ბს-397-397(2კ-18) 08 ნოემბერი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.11.2017 წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი/მ ნ. დ-ამ 21.04.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურის 22.09.2014წ. საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 14.11.2014წ. ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 26.03.2015წ. გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.12.2015წ. გადაწყვეტილებით ი/მ ნ. დ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებულ ნაწილში ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 26.03.2015წ. გადაწყვეტილება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 14.11.2014წ. ბრძანება და სსიპ შემოსავლების სამსახურის 22.09.2014წ. საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.11.2017 წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ მიმდინარე საქმეზე სადავოდ გამხდარი დარიცხვა უკვე აღიარებულია, რადგან მისი დარიცხვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციის და არა ადმინისტრაციული ორგანოს ბრძანების საფუძველზე. კასატორები მიიჩნევენ, რომ აუქციონზე ინდივიდუალური მეწარმის ქონების იძულებით რეალიზაცია წარმოადგენს დღგ-თი დასაბეგრ ოპერაციას, რადგან ხორციელდება საქონლის მიწოდება ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში. ამდენად, კორექტირებული ნულოვანი დეკლარაცია მართებულად იქნა განხილული დღგ-ს ბიუჯეტში გადასახდელი თანხის ხელოვნურად შემცირებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ სადავოდ გამხდარი დარიცხვა არ არის აღიარებული, რადგან დარიცხვა განხორციელებულია არა გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციის, არამედ სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე, რომელიც როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ექვემდებარება გასაჩივრებას. მართალია ი/მ ნ. დ-ამ პირველად წარადგინა დეკლარაცია, რომელშიც მითითებული იყო საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ ბრუნვაზე დარიცხული დღგ, თუმცა მოგვიანებით გადასახადის გადამხდელმა მოახდინა მის მიერ წარდგენილ დეკლარაციაში ასახული მონაცემების ჩასწორება და წარადგინა კორექტირებული ნულოვანი დეკლარაცია. აღნიშნული დეკლარაციის წარდგენა საგადასახადო ორგანომ მიიჩნია დღგ-ს თანხის შემცირებად და გამოსცა ბრძანება ი/მ ნ. დ-ასთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის დარიცხვის შესახებ. ამდენად, დარიცხვა განხორციელდა სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანების და არა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ დასტურდება კასატორის მითითება მოსარჩელისთვის დარიცხული თანხის აღიარებულ დავალიანებად მიჩნევის შესახებ.
საგადასახადო კოდექსის 1761 მუხლის დანაწესი, რომ ფულადი ვალდებულების გადახდევინების მიზნით საქონლის აუქციონის წესით რეალიზაცია იბეგრება დღგ-ით, არ ადასტურებს სადავო დარიცხვის საფუძვლიანობას, რადგან საგადასახადო ორგანოს არ დაუდგენია გადასახადის ბიუჯეტში გადახდის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი სუბიექტი. საგადასახადო კოდექსის 1761 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ფულადი ვალდებულების გადახდევინების მიზნით საქონლის აუქციონის წესით რეალიზაცია იბეგრება დღგ-ით, თუმცა ამ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხის საქონლის მესაკუთრის სახელით ბიუჯეტში გადახდას უზრუნველყოფს საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი. ამდენად, არ არის დასაბუთებული აღნიშნულ ოპერაციაზე დღგ-ს თანხის გადახდის მოსარჩელისთვის - საქონლის მესაკუთრისათვის დაკისრება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.11.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ვ. როინიშვილი