ბს-349-349 (კ-18) 05 დეკემბერი, 2018 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2017 წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ა-ემ 24.05.2017წ. სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაფორმების სამმართველოს ქუთაისის განყოფილების მიმართ ზიანის -987,7 აშშ დოლარისა და 953,53 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 15.08.2017წ. გადაწყვეტილებით თ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაფორმების სამმართველოს ქუთაისის განყოფილებას თ. ა-ის სასარგელოდ დაეკისრა 987,7 აშშ დოლარისა და 953,53 ლარის ანაზღაურება, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2017 წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
კასატორი მიიჩნევს, რომ არასწორია მალფუჭებადი პროდუქტის ცნების განმარტებისთვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010წ. N994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობთა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმის წარმოების წესით“ განსაზღვრული განმარტება. აღნიშნული წესი ადგენს რა ითვლება მალფუჭებად საქონლად საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო დავალიანების გამო გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების და რეალიზაციის მიზნებისათვის და არა საქონლის საბაჟო კონტროლის რეჟიმში ყოფნის დროს. სასამართლოს შეეძლო ეხელმძღვანელა საქართველოს მთავრობის 03.01.2014წ. N32 დადგენილებით დამტკიცებული „ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტვირთის გადაზიდვის წესის“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტით, რომლის თანახმად, მალფუჭებადი საქონელი არის საკვები პროდუქტი, რომლის გადაზიდვისას საჭიროა ტემპერატურილი რეჟიმის დაცვა. საქართველოს მთავრობის 31.12.2013წ. N441 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი, რომლის თანახმად, განსაკუთრებით მალფუჭებადი სურსათი, ეს არის პროდუქტი, მათ შორის ხორცი, რძე, თევზი, ბოსტნეული პროდუქტები, საკონდიტრო ნაწარმი, რომელთა შენახვის ვადა აღემატება 72 საათს და ინახება არა უმეტეს 6 გრადუსი ტემპერატურისა. ასევე, სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების ცვლილების ოქმის თანახმად, მალფუჭებადი საქონელი ნიშნავს საქონელს, რომელიც სწრაფად ფუჭდება თავისი თვისებების გამო, განსაკუთრებით შენახვის სათანადო პიროების დაუცველობის შემთხვევაში. მსგავსი განმარტებაა აგრეთვე „ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმების 4.8 მუხლში და „მალფუჭებადი საკვები პროდუქტების საერთაშორისო გადაზიდვებისა და ამ გადაზიდვებისათვის განკუთვნილი სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების შესახებ“ საერთაშორისო შეთანხმებაში.
კასატორი თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში გამოირიცხება თ. ა-ის მიერ შემოტანილი ტვირთის მალფუჭებადობა, რადგან შემოტანილი იყო გაზიანი სასმელები, ამ პროდუქტის გადაზიდვა არ მომხდარა შენახვის განსაკუთრებული პირობების დაცვით, სპეციალური ტრანსპორტით. ის, რომ საბაჟოზე საქონლის შეჩერების პროცესში საქონლის ნაწილს გაუვიდა მოხმარების ვადა, არ ნიშნავს, რომ საქონელი თავისი არსით იყო მალფუჭებადი.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქონლის შეჩერების პროცედურები განხორციელდა „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ კანონით განსაზღვრული წესითა და ვადით. შეჩერების ვადის გაგრძელება მოხდა საქონლის ნიშნის მფლობელის შუამდგომლობით. თ. ა-ეს ჩაბარებული ჰქონდა შეჩერების შესახებ ორივე ბრძანება, თუმცა არც ერთი მათგანი მას არ გაუსაჩივრებია, არც რაიმე ინფორმაციული ხასიათის განცხადება წარუდგენია სსიპ შემოსავლების სამსახურში. საბაჟო დეპარტამენტს არ აქვს ვალდებულება შეამოწმოს საზღვარზე შემოტანილი საქონლის ვარგისიანობის ვადა.
კასატორი თვლის, რომ ზიანის დადასტურების შემთხვევაში მასზე პასუხისმგებელი სუბიექტი „...“ არის, რადგან „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ კანონის 4.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, შესაბამის რეესტრში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეგისტრაციისას აუცილებელ პირობას წარმოადგენს უფლების მფლობელის განცხადება, რითაც იგი იღებს ვალდებულებას, აანაზღაუროს საქონლის შეჩერების შედეგად საქონლის იმპორტიორისთვის, ექსპორტიორისთვის, მფლობელისთვის ან/და სხვა პირისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი. ამდენად, საქმეზე სათანადო მოპასუხე არის „...“, რომელიც მოპასუხედ თუ არა, სავალდებულო მოწვევის მესამე პირად მაინც უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითება, რომ „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ კანონის თანახმად, საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში შემოსავლების სასამხურს უფლება აქვს სათანადო პროცედურების დაცვით 10 სამუშაო დღით შეაჩეროს ტვირთის განბაჟება, ხოლო უკეთუ საქონელი მალფუჭებადია, შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 სამუშაო დღეს (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია, 5.1 მუხ.). ამასთან, შეჩერების ვადა შესაძლებელია 10 სამუშაო დღით გაგრძელდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონელი მალფუჭებადია (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია, 6.2 მუხ.). მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კანონი არ იცნობს მალფუჭებადი საქონლის ცნებას, თუმცა ეს ტერმინი განმარტებულია სხვა არაერთ ნორმატიულ აქტში. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ კანონი ადგენს სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქციის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტის, საწყობის, თავისუფალი ზონის, რეექსპორტისა და ექსპორტის სასაქონლო ოპერაციების შესაბამისად გადაადგილებისას სპეციალურ სასაზღვრო ღონისძიებათა გამოყენების წესს (1-ლი მუხ.). აღნიშნულ სასაზღვრო ღონისძიებებს ახორციელებს სსიპ შემოსავლების სამსახური (მე-3 მუხ.). ამდენად, კანონი აწესრიგებს კონკრეტულ სფეროში საგადასახადო ორგანოს მიერ თავისი უფლება-მოვალეობების განხორციელების წესსა და პროცედურებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას განსახილველ შემთხვევაში „მალფუჭებადი საქონლის“ ცნების განმარტებისას საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010წ. N994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობთა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმის წარმოების წესის“ გამოყენების შესახებ, რომელიც აგრეთვე საგადასახადო ორგანოს მიერ თავისი უფლება-მოვალეობების განხორციელების წესსა და პროცედურებს ეხება.
კასატორი ასახელებს გარკვეულ ნორმატიულ აქტებს, რომლებიც ასევე შეიცავენ მალფუჭებადი პროდუქტის განმარტებას, თუმცა არც ერთი მათგანი არ უკავშირდება სსიპ შემოსავლების სამსახურის საქმიანობას და არ არის გამოცემული საგადასახადო ადმინისტრირების ან ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით. კასატორის მიერ მითითებული აქტების უმრავლესობა ეხება სასურსათო პროდუქციას, მისი გადაზიდვის წესებს, სპეციალური ტემპერატურული რეჟიმის დაცვის საჭიროებას და სხვ., რაც არ შეადგენს განსახილველ დავასთან დაკავშირებულ საკითხებს. ის, რომ „ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმების 4.8 მუხლის მე-6 პუნქტსა და „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების ცვლილების ოქმში“ მალფუჭებადი პროდუქტი განმარტებულია, როგორც პროდუქტები, რომლებიც ბუნებრივი მახასიათებლებიდან გამომდინარე მალე ფუჭდება, განსაკუთრებით, არასათანადო შენახვის პირობებში, არ გამორიცხავს შიდა ნორმატიული აქტით აღნიშნული ტერმინის განსხვავებული განმარტების შესაძლებლობას კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის სპეციალური მახასიათებლების გათვალისწინებით, უკეთუ აღნიშნული უზრუნველყოფს საქონლის მფლობელთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების უფრო მაღალი სტანდარტით დაცვას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ „მალფუჭებადი საქონლის“ განმარტებისას გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010წ. N994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობთა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმის წარმოების წესის“ 48.1 მუხლი, რომლის თანახმად, მალფუჭებადად ითვლება საქონელი, რომლის შენახვის ვადის გასვლამდე დარჩენილია 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თ. ა-ის მიერ შემოტანილი საქონლის ნაწილის ვარგისიანობის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი იყო 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები, ამდენად, განსახილველი სამართალურთიერთობის მიზნებისათვის მიიჩნეოდა მალფუჭებადად, რის გამოც მისი შეჩერება დაშვებული იყო მხოლოდ ერთხელ, არაუმეტეს 3 დღის ვადით („ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 5.1, 6.2 მუხ.). კანონის ამ დანაწესის უგულებელყოფით, სსიპ შემოსავლების სამსახურმა ჯერ 10 სამუშაო დღით შეაჩერა საქონელი, ხოლო შემდგომ აღნიშნული ვადა კიდევ 10 სამუშაო დღით გააგრძელა, რამაც გამოიწვია თ. ა-ის მიერ შემოტანილი საქონლის ნაწილის ვარგისიანობის ვადის გასვლა და ზიანის დადგომა.
არასწორია კასატორ სსიპ შემოსავლების სამსახურის მოსაზრება, რომ ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი სუბიექტია არა ადმინისტრაციული ორგანო, არამედ სასაქონლო ნიშნის მფლობელი, რადგან ზიანი წარმოშობილია საგადასახადო ორგანოს მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით. სასაქონლო ნიშნის მფლობელი საქონლის მესაკუთრისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი სუბიექტია იმ შემთხევაში, თუ სსიპ შემოსავლების სამსახური საქონლის შეჩერებასთან დაკავშირებულ ქმედებებს ახორციელებს „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დაცვით და ამის მიუხედავად მაინც დგება ზიანი. უკეთუ დასტურდება ორგანოს უკანონო ქმედება, რამაც წარმოშვა ზიანი, ანაზღაურების ვალდებულება სწორედ არამართლზომიერად მოქმედ ორგანოს ეკისრება. ამდენად, არასწორია სსიპ შემოსავლების სამსახურის მოსაზრება, მისი არასათანადო მოპასუხედ მიჩნევის შესახებ. კასატორი აგრეთვე ვერ ასაბუთებს საქმეში „...“ სავალდებულო მოწვევის მესამე პირად ჩართვის წინაპირობების არსებობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ვ. როინიშვილი