ბს-240-240 (2კ-18) 14 დეკემბერი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.11.2017წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...-მ“ 04.03.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 03.08.2015წ. N000112 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 01.02.2016წ. №15 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.04.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 01.02.2016წ. N15 ბრძანება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 03.08.2015წ. N000112 დადგენილება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა.
დავის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „ნ...ა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.11.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ.
კასატორები მიიჩნევენ, რომ სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მართალია შპს „...-მ“ სარეკონსტრუქციო სამუშაოები განახორციელა სანებართვო დოკუმენტაციის საფუძველზე, თუმცა მოგვიანებით, სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით, აღნიშნული აქტები სადავო საკთხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი, ამასთან, არ განსაზღვრულა ბათილად ცნობის კონკრეტული მომენტი, რაც ადასტურებს სანებართვო დოკუმენტაციის ბათილად ცნობას მათი გამოცემის დღიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, დგინდება, რომ შპს „...-ს“ მიერ სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა სათანადო ნებართვის გარეშე. ის, რომ სასამართლოს მიერ რეკონსტრუქციის ნებართვა სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა, არ ადასტურებს სსიპ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე 03.08.2015წ. მიღებული N000112 დადგენილების არამართლზომიერებას. კანონმდებლობა არ ადგენს მსგავს შემთხვევაში სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეჩერების საჭიროებას. სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეჩერების შემთხვევაშიც კი, საქმეზე არ დადგებოდა განსხვავებული შედეგი, რადგან სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სსიპ არქიტექტურის სამსახურში დაიწყო ახალი ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც შპს „...-ს“ დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა ვადა მის გამოსასწორებლად, დადგენილ ვადაში შპს-მ ხარვეზი არ აღმოფხვრა, რის გამოც მისი განცხადება დარჩა განუხილველი. ამდენად, შპს-მ ხელახლა ჩატარებული წარმოების შედეგად, მაინც ვერ შეძლო რეკონსტრუქციის ნებართვის მოპოვება.
ის, რომ აღნიშნული რეკონსტრუქცია მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში ასევე არ ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას, რადგან რეკონსტრუქციის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 10.03.2015წ. ბრძანებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს „...-მ“ სარეკონსტრუქციო სამუშაოები განახორციელა უფლებამოსილი ორგანოს - სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიერ 08.02.2013წ. ბრძანებით შეთანხმებული პროექტისა და გაცემული ნებართვის საფუძველზე. სსიპ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 28.11.2013წ. ბრძანებით განხორციელებული რეკონსტრუქცია ექსპლუატაციაში იქნა მიღებული. სსიპ არქიტექტურის სამსახურის 08.02.2013წ. ბრძანება, მის საფუძველზე გაცემული მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა ბათილად იქნა ცნობილი შპს „...-ს“ მიერ სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 17.04.2014წ. გადაწყვეტილებით, ამდენად, სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულების მომენტში სანებართვო დოკუმენტაცია მიიჩნეოდა მართლზომიერად, შპს არ მოქმედება თვითნებურად, მის ქმედებებს საფუძვლად ედო ადმინისტრაციული ორგანოს აღმჭურველი აქტები. შპს „...“ ენდობოდა არსებულ მოწესრიგებას და სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ახორციელებდა მის შესაბამისად. დაუშვებელია შპს „...-სთვის“ მოგვიანებით პასუხისმგებლობის დაკისრება იმ ქმედებებისათვის, რომელიც განხორციელების მომენტში მიიჩნეოდა მართლზომიერად. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სზაკ-ის მე-5 მუხლით განმტკიცებული კანონიერების პრინციპი ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას მმართველობითი ღონისძიების (მათ შორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) მართლწინააღმდეგობის შემთხვევაში, გააუქმოს იგი. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმება მოიცავს როგორც აქტის ბათილად ცნობას, ისე ძალადაკარგულად გამოცხადებას. გაუქმების ორი სახის ერთმანეთისგან გამიჯვნის უმთავრესი კრიტერიუმი გაუქმებული აქტის კანონშესაბამისობა და არა აქტის გაუქმების სამართლებრივი შედეგებია. აქტის ბათილად ცნობა უპირატესად აქტის არამართლზომიერებას ადასტურებს. მნიშვნელოვანია, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს არ დაუდგენია სანებართვო დოკუმენტაციის უკანონობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.04.2014წ. გადაწყვეტილებით სანებართვო დოკუმენტაცია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად იქნა ბათილად ცნობილი და სსიპ არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოში დაიწყო ახალი ადმინისტრაციული წარმოება, თუმცა სსიპ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ სამართალდარღვევის გამოვლენა და სანქციის შეფარდება განხორციელდა სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიერ მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორთა მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, საკასაციო საჩივრებს არ აქვთ წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.11.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე