#ბს-304-304(კ-18) 27 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოსარჩელეები) - მ. ჯ-ე; ე. ნ-ა
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია; ც. გ-ა
მესამე პირები - ზ. ნ-ა (კანონიერი წარმომადგენელი - ც. გ-ა); გ. ქ-ა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ნოემბრის განჩინება
განსახილველი საგანი - სარჩელის გამოხმობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2016 წლის 21 ოქტომბერს მ. ჯ-ემ და ე. ნ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ც. გ-ას მიმართ.
მოსარჩელეებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შექმნილი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 29 მარტს მიღებული #720 გადაწყვეტილებისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შექმნილი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2016 წლის 4 აპრილს გაცემული #365 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა მოითხოვეს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა გ. ქ-ა.
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვის სტადიაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ზ. ნ-ა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ჯ-ისა და ე. ნ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ჯ-ემ და ე. ნ-ამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ნოემბრის განჩინებით მ. ჯ-ისა და ე. ნ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ჯ-ემ და ე. ნ-ამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის განჩინებით კასატორების - მ. ჯ-ისა და ე. ნ-ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; კასატორებს - მ. ჯ-ესა და ე. ნ-ას დაევალათ ხარვეზის შესახებ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარედგინათ დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ - 300 ლარის გადახდის ქვითრის დედანი (მიმღები - ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - TRESGE22; ხაზინის ერთიანი ანგარიშის #200122900; საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150); კასატორებს განემარტათ, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
2018 წლის 10 მაისს მ. ჯ-ემ და ე. ნ-ამ განცხადებით მომართეს საკასაციო სასამართლოს, რომლითაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად, სარჩელის გამოხმობა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის განჩინებით გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა; კასატორებს - მ. ჯ-ესა და ე. ნ-ას დაევალათ ხარვეზის შევსების შესახებ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარედგინათ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადება სარჩელის გახმობის თაობაზე ან მ. ჯ-ის მიერ გაცემული მინდობილობა გ. მ-ასათვის სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში - დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი; კასატორებს განემარტათ, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
2018 წლის 5 ივნისს მ. ჯ-ისა და ე. ნ-ას წარმომადგენელმა - გ. მ-ამ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომელმაც იმ მოტივით, რომ მარწმუნებლები მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდას, ხარვეზის შევსების ვადის ერთი თვით გაგრძელება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივნისის განჩინებით გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა; კასატორებს - მ. ჯ-ესა და ე. ნ-ას დაევალათ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარედგინათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის დედანი; კასატორებს განემარტათ, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
2018 წლის 30 ივლისს მ. ჯ-ემ და ე. ნ-ამ განცხადებით მომართეს საკასაციო სასამართლოს, რომლითაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად, სარჩელის გამოხმობა მოითხოვეს.
2018 წლის 18 სექტემბერს ც. გ-ამ მომართა საკასაციო სასამართლოს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად, თანხმობა განაცხადა მ. ჯ-ისა და ე. ნ-ას მიერ სარჩელის გამოხმობასთან დაკავშირებით.
2018 წლის 31 ოქტომბერს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მომართა საკასაციო სასამართლოს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად, თანხმობა განაცხადა მ. ჯ-ისა და ე. ნ-ას მიერ სარჩელის გამოხმობასთან დაკავშირებით.
2018 წლის 20 დეკემბერს გ. ქ-ამ მომართა საკასაციო სასამართლოს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად, თანხმობა განაცხადა მ. ჯ-ისა და ე. ნ-ას მიერ სარჩელის გამოხმობასთან დაკავშირებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო მ. ჯ-ისა და ე. ნ-ას განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სარჩელი განუხილველად დარჩეს, შემდეგ გარემოებთა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. ამდენად, საკასაციო სასამართლოში სარჩელის გამოხმობა დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ და ც. გ-ამ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი 18.09.18 წ. ბ-1380-18 და 31.10.2018 წ. №ბ-1561-18 განცხადებებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად, თანხმობა განაცხადეს მ. ჯ-ისა და ე. ნ-ას მიერ სარჩელის გამოხმობასთან დაკავშირებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთანავე, მას დაეკისრება მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა. სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდება მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეების - მ. ჯ-ისა და ე. ნ-ას განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, მ. ჯ-ისა და ე. ნ-ას სარჩელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ც. გ-ას მიმართ, მესამე პირების - ზ. ნ-ასა და გ. ქ-ას მონაწილეობით დარჩეს განუხილველი, ხოლო ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებები გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 399-ე, 372-ე, 831 მუხლებით, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ჯ-ისა და ე. ნ-ას განცხადება სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. მ. ჯ-ისა და ე. ნ-ას სარჩელი, მოპასუხეების - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ც. გ-ას მიმართ, მესამე პირების - ზ. ნ-ასა და გ. ქ-ას მონაწილეობით დარჩეს განუხილველი;
3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ნოემბრის განჩინება და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი