Facebook Twitter

№ბს-1047(კ-18) 13 დეკემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ა-ისა და დ. ო-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 8 იანვარს გ. ა-მა და დ. ო-მა განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, კერძოდ, მოითხოვეს სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 10 თებერვლის №1721799 ბრძანების მოქმედების შეჩერება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 იანვრის განჩინებით გ. ა-ისა და დ. ო-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს გ. ა-მა და დ. ო-მა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.

2016 წლის 12 თებერვალს გ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ქ.თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 23 ოქტომბრის №1303 ბრძანების, ქ.თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის (ზონალური საბჭო) 2014 წლის 16 ოქტომბრის №35 სხდომის ოქმის (პუნქტი №21), ზონალური საბჭოს 2014 წლის 9 ოქტომბრის №1533426 გადაწყვეტილების, ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 5 ნოემბრის №1548606 გადაწყვეტილების, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 10 თებერვლის №1721799 ბრძანებისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 4 ივლისის №1360845 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 მაისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება მ. გ-ა.

2016 წლის 30 მაისს დ. ო-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ქ.თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების კომისიის მიმართ.

მოსარჩელმ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 10 თებერვლის №1721799 ბრძანების, ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 4 ივლისის №1360845 გადაწყვეტილების, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 23 ოქტომბრის №1303 ბრძანების, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და რეგულირების საკითხთა კომისიის 2014 წლის 16 ოქტომბრის №35 სხდომის ოქმის 21-ე პუნქტის, ზონალური საბჭოს 2014 წლის 9 ოქტომბრის №1533426 გადაწყვეტილებისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 5 ნოემბრის №1548606 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განჩინებით გ. ა-ისა და დ. ო-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 მაისის განჩინებით გ. ა-ისა და დ. ო-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეჩერდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 10 თებერვლის №1721799 ბრძანების მოქმედება მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო განცხადების სხვაგვარად დასრულებამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 ივლისის განჩინებით მითითებული ადმინისტრაციული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 დეკემბრის განჩინებით შეჩერდა მოცემული ადმინისტრაციული საქმის წარმოება გ. ა-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის, ქ.თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების კომისიის, მესამე პირის - მ. გ-ას მიმართ და დ. ო-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის, ქ.თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების კომისიის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, მესამე პირის - მ. გ-ას გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 იანვრის განჩინებით განახლდა მოცემული ადმინისტრაციული საქმის წარმოება გ. ა-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის, ქ.თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების კომისიის, მესამე პირების - მ. გ-ას, შპს „...“ მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე და დ. ო-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის, ქ.თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების კომისიის მიმართ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე და მესამე პირის - აწ. გარდაცვლილი მ. გ-ას უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნენ მ. ჩ-ა და ნ. მ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. ა-ისა და დ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 24 ივნისის №1-1109 ბრძანება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 10 თებერვლის №1721799 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე გ. ა-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 10 თებერვლის №1721799 ბრძანება „საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის შეთანხმებაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე“; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 23 ოქტომბრის №1303 ბრძანება „ქ.თბილისში, ... ქ. №20ა-ში არსებული მიწის ნაკვეთისთვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ“; ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას (მერს) დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევის და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ქ. თბილისში, ... ქუჩა №20ა-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი: №...) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისთვის ქალაქმშენებლობითი პარამეტრების გაზრდის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის შესახებ. დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში (ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 4 ივლისის №1360845 გადაწყვეტილების და დასახელებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე გ. ა-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 24 ივნისის №1-1109 ბრძანების ბათილად ცნობა) გ. ა-ისა და დ. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო საჩივრებით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა. აპელანტებმა სააპელაციო საჩივრებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 6 მარტის განჩინებით ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის უფლებამონაცვლედ დადგინდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ა-ის და დ. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. ა-მა და დ. ო-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ა-ისა და დ. ო-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ა-ისა და დ. ო-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მოსარჩელეები დავისადმი კანონიერ ინტერესს ასაბუთებენ იმ გარემოებით, რომ მათ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით ადგებათ ზიანი და ირღვევა მათი უფლებები.

საქმის მასალების შესაბამისად, ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2014 წლის 12 ივნისს №AR1228463 განცხადებით მიმართა მ. გ-ამ და დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით მოითხოვა ქ.თბილისში, ... ქუჩა №20ა-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა. ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 4 ივლისის №1360845 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა აღნიშნული განცხადება და დადგინდა ქ.თბილისში, ... ქუჩა №20ა-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარების ფუნქციური ზონა: საცხოვრებელი ზონა 3 (სზ-3) და ქალაქგეგმარებითი პარამეტრები, კერძოდ: მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი: კ1=0,5; მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი: კ2=1,5; მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი: კ3=0,2. ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის 2014 წლის 16 ოქტომბრის №35 სხდომის ოქმის 21-ე პუნქტის თანახმად, დაკმაყოფილდა მ. გ-ას №AR1256851 განცხადება და გაიცა თანხმობა ქ.თბილისში, ... ქუჩა №20ა-ში არსებული მიწის ნაკვეთისთვის ქალაქმშენებლობითი პარამეტრების გაზრდაზე. არსებული ტერიტორიის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი განისაზღვრა კ2=1,8. განხილვის შედეგი: მომხრე - 6, წინააღმდეგი - 4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 23 ოქტომბრის №1303 ბრძანებით, ქ.თბილისში, ... ქუჩა №20ა-ში არსებული მიწის ნაკვეთისთვის ქალაქმშენებლობითი პარამეტრების გაზრდის ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) გადამეტების მიზნით გაიცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება საპროექტო წინადადებით წარდგენილი პარამეტრების შესაბამისად და განისაზღვრა კ2=1,8. ამავე ბრძანებით ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს დაევალა შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება, ხოლო კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალა ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსს.

ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 5 ნოემბრის №1548606 წერილით მ. გ-ას 2014 წლის 9 ოქტომბრის №AR1256851 განცხადებასთან დაკავშირებით ეცნობა, რომ მისი საკითხი განიხილა ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის 2014 წლის 16 ოქტომბრის №35 სხდომაზე, კომისიის დასკვნის საფუძველზე საკითხმა მიიღო დადებითი შეფასება და მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ2 განისაზღვრა 1,8-ით.

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2014 წლის 29 დეკემბერს №AR1276156 განცხადებით მიმართა ა. ო-მა (დამკვეთი) და დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით მოითხოვა პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვა. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 10 თებერვლის №1721799 ბრძანებით შეთანხმდა ქ.თბილისში, სექტორი - ..., .... ქ. №20ა-ში, მ. გ-ას საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი: №...) დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2015 წლის 10 თებერვლიდან, 2016 წლის 10 მაისის ჩათვლით.

გ. ა-მა 2016 წლის 12 თებერვალს №49671/15 ადმინისტრაციული საჩივრით, ხოლო 2016 წლის 24 თებერვალს №65633/15 დაზუსტებული ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ.თბილისის მერიის სსიპ ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 4 ივლისის №1360845 გადაწყვეტილების და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 10 თებერვლის №1721799 ბრძანების ბათილად ცნობა. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 24 ივნისის №1-1109 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა გ. ა-ის 2016 წლის 12 თებერვლის №49671/15 ადმინისტრაციული საჩივარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 4 ივლისის №1360845 გადაწყვეტილება მიჩნეულ იქნა კანონიერად. აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება არ არის გასაჩივრებული. შესაბამისად, მითითებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შესულია კანონიერ ძალაში, რაც მიუთითებს მასზედ, რომ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 4 ივლისის №1360845 გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის დადგენა კ-2=1,5-ის ოდენობით ითვლება კანონიერად და მხარეები მას სადავოდ არ ხდიან.

კონკრეტულ შემთხვევაში სადავოა ქ. თბილისში, ... ქ. №20ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 23 ოქტომბრის №1303 ბრძანებით განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) ნაცვლად არსებულის - 1,5-ის განსაზღვრა 1,8-ით და მის საფუძველზე მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. შესაბამისად, კოეფიციენტის ცვლილება განხორციელდა 0,3 ერთეულის ოდენობით.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებების დადგენას, სადავო აქტით კონკრეტულად რა სახის ზიანი ადგება მოსარჩელეებს; განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება 0,3 ერთეულით, რაც არის კოეფიციენტის უმნიშვნელო ცვლილება, რა განსაკუთრებული უფლებრივი შეზღუდვის სახით აისახება მოსარჩელეებზე, მაშინ როდესაც სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 4 ივლისის №1360845 გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტით კ2=1,5 მათ არ ადგებოდათ ზიანი და ამ აქტს მოსარჩელეები სადავოდ არ ხდიან.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებულ ექსპერტზის დასკვნებში არ არის მსჯელობა კოეფიციენტის გაზრდის შედეგად სამშენებლო სამუშაოების მოცულობის გაზრდა მიაყენებს თუ არა ზიანს მოსარჩელეთა ქონებას, მნიშვნელოვანია მათში ასახული დასკვნა, რომ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ფაქტობრივად ზიანს არ იწვევს, რაც კიდევ უფრო ამცირებს იმის ვარაუდს, რომ სამშენებლო სამუშაოების მოცულობის მცირე ოდენობით (კ2-0,3-ით) გაზრდით რაიმე ხელშესახები ზიანი მიადგეთ მოსარჩელეებს, ხოლო სადავო აქტის ბათილად ცნობის პირობებში ადგილი ექნება მიწის ნაკვეთის მესაკუთრისა და მშენებლობის მწარმოებელი პირისთვის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტს, განსხვავებით მოსარჩელეებისაგან. მოსარჩელეებისთვის მიყენებული ან/და მოსალოდნელი ზიანის დადგომის ფაქტი არ დგინდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუშვებელია ერთი სიკეთის დაცვა მასზედ აღმატებული სიკეთის ხელყოფის ხარჯზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ასევე მიზანშეწონილად აღარ მიიჩნევს იმსჯელოს ზონალური საბჭოს მიერ ქალაქმშენებლობითი პარამეტრების გაზრდისას კომისიის წევრთა მიერ მიცემული ხმების გადანაწილების საკითხზე.

საკასაციო სასამართლო არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 10 თებერვლის №1721799 ბრძანებასთან მიმართებაშიც იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას და მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. ამდენად, შეფასების საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართლის ასევე უმნიშვნელოვანესი კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპებს შორის კონფლიქტი. ამ პირობებში თანაზომიერების პრინციპის მეშვეობით უნდა დადგინდეს, თუ რომელი პრინციპის დაცვა არის კონკრეტულ შემთხვევაში პრიორიტეტული, რომელი პრინციპია აღმატებული ხარისხის და რომლის უზრუნველყოფა არის დაცვის ღირსი. კანონიერების პრინციპი პრიორიტეტულია კანონიერი ნდობის პრინციპთან მიმართებით, თუ აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამგვარი გარემოებების დადასტურების შემთხვევაში გადის აღმჭურველი აქტი განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ქვეშ მყოფი უკანონო აქტების ფარგლებიდან, რამდენადაც ადგილი აქვს საჯარო ინტერესების არსებითად დარღვევას. ამასთან, არსებითი ხასიათის დარღვევა მაშინაა სახეზე, თუ სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუძლებელია მოცემული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების გარეშე.

კონკრეტულ შემთხვევაში მესამე პირების კანონიერი ნდობა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული სადავო აქტის მიმართ უდავოდ დადგენილია, რადგან გასაჩივრებული აქტების საფუძველზე დაწყებულია მშენებლობა. მოსარჩელეთა ინტერესების დადგენასთან მიმართებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადად სადავო საკითხს შეიძლება გავლენა ჰქონდეს მოსარჩელეთა ინტერესსა და უფლებებზე, რამდენადაც დავა ეხება სივრცით-ტერიტორიული განვითარების საკითხს, თუმცაღა მხარეთა ინტერესების პროპორციულობის კუთხით, არსებითია არა ნებისმიერი კანონით დაცული ინტერესი, არამედ კონკრეტული, სადავო საკითხთან დაკავშირებით მკვეთრად გამოხატული ინტერესი და მისი ხელყოფის ინტენსიურობა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეები ვერ ასაბუთებენ კონკრეტულად რა სახის ზიანს აყენებს მათ სადავო აქტები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან გ. ა-ისა და დ. ო-ის საკასაციო საჩივარზე 17.10.2018წ. საგადასახადო დავალებით კ. შ-ეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, კ. შ-ეს (პ/ნ ....) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ა-ისა და დ. ო-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება;

3. კ. შ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს გ. ა-ისა და დ. ო-ის საკასაციო საჩივარზე 17.10.2018წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი