Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის ნაწილში განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-896(კ-18) 9 ოქტომბერი, 2018 წ. ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - დ. ბ-ა, ფ. ფ-ა, ი. ჩ-ე, ნ. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარეები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობა

მესამე პირები - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, მ. ლ-ი, მ. ჩ-ი, რ. კ-ე, მ. კ-ე, ლ. თ-ე, ნოტარიუსი თ. გ-ი

თავდაპირველი მოსარჩელეები - ზ. ჯ-ე, ს. მ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ნ. ბ-ას მოთხოვნის ნაწილში დ. ბ-ას, ფ. ფ-ას, ი. ჩ-ის, ნ. ბ-ასა და ნ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განჩინებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განჩინებით დ. ბ-ას, ფ. ფ-ას, ი. ჩ-ის, ნ. ბ-ასა და ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. ბ-ამ, ფ. ფ-ამ, ი. ჩ-ემ, ნ. ბ-ამ და ნ. ა-მა.

საკასაციო სასამართლოს 2018 წლის 24 ივლისის განჩინებით დ. ბ-ას, ფ. ფ-ას, ი. ჩ-ის, ნ. ბ-ასა და ნ. ა-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორებს დაევალათ გაჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უზენაესი სასამართლოსათვის წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი და მათ მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი იმდენ ასლად, რამდენი მხარეც იყო საქმეში ან ნ. ბ-ას მიერ ი. რ-ის ან მ. კ-ას სახელზე გაცემული მინდობილობის წარმოდგენა სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე. მათ ასევე განემარტათ, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

ხარვეზის შესახებ ზემოაღნიშნული განჩინება გაეგზავნა დ. ბ-ას, ფ. ფ-ას, ი. ჩ-ის და ნ. ა-ის წარმომადგენელს - ი. რ-ს, ასევე, ნ. ბ-ას. 2018 წლის 31 ივლისს დ. ბ-ას, ფ. ფ-ას, ი. ჩ-ის და ნ. ა-ის წარმომადგენელმა მომართა უზენაეს სასამართლოს და წარმოადგინა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. ბ-ას, ფ. ფ-ას, ი. ჩ-ისა და ნ. ა-ის მოთხოვნის ნაწილში დ. ბ-ას, ფ. ფ-ას, ი. ჩ-ის, ნ. ბ-ასა და ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. ბ-ას, ფ. ფ-ას, ი. ჩ-ის, ნ. ბ-ასა და ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი ნ. ბ-ას მოთხოვნის ნაწილში დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორებს დაევალათ გაჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უზენაესი სასამართლოსათვის წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი და მათ მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი იმდენ ასლად, რამდენი მხარეც იყო საქმეში ან ნ. ბ-ას მიერ ი. რ-ის ან მ. კ-ას სახელზე გაცემული მინდობილობის წარმოდგენა სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე. ხარვეზის შესახებ განჩინება არაერთხელ (სამჯერ) გაეგზავნა კასატორს - ნ. ბ-ას საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. მიუხედავად ამისა, ხარვეზის შესახებ განჩინების მისთვის ჩაბარება ვერ მოხერხდა. ვინაიდან სასამართლოს მიერ მხარისათვის გზავნილის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლით დადგენილი საშუალებით ჩაბარება შეუძლებელი იყო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 სექტემბრის განჩინებით კასატორს - ნ. ბ-ას საჯარო შეტყობინების გავრცელების გზით ეცნობა მის საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ, სადაც ასევე მითითებულია ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. შეტყობინება განთავსდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე. ამასთან, განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მიეთითა, რომ განჩინება მხარისათვის ჩაბარებულად მიიჩნეოდა სასამართლო შეტყობინების სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებიდან მე-7 დღეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების ვადის დენა კასატორის - ნ. ბ-ასთან მიმართებაში 2018 წლის 29 სექტემბრიდან დაიწყო და 2017 წლის 5 ოქტომბერს ამოიწურა. კასატორმა - ნ. ბ-ამ ხარვეზი ამ ვადაში არ გამოასწორა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი მისი მოთხოვნის ნაწილში დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე, 374-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ბ-ას, ფ. ფ-ას, ი. ჩ-ის, ნ. ბ-ასა და ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი, ნ. ბ-ას მოთხოვნის ნაწილში, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე