ბს-123-123(კ-18) 01 ნოემბერი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.11.2017წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ ქ. თბილისის 39-ე საჯარო სკოლამ 27.01.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სსიპ ქ. თბილისის №39 საჯარო სკოლისთვის წერილობითი გაფრთხილების მიცემის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 30.12.2016წ. №1002 ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 17.03.2017წ. განჩინებით, სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ლ. გ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.05.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.11.2017წ. გადაწყვეტილებით სსიპ ქ. თბილისის 39-ე საჯარო სკოლის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 23.05.2017წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ ქ.თბილისის 39-ე საჯარო სკოლის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 30.12.2016წ. №1002 ბრძანება სსიპ ქ. თბილისის №39 საჯარო სკოლისთვის წერილობითი გაფრთხილების მიცემის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ლ. გ-ისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.
კასატორი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა ,,ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება შეუწყვიტოს სკოლის დირექტორს. სამეურვეო საბჭო აღჭურვილია დირექტორთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილებით, თუმცა არა შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე. ,,ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 49-ე მუხლის მიხედვით სკოლაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც უფლებამოსილია სკოლას მისცეს წერილობითი გაფრთხილება ან/და დასაბუთებული წარდგინება დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. დირექტორის გათავისუფლების შესახებ მითითება არ გაცემულა, შესაბამისად, საბჭო უფლებამოსილი არ იყო დირექტორი გაეთავისუფლებინა შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.02.2018წ. განჩინებით ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 38.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება შეუწყვიტოს სკოლის დირექტორს. ამავე კანონის 49-ე მუხლის მიხედვით, საჯარო სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო (1-ლი პუნქტი), რომელიც საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში, სკოლას აძლევს წერილობითი გაფრთხილებას ან/და სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართავს შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე (მე-6 პუნქტ.). ამდენად, საბჭოს დირექტორის გათავისუფლების უფლება აქვს არა მხოლოდ სამინისტროს წარდგინების საფუძველზე, არამედ თავისი ინიციატივითაც, უკეთუ დადასტურდება დირექტორის მიერ შრომითი ხელშეკრულების და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში სამინისტრომ სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში განახორციელა სკოლაზე ზედამხედველობა და დაადგინა, რომ სკოლის დირექტორის მხრიდან ადგილი ჰქონდა არაერთ გადაცდომას. მართალია, სამინისტროს არ გაუცია სკოლის დირექტორის გათავისუფლების შესახებ მითითება, თუმცა ეს არ ზღუდავდა სკოლის სამეურვეო საბჭოს სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა განეხილა დირექტორის მიერ გადაცდომების ჩადენის დამდგენ ერთ-ერთ მტკიცებულებად და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. გასათვალისწინებელია, რომ შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაფიქსირებული დარღვევები ემთხვეოდა დირექტორთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების გარკვეულ პუნქტებს და ადასტურებდა მათ დარღვევებს.
ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველი დავის საგანია სსიპ ქ. თბილისის 39-ე საჯარო სკოლისათვის წერილობითი გაფრთხილების მიცემის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 30.12.2016წ. N1002 ბრძანების მართლზომიერების შემოწმება და ამ ფარგლებში სკოლის დირექტორის გათავისუფლების შესახებ სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების განსაზღვრა. მიმდინარე დავის ფარგლებში არ ფასდება დირექტორის გათავისუფლების კანონიერება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.11.2017წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი