ბს-628-628(კ-18) 01 ნოემბერი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.2018წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ბ-ამ 07.10.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: ზ. ბ-ას ნაწილში საქართველოს პრეზიდენტის 22.06.2012წ. განკარგულების, ზ. ბ-ას ნაწილში 29.06.2012წ. ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 05.04.2016წ. წერილის ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.11.2016წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ზ. გ-ი, ხოლო სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე - ლ. გ-ი, რ.გ-ი და შ. გ-ი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 17.02.2017წ. განჩინებით მესამე პირის - რ. გ-ის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა გარდაცვალების და უფლებამონაცვლის დადგენის შეუძლებლობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.07.2017წ. განჩინებით ზ. ბ-ას სარჩელზე მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ მოპასუხის 05.04.2016წ. წერილის ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.07.2017წ. გადაწყვეტილებით ზ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ზ. ბ-ას ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 22.06.2012წ. N22/06/06 განკარგულება, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ზ. გ-ს შორის 29.06.2012წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშერულება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.2018წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს პრეზიდენტმა.
კასატორმა აღნიშნა, რომ მისი მხრიდან ზედმიწევნით დაცული იყო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონით დადგენილი პრივატიზების პროცედურები, პრეზიდენტს არ ევალებოდა სადავო აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და მასზე დაინტერესებული მხარის მოწვევა. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დევნილი ოჯახის შემადგენლობის პრეზიდენტის მიერ დადგენის საჭიროებას. კასატორი თვლის, რომ არ დასტურდება ზ. ბ-ას ცალკე ოჯახად ცხოვრების ფაქტი. ამასთანავე, სარჩელი ხანდაზმულია, რადგან დევნილი ოჯახის ფართით დაკმაყოფილებისას იცვლება დევნილის შემწეობის ოდენობა, ამდენად ზ. ბ-ას უნდა სცოდნოდა სადავო ხელშეკრულების დადების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ სზაკ-ის 67.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოებს გააჩნდათ მოსარჩელისთვის ხელშეკრულების დადების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და მისგან თანხმობის მიღების ვალდებულება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აქტის გამოცემის პროცედურული წესების დაცვა იმთავითვე არ ადასტურებს აქტის მართლზომიერებას, რადგან ადმინისტრაციული აქტი კანონიერი უნდა იყოს როგორც ფორმალური, ასევე მატერიალური თვალსაზრისით. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის სადავო განკარგულებაში არასწორად აღინიშნა ზ. გ-ის ოჯახის შემადგენლობა. კასატორის მითითება, რომ იგი არ არის ვალდებული შეამოწმოს დევნილი ოჯახის შემაგენლობა და აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტი ინფორმაციას იღებს სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან, არ გამორიცხავს ინფორმაციის უსწორობის შემთხვევაში მის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ზ. ბ-ა 2009 წლიდან განქორწინებულია ზ. გ-თან, რეგისტრირებულია თბილისში და მინიჭებული აქვს განსხვავებული სარეგისტრაციო ნომერი. ამდენად, დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება, რომ არ დასტურდება ზ. ბ-ას ცალკე ოჯახად ცხოვრების ფაქტი.
დაუსაბუთებელია აგრეთვე კასატორის მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ, რადგან ორგანომ ვერ მიუთითა მოსარჩელისათვის ხელშეკრულების შინაარსის შესახებ სათანადო წყაროდან ინფორმაციის მიწოდების კონკრეტული პერიოდი, ვერ წარადგინა სარჩელის ხანდაზმულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი