№ბს-900(2კ-18) 26 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 10 თებერვალს ა. წ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 27 ივნისის №001191 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 7 ნოემბრის №1-2113 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივნისის სასამართლო სხდომაზე დაზუსტდა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად მიეთითა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა, წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 7 ნოემბრის №1-2113 ბრძანება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 27 ივნისის №001191 დადგენილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა. აპელანტმა - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. აპელანტმა - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. კასატორები საკასაციო საჩივრებს აფუძნებდნენ ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც მიუთითებდნენ სააპელაციო საჩივრებში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოცემული სამართალურთიერთობა წარმოიშვა სამშენებლო სამართალდარღვევათა სფეროში, კერძოდ, სადავო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 27 ივნისის №001191 დადგენილებით ა. წ-ი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაჯარიმდა 10000 ლარით. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ... ქ. №28-ის (ს/კ ...) მიმდებარედ კაპიტალური შენობა-ნაგებობების უნებართვო მშენებლობა და მსუბუქი კონსტრუქციის ღობის მოწყობა. ამავე დადგენილებით მასვე დაევალა უკანონო მშენებლობისა და ღობის დემონტაჟი. განსახილველ შემთხვევაში საყურადღებოა ის გარემოება, რომ ა. წ-ი მართალია წარმოადგენს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლით განსაზღვრულ სამშენებლო სამართალდარღვევაზე პასუხისმგებელ სუბიექტს, მაგრამ საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია იმ გარემოების დადგენა, დაჯარიმების დროს ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან რამდენად სრულყოფილად იქნა ჩატარებული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, დაცულ იქნა თუ არა სრულად ყველა წესი და პირობა, რაც დაკავშირებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ დასაბუთებას სამშენებლო სამართალდარღვევაზე პასუხისმგებელი სუბიექტის ასაკთან მიმართებაში გაკეთებულ განმარტებაზე, რომ მოცემული ურთიერთობისათვის ა. წ-ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ასაკი უნდა განისაზღვროს სამოქალაქო კოდექსით და არა ადმინისტრაცილ სამართალდარღვევათა კოდექსით და განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან, რაც გაგებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით (ისე, როგორც სხვა ნორმატიული აქტებით) გათვალისწინებული სამართალდარღვევები, ამავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობის ნაწილს, რასაც ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლო და მიუთითებს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა მართლაც წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთ სპეციფიკურ სახეს. განსახილველ შემთხვევაში სახეზეა სამშენებლო კანონმდებლობით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალურთიერთობის სფეროში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. სამშენებლო სამართალდარღვევის გამოვლენა და შემდგომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესები და პირობები განსაზღვრულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით. მითითებული კოდექსით დადგენილი არ არის სამშენებლო ურთიერთობისათვის პასუხისმგებლობის სუბიექტი ფიზიკური პირის ასაკი, შესაბამისად, ამგვარ ვითარებაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირის ასაკი უნდა განისაზღვროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი პირის ქმედუნარიანობის მიხედვით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-13 მუხლით განისაზღვრა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევ სუბიექტთა ერთიანი ასაკობრივი ზღვარი, კერძოდ, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისთვის 16 წლის ასაკს მიღწეულ პირს. მოცემულ შემთხვევაში კი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული გარემოება არ არის დადგენილი. ამასთან, მართალია 16 წლის ასაკს მიღწეულ პირს შეიძლება დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, თუმცა ის სამართალდარღვევის საქმის წარმოებაში უნდა მონაწილეობდეს წარმომადგენლის მეშვეობით. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა. წ-ი დაიბადა 1998 წლის 9 ივნისს და მას 18 წელი შეუსრულდა 2016 წლის 9 ივნისს. შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის დაწყების დროისათვის ა. წ-ი არასრულწლოვანი იყო. საქმის მასალებით კი არ დგინდება, რომ მითითების შედგენის დროს ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში საქმის განხილვისას ა. წ-ს თან ახლდა კანონიერი წარმომადგენელი. ამასთან დადგენილია, რომ სადავო შენობაში მოსარჩელე ცხოვრობს ოჯახის წევრებთან ერთად და მათთან გასაუბრებაც ასევე არ მომხდარა. სადავო დადგენილების გამოცემისას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური დაეყრდნო მხოლოდ ა. წ-ის განმარტებას (რომელიც იმ დროისათვის არასრულწლოვანი იყო; ხოლო კანონიერი წარმომადგენლის იქ ყოფნის ფაქტი არ დასტურდება), რომ მან ჩაიდინა სამართალდარღვევა. სხვა სავარაუდო სამართალდარღვევის არსებობა/არარსებობის ფაქტი ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი