# ბს-1016-1012 (კ-17) 01 ნოემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ა-ას და ბმა „...“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.04.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
27.02.2015წ. ნ. ა-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის და მესამე პირების: შპს ,,ე...”, მ. ხ-ის, ბმა ,,...”, შპს ,,ს...” მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 06.05.2014წ. №1223723 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა საზოგადოებრივი სერვიტუტის დადგენის ნაწილში, აგრეთვე ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 12.06.2014წ. №1325545 და 30.10.2014წ. №1564905 ბრძანებების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.04.2016წ. გადაწყვეტილებით ნ. ა-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ა-ამ და ბმა „...“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.04.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.04.2016წ. გადაწყვეტილება.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ა-ამ და ბმა „...“, რომლებიც ითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას და აღნიშნავენ, რომ გასაჩივრებული აქტებით ირღვევა კასატორების კანონიერ ინტერესები, მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, მტკიცების ტვირთის გადანაწილების წესი, დაირღვა საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. №57 და 06.01.2014წ. №41 დადგენილებების მოთხოვნები, თბილისის საკრებულოს №4-13 და 05.06.2009წ. №6-17 გადაწყვეტილებების მოთხოვნები, ეკონომიკური და მდგრადი განვითარების მინისტრის 08.08.2008წ. №1-1/1254 ბრძანების მოთხოვნები, რაც გამოიხატება იმაში, რომ შენობის ფასადზე მოწყობილი ვიტრინები გამოდის ... მე-6 კორპუსთან, რაც დაუშვებელია, პროქტში ლოჯიებს დაერქვა აივანი, რაც არ არის შეყვანილი საანგარიშო ფართობში, შენობაში არ არის მოწყობილი ლიფტი, არ არის გათვალისწინებული ავტომანქანების სადგომი, გადახდილი არ არის მშნებლობის მოსაკრებელი, არქიტექტურის სამსახურის არც ერთი დოკუმენტი არ არის ხელმოწერილი და ბეჭედდასმული, გასაჩივრებული აქტების გამოცემამდე არ ჩატარებულა მიწის კვლევა, არქიტექტურული პროექტის შემადგენელი არც ერთი ფურცელი არ არის დანომრილი და დამოწმებული. კანონდარღვევით მოხდა კორპუსის კ1 და კ2 კოეფიციენტის გაზრდა. აღნიშნული დარღვევების გამო გაუარესდა კასატორების საცხოვრებელი პირობები. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელი იყო ახალ კორპუსებთან მისასვლელი გზა გაყვანილიყო ... ქუჩის მხრიდან, სერვიტუტი დადგინდა ისედაც ვიწრო ქუჩაზე. სამშენებლო სამუშაოების წარმოება საშიშია მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოებისა და ანტისანიტარიის თვალსაზრისით. დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება სერვიტუტის დადგენის ნაწილში, რადგან სასამართლომ არ იმსჯელა სერვიტუტის დადგენაზე თანხმობის გაცემის დოკუმენტზე, რომელზე არსებული ხელმოწერების ნაწილი გაყალბებულია. მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებული არ არის სახანძრო ნორმები. ამასთან, დამატებით ახალი მოსახლეობის და მათი ავტომანქანების მოძრაობა გამორიცხავს ეზოთი სარგებლობის შესაძლებლობას. უშუალოდ ნ. ა-ას ბინა მდებარეობს მე-2 სართულზე, რომლის ბუნებრივი განათება ახალი მშენებლობით შემცირდება და ბინას დაეკარგება საბაზრო ღირებულება. გასაჩივრებული აქტებით კასატორების იურიდიულ ინტერესს მიადგა ზიანი. გასაჩივრებული აქტები მიღებულია სზაკ-ის მე-5, მე-8, მე-13, 95-ე, 96-ე მუხლების დარღვევით, რაც სზაკ-ის 22-ე და 601 მუხლების შესაბამისად აქტების ბათილად ცნობის საფუძველია. სააპელაციო სასამართლო ფორმალურად მიუდგა განსახილველ საკითხს, რითიც დაირღვა კანონიერების და კანონიერი ნდობის პრინციპი, დაირღვა საჯარო განხილვის პრინციპი, ვინაიდან გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გ. ხ-ის სახელზე მშენებლობის ნებართვა გაიცა 12.06.2014წ., ხოლო აღბნიშნული ნებართვის გაცემის თაობაზე ელექტრონული განაცხადი არქიტექტურის სამსახურში შევიდა გ. ხ-ის გარდაცვალების შემდეგ, კერძოდ, გ. ხ-ი გარდაიცვალა 07.03.2014წ., ხოლო განაცხადი სამსახურში შევიდა 15.04.2014წ.. ამდენად, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 12.06.2014წ. №1325545 ბრძანება გაცემულია გარდაცვლილი პირის განცხადების დაკმაყოფილების შედეგად, რაც ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი უნდა გამხდარიყო. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით დაირღვა ორჰუსის კონვენციის მოთხოვნები, რომელიც ადგენს გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების მქონე საქმიანობაში საზოგადოების მონაწილეობის აუცილებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ იქნა უზრუნველყოფილი.
კასატორები მიუთითებენ აბსოლუტურ და დივერგენტული კასაციის დანიშნულებასა და მიზნებზე და აღნიშნავენ, რომ წარმოდგენილი კასაცია არის აბსოლუტური კასაცია, რის გამოც არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ა-ას და ბმა „...“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, §71; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შეიცავს არგუმენტირებულ პასუხს საკასაციო საჩივარში მითითებულ პრეტენზიებზე, რასაც საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხება. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები იმასთან დაკავშირებით, რომ პროექტში ლოჯიებს დაერქვა აივანი, რაც არ არის შეყვანილი საანგარიშო ფართობში, შენობაში არ არის მოწყობილი ლიფტი, არ არის გათვალისწინებული ავტომანქანების სადგომი, გადახდილი არ არის მშენებლობის მოსაკრებელი, არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტები არ არის ხელმოწერილი და ბეჭედდასმული, აღნიშნული დოკუმენტები არ არის დანომრილი და დამოწმებული და ა.შ. არ ადასტურებს კასატორების უფლებების შელახვას. სასკ-ის 32-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის სავალდებულოა დადასტურდეს აქტის კანონსაწინააღმდეგობა და მოსარჩელისათვის მიყენებული პირდაპირი და უშუალო ზიანი არსებობა ან კანონიერი უფლებისა თუ ინტერესის უკანონოდ შეზღუდვა. აქტის კანონსაწინააღმდეგოდ მიჩნევისათვის უნდა დადგინდეს ადმინისტრაციული წარმოების დარღვევის არსებითი ხასიათი და მოთხოვნის მატერიალური და პროცესუალური საფუძვლიანობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოსთვის მტკიცების ტვირთის დაკისრება (სასკ-ის 17.2 მუხ.) არ ათავისუფლებს დაინტერესებულ პირს შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებისაგან. მოცემულ შემთხვევაში კასატორებმა თავი ვერ გაართვეს მათთვის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ ვალდებულებას დაასაბუთონ მოთხოვნის საფუძვლიანობა, რაც მართებულად გახდა სარჩელის უარყოფის საფუძველი. კასატორებმა ვერ მიუთითეს კანონის მოთხოვნათა ისეთ არსებით დარღვევასა და მათი უფლებების იმგვარ შეზღუდვაზე, რაც გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი გახდებოდა. არ დასტურდება კასატორების მითითება, რომ მშენებლობის ნებართვის მოპოვების მიზნით არქიტექტურის სამსახურში გ. ხ-ის გარდაცვალების შემდეგ, გარდაცვლილი პირის სახელით აიტვირთა ელექტრონული განცხადება. საქმეში დაცული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 20.11.2015წ. №12/152121-38 მიმართვით ნ. ა-ასადმი დგინდება, რომ გ. ხ-მა თავდაპირველად 06.01.2014წ. მიმართა არქიტექტურის სამსახურს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის მოთხოვნით (ტ.1.ს.ფ.72-74). ამდენად, არქიტექტურის სამსახურში საქმის წარმოება არ დაწყებულა გარდაცვლილი პირის სახელით შესრულებული განცხადების საფუძველზე, ხოლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ცვლილების შედეგად, შესაბამისი ცვლილება განხორციელდა გასაჩივრებულ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 12.06.2014წ. №1325545 ბრძანებაში, დამკვეთად გ. ხ-ის ნაცვლად დაფიქსირდა შპს „ე...“. ამდენად, საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძვლები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასტორების ნ. ა-ას და ბმა „...“ საკასაციო პრეტენზიებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთანავე, კ. შ-ეს (პ/ნ ...) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 11.10.2017წ. N1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ა-ას და ბმა „...“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.04.2017წ. განჩინება;
3. კ. შ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 11.10.2017წ. N1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი