#ბს-952(კს-18) 22 ნოემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „…“
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; სსიპ შემოსავლების სამსახური
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2015 წლის 21 დეკემბერს შპს „...“-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 19 მაისის #16883 ბრძანებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 17 მარტის #001-35 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „...“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. ამასთან, აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე იშუამდგომლა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის განჩინებით შპს „...“-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; სააპელაციო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის (სადავო თანხის 4%, მაგრამ არა უმეტეს 7 000 ლარისა) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის წარდგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილს შპს „...“-ის წარმომადგენელმა გ. ზ-ემ მიმართა განცხადებით, რასაც თან ერთვოდა 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დედნის სახით. ამავე განცადებით, შპს „...“-მა იშუამდგომლა დარჩენილი ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე იმ საფუძვლით, რომ კომპანიას შეწყვეტილი ჰქონდა ეკონომიკური საქმიანობა, არ გააჩნდა არც ფულადი საშუალება და არც რაიმე სახის ქონება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინებით შპს „...“-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; შპს „...“-ს გაუგრძელდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსებისთვის მიცემული საპროცესო ვადა 14 დღით, რომლის ათვლაც დაიწყო განჩინების კანონმდებლობით დადგენილი წესით მხარისათვის ჩაბარების მომენტიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინებით შპს „...“-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, შპს „...“-მა იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ კომპანია არის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, არ ეწევა ფინანსურ საქმიანობას 2016 წლიდან, არ გააჩნია უძრავ-მოძრავი ქონება და აქტივები.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „...“-ის წარმომადგენელს გ. ზ-ეს ხარვეზის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინება ფოსტის მეშვეობით ჩაჰბარდა 2018 წლის 15 ივნისს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, …ქ. #41, ბ. #15. გზავნილი ჩაჰბარდა გ. ზ-ის ოჯახის წევრს - დედას მ. ზ-ეს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70.1 მუხლზე, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში - ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. ამავე კოდექსის 74.1 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2 მუხლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ შპს „...“-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინება ჩაჰბარდა 2018 წლის 15 ივნისს, მხარისათვის ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 16 ივნისს და ამოიწურა 2018 წლის 29 ივნისს.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ამ ხნის განმავლობაში სასამართლოში არ შესულა არანაირი დანცხადება/შუამდგომლობა ხარვეზის გამოსწორებასთან დაკავშირებით, რაც შესაძლებელს გახდიდა სასამართლოს ემსჯელა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე.
სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს მიერ მიცემულ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...“-მა (დირექტორი - გ. ბ-ე), რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში საქმის განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე, ასევე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 150 ლარის ოდენობით და ფაქტობრივად უარი განაცხადა მართლმსაჯულების განხორციელებაზე, ანუ ეკონომიკური მდგომარეობის გამო უარი უთხრა კომპანიას დაემტკიცებინა თავისი სიმართლე სასამართლოში. ასევე, ფაქტობრივად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის გაწირა მისი დირექტორი გ. ბ-ე.
შპს „...“-ის დირექტორმა აღნიშნა, რომ ჰყავს მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი. მეუღლე არ მუშაობს, რის გამოც ოჯახის ერთადერთი მარჩენალია იგი, რომელიც ფაქტობრივად 6 თვე უმუშევარია და ცხოვრობს მშობლებისა და მეგობრების დახმარებით. ამასთან, კომპანია უკვე წლებია გაჩერებულია, საბანკო ანგარიშებზე დადებულია ინკასო, რაზედაც არანაირი თანხა არ არის. ასევე, კომპანიას არ გააჩნია ქონება. ასეთ პირობებში კი მას, როგორც დირექტორს რჩება ერთადერთი საშუალება პირადი სახსრებით გადაიხადოს ბაჟი, რაც გააკეთა კიდეც, გადაიხადა 150 ლარი და დარჩენილი თანხის გადავადება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებით შპს „...“-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...“-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქმის მასალების მიხედვით, შპს „...“-მა სააპელაციო საჩივრის წარდგენისას იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის განჩინებით შპს „...“-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; სააპელაციო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის (სადავო თანხის 4%, მაგრამ არა უმეტეს 7 000 ლარისა) გადახდის დამადასტურებელი ქვითრის თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის წარდგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 აპრილს შპს „...“-ის წარმომადგენელმა გ. ზ-ემ მიმართა განცხადებით, რასაც თან ერთვოდა 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დედნის სახით. ამავე განცადებით, შპს „...“-მა იშუამდგომლა დარჩენილი ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე იმ საფუძვლით, რომ კომპანიას შეწყვეტილი აქვს ეკონომიკური საქმიანობა, არ გააჩნია არც ფულადი საშუალება და არც რაიმე სახის ქონება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინებით შპს „...“-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; შპს „...“-ს გაუგრძელდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსებისთვის მიცემული საპროცესო ვადა 14 დღით, რომლის ათვლაც დაიწყო განჩინების კანონმდებლობით დადგენილი წესით მხარისათვის ჩაბარების მომენტიდან.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 27 აპრილის განჩინებაში სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მიიჩნია, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან შუამდგომლობის ავტორის მიერ არ იყო წარდგენილი უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დაასაბუთებდა სასამართლო ხარჯების გადაუხდელობის შეუძლებლობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინებით შპს „...“-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის გამო.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის წესსა და პირობებს განსაზღვრავს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი. საპროცესო ხარჯების საკითხი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9-მე-11 მუხლებით არის მოწესრიგებული. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, საპროცესო ხარჯების საკითხის გადაწყვეტისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.
ამდენად, კანონმდებლობა კონკრეტულად განსაზღვრას პირობებს, რომლის არსებობის შემთხვევაში მხარეებს შეიძლება გადაუვადდეთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების (სახელმწიფო ბაჟის) გადახდა. სასამართლოს უფლებამოსილება სახელმწიფო ბაჟის საკითხთან დაკავშირებით შეზღუდულია კანონით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის საკითხის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება კერძო საჩივრის ავტორის რეალური მდგომარეობის გათვალისწინებას. შესაბამისად, იმის დადგენას, მოცემულ შემთხვევაში საქმის გარემოებები ანიჭებს თუ არა სასამართლოს უფლებამოსილებას შპს „...“-ს გადაუვადოს დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის სწორად გამოყენება მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული მხარის არსებით პროცესუალურ უფლებასთან – უზრუნველყოფილ იქნეს ქონებრივ შესაძლებლობას მოკლებული მხარის უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია გაითვალისწინოს მხარის ფინანსური მდგომარეობა და სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეუმციროს ან მისი გადახდა სხვა დროისათვის გადაუვადოს მხარეს, რომელიც სათანადო მტკიცებულებებით დამაჯერებლად დაასაბუთებს თავის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, რისი გათვალისწინებითაც მას ობიექტურად არ შეუძლია აღნიშნული ხარჯების დაფარვა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას საკუთარი შეხედულებით, წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა-შეფასების საფუძველზე, მიიღოს გადაწყვეტილება მხარისათვის სახელმწიფი ბაჟის გადახდის გადავადებასთან დაკავშირებით.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დასადასტურებლად მხარისათვის ნათელი უნდა იყოს, თუ რა მტკიცებულებები უნდა წარუდგინოს მან სასამართლოს, რათა მხედველობაში იქნეს მიღებული მისი ეკონომიკური მდგომარეობა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გადაუვადდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მითითება მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ შპს „...“-ის მიერ არ იყო წარდგენილი უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დაასაბუთებდა სასამართლო ხარჯების გადაუხდელობის შეუძლებლობას, არ იყო საკმარისი. იმ პირობებში, როდესაც შპს „...“-მა რამდენჯერმე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, სააპელაციო სასამართლოს თავის განჩინებებში ასევე უნდა მიეთითებინა, კონკრეტულად რა მტკიცებულების წარდგენას ითხოვდა მხარისგან იმის დასადასტურებლად, რომ იგი იმყოფებოდა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისას ან არარსებობის შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „...“-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინება და საქმე შპს „...“-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...“-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინება და საქმე შპს „...“-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი