ფაქტი. ასევე გამოსაკვლევია საქმეში წარმოდგენილი „ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის“ ქსეროასლი, ვინადიან მეტწილად საფასურის გადახდა თანამედროვე პირობებში დასტურდება სალარო ქვითრებით, რომელიც რჩება როგორც ორგანიზაციას ასევე ფიზიკურ პირს გარკვეული მომსახურების გაწევის საფასურის გადახდის დამადასტურებლად.

კასატორის განმარტებით, ასევე არასწორია დამატებით გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობა ისნის რაიონის გამგეობისათვის ნ. გ-ას სასარგებლოდ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის დაკისრების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. გ-ასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის 2016 წლის 12 ივლისის №78 ბრძანებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგებლის ... ნ. გ-ა სამსახურებრივი მოვალეობების უხეში დარღვევისათვის, 2016 წლის 12 ივლისიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

ნ. გ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანების საფუძვლად მიეთითა ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგებლის 2014 წლის 21 ნოემბრის №237 ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები, მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი და 99-ე მუხლის მე-3 პუნქტი.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 732 მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტების მიხედვით, საჯარო მოსამსახურემ თავისი საქმიანობა უნდა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ქცევის ზოგადი წესების შესაბამისად. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას ის მოთხოვნები, რომლებიც მას და მის თანამდებობას შეეხება. საჯარო მოსამსახურე თავის სამსახურებრივ მოვალეობას უნდა ასრულებდეს მიუკერძოებლად და კეთილსინდისიერად. საჯარო მოსამსახურემ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის, მისი დაწესებულების ან საჯარო სამსახურის რეპუტაციას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.04.2017წ. #ბს-644-637(კ-16) გადაწყვეტილებაზე, სადაც განმარტებულია, რომ საჯარო სამსახურის ძირითადი ფუნქცია საზოგადოების, მისი თითოეული წევრის კანონით დაცული ინტერესების მომსახურებაა, რისი გაუთვითცნობიერებლობა, ვალდებულებათა ჯეროვანი შეუსრულებლობა უშუალოდ აისახება სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობაზე. საჯარო სამსახური თითოეული საჯარო მოსამსახურის შეგნებაში უნდა განიხილებოდეს, როგორც საპატიო მისია - ემსახურო, პირადი წვლილი შეიტანო სახელმწიფოს განვითარებაში.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 78-ე მუხლი ადგენს დისციპლინური გადაცდომის სახეებს, კერძოდ, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა; გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ.

ამავე კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც აქვს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დისციპლინური გადაცდომისათვის მის მიმართ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით - არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა; ე) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა - არა უმეტეს ერთი წლისა; ვ) სამსახურიდან განთავისუფლება ამ კანონის საფუძველზე; მე-2 პუნქტის თანახმად კი, ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა. ამავე კანონის 99-ე მუხლი ადგენს სამსახურიდან განთავისუფლებას დისციპლინური გადაცდომისათვის. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის; მე-2 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხიმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს. ამდენად, მოხელის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენა წარმოადგენს მისი სამსახურიდან განთავისუფლების წინაპირობას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გადაცდომა განეკუთვნება უხეშ დარღვევას. შესაბამისად, ყოველ ასეთ შემთხვევაში შეფასებულ უნდა იქნეს გადაცდომის ხასიათი, გადაცდომის შედეგად დამდგარი ან მოსალოდნელი ზიანის ფარგლები.

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო ისნის რაიონის გამგებლის 2016 წლის 12 ივლისის №78 ბრძანება - ნ. გ-ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, დაეფუძნა გამგებლის მოადგილის 2016 წლის 12 ივლისის მოხსენებით ბარათს. მოხსენებითი ბარათის შინაარსის მიხედვით სამსახურებრივ გადაცდომად მიჩნეულ იქნა ნ. გ-ას სამსახურში არ ყოფნის გამო, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის შეფერხება.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ნ. გ-ას მიერ ერთი დღით სამსახურში გამოუცხადებლობა ვერ მიიჩნევა იმგვარ უხეშ დარღვევად, რომ იგი გახდეს საფუძველი მისი სამსახურიდან გათავისუფლებისა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც გამგეობას ჰქონდა არაერთი საშუალებით მიწოდებული ინფორმაცია (1. 2016 წლის 11 ივლისს მოსარჩელის მეუღლის მიერ წარდგენილი განცხადება; 2. ნ. გ-ას მოკლე ტექსტური შეტყობინება და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი წერილი) მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ნ. გ-ას განთავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერების, სტაბილურობის უტყუარობა სათანადოდ არ არის დადასტურებული; არ არის დასაბუთებული, რომ ნ. გ-ას განთავისუფლება არის უკიდურესი პრევენციული ღონისძიება, რომელიც მიღებულ იქნა კერძო და საჯარო ინტერესის როგორც ვიწრო, ასევე ფართო გაგებით.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის ,,ბ“ პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი ურთიერთობა შეჩერდება მოხელის დროებით შრომისუუნარობის დროს. ამდენად, ნ. გ-ას მიერ სამსახურიდან სამუშაო დროზე ადრე გასვლა განპირობებული იყო ავადმყოფობით, რასაც ადასტურებს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული საავადმყოფო ფურცელი, რაც თავის მხრივ წარმოადგენს სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძველს; სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში სამსახურში არყოფნა კი ვერ ჩაითვლება დისციპლინურ გადაცდომად. საყურადღებოა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო, ნ. გ-ას სამსახურში არ ყოფნის დღესვე ინფორმირებული იყო მისი ავადმყოფობისა და საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შესახებ.

საკასასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ შპს ,,...“ მიერ გაცემულ საავადმყოფო ფურცლზე, რომლის თანახმად, ნ. გ-ა ვერტებრო-ბაზილარული კრიზის დიაგნოზით იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე 2016 წლის 11 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით. ამასთან, პაციენტს საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა გაუგრძელდა ორჯერ 21 და 31 ივლისს. საავადმყოფო ფურცელი ხელმოწერილია ექიმ ნევროლოგის მიერ და დასმულია საავადმყოფოს ბეჭედი.

რაც შეეხება კასატორის - ისნის რაიონის გამეგობის პრეტენზიას ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების დაკისრებასთან მიმართებაში, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ #ბს-776-768(2კ-4კს-15) საქმეზე გაკეთებულ განმარტებებზე: „მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (სსკ-ის 37.3 მუხ.). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების არსებობა, მხარის მიერ ადვოკატისათვის თანხის გადახდის ქვითრის არარსებობა იმთავითვე არ გამორიცხავს გაწეული მომსახურების ანაზღაურების შესაძლებლობას (ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „დადაევა რუსეთის წინააღმდეგ“, §145, 146). საქმის მასალებით დასტურდება მოსარჩელეებისათვის ადვოკატის მიერ იურიდიული მომსახურების გაწევა, რის გამო სასამართლომ უნდა განიხილოს არა ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება, არამედ საქმის მასალებით დადასტურებული ადვოკატის მიერ მოსარჩელეებისათვის გაწეული მომსახურების ღირებულების მოპასუხისათვის დაკისრების შესაძლებლობა. მოსარჩელეებსა და ადვოკატს შორის იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების, გადახდის ქვითრის, საგადახდო დავალების შესრულების დოკუმენტის წარუდგენლობა, არ გამორიცხავს საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესაძლებლობას. ხარჯების განსაზღვრა ხდება სასამართლოში მხარის მიერ წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, ამგვარი მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს თავადაც შეუძლია განსაზღვროს იურიდიული დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა (სუს 11.02.08წ. №ას-792-1114-07 განჩინება), თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „პინკოვი და პინკი ჩეხეთის წინააღმდეგ“).“

რაც შეეხება კასატორის - ნ. გ-ას საკასაციო პრეტენზიას პრემიების ანაზღაურების თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან მიმართებაში განმარტავს, რომ „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების მე-2 მუხლის ,,ბ“ პუნქტის თანახმად, პრემია - საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელოა, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის; ამავე დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პრემია გაიცემა საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების (საჯარო დაწესებულებაში სამუშაოს შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში) ან/და დასაბუთების საფუძველზე. დასაბუთებაში უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება პირის თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, პრემიის მიზნებია საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა წახალისებისა და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე, დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, საჯარო დაწესებულებებში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა. პრემიის მიზნებია, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე, დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, საჯარო დაწესებულებებში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.

საკასაციო პალატა საქმის შესწავლისა და ზემოთქმული გარემოებების ანალიზის საფუძველზე აღნიშნავს, რომ ნ. გ-ას პრემია ერიცხებოდა არა როგორც ხელფასის ყოველთვიური სავალდებულო დანამატი, რომელიც დამოკიდებული არ იყო პირის შრომით შედეგებზე, არამედ როგორც თანამშრომლის წახალისების ზომა. შესაბამისად, საკასაციო პალატა დაუსაბუთებელად მიიჩნევს მოთხოვნას განაცდური პრემიის ანაზღაურების შესახებ, რამეთუ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების არსი გამორიცხავს ისეთ ანაზღაურებას, როგორიცაა შრომითი შედეგების მიხედვით დაჯილდოების თანხების ანაზღაურება, რადგან პირი რეალურად არ ასრულებს მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობებს, რის გამოც ადმინისტრაცია მოკლებულია შრომითი შედეგების მიხედვით პირის წახალისების შესაძლებლობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. გ-ასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის დამატებითი გადაწყვეტილება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი