საქმე № ბს-1115(კ-18) 11 დეკემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - ლ. თ-ი
მოპასუხე - რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი
მესამე პირები - ვ. ს-ი, შპს ,,...“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. თ-მა 2017 წლის 13 ოქტომბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შიდა ქართლის რეგიონალური ოფისის მიმართ და მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 6 ივლისის № ... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 12 ივლისის № ... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 21 ივლისის № ... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 სექტემბრის № ... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისისათვის დავალება გორში, ... გზ. №9-ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წინასწარი რეგისტრაციის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.
2017 წლის 19 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სავალდებულო წესით ჩაბმულ იქნა ვ. ს-ი.
2018 წლის 8 თებერვლის საოქმო განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სავალდებულო წესით ჩაბმულ იქნა შპს ,,...".
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ლ. თ-ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2017 წლის 6 ივლისის № ... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 12 ივლისის № ... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 21 ივლისის № ... გადაწყვეტილება; ლ. თ-ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ 2017 წლის 13 სექტემბრის № ... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 სექტემბრის № ... გადაწყვეტილება შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 12 ივლისის № ... და 2017 წლის 21 ივლისის № ... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში; ლ. თ-ის სარჩელი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 სექტემბრის № ... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა შიდა ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2017 წლის 6 ივლისის № ... გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს დაევალა, კანონმდებლობის სხვა მოთხოვნათა დაცვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ლ. თ-სა და შპს ,,ს...ს" შორის 2017 წლის 29 ივნისს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ლ. თ-ის უფლების რეგისტრაციის შესახებ გორში, ... გზ. №9-ში, ადრე № ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან A/5 სართულზე მდებარე, ბინის ნომერი - A-N51, 53,60 მ2 ფართზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ლ. თ-მა, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებულ ნაწილში გორის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ლ. თ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და იმავე სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლოში მიუთითებდა საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულება - თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებებისაგან, რომელიც გამოიწვევს საკუთრების უფლებაში ჩარევას. ამავე დროს იგი პოზიტიურადაა ვალდებული, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან ბალანსს საზოგადოების წევრებს შორის. საკუთრების უფლება არის მესაკუთრის უფლება, ისარგებლოს და განკარგოს თავისი საკუთრება. საკუთრების უფლების ამ ფუნქციებიდან გამომდინარე, ამ პროცესის თანმდევია ის, რომ ერთი პირის საკუთრების უფლება თავისთავად ზეგავლენას ახდენს გარშემო მყოფებზე, საზოგადოების სხვა წევრებზე. სწორედ ამაზეა დაფუძნებული კანონმდებლის უფლებამოსილება (ან თუნდაც მისი კონსტიტუციური ვალდებულება), დაარეგულიროს საკუთრების სამართლებრივი მხარე.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, ლ. თ-მა ხელშეკრულება საჯარო რეესტრის სამსახურში წარადგინა და უფლების წინასწარი რეგისტრაციის წარმოშობა განცხადებით მოითხოვა 2017 წლის 30 ივნისს; ხელშეკრულება დამოწმდა საჯარო რეესტრის სამსახურის მიერ, მომსახურების ვადა შეადგენდა 4 სამუშაო დღეს, რაც იწურებოდა 2017 წლის 6 ივლისს; დადგენილია, რომ ვ. ს-ის 2017 წლის 6 ივლისისა და 11 ივლისის (ხოლო შპს ,,...“-ის 2017 წლის 5 ივლისის) განცხადებებით ისე იქნა მოთხოვნილი ლ. თ-ის მიერ შეძენილ უძრავ ქონებებზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, რომ შესაბამისი დოკუმენტი წარდგენილი არ იყო, თუმცა მიუხედავად ამისა, ლ. თ-ის 2017 წლის 30 ივნისს წარდგენილ განცხადებაზე 2017 წლის 6 ივლისს, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა ვ. ს-ის სარეგისტრაციო განცხადებაზე საქმის წარმოების დასრულებამდე, რაც შესაბამისობაშია ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებთან. ხოლო შემდგომ, ვ. ს-ის მიერ წარდგენილ იქნა დოკუმენტი (სასამართლოს განჩინება), რომელშიც ლ. თ-ის კონკრეტულ ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა დაწესებული არ იყო. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. ს-ის 2017 წლის 6 ივლისს წარდგენილ განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს, რომ ვ. ს-ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის დღესვე, ანუ 2017 წლის 10 ივლისს უნდა მოეხდინა სარეგისტრაციო სამსახურს ლ. თ-ის უფლების რეგისტრაცია, რამდენადაც, ვ. ს-ს უარი ეთქვა საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციაზე, ხოლო შპს ,,...-ის“ განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, ამდენად აღარ არსებობდა ლ. თ-თან გაფორმებულ ხელშეკრულებაში აღნიშნულ ფართზე (გორში, ... გზ. №9-ში, ადრე № ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან A/5 სართულზე მდებარე, ბინის ნომერი - A-N51, 53,60 მ2 ფართზე) მისი უფლების რეგისტრაციის ხელის შემშლელი გარემოება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომელზეც ამომწურავად იმსჯელა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და კასატორი დამატებით არ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ივლისის განჩინება;
3. კასატორს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს 31.10.2018წ. №29623 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე