Facebook Twitter

ბს-96-96 (კ-18) 01 ნოემბერი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ხ., მ. და ნ. ე-ეების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.06.2017წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

10.08.2015წ. ხ. ე-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ქედის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 18.05.2015წ. №... და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 14.07.2015წ. № ... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 12.08.2015წ. განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 02.09.2016წ. განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ: მ., თ., ქ., ნ. ე-ეები და ც. ბ-ე.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 21.09.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ხ., მ., ნ. და თ. ე-ეების მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.06.2017წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 21.09.2016წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ხ., მ., ნ. და თ. ე-ეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს. კასატორები აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები, ვინაიდან არ გაითვალისწინა 05.02.1998წ. გაცემული მეკომურთა კრემის №1 ოქმის არსებობა, რომლითაც ხ. ე-ეს გამოეყო 0.13 ჰა სახნავი მიწა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, კერძოდ, მიწის ნაკვეთის მიზომვის აქტის არ არსებობა არ შეიძლებოდა გამხდარიყო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან აღნიშნული აქტის შედგენის ვალდებულება ჰქონდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და არა მოქალაქეს. ხ. ე-ის მეზობლებს პრეტენზია გააჩნიათ შენობის ხ. ე-ისთვის მიკუთვნებაზე, რაც გაიზიარა მარეგისტრირებელმა ორგანომ და სასამართლომ, თუმცა ისე გაუქმდა ხ. ე-ის საკუთრების უფლება შენობასა და მიწაზე, რომ არავის დაუდგენია, სად გამოეყო ხ. ე-ეს 0.13 ჰა მიწის ნაკვეთი. იმის გათვალისწინებით, რომ სადავო არ იყო ხ. ე-ისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის საკითხი, არასწორია ხ. ე-ის საკუთრების უფლების სრულად გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.06.2018წ. განჩინებით განუხილველად დარჩა საკასაციო საჩივარი თ. ე-ის ნაწილში, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხ., მ. და ნ. ე-ეების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია მოთხოვნა უსაფუძვლოდ, ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდებოდა ხ. ე-ისთვის მთლიანი შენობის გამოყოფა, ხოლო მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობის თაობაზე უტყუარი მტკიცებულება ხ. ე-ის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა. მხოლოდ მეკომურთა კრემის 05.02.1998წ. №1 ოქმის წარდგენა მარეგისტრირებელ ორგანოში, რომლითაც ხ. ე-ეს გამოეყო 0.13 ჰა სახნავი მიწა, არ იყო საკმარისი შენობასა და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტი არ ადასტურებდა შენობის გადაცემას, ვერ დგინდებოდა მიწის ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა, ამასთან, ხ. ე-ის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი არ შეესაბამებოდა მის მიერვე წარდგენილ კრების ოქმის შინაარსს. ხ. ე-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული ქედის სარეგისტრაციო სამსახურის 18.05.2015წ. №... გადაწყვეტილებით, ხოლო ამავე სარეგისტრაციო სამსახურის 25.05.2015წ. №... გადაწყვეტილებით ხ. ე-ის განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, რომლითაც ხ. ე-ეს განესაზღვრა ვადა კორექტირებული აზომვითი ნახაზის წარდგენისათვის. ხ. ე-ის მიერ აღნიშნული ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი, რაც სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ ქედის სარეგისტრაციო სამსახურის 25.06.2015წ. №... გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ უსაფუძვლოა კასატორების მოსაზრება იმის შესახებ, რომ არასწორად გაუქმდა გადაწყვეტილოება ხ. ე-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ხ. ე-ეს მიეცა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების შესაძლებლობა კორექტირებული აზომვითი ნახაზის წარდგენის გზით, რაც მას არ განუხორციელებია, ხოლო მარეგისტრირებელ ორგანოს ან სასამართლოს არ აქვს უფლებამოსილება შეადგინოს მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი, აღნიშნული ვალდებულება კანონმდებლობით განმცხადებელს ეკისრება (საქართველოს იუსტიციის მინისტრის 15.01.2010წ. №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 25-ე, 30-ე მუხ.).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ხ., მ. და ნ. ე-ეების საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთანავე, ჯ. ქ-ს (პ/ნ ...) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 23.01.2018წ. N0 საგადასახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხ., მ. და ნ. ე-ეების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.06.2017წ. განჩინება;

3. ჯ. ქ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 23.01.2018წ. N0 საგადასახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი