საქმე Nბს-1158-1152(3კ-17) 13 თებერვალი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1. ა. მ-ი (მოსარჩელე); 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოპასუხე); 3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მაისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. მ-მა 2014 წლის 14 ნოემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ ა. მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების სამმართველოს განკარგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 სექტემბრის №1855517 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ა. მ-ის თანამდებობაზე აღდგენის დავალება მოითხოვა. მოსარჩელემ ასევე გათავისუფლების დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე ა. მ-ისთვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურების გადახდის დაკისრება მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოსათვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით ა. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 სექტემბრის №1855517 ბრძანება ა. მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის ნაწილში; დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტომ და ა. მ-მა. ა. მ-მა სააპელაციო საჩივრით ასევე მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 თებერვლისა და 2015 წლის 16 მარტის საოქმო განჩინებების გაუქმება და მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე საპროცესო ხარჯის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მაისის განჩინებით აპელანტ ა. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; აპელანტ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; აპელანტ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 თებერვლის საოქმო განჩინებები და ამავე სასამართლოს 2015 წლის 16 მარტის განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტომ და ა. მ-მა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტომ იმავე საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც აფუძნებდნენ სააპელაციო საჩივრებს, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ა. მ-მა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც ამყარებდა მოთხოვნას ქვედა ინსტანციის სასამართლოებში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინებით ა. მ-ისა და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოსა და ა. მ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები, გარდა ა. მ-ის საკასაციო საჩივრით მოთხოვნილი მოპასუხეთათვის სასამართლოს გარეშე ხარჯის - წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხეთათვის დაკისრების ნაწილისა, არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოსა და ა. მ-ის საკასაციო საჩივრები, გარდა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხეთათვის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში ა. მ-ის საკასაციო საჩივრისა არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოსა და ა. მ-ის საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, გარდა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხეთათვის დაკისრების მოთხოვნის ნაწილისა სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოსა და ა. მ-ის საკასაციო საჩივრის, გარდა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხეთათვის დაკისრების მოთხოვნის ნაწილისა განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გარდა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხეთათვის დაკისრების მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილისა არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტო და ა. მ-ი, გარდა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხეთათვის დაკისრების ა. მ-ის მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ გარდა ა. მ-ის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხეთათვის დაკისრების მოთხოვნაზე უარის თქმის , სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
საკასაციო პალატა მიუთითებს იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
დადგენილია, რომ სადავო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 სექტემბრის N1855517 ბრძანების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლად მითითებული იყო „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტები, ხოლო შემდგომ ამავე ბრძანებამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლით დადგენილი წესით განიცადა ცვლილება და პრეამბულაში ზემოაღნიშნულ ნორმებთან ერთად ასევე მიეთითა - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, ასევე მე-3 და მე-5 პუნქტები. აღნიშნულის გათვალისწინებით, ა. მ-ის თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძველი გახდა დაწესებულებაში განხორციელებული რეორგანიზაცია.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე, რეორგანიზაციისას საჯარო მოხელის გათავისუფლება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეორგანიზაციას თან შტატების შემცირებაც ახლავს. ამასთან, საჯარო სამსახურის დაწესებულების რეორგანიზაცია არის საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. ამასთან, საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი. მოცემულ შემთხვევაში სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2007 წლის 1 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებულ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საშტატო ნუსხის 2014 წლის 16 სექტემბრის მდგომარეობით სადილერო ცენტრების მომსახურების განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობათა რაოდენობა შეადგენდა 21 ერთეულს, ხოლო 2014 წლის 19 სექტემბრის მდგომარეობით აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს შემადგენლობაში აღარ შედიოდა სადილერო ცენტრების მომსახურების განყოფილება.
სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების სამმართველოში ჩამოყალიბდა სადილერო ცენტრების სამსახური, რომელიც შედგებოდა სამსახურის უფროსის ერთი შტატის, სამსახურის უფროსის მოადგილის ერთი შტატის და უფროსი ინსპექტორის შტატისგან. დასახელებული საშტატო ნუსხების თანახმად, 2014 წლის 16 სექტემბრის მდგომარეობით სსიპ საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გათვალისწინებული იყო ოფიცრის 534 შტატი და რიგითის 41 შტატი. რეორგანიზაციის შემდეგ, 2014 წლის 19 სექტემბრის მდგომარეობით გათვალისწინებული იყო ოფიცრის 536 შტატი და რიგითის 39 შტატი. შტატების საერთო რაოდენობა არ შეცვლილა. ოფიცრის შტატი გაიზარდა 2 ერთეულით და ამავდროულად რიგითის შტატი შემცირდა 2 ერთეულით. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტება, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს, ანუ, იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება მოვალეობების შესრულებას. შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ შეფასება უნდა მისცეს საქმეში წარმოდგენილ მასალებს, იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ ადგილი ჰქონდა რეორგანიზაციას, რომელსაც თან მოჰყვა შტატების შემცირება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ა. მ-ის საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ. საკასაციო საჩივარი ძირითადად შემოიფარგლება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან ზოგადი მსჯელობების ციტირებით, რომელიც კონკრეტული საქმის გადაწყვეტისათვის არ არის რელევანტური და კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ უსწორობაზე, გარდა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხეთათვის დაკისრების მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილისა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოსა და ა. მ-ის საკასაციო საჩივრების, გარდა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხეთათვის დაკისრების ა. მ-ის მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილისა, დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოსა და ა. მ-ის საკასაციო საჩივრები, გარდა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხეთათვის დაკისრების მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილისა არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ა. მ-ის საკასაციო საჩივრის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხეთათვის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში დასაშვებობის საფუძველი, ვინაიდან, ა. მ-ის საკასაციო განაცხადი აღნიშნულ ნაწილში მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. მ-ის საკასაციო საჩივარი წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხეთათვის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული და განხილულ იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოსა და ა. მ-ის საკასაციო საჩივარი გარდა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხეთათვის დაკისრების ა. მ-ის მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილისა, მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 მაისის განჩინება გარდა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხეთათვის დაკისრების მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილისა;
3. ა. მ-ის საკასაციო საჩივარი წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხეთათვის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში მიჩნეულ იქნეს დასაშვებად და მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად;
4. ა. მ-ის საკასაციო საჩივრის განხილვა დაშვებულ ნაწილში დაინიშნოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც ეცნობოთ მხარეებს;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე