# ბს-704-704(კ-18) 01 ნოემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.02.2018წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
06.12.2016წ. კ. ბ-ამ, ი. გ-ამ, ბ. ბ-ამ და ბ. ბ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ, კ. ბ-ას, ი. ბ-ას, ბ. ბ-ას, ბ. ბ-ას ნაწილში ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 22.01.2010წ. N43 განკარგულების და საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტროსა და თ. ბ-ას შორის 11.10.2010წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.11.2016წ. განჩინებით საქმეში მესამე პირებად იქნენ ჩაბმული თ. ბ-ა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.01.2017წ. გადაწყვეტილებით კ. ბ-ას, ი. გ-ას, ბ. ბ-ასა და ბ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ,,სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 22.01.2010წ. N43 განკარგულება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და თ.ბ-ას შორის 11.10.2010წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება კ. ბ-ას, ი.გ-ას, ბ. ბ-ას და ბ. ბ-ას ნაწილში. მოპასუხეებს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტს, მოსარჩელეების - კ. ბ-ას, ი. გ-ას, ბ. ბ-ას, ბ. ბ-ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 100 ლარის გადახდა მოსარჩელეთა მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს პრეზიდენტმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.02.2018წ. განჩინებით საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.01.2017წ. გადაწყვეტილება.
განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას და აღნიშნავს, რომ ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 22.01.2010წ. N43 განკარგულებით უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრების უფლებით გადაეცა არა მხოლოდ თ. ბ-ას, არამედ მოსარჩელეებსაც. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 01.11.2017წ. N124 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტისა და ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 12.01.2009წ. N4 განკარგულების თანახმად, დევნილის ოჯახისა და მისი შემადგენლობის საკითხის განსაზღვრა წარმოადგენს არა საქართველოს პრეზიდენტის, არამედ საქართელოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის კომპეტენციას. ,,სახელწიფო ქონების შესახებ’’ კანონი, რომელიც საფუძვლად დაედო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას, არ ითვალისწინებს იმ პირთა მონაწილეობას აქტის გამოცემაში, რომელთაც საკუთრებაში გადაეცათ ფართები. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მოსარჩელეების რეგისტრაციისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაცია. არასწორია სასამართლოს შეფასება სარჩელის ხანდაზმულობის ვადებთან დაკავშირებით, ვინაიდან ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ კანონის თანახმად ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან ანუ იმ დროიდან, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო დარღვეული უფლების შესახებ. შესაბამისად, მოსარჩელეთათვის 2010 წლიდან უნდა ყოფილიყო ცნობილი ხელშეკრულებისა და პრივატიზების შესახებ, რის გამოც სარჩელი ხანდაზმული და უსაფუძვლოა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმეზე არ ყოფილა წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეთათვის ცნობილი იყო საქართველოს პრეზიდენტის 22.01.2010წ. N43 განკარგულებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტროსა და თ. ბ-ას შორის 11.10.2010წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების შესახებ. სადავო ხელშეკრულებას ხელს აწერს მხოლოდ თ. ბ-ა, ხოლო მოსარჩელეთა განმარტებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტროსა და თ. ბ-ას შორის 11.10.2010წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გადაცემულ ბინაში (18 კვ.მ.) ცხოვრობს მხოლოდ თ. ბ-ა. ფართის სიმცირის გამო შეუძლებელია მასში 5 ადამიანის ცხოვრება. აღნიშნული არგუმენტები მართებულად იქნა გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს მიერ. სზაკ-ის 67.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოებს გააჩნდათ მოსარჩელეთათვის ხელშეკრულების დადების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და მათგან თანხმობის მიღების ვალდებულება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. სადავო ხელშეკრულებით მოსარჩელეს ერთმევა, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, უფლებამოსილი ორგანოსგან სხვა რაიმე კომპენსაციის და უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება (2.4 პუნქტი), რაც სადავო ხელშეკრულებით მოსარჩელეთა უფლებების შეზღუდვას ადასტურებს და წარმოშობს მსგავსი შინაარსის ხელშეკრულების დადებისას მისი წერილობითი თანხმობის წარდგენის საჭიროებას (სზაკ-ის 67.1 მუხ.).
დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ, რადგან არ დგინდება ხელშეკრულების დადების ფაქტის და მისი შინაარსის შესახებ მოსარჩელეთათვის ინფორმაციის მიწოდების კონკრეტული პერიოდი. საქმეზე არ არის წარმოდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება. ამდენად, საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნულის გამო არსებობს განჩინების გაუქმების საფუძვლები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასტორის საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო პრეტენზიებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.02.2018წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი