Facebook Twitter

ბს-718-710 (კ-15) 22 ნოემბერი , 2018 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - გ. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახური, გ. ტ-ი, ვ. ნ-ი, მ.მ-ი, ა. ი-ი

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.04.2015წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ბ-მა 27.06.14წ. სარჩელით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის, ა. ი-ის, გ. ტ-ის, მ. მ-ის და ვ. ნ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა დედოფლისწყაროს რაიონში, სოფ. ... მდებარე მიწის ნაკვეთზე მ. მ-ის, გ. ტ-ისა და ვ. ნ-ის საკუთრების რეგისტრაციის შესახებ დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 27.22.2008წ. #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, დედოფლისწყაროს რაიონში, სოფ. ... მდებარე მიწის ნაკვეთზე ა. ი-ის საკუთრების რეგისტრაციის შესახებ დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 16.01.2009წ. #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.05.14 წ. N103784 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისი საკუთრების რეგისტრაცია ძალაშია და მოქმედებს, მიუხედავად ამისა მის მიწის ნაკვეთს უკანონოდ ფლობენ მოპასუხე ფიზიკური პირები. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობის დაცვის შემთხვევაში სადავო რეგისტრაციები არ განხორციელდებოდა, სადავო აქტები სზაკ-ის 601 მუხლის საფუძველზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 22.10.14წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა ცნობილი, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს 12.06.2007 წ. მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N... ოქმით გ. ბ-მა შეიძინა დედოფლისწყაროს რაიონში, სოფელ ... მდებარე უძრავი ქონება (სარეგისტრაციო ნომ. ...), რომელიც ხსენებული ოქმის საფუძველზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა გ. ბ-ის სახელზე (გაცხადების რეგისტრაციის თარიღი: 22.08.2007 წ.). საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს 22.10.2008 წ. მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N... ოქმით ა. ი-მა შეიძინა დედოფლისწყაროს რაიონში, სოფელ ... მდებარე 315 ჰა ფართის უძრავი ქონება - საძოვარი (სარეგისტრაციო ნომ. ...), რომელიც ხსენებული ოქმის საფუძველზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა ა. ი-ის სახელზე (გაცხადების რეგისტრაციის თარიღი: 13.01.2009 წ.). ნოტარიუსს გ. ლ-ის მიერ 22.04.2014 წ. გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე 10.10.2013 წ. გარდაცვლილი ა. ი-ის სამკვიდრო მიიღეს მისმა კანონისმიერმა მემკვიდრეებმა - შვილმა, ა. ი-მა (დაბ....წ), შვილიშვილებმა - ა. ი-მა (დაბ....წ) და ე. ი-მა, თვითეულმა სამკვიდრო ქონების ½ წილი. შესაბამისად, დედოფლისწყაროს რაიონში, სოფელ ... მდებარე უძრავი ქონების (ს.კ. N...) მესაკუთრეებად აღირიცხნენ ა. ი-ი (დაბ....წ), ა. ი-ი (დაბ....წ) და ე. ი-ი თვითეული 1/2-1/2 წილზე, ხოლო შემდეგ მიწის ნაკვეთები დაიყო და ა. ი-ზე (პ.ნ....) აღირიცხა 573459.00 კვ.მ ფართობის და 1001687.00 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთები (ს.კ. N... და N...), ხოლო ა. ი-ზე (პ.ნ. ...) და ე. ი-ზე (პ.ნ. ...) თანასაკუთრების უფლებით აღირიცხა 1574394.00 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი ს.კ. N...). საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს 20.12.2007 წ. მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N... ოქმით მ. მ-მა შეიძინა დედოფლისწყაროს რაიონში, სოფელი ... მდებარე 251 ჰა უძრავი ქონება - საძოვარი (სარეგისტრაციო ნომ. ...), რომელიც ხსენებული ოქმის საფუძველზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა მ. მ-ის სახელზე (განცხადების რეგისტრაციის თარიღი: 25.12.2007 წ.). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 27.11.2008 წ. N... გადაწყვეტილებით, 25.11.2008 წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, დედოფლისწყაროს რაიონში, სოფელ ... მდებარე უძრავი ქონება (ს. კ. N...), თანასაკუთრების უფლებით აღირიცხა მ. მ-ის, გ. ტ-ის და ვ. ნ-ის სახელზე, თითოეულზე 1/3 წილი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 18.11.2010 წ. N... და 21.12.2010 წ. N... გადაწყვეტილებებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება გ. ბ-ის განცხადებით მოთხოვილ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ, რადგან წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შესაბამება მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მისი ნაკვეთის საზღვრები იჭრება მომიჯნავე მიწის ნაკვეთების (ს.კ.... და ...) საზღვრებში, ხოლო ამავე სარეგისტრაციო სამსახურის 24.01.2011 წ. N... გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, რაც გასაჩივრდა გ. ბ-ის მიერ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.05.2014 წ. N... გადაწყვეტილებით გ. ბ-ს უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, 26-ე მუხლზე მითითებით სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია მოპასუხეებზე განხორციელებული რეგისტრაციების არც ერთი საფუძველი, სადავო რეგისტრაციების უფლების დამდგენი დოკუმენტები არ გასაჩივრებულა და ისინი ძალაშია. ამდენად, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებების ანალიზის დროს ვერ დადასტურდა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები, მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარმუდგინა მტკიცებულებები და ვერ დაასაბუთა საჯარო რეესტრში განხორციელებული სადავო რეგისტრაციების კანონშეუსაბამობა.

სზაკ-ის მე-5, 96-ე მუხლების საფუძველზე სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო დაეყრდნო რა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიიჩნია, რომ მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს სზაკ-ის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის სრული დაცვით და სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 22.10.14წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.04.15წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა გ. ბ-ის მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ 2007 წლიდან თავის საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთს იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ფლობდა 1997 წლიდან. მიუხედავად ამისა მოპასუხე ფიზიკურმა პირებმა ბოროტად გამოიყენეს მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზების ახალი სისტემის შემოღება და მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების საზღვრები გადმოწიეს მისი ნაკვეთის მხარეს. სარეგისტრაციო სამსახურში მოპასუხეების მიერ ელექტრონული ფორმით წარდგენილ საკადასტრო ნახაზებს დაუსაბუთებლად მიენიჭა უპირატესობა, რითაც უგულებელყოფილ იქნა კასატორის საკუთრების უფლება, რომლის დამდგენი დოკუმენტი და საჯარო რეესტრში აღრიცხვა დაპირისპირებულ რეგისტრაციებს შორის ქრონოლოგიურად უფრო ადრე განხორციელდა. კასატორის მოსაზრებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დაუსაბუთებლად არ გაითვალისწინეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა მსგავს დავებთან მიმართებით (საქმე N367-363(კ-12)). 2010 წლამდე ნაკვეთები საკუთრების წარმომშობის ოქმების შესაბამისად იყო განლაგებული, დადგენილი იყო ნაკვეთთა გამმიჯნავი საზღვრები, რის გამოც დაზუსტებული რეგისტრაციის განხორციელებამდე არ ხდებოდა გადაფარვა და არ არსებობდა ოქმების გასაჩივრების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.04.2015წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს 12.06.2007 წ. მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N1362 ოქმით გ. ბ-მა შეიძინა დედოფლისწყაროს რაიონში, სოფელ ... მდებარე უძრავი ქონება (სარეგისტრაციო ნომ. ...), რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა გ. ბ-ის სახელზე (გაცხადების რეგისტრაციის თარიღი: 22.08.2007 წ.). საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს 22.10.2008 წ. მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N1225 ოქმით ა. ი-მა შეიძინა დედოფლისწყაროს რაიონში, სოფელ ... მდებარე 315 ჰა ფართის უძრავი ქონება - საძოვარი (სარეგისტრაციო ნომ. ...), რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა ა. ი-ის სახელზე (გაცხადების რეგისტრაციის თარიღი: 13.01.2009 წ.). ა. ი-ის გარდაცვალების შემდგომ მისი სამკვიდრო მიიღეს მისმა კანონისმიერმა მემკვიდრეებმა და საჯარო რეესტრში აღირიცხნენ სათანადო წილების მესაკუთრეებად, ხოლო მოგვიანებთ აღნიშნული მიწის ნაკვეთი დაიყო და ა.ი-ის მემკვიდრეებზე აღირიცხა 3 საკადასტრო ერთეული მიწის ნაკვეთი: ..., N..., N... . საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს 20.12.2007 წ. მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N3083 ოქმით მ. მ-მა შეიძინა დედოფლისწყაროს რაიონში, სოფელ ... მდებარე 251 ჰა უძრავი ქონება - საძოვარი (სარეგისტრაციო ნომ. ...), რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა მ. მ-ის სახელზე (განცხადების რეგისტრაციის თარიღი: 25.12.2007 წ.). 25.11.2008 წ. აღნიშნული ქონება გასხვისდა და თანასაკუთრების უფლებით აღირიცხა მ. მ-ის, გ. ტ-ის და ვ. ნ-ის სახელზე. გ. ბ-მა 2010 წ. მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების შეტანის მიზნით, რაც ვერ განხორციელდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან (ს.კ...., ს.კ....) დაფიქსირებული ზედდების გამო.

განხორციელებულ რეგისტრაციათაგან გ. ბ-მა სარჩელით მოითხოვა მხოლოდ N52.01.12.006 მიწის ნაკვეთზე მ. მ-ის, გ. ტ-ისა და ვ. ნ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 27.22.2008წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სოფ. ... მდებარე N.... მიწის ნაკვეთზე ა. ი-ის საკუთრების რეგისტრაციის შესახებ დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 16.01.2009წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ გ. ბ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ არ გასაჩივრებულა სადავო რეგისტრაციების საფუძვლები, უფლებადამდგენი დოკუმენტები ძალაშია.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათის მიუხედავად, სარჩელის უფლება დისპოზიციურია, სასამართლო შებოჭილია მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებით. მოთხოვნის (სარჩელის საგნის) შეცვლის ან მისი გადიდების უფლება აქვს მხოლოდ მოსარჩელეს (სსკ-ის 83.2 მუხ.), სასამართლოს არ აქვს უფლება მიაკუთნოს მოსარჩელეს იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა, საქმის მასალებით კიდეც რომ დასტურდებოდეს უფრო მეტის მოთხოვნის საფუძველი(სსკ-ის 258-ე მუხ.). ამასთანავე, სასკ-ის 281-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით, პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში. მართალია, მოსარჩელე თავად ირჩევს სარჩელის სახეს, რომელიც მას ესაჭიროება მიზნის მისაღწევად, აგრეთვე განსაზღვრავს დავის საგანს, სარჩელის შინაარსს, მოცულობას და სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ აღნიშნული არ გამორიცხავს სასამართლოს ვალდებულებას დაადგინოს სარჩელის აღძვრის მიზანი და დაეხმაროს მოსარჩელეს მიზნის შესაბამისად მოთხოვნის ჩამოყალიბებაში. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს სურს თავის საკუთრებაში დაუზუსტებელი რეგისტრაციით რიცხული მიწის ნაკვეთის საზღვრების დაზუსტება და ახალ კოორდინატთა სისტემაში აღრიცხვა, რასაც ვერ ახორციელებს მოპასუხეთა საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებთან ზედდების გამო. მოცემულ შემთხვევაში დავის გადაწყვეტა საჭიროებს იმის გარკვევას თუ რას ხდის სადავოდ მოსარჩელე: მოპასუხეთათვის ოქმების საფუძველზე მიწების გადაცემას და ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას თუ მოპასუხეთა საკუთრებაში კანონიერად გადაცემული მიწის ნაკვეთების მდებარეობას. უკეთუ მოსარჩელე სადავოდ ხდის საკუთრების უფლების წარმოშობის მართლზომიერებას და თვლის, რომ მოპასუხეებისათვის საკუთრების გადაცემის საფუძვლები საერთოდ არ არსებობდა, მაშინ სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ გასაჩივრებას საჭიროებდა სადავო რეგისტრაციების წინმსწრები რეგისტრაციები და უფლების დამდგენი დოკუმენტები მართებულია, ხოლო თუ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საკუთრება მართლზომიერად წარმოიშვა, თუმცა საკუთრების დამდგენი დოკუმენტებით მოპასუხეებს გადაეცათ სხვა ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთები, ასეთ შემთხვევაში დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მოსაზრება უფლებადამდგენი დოკუმენტების გასაჩივრების საჭიროების შესახებ. საკასაციო საჩივარში გ. ბ-ი აღნიშნავს, რომ დაზუსტებულ რეგისტრაციამდე მხარეების ნაკვეთები საკუთრების წარმომშობი ოქმების შესაბამისად იყო განლაგებული, მოპასუხეებს უფლებადამდგენი დოკუმენტებით გ. ბ-ის ფართზე საკუთრება არ გადასცემიათ, ამდენად, კასატორი თვლის, რომ მისი უფლება შეილახა რეგისტრაციათა დაზუსტების შემდეგ. სარჩელზე წარდგენილი მოპასუხეების - ვ. ნ-ის (ტ.1, ს.ფ.132), გ. ტ-ის (ტ.1, ს.ფ. 152), გ. მ-ის (ტ.1, ს.ფ. 172) შესაგებლებში, აგრეთვე მათ მიერ სააპელაციო საჩივარზე წარდგენილ შესაგებლებში (ტ.2, ს.ფ. 50, 62, 95) აღინიშნა, რომ დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის ... გადაწყვეტილება არაა გამოტანილი მოსარჩელე გ. ბ-ის კუთვნილ მიწაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირის მიერ გასაჩივრებას ექვემდებარება მხოლოდ ის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც პირის კანონიერ უფლებასა და ინტერესს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს (სასკ-ის 22-ე მუხ.), შეცილებითი სარჩელის მიზანი შემზღუდველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებაა. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს არ ქმნის მოპასუხისათვის უფლებადამდგენი დოკუმენტების გაუსაჩივრებლობა, უკეთუ ამ დოკუმენტებს პირისათვის უშუალო ზიანი არ მიუყენებია. სააპელაციო პალატას არ უმსჯელია სადავო რეგისტრაციების უფლებადამდგენი დოკუმენტების შინაარსზე, არ დაუსაბუთებია საკუთრების წარმომშობი ოქმებისა და ნასყიდობის ხელშეკრულების შედეგად გ. ბ-ის კანონით დაცული ინტერესისათვის ზიანის მიყენება. საქმეში დაცულია სადავო რეგისტრაციების უფლებადამდგენი დოკუმენტები: კახეთის სამხარეო სამმართველოს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმები და ნასყიდობის ხელშეკრულება, თუმცა არც ერთ მათგანში არ არის მითითებული მიწის ნაკვეთის ის კოორდინატები, რომლის ფარგლებში ნაკვეთების რეგისტრაციასაც მოსარჩელე არამართლზომიერად მიიჩნევს. სამხარეო სამმართველოს ოქმებში მითითებულია პრივატიზებული ნაკვეთების განსხვავებული სარეგისტრაციო ნუმერაცია, კერძოდ, გ. ბ-ის სახელზე გაცემული სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელ 12.06.2007წ. N1362 ოქმში მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო ნომერია N..., ა. ი-ზე გაცემულ 22.10.08წ. N1225 ოქმში მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო ნომერია ..., მ. მ-ზე გაცემული 20.12.2007წ. N... ოქმში ნაკვეთის სარეგისტრაციო ნომრად მითითებულია ... . ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ არ არის გასაჩივრებული უფლებადამდგენი დოკუმენტები, აღნიშნული დოკუმენტების და მათი მოსარჩელის კანონიერ ინტერესზე გავლენის შესწავლის გარეშე, მოკლებულია სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას, მით უფრო, რომ თავის მხრივ არც გ. ბ-ის სახელზე გაცემული მიწის ნაკვეთის უფლებადამდგენი დოკუმენტი (მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი 12.06.2007წ. N... ოქმი) გაუხდია ვინმეს სადავოდ და ძალაშია. არ გაუქმებულა აგრეთვე გ. ბ-ის სახელზე არსებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი. საერთო წესის მიხედვით ბოლო ჩანაწერი ძალას უკარგავს ადრინდელ ჩანაწერს, განსახილველ შემთხვევაში სადავო რეგისტრაციით გ. ბ-ის სახელზე არსებული ჩანაწერი არ გაუქმებულა, რადგან ობიექტზე ჩანაწერი არსებობს სხვადასხვა საკადასტრო კოდით. ამდენად, სახეზეა ერთსა და იმავე ფართზე ჩანაწერთა კონკურენცია, რა დროსაც უპირატესობა ენიჭება ქრონოლოგიურად უფრო ადრე განხორციელებულ ჩანაწერს (სუს ბს-1563-1092(2კ-09)).

საქმის მასალებით დასტურდება, რომ გადაფარვაში მყოფი მიწის ნაკვეთები შეძენილია პრივატიზების წესით, პირდაპირი მიყიდვის შედეგად, ნაკვეთების პრივატიზების დროს მოქმედი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ კანონის საფუძველზე. განსახილველ დავაში გადაფარვაში მყოფი მიწის ნაკვეთები საძოვრებია, ხსენებული კანონი ითვალისწინებდა იმ საძოვრების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას, რომლებიც დადგენილი წესით ამ კანონის ამოქმედებამდე სახელმწიფოს მიერ იჯარით იყო გაცემული (მე-3 მუხ. „თ“ ქვ.პ., 5.4 მუხ.). „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ კანონი ითვალისწინებდა იჯარით გაცემული მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს (მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს) მიერ მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის შედგენას, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა. ამდენად, მხარეები ნაკვეთების პრივატიზებამდე წლების განმავლობაში იჯარის საფუძველზე ფლობდნენ მიწის ნაკვეთებს, მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმებით დასტურდება, რომ გ. ბ-თან დადებული იყო N..., ა. ი-თან N..., მ. მ-თან N... საიჯარო ხელშეკრულებები, არ დასტურდება მათ შორის საჯარო რეესტრში სადავოდ გამხდარ რეგისტრაციებამდე ტერიტორიული დავის არსებობა. ამასთანავე კანონი ითვალისწინებდა მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების განხორციელებას იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის და საკადასტრო გეგმის საფუძველზე (9.3 მუხ.). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია უფლებადამდგენი დოკუმენტები, არ ადასტურებს გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას და არ ქმნიდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობას.

,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.6 მუხლის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტის ნამდვილობაზე, თუმცა ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის 23-ე მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს სარეგისტრაციო მოთხოვნის რეგისტრირებულ მონაცემთან იდენტურობა. ვინაიდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას, მარეგისტრირებელი ორგანო ასეთ შემთხვევაში უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, ხსენებული ნორმის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურს მოპასუხეების სახელზე ნაკვეთების ახალ კოორდინატთა სისტემაში რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია ნეკვეთების სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემთან თუ საღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, ზუსტი გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ. პალატა თვლის, რომ სწრაფი რეგისტრაციის პრინციპის გატარება საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს სხვა სუბიექტების საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას (სუს ბს-367-363(კ-12) გადაწყვეტილება).

ამდენად, სააპელაციო პალატამ არ გაარკვია სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები, არ იმსჯელა მარეგისტრირებელი ორგანოს ვალდებულებებზე, რის გამოც სადავო საკითხისადმი ფორმალური მიდგომით, საქმეზე მიღებულ იქნა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. ბ-მა შეიძინა 100 ჰა მიწის ნაკვეთი, ა. ი-მა 315 ჰა, ხოლო მ. მ-მა 251 ჰა მიწის ნაკვეთი. გ. ბ-ის ნაკვეთთან დაკავშირებით საქმეზე არ არის დადგენილი ადგილი აქვს მოსარჩელეზე რიცხული ნაკვეთის სრულ თუ ნაწილობრივ გადაფარვას, არ არის გამოკვლეული თუ კონკრეტულად რამდენია ნაკვეთის გადაფარვა თითოეული მოპასუხის სახელზე რიცხულ მიწის ნაკვეთებთან. საქმის მხარეებზე საკუთრებაში რიცხული ნაკვეთების ოდენობის გათვალისწინებით, ცხადია, რომ გ. ბ-ზე რიცხულ მიწის ნაკვეთს არ ექნება გადაფარვა ყველა მოპასუხესთან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა უძრავი ქონების კეთილსინდისიერ შემძენს ეხება, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში (სკ-ის 185-ე მუხ.). ამასთანავე იმის გათვალისწინებით, რომ დავა ეხება არა ნასყიდობის ხელშეკრულებას, არამედ საძოვრების სივრცობრივ განლაგებას, სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ განჩინებაში იმის მითითება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არ გასაჩივრებულა, არ ადასტურებს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონიერებას.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მიწა საკუთრებაში შეიძლება იყოს, როგორც დაზუსტებული, ისე დაუზუსტებელი მონაცემებით. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია. განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ გ. ბ-ის საკუთრების უფლება დედოფლისწყაროს რაიონში, სოფელ ... მდებარე მიწის ნაკვეთზე 2007 წლიდან საჯარო რეესტრშია აღრიცხული, ამასთანავე, რეგისტრაცია სადავოდ არ გამხდარა და ძალაშია. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შესაძლებლად მიიჩნევს და ფაქტობრივად ეთანხმება სარეგისტრაციო მონაცემის შეუსაბამობას რეალურ უფლებრივ მდგომარეობასთან, საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ლახავს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ქმნის მდგომარეობას, როდესაც პირი არის საკუთრების მატარებელი თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად. სადავო სამართალურთიერთობის ასეთი გადაწყვეტით გ. ბ-ის სახელზე იარსებებს რეგისტრირებული უფლება ქონებაზე, ხოლო თავად ქონება ანუ უფლების ობიექტი სახეზე არ იქნება, რაც მესაკუთრის უფლებიდან და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე დაუშვებელია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შეცვლა ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს რესტრში ასახული უფლებები, რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების შეზღუდვა. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება არ უნდა იწვევდეს ფორმალური პროცედურების შესრულების შედეგად მესაკუთრეზე უკვე რეგისტრირებული საკუთრების უფლების გაუქმებას, თუმცა დაუზუსტებელი რეგისტრაციის არსებობა არ გამორიცხავს ნაკვეთის საზღვრების კორექტირების (საქართველოს პრეზიდენტის 16.05.1999წ. N327 ბრძანებულების მე-5 მუხ.) და ამის შედეგად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ოდენობის შემცირების და არა სრულად გაუქმების შესაძლებლობას. ამდენად, სააპელაციო პალატას, განსახილველი დავის ფარგლებში უნდა უზრუნველეყო არა მარტო დაზუსტებული, არამედ დაუზუსტებელი რეგისტრაციის მქონე პირების ინტერესთა დაცვა, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ყოველმხრივი შეფასება და სასამართლო გადაწყვეტილებით დამდგარი სამართლებრივი შედეგის სათანადო დასაბუთება.

მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში გ. ბ-ის სახელზე დარეგისტრირდა მის მიერ ნაკვეთის შეძენასთან დაკავშირებით შედგენილ N1362 ოქმში მითითებული სარეგისტრაციო ნომრის მიხედვით, კერძოდ ოქმის (ტ.1, ს.ფ. 10) მსგავსად საჯარო რეესტრში (ტ.1, ს.ფ.15) ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი - 1000000 კვ.მ. გ. ბ-ის სახელზე დარეგისტრირდა შემდეგი საკადასტრო კოდით: ზონა - ..., სექტორი ..., კვარტალი -..., ნაკვეთი - ... . ა. ი-ზე და მ. მ-ზე პრივატიზებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია მოხდა იმ საკადასტრო კოდის მიხედვით, რომლებიც მითითებული იყო მათზე გაცემულ N... და N... ოქმებში (ტ.1, ს.ფ. 58, 56; ტ.1, ს.ფ. 178, 179). „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 3.6 მუხლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებული ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. შესაბამისად, მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილი და ვალდებული იყო გადაემოწმებინა სააგენტოსათვის წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემების სისწორე და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან შესაბამისობა. აღნიშნულს დამატებით ადასტურებს აგრეთვე ამჟამად მოქმედი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონი, რომლის თანახმად სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, საკუთარი ინიციატივით, შეცვალოს დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით ან/და საკადასტრო აღწერის შედეგად დადგინდა რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდგომარეობასთან შეუსაბამობა და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა. აღნიშნული კანონი ითვალისწინებს სააგენტოს მიერ მიწის ნაკვეთის კორექტირების, დაზუსტებული საკადასტრო მონაცემების შეცვლისა და თავისუფალი სივრცის გამოძებნის შესაძლებლობას (მე-6 მუხ.), ნაკვეთის ადგილმდებარეობის იდენტიფიკაციის მიზნით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლისაგან დამატებითი ინფორმაციის მიღებას (14.1 მუხ.), ნაკვეთის საზღვრებზე დავის შემთხვევაში ერთ საკადასტრო ერთეულად დარეგისტრირებას და შემდგომში მისი დაყოფის შესაძლებლობას.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. მ-მა პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების გზით შეიძინა 251 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საძოვარი 7530 ლარად. 20.12.2007წ. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს მიერ გაიცა მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი N3038 (ტ.1, ს.ფ.177), რომლის საფუძველზე მ. მ-ი დარეგისტრირდა 251 ჰა საძოვრის მესაკუთრედ, მისამართი:დედოფლისწყაროს რაიონი, სოფ. ..., „...“ და მეცხოველეობის ფერმის შენობის მესაკუთრედ (ტ.1, ს.ფ. 178). 28.11.2008წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მ. მ-მა მიყიდა ვ. ნ-ს და გ. ტ-ს, თითოეულს 251 ჰა საძოვრის და მეცხოველეობის ფერმის 1/3 ნაწილი. დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 27.11.2008წ. N... გადაწყვეტილებით აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე თანასაკუთრების უფლება თანაბარწილად დარეგისტრირდა მ. მ-ის, ვ. ნ-ისა და გ. ტ-ის თანასაკუთრებაში. ამდენად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მანამდე ნაკვეთი იმყოფებოდა მ. მ-ის საკუთრებაში. მოსარჩელეს გასაჩივრებული აქვს დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის N... გადაწყვეტილება, რომლითაც ნაკვეთი ხსენებული სამი პირის წილობრივ საკუთრებაში აღირიცხა, ამ რეგისტრაციის გაუქმება არ გამოიწვევს მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციის აღდგენას, ვინაიდან სადავო რეგისტრაციაზე არსებული რეგისტრაციის თანახმად ნაკვეთი მ.მ-ის სახელზე იყო რეგისტრირებული. ვინაიდან ბოლო რეგისტრაციის გასაჩივრებით მოსარჩელე მიზნად ისახავდა ნაკვეთზე თავისი რეგისტრაციის აღდგენას, ცხადია, რომ მოთხოვნა მოიცავდა მ. მ-ის სახელზე თავდაპირველი რეგისტრაციის გაუქმებასაც. შესაბამისად მოთხოვნის აღნიშნული ნაწილი საჭიროებს დაზუსტებას, სარჩელის მიზნის გათვალისწინებით აღნიშნული იქნება სახელდობრ მოთხოვნის დაზუსტება და არა დავის საგნის გაზრდა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ ა. ი-ის მემკვიდრეებზე რეგისტრაციების არ გასაჩივრება არ გამორიცხავს მანამდე არსებული რეგისტრაციის მართლზომიერებაზე მსჯელობის შესაძლებლობას, აწგარდაცვლილი ა. ი-ის რეგისტრაციის ბათილად ცნობა გამოიწვევს სადავო ნაკვეთის ნაწილში შემდეგი რეგისტრაციების გაუქმების მოთხოვნის დასმის საკითხის დაყენების შესაძლებლობას. მამკვიდრებლის სახელზე რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნა ეხება სამკვიდრო ქონების შემადგენლობას, სამკვიდროს მიღებით მემკვიდრე ხდება მამკვიდრებლის უფლება-მოვალეობების მატარებელი, მემკვიდრე არის მამკვიდრებლის უნივერსალური უფლებამონაცვლე, მოთხოვნის დაკმაყოფილება ზეგავლენას იქონიერბს სამკვიდრო მასაზე, მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთის ოდენობაზე. შესაბამისად, სასკ-ის მე-16 მუხლის საფუძველზე, სასამართლოს უნდა ემსჯელა ყველა იმ მემკვიდრის საქმეში მესამე პირად ჩაბმაზე, რომლებმაც მემკვიდრეობით მიიღეს სადავო ნაკვეთი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.05.2014წ. N... გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი მოითხოვდა არა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსგან, არამედ დედოფლისწყაროს რაიონის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსისგან მის მიერ მიღებული სადავო გადაწყვეტილებების გაუქმებას, გაუქმების სამართლებრივ საფუძვლად უთითებდა სზაკ-ის 601 მუხლს, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას მისი გამომცემი ორგანოს მიერ. ამდენად, მოსარჩელის წარმომადგენლის მიმართვის შინაარსისა და მიმართვის ადრესატის მიხედვით რეაგირება უნდა მოეხდინა ტერიტორიულ ორგანოს - დედოფლისწყაროს სარეგისტრაციო სამსახურს და არა სააგენტოს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ სამართლებრივი შეფასება, განჩინება მოკლებულია სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ წანამძღვრებს, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია,რაც სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე1“ ქვეპუნქტის თანახმად საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის, აღნიშნული თავის მხრივ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების წინაპირობაა. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე,390-ე,412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 17.04.2015წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

2. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი