Facebook Twitter

ბს-216-216(2კ-18) 01 ნოემბერი, 2018წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.2017წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. გ-ამ 30.05.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოპასუხედ დამატებით მიეთითა სსიპ შემოსავლების სამსახური. რ. გ-ამ მოითხოვა: საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის 15.03.2016წ. ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 27.04.2016წ. გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის ბათილად ცნობა და სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის საქონლის მოსაქცევად მოსარჩელის მიერ სასაქონლო ოპერაციის შერჩევის ნების დართვის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.02.2017წ. გადაწყვეტილებით რ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი რ. გ-ას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ შემოსავლების სამსახურის 15.03.2016წ. N6555 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 27.04.2016წ. გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი, სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა ნება დართოს რ. გ-ას შეარჩიოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო ოპერაცია საქონლის მოსაქცევად. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩვირდა სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ.

კასატორმა საქართველოს ფინანსთა სამინსტრომ აღნიშნა, რომ საქართველოში ეკონომიკური საქმიანობისათვის შემოტანილი საქონელი საჭიროებს დეკლარირებას. უკანასკნელი 4 წლის მანძილზე რ. გ-ამ 8-ჯერ გადაკვეთა საზღვარი, შესაბამისად იგი ინფორმირებული იყო საბაჟო პროცედურების შესახებ. სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას და საქონლის ჩამორთმევისას საუბარი მიმდინარეობდა რუსულ ენაზე, ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ არ განემარტა თავისი უფლება-მოვალეობები, არასწორია. სამართალდარღვევის ოქმი ბათილად იქნა ცნობილი პროცედურული დარღვევის გამო, რაც არ გამორიცხავს სამართალდარღვევის არსებობას. ამასთანავე, ოქმის ბათილად ცნობა არ ათავისუფლებს რ. გ-ას საქონლის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის ვალდებულებისაგან.

კასატორმა სსიპ შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანის ნორმატიულად დადგენილ პროცედურებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქონლის შემოტანა განხორციელდა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით და მისგან მალულად, საზღვარზე შემოსვლისას რ. გ-ამ არ მოახდინა საქონლის დეკლარირება, ამდენად მართლოზმიერი იყო მისთვის საგადასახადო ვალდებულების დაკისება იმპორტის თანხის ოდენობით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართლადარღვევის ოქმის ბათილად ცნობა, მათ შორის პროცედურული საფუძვლით, იწვევს პირის გათავისუფლებას პასუხისმგებლობისაგან, რადგან პირი აღარ მიიჩნევა სამართალდამრღვევად. ამდენად, საქმის მასალების მიხედვით, დადგენილი წესით არ არის დადასტურებული რ. გ-ას მიმართ სამართალდარღვევის ჩადენა - საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

ამასთანავე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 26.07.2012წ. N290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის“ 2.2 მუხლის მიხედვით, საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის წარდგენის ვალდებულება აქვს საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადამაადგილებელ პირს. ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის შემოტანისას (ინსტრუქციის 21.7 მუხ.). საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას, რომ სასაქონლო ოპერაციის კონკრეტული სახის გამოყენება დამოკიდებულია განსახორციელებელ ქმედებაზე, დამატებით მნიშვნელოვანია გადაადგილებული საქონლის ღირებულება და შემოტანის დანიშნულება. განსახილველ შემთხვევაში უტყუარად არ დასტურდება, რომ საქონლის შემოტანა განხორციელდა ეკონომიკური მიზნით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.2017წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ.ვაჩაძე

ვ. როინიშვილი