საქმე №ბს-1071 (კ-18) 6 ნოემბერი, 2018 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - დ. დ-ო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება.
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. დ-ომ 2017 წლის 12 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში სარჩელი აღძრა მოპასუხის - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 13 სექტემბრის ,,მიწის ნაკვეთზე დ. დ-ოს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ" №1434 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. დ-ოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 13 სექტემბრის №1434 განკარგულება „მიწის ნაკვეთზე დ. დ-ოს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ქ. თბილისში, ..., ... ქუჩა, ჩიხი ... №...-ს მიმდებარედ მდებარე 479 კვმ.მეტრ მიწის ნაკვეთზე დ. დ-ოს მოთხოვნასთნ დაკავშირებით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. დ-ოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. დ-ომ და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ასევე გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.
კასატორი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინებაზე (საქმე №ბს-799-795(კ-17) მითითებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე განსხვავდება საქართველოს უზენასეს სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან, რაც საქათველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველია, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ კასატორს (მოსარჩელეს) უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე იმ გარემოებებზე მითითებით, რაც სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ არის ასახული და რაზეც აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ უმსჯელია.
კასატორი მიუთითებს, რომ დ. დ-ოს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ სადავო განკარგულებაში უარის თქმის საფუძვლად მიუთითა მხოლოდ ის, რომ დ. დ-ოს საკუთრებაში არსებული და მოთხოვნილი მომიჯნავე მიწის ნაკვეთი არ არის შემოსაზღვრული სასაზღვრო მიჯნით, შესაბამისად, არ დასტურდება განმცხადებლის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი. როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ის მიუთითებდა, რომ უძრავ ნივთს აქვს სასაზღვრო მიჯნა. ვიზუალურად აღნიშნული მიჯნა არ ჩანს აეროგადაღებაზე (ორთოფოტოზე), ვინაიდან ღობეს ფარავს ხეები. აღნიშნული გარემოება არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, არ ჩატარდა ადგილზე დათვალიერება, მას არ მიეცა ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. აღიარების კომისიის გადაწყვეტილებიდან უნდა იკვეთებოდეს, თუ რა ფაქტობრივ საფუძვლებს დაეყრდნო კომისია დასკვნის გაკეთების პროცესში, ამასთან უნდა დასტურდებოდეს, მომხდარია თუ არა განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლა-გამოკვლევა და რით არის განმცხადებლის მოთხოვნა უარყოფილი.
კასატორი აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილი. იმისთვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მეტად მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა კომპლექსური შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეცდომა და ამის საფუძველზე დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. დაინტერესებული პირის უფლებების დაუსაბუთებული შეზღუდვის პრევენციისთვის საჭიროა ადმინისტრაციულ წარმოებაში მისი მონაწილეობა, რათა მას მიეცეს მოსაზრებების წარდგენისა და საკუთარი ინტერესების დაცვის გარანტია (საქართველოს უზენაესი სასამართლო,28/01/2010 საქმე№ ბს-1098-1054(კ-09)).
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ შეითავსა ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქცია, კერძოდ, სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მოსარჩელეს უარი უთხრა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმ არგუმენტებზე მითითებით, რაც მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სადავო აქტში მითითებული არც კი ჰქონია. კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 1 აგვისტოს წერილზე, საიდანაც დგინდება, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია სარეკრეაციო ზონაში (რზ-2). მასზე გათვალისწინებულია თბილისის ზღვის დროებითი და ასაფრენი სპეციალური შეზღუდვა. აქვე სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე და დაასკვნა, რომ განსახილველი მიწის ნაკვეთი საერთოდ არ ექვემდებარება აღიარებას, რის გამოც საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით მეორეხარისხოვანი ხდება. კასატორი მიიჩნევს, რომ ამ საფუძვლით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი დაუსაბუთებელია, ვინაიდან არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან „სარეკრეაციო ზონისა“ და „აღიარების კანონში“ მითითებული „სარეკრეაციო ტერიტორიის“ შინაარსობრივ იდენტურობას. ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს არც რეკრეაციული დანიშნულების პარკს, არც ტყე-პარკს და არც სკვერს. კასატორი მიუთითებს, რომ მისი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი და მის მიერ წარდგენილ იქნა ყველა ის დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად უნდა დასდებოდა საკუთრების უფლების აღიარებას.
კასატორი აღნიშნავს, აღიარების კომისიას სადავო აქტში სრულად რომ აესახა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზეზები, მას მიეცემოდა მისთვის სამართლებრივი დაცვის საშუალება, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ უხეშად დაარღვია მოსარჩელის კანონით დაცული უფლებები, ხოლო სააპელაციო სასამართლომ შეითავსა ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციები და შეავსო ის ხარვეზები, რაც სადავო აქტში აღმოაჩინა. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზეზებს განმცხადებელს განუმარტავს არა აქტის მიმღები ადმინისტრაციული ორგანო სადავო აქტში, არამედ სასამართლო, რითაც უხეშად ირღვევა კასატორის კანონით დაცული უფლებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება სრულად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით დ. დ-ოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. დ-ოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რამდენადაც სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 1 აგვისტოს წერილით, დადგენილად მიიჩნია, რომ ..., ... ქუჩა N..., ჩიხი N...-ის მიმდებარედ 497 კვ.მ მიწის ნაკვეთი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია სარეკრეაციო (რზ-2) ზონაში და მასზე გათვალისწინებულია თბილისის ზღვის დროებითი და ასაფერენი სპეციალური შეზღუდვა, ასეთი გარემოების არსებობის დადასტურებისას მართებულია სასამართლოს მიერ ,,ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტის გამოყენება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული აქტის გამოცემამდე (13.09.2017წ.) ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 1 აგვისტოს წერილით დადასტურებულია განმცხადებლის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის სარეკრეაციო (რზ-2) ზონაში მოქცევის ფაქტი, შესაბამისად, არსებობდა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავი გარემოებები, განსხვავებით კასატორის მიერ პრაქტიკის სახით მითითებული საქმისგან (18.12.2017 წლის განჩინება, №ბს-799-795(კ-17) სადაც სარეკრეაციო ზონის არსებობის თაობაზე მითითება მოხდა მხოლოდ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. ამდენად, საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ დ. დ-ოს მიერ არათუ ვერ იქნა წარდგენილი თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის კანონმდებლობით გათვალიწინებული საკმარისი დოკუმენტები, არამედ საკუთრების უფლების აღიარება ეწინააღმდეგებოდა კანონმდებლობას, ფიზიკური პირის დაინტერესებაში მყოფი მიწის ნაკვეთის სარეკრეაციო (რზ-2) ზონაში არსებობის გამო, რაც გამორიცხავს სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასა და ახალი ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას ადმინისტრაციული ორგანოსათვის.
კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. დ-ოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება;
3. კასატორს - დ. დ-ოს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 27.08.2018წ. №0 საგადასახადო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე