ბს-1023-1018(კ-18) 15 ნოემბერი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, შპს „...“ და ე. პ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.2017წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...“ 11.03.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ შპს „...“ მოითხოვა: ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 11.03.2010წ. წერილის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 19.03.2010წ. გადაწყვეტილების, ქ. თბილისის ქონების მართვის სააგენტოს 07.06.2011წ. აუქციონში გამარჯვების ოქმის, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 16.01.2012წ. საკუთრების მოწმობის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 23.01.2012წ. გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 10.04.2014წ. გადაწყვეტილების, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 22.03.2012წ. წერილის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 29.03.2012წ. გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 02.05.2012წ. გადაწყვეტილების, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 15.04.2013წ. ბრძანების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 16.04.2013წ. გადაწყვეტილების, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 16.04.2013წ. ბრძანების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 16.04.2013წ. გადაწყვეტილების, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 29.05.2013წ. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 20.12.2013წ. საკუთრების მოწმობის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 26.12.2013წ. გადაწყვეტილების, 03.05.2000წ. მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 19.06.2002 წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას, საქმეში მესამე პირებად ჩართულ იქნენ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ე. პ-ი, ი. ჩ-ე, მ. ს-ი და სს „ს...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.04.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.2017წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.04.2016 წ. გადაწყვეტილება და გაუქმებულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი: ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 19.03.2010 წ. №... გადაწყვეტილება, ქ.თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის 11.03.2010 წ. №06-8/2112 წერილი მიწის ნაკვეთზე (მდებარე - ქ.თბილისი, ... ქუჩა, ნაკვეთი 48/5-ის მომიჯნავედ ჩრდილო - დასავლეთით 414 კვ.მ) ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ, ქ.თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 07.06.2011 წ. №ე-27-190-720 აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, ქ.თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 16.01.2012 წ. №757 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 16.04.2013წ. №... გადაწყვეტილება თვითმმართველი ერთეულის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაფარვის ნაწილში, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 15.04.2013 წ. №02-9/248 ბრძანება ქ.თბილისის თვითმმართელი ერთეულის საკუთრებად საჯარო რეესტრში ... ქუჩის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ გადაფარვის ნაწილში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 16.04.2013წ. №... გადაწყვეტილება სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სახელზე უძრავი ნივთების გაერთიანების საფუძველზე ს/კ ...-ის ნაწილში საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ უძრავი ქონების გადაფარვის ნაწილში, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 20.12.2013წ. №2592 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გადაფარვის ნაწილში, სსიპ ქონების მართის სააგენტოს 29.05.2013წ. №E-199-14-7360 აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი გადაფარვის ნაწილში; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.04.2016 წ. გადაწყვეტილება დატოვებული იქნა უცვლელად. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, შპს „...“ და ე. პ-ის მიერ.
კასატორმა სსიპ ქონების მართვის სააგენტომ აღნიშნა, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას ახდენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც განიხილავს სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტაციას და თუ დოკუმენტაცია აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საკუთრების რეგისტრაციის შესახებ. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ საჯარო რეესტრისათვის მიმართვების გაგზავნა, რეგისტრაცია, აუქციონების ჩატარება განხორციელდა ნორმატიულად განსაზღვრული პროცედურების დაცვით. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობა.
კასატორმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ერთსა და იმავე მიწის ნაკვეთზე ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერების განხორციელება. მარეგისტრირებელი ორგანოს სიტუაციური ნახაზი არ ადასტურებს ნაკვეთების იდენტურობას. არ დგინდება შპს „...“ მიერ სსიპ საჯარო რეესტრში წარდგენილ აზომვით ნახაზზე მითითებული ნაკვეთისა და მოსარჩელის უფლებადამდგენ დოკუმენტებში მითითებული ნაკვეთის იგივეობა.
კასატორმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნა, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ სადავო გადაწყვეტილებები მიიღო სათანადო უფლებადამდგენი დოკუმენტაციის წარდგენის შედეგად. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიმართვა საკმარისი იყო რეგისტრაციის განსახორციელებლად. მარეგისტრირებელ ორგანოს მასთან დაცული დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე ობიექტურად არ შეეძლო ნაკვეთთა იდენტურობის დადგენა, რადგან მოსარჩელის ნაკვეთი აღრიცხული იყო დაუზუსტებელი სახით, საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსიის საფუძველზე.
კასატორმა შპს „...“ აღნიშნა, რომ მართალია ე. პ-მა 312 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შეიძინა ი.ჩ-ისაგან, რომლის საკუთრებაც ორგანოში აღრიცხული იყო 2000 წლიდან, თუმცა სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ი. ჩ-ის რეგისტრაციაც გასაჩივრებულია, ამდენად, მას არ უნდა მინიჭებოდა უპირატესობა მისი კანონიერების შემოწმების გარეშე. შპს-ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი 2007 წლამდე საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა გ. ჯ-ს, ხოლო მანამდე - სახელმწიფოს, მოსარჩელე ქონების შეძენით გახდა მათი უფლებამონაცვლე, ამდენად შპს-ს აქვს უფლება მოითხოვოს მის მიწასთან დაკავშირებით განხორციელებული უკანონო ქმედებების აღკვეთა.
კასატორმა ე. პ-მა აღნიშნა, რომ მის საკუთრებაში რიცხულ, გაერთიანების შედეგად მიღებულ მიწის ნაკვეთზე ამჟამად აშენებულია ოთხსართულიანი სახლი და დამხმარე ნაგებობები. სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია კანონიერად ი. ჩ-ის, მ. ს-ისა და ე. პ-ის რეგისტრაციები, თუმცა სასამართლომ ბათილად ცნო ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციები და გამართული აუქციონები, რაც არასწორია. კასატორმა აღნიშნა, რომ საკუთრება შეძენილი აქვს კანონიერად, მის მიერ საკუთრების შეძენამდე გადამოწმდა რეესტრის ჩანაწერები, რომელთა მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. ე. პ-ი კეთილსინდისიერი შემძენია. სასამართლოს არ დაუდგენია კონკრეტულად რა ფართს მოიცავს ზედდება, საქმის მასალებით არ დგინდება მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთის ზუსტი საზღვრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, შპს „...“ და ე. პ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხება ქ. თბილისში, ... ქუჩაზე მდებარე 516 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც ნაკვეთის პირვანდელ მესაკუთრეს იჯარით გადაეცა 1997 წ., იჯარის ხელშეკრულებაზე თანდართულ ნახაზზე მითითებული იყო ნაკვეთის მდებარეობა, კონფიგურაცია და ზომები. ნაკვეთზე განხორციელებულია დაუზუსტებელი რეგისტრაცია, საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსიის საფუძველზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრაცია არ გამორიცხავს შპს „...“, როგორც მესაკუთრის კანონიერი უფლებების დაცვის საჭიროებას. შპს-ს სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია სადავო არ გამხდარა, მის მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია (სკ-ის 312.1). დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა და დაუშვებელია მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე. საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია მისი უფლების ობიექტის გარეშე - აბსტრაქტული სახით არსებობა, ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს ერთმანეთს. ამასთან, დაპირისპირებული ჩანაწერების არსებობისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული. მარეგისტრირებელ ორგანოში მიმართვის წარდგენისას, თვითმმართველი ერთეულის სახელზე საკუთრების აღრიცხვისას და აუქციონის გამართვისას არ იქნა გათვალისწინებული, რომ მიწა უკვე იყო აღრიცხული კერძო საკუთრებაში. ადმინისტრაციული ორგანოების მიერ აღნიშნული აქტების გამოცემისას სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული საქმის გარმეოებები, ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებულები იყვნენ მოეძიებინათ საკითხის მართლზომიერად გადაწყვეტისათვის საჭირო დოკუმენტაცია: საარქივო ცნობები, ქაღალდზე შესრულებული აზომვითი ნახაზები, სააღრიცხო ბარათები, თვითმმართველობის არქივში დაცული მონაცემები, დაედგინათ მომიჯნავე ნაკვეთების საზღვრები, მესაკუთრეები და სხვ.., რაც არ განხორციელებულა. საჯარო რეესტრის დაპირისპირებულ ჩანაწერებს შორის უპირატესობა ენიჭება ქრონოლოგიურად უფრო ადრე განხორციელებულ რეგისტრაციას, ამდენად, შპს „...“ და მისი მიწის ნაკვეთის პირვანდელი მესაკუთრის რეგისტრირებულ უფლებებს მართებულად მიენიჭათ უპირატესობა თვითმმართველი ერთეულის სახელზე განხორციელებულ რეგისტრაციასთან მიმართებით.
რაც შეეხება აუქციონზე ნივთების განკარგვის შემდგომ განხორციელებულ რეგისტრაციებს, მართებულია მათი ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, რადგან საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში (სკ-ის 185 მუხ.), მოსარჩელე ვერ ადასტურებს აუქციონის მეშვეობით ქონების შემძენთა არაკეთილსინდისიერებას. აუქციონების გამართვის დროისათვის მიწის ნაკვეთები აღრიცხული იყო თვითმმართველი ერთეულის სახელზე და რეგისტრაციების მიმართ არ იყო შეტანილი რაიმე სახის საჩივარი. საკასაციო პალატა იზიარებს ე. პ-ის მოსაზრებას მისი კეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევის შესახებ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სააპელაციო პალატას მისი არაკეთილსინდისიერება არც დაუდგენია, მისი რეგისტრაციები არ გაბათილებულა, ხოლო რეგისტრაციის საფუძვლად არსებული აუქციონების არამართლზომიერად ცნობა, შემძენის კეთილსინდისიერების დადასტურების პირობებში, ზიანს არ აყენებს კეთილსინდისიერი შემძენის კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, შპს „...“ და ე. პ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, შპს „…“ და ე. პ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.2017წ. გადაწყვეტილება;
3. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (ს.კ. 205296375) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 29.09.2017წ. N03092 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. ჯ. ჭ-ას (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 04.10.2017წ. N1507118527 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. შპს „...-ს“ (ს.კ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 05.10.2017წ. N4 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
6. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს.კ. 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.12.2017წ. N35327 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი