საქმე Nბს-632-632(კ-18) 18 სექტემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ. დ-ე (მოსარჩელე)
მესამე პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის
დეპარტამენტი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 7 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 06 თებერვალს მ. დ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც მ. დ-ე განთავისუფლებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საქმისწარმოების ორგანიზების (კანცელარიის) ქვეგანყოფილების ... პოზიციიდან.
სასარჩელო მოთხოვნათა და მოპასუხეთა წრის დაზუსტების შემდეგ მოსარჩელემ მოპასუხედ დაასახელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და მოითხოვა ,,თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 4 იანვრის №25192 ბრძანების ბათილად ცნობა მ. დ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის ნაწილში; ,,შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 2 მაისის №1040710 ბრძანების ბათილად ცნობა მ. დ-ის დათხოვნის ნაწილში; მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ახალი
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მ. დ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საქმისწარმოების განყოფილების ... თანამდებობაზე აღდგენის შესახებ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის დავალება მ. დ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება მისი კადრების განკარგულებაში გადაყვანის დღიდან მის სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით, კადრების განკარგულებაში ყოფნისას ანაზღაურებული 2 თვის შრომითი გასამრჯელოს გათვალისწინებით (გამოკლებით).
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ,,თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის იანვრის №25192 ბრძანება მ. დ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ,,შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 2 მაისის №1040710 ბრძანება მ. დ-ის დათხოვნის ნაწილში; დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ. დ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საქმისწარმოების განყოფილების ... თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მ. დ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება მისი კადრების განკარგულებაში გადაყვანის დღიდან მის სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით, კადრების განკარგულებაში ყოფნისას ანაზღაურებული 2 თვის შრომითი გასამრჯელოს გათვალისწინებით (გამოკლებით).
2017 წლის 16 ოქტომბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა - ქ. რ-ამ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტისა და 269-ე მუხლების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის-ქ. რ-ას შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ოქტომბრის №3/876-17 გადაწყვეტილება მ. დ-ის საქართველოს შინაგან საქმეთ სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საქმისწარმოების განყოფილების ... თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში; დანარჩენ ნაწილში შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
2017 წლის 3 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა კერძო საჩივრით და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამარლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 7 თებერვლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 7 თებერვლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთ სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ კოლეგიის 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 7 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული და მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 02 მაისის №1040710 ბრძანება გამოცემულია კანონის სრული დაცვით და არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. კასატორის მითითებით, უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მ. დ-ე მუშაობდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საერთო განყოფილების (კანცელარია) ... თანამდებობაზე, საიდანაც შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული („საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“) წესის 34-ე, 35-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, მ. დ-ე მინისტრის 2017 წლის 4 იანვრის №25192 ბრძანების საფუძველზე განთავისუფლდა თანამდებობიდან და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის №3258147 „საშტატო-საორგანიზაციო“ ბრძანებით განხორციელდა რეორგანიზაცია, კერძოდ შეტანილ იქნა ცვლილება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საშტატო განრიგში. აღნიშნული ცვლილების შედეგად მთლიანად გაუქმდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საერთო განყოფილება, სადაც მუშაობდა მოსარჩელე, რაც გახდა საფუძველი მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განყოფილებაში აყვანისა. ამდენად, ის საშტატო ერთეული, რომელზეც მუშაობდა მოსარჩელე შემცირდა და კანონის სრული დაცვით განხორციელდა მისი კადრების განკარგულებაში აყვანა, ხოლო ოთხი თვის შემდეგ სამსახურიდან დათხოვნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების თანახმად, დადგენილია, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საერთო განყოფილების (კანცელარია) ... (საქმისმწარმოებელი) მ. დ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის საფუძველი გახდა რეორგანიზაციის შედეგად შესაბამისი საშტატო ერთეულის გაუქმება (შემცირება).
დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ გარკვეული ცვლილებები განხორციელდა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის N3258147 ბრძანებით ცვლილება შევიდა ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 დეკემბრის N1549 ბრძანებით დამტკიცებულ თანდართულ საშტატო განრიგში, რის შედეგადაც გაუქმდა საერთო განყოფილების (კანცელარიის) ყველა თანამდებობა, განსაზღვრული 28 საშტატო ერთეულით და შეიქმნა საქმისწარმოების განყოფილება 24 საშტატო ერთეულით, მათ შორის გათვალისწინებულ იქნა ... 17 საშტატო ერთეული, ხოლო საქმისწარმოების ორგანიზების ქვეგანყოფილება საერთოდ არ იქნა გათვალისწინებული, ამდენად, გაუქმდა სწორედ ქვეგანყოფილებაში შემავალი 4 საშტატო ერთეული.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლები მითითებულია „პოლიციის შესახებ“ კანონის 41-ე მუხლში. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება. ამდენად, უდავოა, რომ დაწესებულებაში მიმდინარე რეორგანიზაცია მხოლოდ მაშინ ქმნის მოხელის გათავისუფლების საფუძველს, როცა მას შედეგად მოჰყვება შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირება. რიგი სტრუქტურული ერთეულების/ქვეგანყოფილებების (სამმართველოების) გაუქმება არ გულისხმობს იმას, რომ საშტატო ერთეული, რომელიც მოსარჩელეს ჰქონდათ დაკავებული სამსახურიდან გათავისუფლებამდე, ფუნქციურად აღარ არსებობს. ამასთან, მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისას, ის საშტატო ერთეული, რომელსაც იგი იკავებდა გათავისუფლებამდე, რეალურად არ გაუქმებულა, მის მიერ დაკავებული თანამდებობის ფუნქციები არსებითად არ შეცვლილა, ასევე არ შეცვლილა უფლება - მოვალეობები, რომელსაც ის სამსახურიდან გათავისუფლებამდე ახორციელებდა. ამდენად, მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ მ. დ-ის თანამდებობიდან განთავისუფლების ბრძანებაში მითითებული სამართლებრივი საფუძველი არ შეესაბამება და წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობის მოთხოვნებთან, რაც მისი მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველს ქმნის.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 7 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე