საქმე ¹ბს-728-728(კ-18) 15 ნოემბერი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.03.2018წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ც. დ-მა 06.01.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ და მოითხოვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 08.05.2016წ. N1/40 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.12.2015წ. გადაწყვეტილებით ც. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 08.05.2014წ. გადაწყვეტილება დ. ლ-ის გარდაცვალების გამო მისი 10 წლის ხელფასის ოდენობით ფულადი კომპენსაციის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დავალა 1 თვის ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციოს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.2016წ. გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.12.2015წ. გადაწყვეტილება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით ც. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2018წ. განჩინებით ც. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.06.2016წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.03.2018წ. განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის შესაბამისად საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ნ. და ნა... ლ-ები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.03.2018წ. განჩინებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.12.2015წ. გადაწყვეტილება, რაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორმა აღნიშნა, რომ დავის საგანს წარმოადგენს მოსამართლე დ. ლ-ის გარდაცვალების ფაქტსა და სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენა. ამ მიზნით სასამართლოს „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად უნდა განემარტა, თუ რა ითვლება სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს გარდაცვალებად, თუმცა მან აღნიშნული საკითხი არ განმარტა და საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების უგულებელყოფით, მხოლოდ დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ შპს „ვ...ის“ N01-04/21 დასკვნის გათვალისწინებით გამოიტანა გადაწყვეტილება. კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 12.10.2017წ. განჩინების შესაბამისად, საქმეზე გარკვევას საჭიროებდა ანევრიზმის გასკდომის მომენტი. ერთადერთი მტკიცებულება, რომელსაც სასამართლო ეყრდნობა აღნიშნული მომენტის დადგენისას, არის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. მოცემული ექსპერტიზა ჩატარდა სამედიცინო საბუთებსა და ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით, თუმცა ექსპერტიზის დასკვნით გამოსაკვლევად წარდგენილი მასალების საწინააღმდეგო შედეგი დადგინდა. კერძოდ, დასკვნაში მითითებულია, რომ „დ. ლ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკული დამძიმება თავისი შედეგებითურთ პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია 10.09.2007წ. თავის ტვინის მარცხენა შუა არტერიის გიგანტური ანევრიზმის გასკდომასთან.“ საქმეში არსებული 10.09.2007წ. დათარიღებული ერთადერთი მტკიცებულების - სასწრაფი სამედიცინო დახმარების სამსახურის გამოძახების ბარათის თანახმად, პაციენტს დაესვა ქალასშიდა სისხლის მიმოქცევის მნიშვნელოვანი მოშლის და არა თავის ტვინის მარცხენა შუა არტერიის გიგანტური ანევრიზმის გასკდომის დიაგნოზი. საქმეში დაცული სხვა ყველა მტკიცებულება შეეხება 11.09.2007წ. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპერტიზის დასკვნა შეუსაბამოა საკვლევად წარდგენილ მტკიცებულებებთან, რადგან თავის ტვინის მარცხენა შუა არტერიის გიგანტური ანევრიზმის გასკდომა მოხდა არა 10.09.2007წ., არამედ 11.09.2007წ., აღნიშნული ფაქტი არსებით გავლენას ახდენს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო აქტით მოპასუხემ დადგენილად მიიჩნია დ. ლ-ის სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებასა და მისი შრომის უნარის სრულად დაკარგვას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა. „მოსამართლე დ. ლ-თან დაკავშირებით დახმარების გაცემის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 08.05.2014წ. N1/40 გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ 10.09.2007წ. დმანისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დ. ლ-ი, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად იმყოფებოდა დმანისის რაიონულ სასამართლოში, გახდა შეუძლოდ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ მას დაუდგინდა დიაგნოზი - ქალის შიდა სისხლის მიმოქცევის მნიშვნელოვანი მოშლა. შესაბამისად, საბჭო ეთანხმება იმას, რომ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა კავშირშია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან და სისხლის მიმოქცევის მნიშვნელოვან მოშლას მოჰყვა დ. ლ-ის შრომის უნარის სრული დაკარგვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეფასებას საჭიროებდა დ. ლ-ის შრომის უნარის სრულ დაკარგვასა და გარდაცვალებას შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა. სადავო აქტით არ არის უარყოფილი გარდაცვალებასთან დაკავშირებულ რიგ გარემოებებს შორის ერთიანი მიზეზობრივი კავშირის ჯაჭვის არსებობა, დაუსაბუთებელია სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების დროს დაწყებული მწვავე ერთიანი პათოლოგიური პროცესის ეტაპების დამოუკიდებელი განვითარება. სადავო აქტის გამოცემის შემდეგ შედგენილი კომისიური საექსპერტო დასკვნის (N01-04/21) თანახმად, დ. ლ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკული დამძიმება თავისი შედეგებითურთ პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია 10.09.2007წ. თავის ტვინის მარცხენა შუა არტერიის გიგანტური ანევრიზმის გასკდომასთან, დასკვნის თანახმად ადგილი ჰქონდა არა თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის განმეორებით მოშლას, არამედ ოპერაციის დროს განვითარებულ განახლებულ სისხლდენას, რომელიც თავის ტვინის დაზიანების ერთიანი პათოლოგიური პროცესის შედეგი იყო.
საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ დიაგოზი - თავის ტვინის მარცხენა შუა არტერიის გიგანტური ანევრიზმის გასკდომა, დაისვა 11.09.2007წ., თუმცა საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ 10.09.2007წ. დ. ლ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, 11.09.2007წ. დასმული დიაგნოზი - თავის ტვინის მარცხენა შუა არტერიის გიგანტური ანევრიზმის გასკდომა და ოპერაციის მსვლელობისას ანევრიზმიდან სისხლდენის განახლება ერთიანი პათოლოგიული პროცესის შედეგი იყო. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოპასუხემ ხელახლა უნდა განიხილოს სადავო საკითხი, შეისწავლოს და გამოიკვლიოს საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები და მოცემულ საკითხზე მიიღოს ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული საფუძველი, რის გამოც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.03.2018წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი