Facebook Twitter

საქმე Nბს-472-472(კ-კს-18) 17 ივლისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - კერძო საჩივრის ავტორი _ ნ. პ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - ლ. ქ-ი (მესამე პირი), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური (მოპასუხე)

მესამე პირი - ო. ს-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება/განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ივნისის განჩინება

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 23 ოქტომბერს ნ. პ-მა სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 10 ივნისის №..., 2013 წლის 10 ივნისის №... და 2013 წლის 11 ივნისის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, რითაც დარეგისტრირდა საკადასტრო კოდით ... მ. რ-ის სახელზე უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი 600 კვ.მ., ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 25 აგვისტოს №... სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და 2014 წლის 25 სექტემბრის №... სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ნ. პ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ მის სახლთან მდებარე მიწის ნაკვეთზე - 2226 კვ.მ. ფართზე.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ო. ს-ი.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 10 ივნისის №..., 2013 წლის 10 ივნისის №... და 2013 წლის 11 ივნისის №... გადაწყვეტილებები, რითაც დარეგისტრირდა საკადასტრო კოდით ... მ. რ-ის სახელზე უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი 600 კვ.მ., ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 25 აგვისტოს №... სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და 2014 წლის 25 სექტემბრის №... გადაწყვეტილებები სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე და მოპასუხეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების, კერძოდ, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების საფუძვლად დადებული დოკუმენტების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების შედეგად გამოსცეს კანონის ნორმების შესაბამისად დასაბუთებული ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ქ-მა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ივნისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის, ლ. კ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ნ. პ-ის სარჩელზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 25 აგვისტოს №... სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და 2014 წლის 25 სექტემბრის №... სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებათა ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ნ. პ-მა.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის განჩინებით დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ მოხდა ნ. პ-ის სარჩელზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურისა 2014 წლის 25 აგვისტოს №... სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების და 2014 წლის 25 სექტემბრის №... სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებათა ბათილად ცნობის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტა, იმ საფუძვლით, რომ სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე ის ვალდებული იყო ადმინისტრაციული საჩივრით მიემართა ადმინისტრაციული ორგანოსათვის ადმინისტრაციული საჩივრით, ვინაიდან ასეთი ადმინისტრაციული საჩივარი მის მიერ წარდგენილ იქნა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში 2014 წლის 15 სექტემბერს, მას შემდეგ რაც მიიღო 2014 წლის 25 აგვისტოს №... სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება. აღნიშნული საჩივარი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეგისტრაციაში გატარდა როგორც შეჩერების გადაწყვეტილებით მითითებული ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ წარდგენილ განცხადებად და ვინაიდან შეჩერების საფუძველი არ იქნა აღმოფხვრილი სარეგისტრაციო სამსახურმა 2014 წლის 25 სექტემბერს მიიღო №... სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება.

კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მის მიერ დაცულია საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ერთჯერადად, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის ვალდებულება და სახეზეა სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის განჩინების გაუქმების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ქ-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. პ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით არასწორად მოხდა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასება და შესაბამისად, არასწორად იქნა განმარტებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. პ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. პ-ის კერძო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მიწის რეფორმის შემდგომ 1995 წლის 20 აპრილის მიღება-ჩაბარების №96 აქტით, მცხეთის რაიონის ... მცხოვრებს ნ. შ. პ-ს გადაეცა მიწა ერთი ჰექტარი ოთხ ნაკვეთად, ხოლო სახლთან მიმდებარე მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს 0,14 ჰა. საქმეში ასევე წარმოდგენილია მცხეთის გამგეობის მიერ გაცემულ1998 წლის 25 მაისის №95 წერილობითი ცნობის ქსეროასლი, რომლის შინაარსშიც მითითებულია, რომ ... მცხოვრებ ნ. პ-ის სახელზე ირიცხება 1 ჰა მიწის ფართობი, მათ შორის სახლთან მიმდებარე 0.24ჰა. დადგენილია, რომ წარმოდგენილ ქსეროასლში სახლთან მიმდებარე ფართობის მოცულობა 0,24ჰა ჩასწორებულია. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 14 აპრილის საქმე №3/131-13 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების გამოცემა 1905 კვ.მ, 2451 კვ.მ და 3430 კვ.მ მიწის ნაკვეთებზე მოსარჩელის ნ. პ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე 1995 წლის 20 აპრილის მიწის მიღება - ჩაბარების №96 აქტისა და 1995 წლის 03 აპრილის მიწის ნაკვეთის მიღება -ჩაბარების აქტის საფუძველზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ნ. პ-მა საჯარო რეესტრისაგან მოითხოვა საჯარო რეესტრს ეწარმოებინა სარეგისტრაციო წარმოება მის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, რომელიც მისივე ინიციატივით შემცირებულია მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულ მონაცემებთან, სწორედაც აღნიშნული განცხადების საფუძველზე ნ. პ-ის, გ. ბ-ისა და ს. ბ-ის სახელზე დარეგისტრირებულ იქნა მიწის ნაკვეთები 2451კვ.მ., 1905 კვ.მ., 3430კვ.მ. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ ნ. პ-ის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მცხეთის რაიონის სოფელ ... ნ. შ. პ-ის სახლთან მიმდებარე მიწის ნაკვეთის ფართის 2226 კვ.მ. კუთვნილების დამადასტურებელი მტკიცებულება.

საკასაციო პალატა, იმის გათვალისწინებით რომ, სადავო მიწის ნაკვეთის ფართზე ვერ იქნა დადგენილი მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ არ არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 32-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მ. რ-ის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ (საკადასტრო კოდი ...) მიწის ნაკვეთი 600 კვ.მ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 10 ივნისის №..., 2013 წლის 10 ივნისის №... და 2013 წლის 11 ივნისის №... გადაწყვეტილებების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

რაც შეეხება 2017 წლის 8 ივნისის განჩინებით ნ. პ-ის სარჩელზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 25 აგვისტოს №... სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და 2014 წლის 25 სექტემბრის №... სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებათა ბათილად ცნობის ნაწილში, საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, ნ. პ-ის მიერ 2014 წლის 15 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ადმინისტრაციული საჩივარი, თუმცა განსახილველ საქმეზე მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არარსებობა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლის გამოვლენა გამორიცხავს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ნ. პ-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე, 412-ე მუხლებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. პ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება;

3. კასატორს - ნ. პ-ს (პ/ნ...) დაუბრუნდეს 20.02.2018წ. №0 საგადასახადო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის- 300 (სამასი) ლარის 70% - 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. ნ. პ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ივნისის განჩინება;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე