ბს-694-680 (კ-14) 01 ნოემბერი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა გ. გ-ის უფლებამონაცვლის მ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2014წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. გ-მა 11.09.12წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: ძველი თბილისის გამგეობის და ქ. თბილისის მერიის მიმართ ძველი თბილისის გამგეობის 10.07.2012წ. #12/73538-26 გადაწყვეტილების და ქ. თბილისის მერიის 20.08.2012წ. #2394 განკარგულების ბათილად ცნობის, აგრეთვე მოპასუხეთათვის ქ. თბილისში, ... ქ. #4-ში მდებარე 121 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის გ. გ-ის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.01.2013წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ. გ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2014წ. გადაწყვეტილებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას. კასატორი აღნიშნავს, რომ გაუგებარია სააპელაციო სასამართლომ რომელ მტკიცებულებაზე დაყრდნობით გამოიტანა დასკვნა იმის თაობაზე, რომ გ. გ-ი არ სარგებლობდა სახელოსნოთი. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა სასკ-ის მე-4, მე-19 მუხლების მოთხოვნები მტკიცებულებათა სასამართლოს მიერ მოპოვების თაობაზე. სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ საჯარო რეესტრიდან მიღებულ ინფორმაციას სახელოსნოს ნაწილის რეგისტრაციის შესახებ, თუმცა აღნიშნული დოკუმენტი არ არის საკმარისი იმის დასადგენად, რომ აღნიშნულ კორპუსში მაცხოვრებლები ფლობენ სახელოსნოს ნაწილს. მითითებული დარღვევები ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს.
გ. გ-ის გარდაცვალების გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.01.2015წ. განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება მოსარჩელის უფლებამონაცვლის დადგენამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 17.05.2018წ. განჩინებით განახლდა საქმის წარმოება და გ. გ-ის უფლებამონაცვლედ მიჩნეული იქნა მ. ს-ე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ის უფლებამონაცვლის მ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლების არარსებობის თაობაზე, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის 29.01.2007წ. #73 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ თანახმად დაინტერესებულ პირს ევალება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ფართის სარგებლობაში გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტთან ერთად წარუდგინოს ფართით სარგებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება. გ. გ-ის მიერ არ წარდგენილა სახელოსნოსთან დაკავშირებით გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება, რასაც სავალდებულო პირობად აწესებდა საქართველოს არქიტექტორთა კავშირის სამდივნოს 29.04.1987წ. #13 ოქმი. საქართველოს არქიტექტორთა კავშირს აღნიშნული არასაცხოვრებელი ფართი გადაცემული ჰქონდა თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 29.04.1987წ. #595 განკარგულებით სახელოსნოს მოსაწყობად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნა არ არის საფუძვლიანი ხსენებული დოკუმენტაციის სარგებლობაში გადაცემის დამადასტურებელ მტკიცებულებად მიჩნევის შემთხვევაშიც, ვინაიდან გ. გ-მა ვერ დაადასტურა აღნიშნული ფართით სარგებლობის ფაქტი. კერძოდ, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ამავე მისამართზე არსებობს უფლებრივად თავისუფალი ფართი, არ დგინდება აგრეთვე 121 კვ.მ. ოდენობის ფართის გამოცალკევებული სახით არსებობა. ამასთანავე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 03.01.2014წ. #820 წერილით (ტ.2.ს.ფ.2-3) ირკვევა, რომ ქ. თბილისში ... 4-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი 418.82 კვ.მ. ოდენობით პრივატიზებულია. სააპელაციო სასამართლოს მიერ მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილი იქნა, რომ თავად მოსარჩელე გ. გ-ი 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოში არ ცხოვრობდა. ამდენად, მითითებული გარემოებების შეფასების შედეგად მართებულად იქნა მიჩნეული, რომ არ დასტურდებოდა ქ. თბილისში ... 4-ში მდებარე 121 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის გ. გ-ის მიერ სარგებლობა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასკ-ის მე-4, მე-19 მუხლებით დადგენილი ადმინისტრაციული სასამართლოწარმეობის ინკვიზიციურობა არ ათავისუფლებს დაინტერესებულ პირს მტკიცებულების წარმოდგენის ვალდებულებისაგან. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შედეგად. ამდენად, უსაფუძვლოა საკასაციო საჩივრის ავტორის მითითება იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა სასკ-ის მე-4, მე-19 მუხლების მოთხოვნები. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად ეთქვა უარი გ. გ-ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც გ. გ-ის უფლებამონაცვლის მ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთანავე, გ. ზ-ეს (პ/ნ ...) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 11.09.2014წ. N1 საგადასახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. გ-ის უფლებამონაცვლის მ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.02.2014წ. განჩინება;
3. გ. ზ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 11.09.2014წ. N1 საგადასახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი