საქმე Nბს-413-413(2კ-18) 10 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოპასუხე), სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მესამე პირი)
მოწინააღმდეგე მხარე - უ. ბ-ე (მოსარჩელე)
მოპასუხეები − სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის
ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
უ. ბ-ემ 2015 წლის 28 ივლისს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის მიმართ და მოითხოვა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2010 წლის №01221725 მიმართვის ბათილად ცნობა, უ. ბ-ის მფლობელობასა და ფაქტობრივ საკუთრებაში არსებული, 2500 კვ.მ. ფართის საკომლო მიწის ნაწილში; სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, საჯარო რეესტრის ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 19 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 23 ივლისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და უ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საკომლო ქონებაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 23 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგის 2017 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით უ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2010 წლის 28 აპრილის №01-22/1725 მიმართვა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო საკუთრების უფლების დარეგისტრირების შესახებ, 2500 კვ/მ-ის ნაწილში (მოსარჩელის საკადასტრო ნახაზის მიხედვით); ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 19 ივნისის №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 23 ივლისის №... გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, უ. ბ-ის მიერ წარდგენილ №... სარეგისტრაციო განაცხადზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ რომელთაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლოში მიუთითებდნენ საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2010 წლის 28 აპრილის №01-22/1725 მიმართვაზე თანდართულ საკადასტრო აზომვითი ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებით მოცული იქნა უ. ბ-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული 2500 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, რომლის საკუთრების უფლებასაც მოითხოვდა მოსარჩელე საჯარო რეესტრში 2016 წლის 18 აგვისტოს №... განაცხადით, ხოლო მისი უფლება დასტურდება ხელვაჩაურის არქივის 2015 წლის 03 ივნისის AA2015038459-03 ცნობითა და 2016 წლის 29 სექტემბერს გაცემული, №01-20/788 საარქივო ცნობით. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ სახეზეა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2010 წლის 28 აპრილის №01-22/1725 მიმართვის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, 2500 კვ/მ-ის ნაწილში (მოსარჩელის საკადასტრო ნახაზის მიხედვით), რამდენადაც სახეზეა ამ აქტის გამოცემის შედეგად მოსარჩელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი.
რაც შეეხება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებულ გადაწვეტილებებს, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 19 ივნისის №... გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 23 ივლისის №... გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით იქნა გამოცემული. სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოურკვევიათ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნები ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისას გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, შესაბამისად, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის წინაპირობები.
კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე