Facebook Twitter

საქმე №ბს-926(კ-18) 6 ნოემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - დ. ხ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

მესამე პირი - რ. რ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხელახალი განხილვისათვის საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 02 ნოემბერს დ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 28 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც №... გადაწყვეტილებით დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილზე აღიარებული იქნება დ. ხ-ის საკუთრების უფლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინებით,საქმეში მესამე პირად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ჩაბმულ იქნა რ. რ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ხ-მა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის განჩინებით დ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ხ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხელახალი განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობისთვის დაბრუნება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. აგრეთვე, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, კანონის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების შესახებ“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის ის ნაწილი, რომლის თანახმადაც მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე დაინტერესებული პირი მემკვიდრეებთან ერთად არის უფლებამონაცვლეც.

კასატორი აღნიშნავს, რომ ა.. და გ.. რ-ების მემკვიდრეებთან ერთად, საკუთრების უფლების აღიარებაზე დაინტერესებული პირი არის ასევე დ. ხ-ი, როგორც ა.. და გ.. რ-ების უფლებამონაცვლე.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების შესახებ“ მე-2 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები. „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) ან/და თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი, „გ“ ქვეპუნქტის თანახმად: „მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი არის ... სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ... მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლო აქტი ან სხვა დოკუმენტი“, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1983 წლის 23 დეკემბრის N806 დადგენილების საფუძველზე ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ დ. ხ-ის დედაზე გაცემულია საინვენტარიზაციო გეგმა, ასევე დადასტურებულია, რომ ნ. დ-ი 1950 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში, ... (...) ქუჩა N16-ში, ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ , რადგან ის წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელს და არა მოსარგებლეს.

სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილი, აგრეთვე, 96-ე, 97-ე, 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი, 601 მუხლი. ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაიდინა კანონის ისეთი დარღვევა, რასაც შედეგად უკანონო გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა. დ. ხ-ის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთსა და მის მიერ აგებულ ორსართულიან სახელზე აღიარებულ იქნა რ-ების საკუთრების უფლება, მაშინ როცა საკუთრების უფლების აღიარებაზე დაინტერესებული იყო დ. ხ-ი.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით,რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. ხ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საჭიროებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვას, მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევისა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად აქტის დასაბუთების შესახებ მოთხოვნების დაცვას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ აქტი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული, ხოლო აქტის მატერიალური კანონიერება უკავშირდება აქტის შინაარსს, კერძოდ, აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შესაბამისობაში უნდა იყოს მისი გამოცემის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებთან, რაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განსახილველ საქმეზე განხორციელდა, კერძოდ, დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 28 სექტემბრის N... გადაწყვეტილებით რ.., გ.., ი.. და ნ.. რ-ების საკუთრებად დარეგისტრირებული ქონება 1946 წლიდან აღრიცხული იყო უფლების დამდასტურებელი დოკუმენტის გარეშე, ა.. რ-ისა და გ.. რ-ის სახელზე და წარმოადგენდა 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებულ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 1306-ე და 1421-ე მუხლების შესაბამისად, მასზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის უფლება მამკვიდრებლისაგან მიიღეს რ., გ., ი. და ნ. რ-ებმა და სადავო აქტით განახორციელეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. თბილისში, ... (...) ქუჩა N16-ში მდებარე ქონებაზე. დადგენილია ასევე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 5 ივლისის N2/1118-11 გადაწყვეტილებით დ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დ. ხ-ი ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ... ქ. №16-ში მდებარე ი.., გ.. და რ. რ-ების კუთვნილი №4 ნაგებობიდან 73.67 კვ.მ. ფართის მესაკუთრედ ი.., გ.. და რ. რ-ების სასარგებლოდ 13500 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდის სანაცვლოდ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, დ. ხ-ი წარმოადგენს ქ. თბილისში, ... ქ. №16-ში მდებარე ფართის მოსარგებლეს შესაბამისი უფლების დათმობის შესახებ გარიგების საფუძველზე და მისი უფლება არსებული გარიგების მიხედვით დაკავებულ ფართზე გამომდინარეობს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 28 სექტემბრის N... გადაწყვეტილება მიღებულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით არის მიღებული და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის განჩინება;

3. კასატორს - დ. ხ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 06.07.2018წ. №12 საგადახდო დავალებით ბ. თ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე