Facebook Twitter

ბს-809-805 (3კ-17) 17 იანვარი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

კასატორები - გ. ხ-ე (მოსარჩელე), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარეები - გ. ხ-ის საკასაციო საჩივარზე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივრებზე - გ. ხ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.06.2017წ. გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ნატურით ანაზღაურება, წარმომადგენლობითი ხარჯების ანაზღაურება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ხ-ემ 11.07.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნის არაერთგზის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა „გ. ხ-ის დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 08.06.2016წ. N1401854 ბრძანების ბათილად ცნობა, გ. ხ-ის აჭარის ა/რ საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ქ. ბათუმის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ქ. … ... განყოფილების უმცროსი ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსათვის, სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსათვის გ. ხ-ის სასარგებლოდ, 2016 წლის 1-ლი მაისიდან მოსარჩელის აღდგენამდე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალება, 2015-2016 წლების კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების ნატურით ანაზღაურება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2015 წლიდან მუშაობდა ქ. ბათუმის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ქ. ... ... ... განყოფილების უმცროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. გ. ხ-ემ 11.02.2016წ. ქ. ..., ... ქ. №7-ში მდებარე ... განთავსებული სარეკლამო მონიტორიდან მოხსნა მეხსიერების ბარათი, რომლის ღირებულება შეადგენდა 18 ლარსა და 90 თეთრს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის №0007863005 დადგენილებით სსსკ-ის 177.1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ბრალი წარედგინა გ. ხ-ეს, ხოლო 13.04.2016წ. №0008055716 განრიდების შეთავაზების ოქმით გ. ხ-ის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა. პროკურორის მიერ ბრალდებაზე უარის თქმის გამო 15.04.2016წ. №0008064286 დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაიწყო მოკვლევა, რომლის 27.05.2016წ. N1293105 დასკვნის საფუძველზე გ. ხ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ გათავისუფლებამდე დამსაქმებელს არასოდეს ჰქონია მასთან პრეტენზია და მის წინააღმდეგ არ ყოფილა გამოყენებული დისციპლინური სახდელი. მას ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, რომელსაც აღენიშნება მწვავე ობსტრუქტული ლარინგიტი. ამასთანავე, მოსარჩელე გ. ხ-ე იყო ოჯახში ერთადერთი დასაქმებული, ხოლო მისი სამსახურიდან გათავისუფლებით მის ოჯახს წაერთვა მინიმალური სოციალური პაკეტით სარგებლობის უფლება, რის გამოც ვეღარ ახორციელებენ არასრულწლოვანი შვილისათვის მედიკამენტების ყიდვასა და ექიმის მომსახურებით სარგებლობას. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ დაირღვა მისი შრომითი უფლება, ამდენად არსებობს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები. ადმინისტრაციული ორგანოს არ გამოუკვლევია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. გ. ხ-ის მიერ ჩადენილი ქმედება არ ქმნის სსსკ-ის 177.1 მუხლით გათვალისწინებულ ქურდობის შემადგენლობას. იმისათვის, რომ ქურდობას მიეცეს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის კვალიფიკაცია, უნდა დადგინდეს მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ფაქტი, მოცემულ შემთხვევაში კი მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. ამდენად გ. ხ-ის მიერ 18 ლარისა და 90 თეთრის ღირებულების ნივთის დაუფლების ფაქტზე არ შეიძლებოდა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. შესაბამისად, მოსარჩელე თვლის, რომ სამსახურიდან გათავისუფლდა უკანონოდ, გათავისუფლებას საფუძვლად დაედო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის არასრულყოფილად შედგენილი დასკვნა, რაც უპირობოდ გაიზიარა დამსაქმებელმა. გენინსპექციის დასკვნა არა სავალდებულო, არამედ სარეკომენდაციო ხასიათისაა. პირის სამსახურიდან გათავისუფლება შესაძლოა გამოიწვიოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულმა განაჩენმა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. ამდენად "გ. ხ-ის დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 08.06.2016წ. N1401854 ბრძანება უკანონო და დაუსაბუთებელია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.02.2017წ. გადაწყვეტილებით გ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლის გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. ამასთანავე, შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. "პოლიციის შესახებ" კანონის 4.3 მუხლის შესაბამისად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომელსაც მინიჭებული აქვს სპეციალური წოდება და დადებული აქვს პოლიციელის ფიცი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 29.12.2014წ. N1061 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დებულების“ 1-ლი მუხლის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო წარმოადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ასრულებს სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით დაკისრებულ ამოცანებს. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე გ. ხ-ე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული საჯარო მოსამსახურე - პოლიციელი, რომლის სამართლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავს „პოლიციის შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი. „პოლიციის შესახებ“ კანონის 57.4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამინისტროს გენერალური ინსპექცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს სისტემაში „პოლიციის ეთიკის კოდექსისა“ და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების“ ნორმების დარღვევის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას. მითითებული კანონის 59-ე მუხლის შესაბამისად პოლიციელი და სამინისტროს სხვა მოსამსახურე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და დანაშაულის ჩადენისათვის პასუხს აგებენ კანონმდებლობით დადგენილი წესით. შსს გენერალური ინსპექციის 27.05.2016წ. N1293105 დასკვნით გ. ხ-ის მიერ ჩადენილია „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც საფუძვლად დაედო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 08.06.2016წ. N1401854 ბრძანებას გ. ხ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გ. ხ-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა მისივე დისკრეციის ფარგლებში. მოსარჩელე იყო პოლიციელი, მის მიმართ დადასტურებული იყო სსსკ-ის 177.1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, შესაბამისად სადავო აქტის გამოცემისას არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ თანამდებობაზე გ. ხ-ის დარჩენა შელახავდა სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 08.10.2010წ. N181 ბრძანებით დამტკიცებულ „სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპების ზოგად ნაწილზე“ და აღნიშნა, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორი სარგებლობს ფართო დისკრეციით, პროკურორი საკუთარი შეხედულებისამებრ წყვეტს დევნის დაწყების მიზანშეწონილობას. შესაბამისად სწორედ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იყენებს პროკურორი სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიულ ღონისძიებას - განრიდების ინსტიტუტს. აღნიშნული მექანიზმი საშუალებას იძლევა მიღწეულ იქნას მართლმსაჯულების მიზნები ალტერნატიული, ლიბერალური გზებით, სისხლისსამართლებრივი სანქციების გამოყენების გარეშე, რაც შესაბამისად არ იწვევს თავისუფლების აღკვეთას, პირობით მსჯავრს და ნასამართლობას, თუმცა პირის განრიდება არ ნიშნავს, რომ მას არ ჩაუდენია დანაშაული. პირის თანამდებობიდან გათავისუფლებით შრომისა და პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა უნდა განხორციელდეს კანონიერი საფუძვლისა და ლეგიტიმური მიზნის არსებობისას. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გ. ხ-ის მიერ ჩადენილია ზნეობრივი და ეთიკური ნორმების საწინააღმდეგო, საჯარო მოსამსახურისთვის - პოლიციელისთვის შეუფერებელი ქმედება, რომელმაც საზოგადოებაში შესაძლებელია ნეგატიური განცდა გააჩინოს მთლიანად პოლიციის სისტემის მიმართ. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არსებითად სწორად იქნა შეფასებული საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ამდენად, სადავო აქტი კანონმდებლობის შესაბამისად არის გამოცემული და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძვლები.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 112-ე, 127.5 მუხლებზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელის ქ. ... ... ... განყოფილების უმცროსი ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი, არ არსებობს ასევე მოსარჩელის მოთხოვნის-იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და შვებულებით სარგებლობის უფლების ნატურით ანაზღაურების დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან აღნიშნულის წინაპირობა მოსარჩელის სამსახურში აღდგენაა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.02.2017წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ხ-ემ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.06.2017წ. გადაწყვეტილებით გ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „გ. ხ-ის დისციპლინური წესით დასჯის და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 08.06.2016წ. N1401854 ბრძანება; გ. ხ-ე აღდგენილ იქნა აჭარის ა.რ. საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ქ. … … … განყოფილების უმცროსი ინსპექტორის თანამდებობაზე; სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დაეკისრა გ. ხ-ისათვის იძულებით განაცდური ხელფასის, თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, მისი გათავისუფლების დღიდან თანამდებობაზე აღდგენამდე, სრულად ანაზღაურება; სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღაურება, სარჩელი 2015 წლის გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მოწინააღმდეგე მხარეებს გ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯი 50 ლარის ოდენობით; სააპელაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; აპელანტის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დისციპლინური გადაცდომა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაცდომა განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სიმძიმისაა ან მოსამსახურის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. ნებისმიერ შემთხვევაში, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოსამსახურის პიროვნება და თანამდებობაზე მისი დატოვებით მოსალოდნელი შედეგები. მოხელე მხოლოდ მაშინ შეიძლება გათავისუფლდეს, თუ მასთან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელება უარყოფითად აისახება სამსახურის საქმიანობაზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ვინაიდან ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება არ ქმნიდა მაღალ საზოგადოებრივ საშიშროებას და გ. ხ-ე სრულად აღაირებდა ჩადენილ დანაშაულს, მას შეეთავაზა განრიდება. უდანაშაულობის პრეზუმციიდან გამომდინარე იმისათვის, რომ პირი ცნობილ იქნას დამნაშავედ, საჭიროა კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. მოცემულ შემთხვევაში გ. ხ-ის მიმართ არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი მისი დამნაშავედ ცნობის შესახებ. ასევე არ დასტურდება გ. ხ-ის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა. სისხლის სამართლის საქმიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნება განხილული, რადგან მათ სანდოობასა და დასაშვებობაზე არ უმსჯელია სისხლის სამართლის საქმის განმხილველ სასამართლოს. განრიდებული პირი უდანაშაულოა, ნასამართლეობის არმქონეა და განრიდების ფაქტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის წინააღმდეგ. ნასამართლობის ფაქტი წარმოშობს პირის მიმართ შედეგებს დასაქმების სფეროში, ხოლო განრიდებისა - არა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გ. ხ-ის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობის პირობებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია გ. ხ-ე აღადგინოს გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე და აუნაზღაუროს მას იძულებითი განაცდური. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ უკანონოდ გათავისუფლებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს იძულებითი განაცდური, ვინაიდან გათავისუფლების აქტის ბათილად ცნობა იწვევს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 31.07.2015წ. N2/3/630 გადაწყვეტილების თანახმად. იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო, კერძოდ, თანამდებობრივი სარგო, რომელიც ხელფასის შემადგენელი პრემიებისა და დანამატებისაგან განსხვავებით გაიცემა მოხელის ინდივიდუალური მახასიათებლების ან/და კვალიფიკაციის მიუხედავად, ანაზღაურებას ექვემდებარება სრული მოცულობით, კერძოდ სამსახურიდან გათავისუფლების პერიოდიდან სამსახურში აღდგენამდე. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-14 და შრომის კოდექსის 21.4 მუხლების საფუძველზე ანაზღაურებას ექვემდებარება ასევე ერთი წლის გამოუყენებელი შვებულება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 268.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ. შესაბამისად, საპროცესო მხარე, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, დამაჯერებლად უნდა ასაბუთებდეს და ადასტურებდეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების აუცილებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შედეგის მოცემულ ეტაპზე მნიშვნელობას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ასეთი აუცილებლობა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით არ არის საკმარისად მოტივირებული, შესაბამისად გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტი ითხოვს ადვოკატის ხარჯების - 2400 ლარის ოდენობით ანაზღაურებას, თუმცა სააპელაციო საჩივარს არ ერთვის ადვოკატის დახმარებისათვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, შესაბამისად მოსარჩელის მიერ ამ ხარჯის გაწევა არ დასტურდება და არ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. სააპელაციო პალატამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა და მოპასუხეს აპელანტის სასარგებლოდ 50 ლარის გადახდა დაეკისრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.06.2017წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. ხ-ემ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ.

კასატორმა - გ. ხ-ემ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ადვოკატის ხარჯების ანაზღაურებაზე საქმეში ასეთი ხარჯების გაწევის თაობაზე მტკიცებულებების არარსებობის გამო. კასატორი აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ გადაუხდელი საადვოკატო მომსახურების საფასური, კანონით დადგენილ ფარგლებში, მოწინააღმდეგე მხარისთვის დაკისრებას ექვემდებარება. საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულების წერილობით დადების ვალდებულება კანონმდებლობით არ არსებობს, შესაძლებელია მისი არსებობა ზეპირი გარიგების საფუძველზეც. საქმეში ადვოკატის მონაწილეობა და საადვოკატო ხარჯების მოთხოვნის ფაქტი, ადასტურებს მხარისათვის საადვოკატო მომსახურების გაწევას. საპროცესო სამართალი ადვოკატის ხარჯის წაგებული მხარისათვის დაკისრების მიზნებისათვის არ ადგენს საადვოკატო მომსახურებისათვის წინასწარ გადახდის ვალდებულებას. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო პალატამ მიიღო ახალი გადაწყვეტილება, მას არ შეუჯამებია ორივე ინსტანციის სასამართლოში განხორციელებული წარმომადგენლობითი საქმიანობის შედეგები და არ დაუკისრებია მოპასუხისათვის ადვოკატის დახმარების გამო სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურება. სააპელაციო პალატამ მსჯელობა განავითარა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოთხოვნილი საპროცესო ხარჯების ანაზღაურების მართებულობაზე, რაც მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც უზენაესი სასამართლო დადგენილი პრაქტიკით (სუს 14.07.2016წ. განჩინება საქმე N776-768(2კ-4კს-15)) დადგენილია, რომ იურიდიული მომსახურების (ზეპირი/წერილობითი) ხელშეკრულების არსებობა და მხარის მიერ ადვოკატისათვის თანხის გადახდის ქვითრის არარსებობა იმთავითვე არ გამორიცხავს გაწეული მომსახურების ანაზღაურების შესაძლებლობას. მსგავსი მიდგომა განისაზღვრა აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებული სტანდარტიდანაც. კერძოდ, ევროპული სასამართლო მაშინაც აკისრებს ხელმყოფ პირს ადვოკატის მიერ გაწეული შრომის ანაზღაურებას, როდესაც სამართალწარმოებაში მონაწილე პირს არ გადაუხდია ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული თანხა ან წარმომადგენლობა განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ქველმოქმედების სახით. სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი სანოტარო წესით შედგენილი და დადასტურებული დოკუმენტით გათვალისწინებული შინაარსი თავსებადია დავალების ხელშეკრულებასთან (სკ-ის 709-ე მუხ.). გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება მოცემულ შემთხვევაში პრეზუმირებულია, ვინაიდან სასყიდლიანი დავალების ხელშეკრულება შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი, ხოლო ადვოკატის მომსახურების ღირებულება საპროცესო კანონმდებლობის თანახმად წაგებულ მხარეს უნდა დაეკისროს. ხარჯის განსაზღვრა ხდება სასამართლოში მხარის მიერ წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, ამგვარი მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში მხარის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს თავადაც შეუძლია განსაზღვროს იურიდიული დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია.

კასატორმა აღნიშნა, რომ სოციალური უფლების მოპოვებისთვის შრომის აუცილებლობას მტკიცება არ სჭირდება. შესაბამისად კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატის უარი შემაჯამებელი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე დაუსაბუთებელია, რადგანაც სსკ-ის 268-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს მხარეთა თხოვნით შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ. კასატორი აღნიშნავს, რომ მსგავსი საკითხების დაუყოვნებლივ აღსრულებას მტკიცებულებებით დადასტურება არ სჭირდება და ამ საპროცესო შემადგენლობის შექმნისათვის საკმარისია მარტოოდენ შუამდგომლობის წარდგენა სასამართლოში, რამეთუ საკითხი ეხება მინიმალური სოციალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას მათი გადაუდებელი ხასიათის გამო.

კასატორი აღნიშნავს, რომ შვებულებით სარგებლობის უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას უზრუნველყოს დასაქმებულთა მიერ ამ უფლების სამართლიანი რეალიზება. დასაქმებულს შეუძლია მოითხოვოს გამოუყენებელი საშვებულებო კომპენსაცია, რადგან დამსაქმებლის ინიციატივით შრომის ურთიერთობის შეწყვეტით დასაქმებულს არ შეიძლება წაერთვას შვებულების უფლება, რომელსაც იგი სავარაუდოდ გამოიყენებდა. პერიოდული ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება დადგენილია "ფასიანი შვებულების შესახებ" 04.06.1936წ. კონვენციითა და "ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის" მიხედვით. კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში 2015 წლის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ვინაიდან აღნიშნული უფლების მოპოვება არაა დამოკიდებული იმაზე, პირმა შვებულების მომდევნო წელს გადატანის მოთხოვნით წერილობით მიმართა თუ არა დამსაქმებელს. ასეთი მიმართვის წერილობითი ფორმა სავალდებულო სახით არაა დადგენილი, ამგვარი მოთხოვნის დაყენება დასაშვებია ზეპირადაც. ზემოაღნიშნულის თაობაზე სააპელაციო პალატას არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, რაც შემდგომში გახდა დაუსაბუთებელი და არასწორი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. კასატორი შუამდგომლობს სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების თაობაზე, რამეთუ საპროცესო კანანონმდებლობა ითვალისწინებს სამართალწარმოებისათვის გაღებული ხარჯების ანაზღაურების შესაძლებლობას.

კასატორმა - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ გ. ხ-ის, როგორც პოლიციელის მიერ ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაც დასტურდება ბრალდების შესახებ დადგენილებითა და თავად გ. ხ-ის ახსნა-განმარტებით, გახდა მის მიმართ დისციპლინარული სახდელის ყველაზე მკაცრი ზომის- სამსახურიდან დათხოვნის გამოყენების საფუძველი. სააპელაციო პალატის მიერ არასწორად იქნა განმარტებული განრიდების ინსტიტუტი და მისი არსი, რაც შემდგომში გახდა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში გ. ხ-ის მიმართ განრიდების გამოყენება არ გულისხმობს იმას, რომ ფაქტი - კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ განხორციელებულა. სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა არა დანაშაულის ნიშნების არარსებობის, არამედ გ. ხ-ის მიმართ განრიდების შეთავაზების გამო. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ გ. ხ-ისათვის ცნობილი იყო იმ იმპერატიული მოთხოვნების შესახებ, რომელსაც ითვალისწინებს პოლიციის ეთიკის კოდექსი და შსს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება. მიუხედავად ამისა, მან ჩაიდინა პოლიციელისათვის შეუფერებელი ქმედება, რაც პირდაპირ ნეგატიურად აისახება სამინისტროს ავტორიტეტზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო არის სპეციალურ რეჟიმს დაქვემდებარებული საჯარო დაწესებულება, შესაბამისად თითოეული პოლიციელის მოქმედება მკაცრად კონტროლდება. კანონსაწინააღმდეგო მოქმედების ჩამდენი პოლიციელი არ უნდა მსახურობდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რაც საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირების ფარგლებში მომეტებულ საჯარო ინტერესს წარმოადგენს. შესაბამისად არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, რამეთუ იგი დაუსაბუთებელია და ამავდროულად ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს უკვე არსებულ პრაქტიკას(იხ.სუს 20.04.2017წ. გადაწყვეტილება, საქმე Nბს-644-637(კ-16)).

კასატორმა, სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ აღნიშნა, რომ „პოლიციის შესახებ“ კანონის 57.4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, შს სამინისტროს გენერალური ინსპექცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს სისტემაში „პოლიციის ეთიკის კოდექსისა“ და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების“ ნორმების დარღვევის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას. აღნიშნული აუცილებელია იმისათვის, რომ შს სამინისტროს თანამშრომელთა მოქმედება იყოს მისაბაძი, არ გამოვლინდეს მათ მიერ დანაშაულთა ჩადენის ფაქტები, რომელიც შელახავს სამინისტროს ავტორიტეტს. გ. ხ-ის მიმართ გამოყენებულ იქნა განრიდება, იმის გათვალისწინებით, რომ მან აღიარა დანაშაული და განახორციელა განრიდების შეთავაზების ყველა კანონით გათვალისწინებული წინადადება. კონკრეტულ ვითარებაში განრიდება შეეთავაზა საჯარო მოხელეს, ამიტომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიზანშეწონილად ჩათვალა მოხელისათვის პასუხისმგებლობის დისციპლინური წესით დაკისრება, რაც გამოიხატა მისი სამსახურიდან გათავისუფლებაში. შესაბამისად არ არსებობს სადავო ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საკმარისად და სრულად დასაბუთებული, ამდენად სახეზეა მისი გაუქმების წინაპირობები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.2018წ. განჩინებით გ. ხ-ის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიშნეულ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივრები, აგრეთვე გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ნაწილობრივ გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმეზე ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. ხ-ე 2015 წლიდან მუშაობდა სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის ა.რ. საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ქ. ბათუმის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ქ. ... ... ... განყოფილების უმცროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 08.06.2016წ. N1401854 ბრძანებით გ. ხ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

საქმის მასალებით დასტურდება აგრეთვე, რომ 11.02.2016წ. ქ. … … ქ. N7-ში მდებარე … არსებული მონიტორებიდან სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის ა.რ. საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ქ. ბათუმის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ქ. ... ... ... განყოფილების უმცროსი ინსპექტორი (...) გ. ხ-ე ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ერთ ცალ მეხსიერების ბარათს, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა 18 ლარისა და 90 თეთრის ქონებრივი ზიანი. გ. ხ-ე 29.02.2016წ. N0007863005 დადგენილებით ბრალდებულად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 177.1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. 13.04.16წ. განრიდების შეთავაზების ოქმის თანახმად, გ. ხ-ის მიერ ქმედების ჩადენის სრულად აღიარებისა და მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების არარსებობის გამო, ბრალდებულს შეეთავაზა განრიდება. 13.04.2016წ. გ. ხ-ის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა. 15.04.16წ. ბათუმის რაიონული პროკურატურის დადგენილებით გ. ხ-ის სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, პროკურორის მიერ ბრალდებაზე უარის თქმის გამო და გ. ხ-ის მიმართ გამოყენებულ იქნა განრიდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შედეგების საფუძველზე დადგინდა, რომ გ. ხ-ემ ჩაიდინა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რის გამოც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მისთვის შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახდელის - სამსახურიდან დათხოვნის გამოყენება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ასევე, ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. შრომის თავისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით ნიშნავს არა მხოლოდ ადამიანის უფლებას თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო, არამედ აგრეთვე სახელმწიფოს ვალდებულებას იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები (საკონსტიტუციო სასამართლოს 26.10.2007წ. გადაწყვეტილება საქმეზე N2/2-389). შრომის უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლის გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. ამასთანავე, შრომის უფლება არ არის აბსოლუტური, აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას კანონით გათვალისწინებული საფუძვლის შემთხვევაში გაათავისუფლოს დასაქმებული. ამდენად, მოცემული დავის გადაწყვეტა საჭიროებს გ. ხ-ის გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების დადგენას.

სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის სამინისტროს მოსამსახურის მიმართ სამსახურიდან დათხოვნა გათვალისწინებულია "პოლიციის შესახებ" კანონის 59-ე მუხლით, შს მინისტრის 31.12.13წ. N989 ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების" მე-3 მუხლით. "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 72-ე მუხლის მიხედვით, მოხელე ვალდებულია თავი შეიკავოს ისეთი ქმედებისაგან, რომელიც საფრთხეს შუქმნის სამსახურის რეპუტაციას. ამდენად, საჯარო დაწესებულებაში სათანადო გარემოს შექმნა და საჯარო მოსამსახურის პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება უზრუნველყოფს საზოგადოების ნდობის გაზრდას საჯარო სამსახურის მიმართ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 29.12.2014წ. N1061 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დებულების“ 1-ლი მუხლის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო წარმოადგენდა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ასრულებდა სამინისტროს დებულებით და სააგენტოს დებულებით დაკისრებულ ამოცანებს („სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე 07.12.2017წ. N1621-რს კანონის 2.4 მუხლის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფლებამონაცვლედ ჩაითვალა საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო. აღნიშნულის შესაბამისად შს მინისტრის 26.01.2018წ. N7 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა 29.12.2014წ. N1061 ბრძანებით დამტკიცებული "სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დებულება", 26.01.2018წ. N7 ბრძანება 2018 წლის 12 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე გავრცელდა. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ 27.06.18წ. კანონის 70-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფლებამონაცვლედ ჩაითვალა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომლის დებულება დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 31.07.2018წ. დადგენილებით. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ 27.06.2018წ. კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" 22.12.2018წ. კანონის 2.1 მუხლის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამონაცვლედ განისაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შს სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კანონისმიერი უფლებამონაცვლეა შს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური). ამდენად, გ. ხ-ე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული საჯარო მოსამსახურე. საჯარო მოსამსახურე წარმოადგენს საჯარო მმართველობაში დასაქმებულ პირს, ანუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტს, აღჭურვილს უფლებამოსილებებითა და საჯარო ვალდებულებებით. ამდენად, დავის გადაწყვეტა საჭიროებს პოლიციელის, როგორც საჯარო მოხელის, კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების მნიშვნელობისა და მისი სტატუსის გააზრებას.

სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ" 29.05.2014წ. კანონის 44.1 მუხლი ადგენდა, რომ საქართველოს მოქალაქე სააგენტოში სამუშაოდ მიიღებოდა და მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის მოთხოვნების შესაბამისად. "პოლიციის შესახებ" კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი. ამდენად, გ. ხ-ეს ჰქონდა პოლიციელის სტატუსი, შესაბამისად მისი ქცევა შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო პოლიციელისათვის დადგენილ სტანდარტებთან ("პოლიციის შესახებ" კანონის მე-8 მუხ.), კანონიერების, კეთილსინდისიერების, სამართლიანობის პრინციპებთან (საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. N999 ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსი" და "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქცია"). პოლიციელი, რომელიც იცავს და იყენებს კანონს, პირველ რიგში თავად უნდა იცავდეს და პატივს სცემდეს მას ("საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის" 1.2 მუხ.). გ. ხ-ეს სამსახურებრივი სტატუსიდან გამომდინარე, თავად უნდა უზურუნველეყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, საჯარო სამსახურის სხვა მოხელისაგან განსხვავებით მის მიმართ ქცევის უფრო მაღალი სტანდარტია დაწესებული (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ანსამბლეის მიერ 17.12.1979წ. N34/168 რეზოლუციით დამტკიცებული "მართლწესრიგის დამცველ თანამდებობის პირთა ქცევის კოდექსის" 1-ლი მუხ.).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ზოგადად საჯარო სამსახურის და განსაკუთრებით პოლიციის მიმართ, საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება და დაცვა უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ საჯარო ინტერესს წარმოადგენს, რამდენადაც საჯარო სამსახურის და განსაკუთრებით პოლიციის საქმიანობის ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საზოგადოების ნდობასა და საჯარო სამსახურის ავტორიტეტზე, რაც შესაბამისი საჯარო მოსამსახურეების და პოლიციელების სათანადო ქცევითა და საქმიანობით მიიღწევა. პოლიციელთა ქცევისა და მათ მიმართ ნდობის განსაკუთრებული მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებაში პოლიციელი აღქმულია კანონისა და ზნეობრივი ნორმების განუხრელად შემსრულებლად და საზოგადოებაში მათი დაცვის გარანტად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ჩადენილი გადაცდომის შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებული დისციპლინარული სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა მართებულია, ვინაიდან, გ. ხ-ის სამსახურეობრივი სტატუსიდან გამომდინარე, მას თავად უნდა დაეცვა სახელმწიფო უსაფრთხოება და საზოგადოებრივი წესრიგი. მის მიერ ჩადენილი ქმედება მიმართულია საჯარო მოსამსახურისათვის - პოლიციელისათვის დადგენილი პროფესიული ქცევის წესებისა და ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ. შს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიმართ მოქმედებს მაღალი სადისციპლინო-საშემსრულებლო მოთხოვნები, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს თანამშრომლებს ქცევის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს უწესებს და მკვეთრად გამიჯნავს მათ საჯარო სამსახურის სხვა მოხელეებისაგან. ამდენად ჩარევის კანონიერი საფუძვლის, ლეგიტიმური მიზნის და ჩარევის ინტენსივობის გათვალისწინებით, დასაბუთებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება ჩარევის კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის - საჯარო ინტერესის დაცვის მიზნის პროპორციულობის შესახებ.

„პოლიციის შესახებ“ კანონის 59-ე მუხლის შესაბამისად, პოლიციელი და სამინისტროს სხვა მოსამსახურე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და დანაშაულის ჩადენისათვის პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. "საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსით" განსაზღვრული ნორმების დაცვა ევალება როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო დროს (3.3.მუხ.), ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად (მე-8 მუხ.). საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. N989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების" მე-2 მუხლის შესაბამისად დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის მოსამსახურეს ეკისრება დისციპლინური სახდელი. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წესდების 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის დებულება სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებზე წესდების გაუვრცელებლობის შესახებ სადავო ბრძანების გამოცემის შემდეგ, კერძოდ შს მინისტრის მ.შ. 02.09.16წ. N496 ბრძანებით იქნა შეტანილი (აღნიშნული ნოვაცია განპირობებულია სადავო ბრძანების გამოცემის შემდეგ მიღებული "სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ" 27.06.2018წ. კანონით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთათვის ეთიკის კოდექსის შემოღებით (42.1 მუხ. "ი" ქვპ.), ამასთანავე, ხსენებული კანონის 56-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომის სახედ კვალივნდებურად მიიჩნევა ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელის ჩადენა, განურჩევლად იმისა, ის სამსახურშია ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ("დ"ქვპ.), მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ავტორიტეტს ("ვ" ქვპ.)). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სადავო აქტი შეიცავს სზაკ-ის მე-2 მუხლის "დ" ქვეპუნქტში მოცემული დეფინიციის ყველა ნიშანს და მაშასადამე არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შესაბამისად სადავო ბრძანების კანონიერების დადგენა საჭიროებს სადავო ბრძანების გამოცემის დროს (08.06.2016წ.) მოქმედ კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობის დადგენას. ამდენად, მართებულია სადავო სამართალურთიერთობის მიმართ დისციპლინური წესდების ნორმების გავრცელება, რომლის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი მოიცავს დისციპლინური გადაცდომის სახეების ჩამონათვალს. განსახილველ შემთხვევაში გ. ხ-ის მიერ ჩადენილია ზემოაღნიშნული წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რის გამოც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მისი სამსახურიდან დათხოვნა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოსა ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. დისკრეციული უფლებამოსილების რეალიზების დროს დაცული უნდა იყოს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი. დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი, სიმძიმე და შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება. ცხადია, რომ ნებისმიერი დარღვევა არ წარმოადგენს პირის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს. საკასაციო პალატა არ იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას დარღვევის უმნიშვნელო ხასიათის შესახებ. სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობისაგან განრიდების მიუხედავად, გ. ხ-ის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება არღვევს შს სამინისტროს მოსამსახურეთათვის დადგენილი ქცევის წესებს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. ხ-ის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება გამოცემულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას სამსახურიდან გათავისუფლების სახით გამოყენებული დისციპლინური სახდელის გ. ხ-ის მიერ ჩადენილი დარღვევის სიმძიმესთან შეუსაბამობის შესახებ.

საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დარღვევა იწვევს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას. პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა, დადგენილი ქცევის წესების დაცვა, მათი დარღვევის პრევენცია. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის, მისი თავიდან აცილების შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ამდენად, სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს დარღვევის სიმძიმის პროპორციული.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ზოგადად საჯარო სამსახურის და განსაკუთრებით პოლიციის მიმართ, საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება და დაცვა უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ საჯარო ინტერესს წარმოადგენს, რამდენადაც საჯარო სამსახურის და განსაკუთრებით პოლიციის საქმიანობის ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საზოგადოების ნდობასა და საჯარო სამსახურის ავტორიტეტზე, რაც შესაბამისი საჯარო მოსამსახურეების და პოლიციელების სათანადო ქცევითა და საქმიანობით მიიღწევა. პოლიციელთა ქცევისა და მათ მიმართ ნდობის განსაკუთრებული მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებაში პოლიციელი აღქმულია კანონისა და ზნეობრივი ნორმების განუხრელად შემსრულებლად და საზოგადოებაში მათი დაცვის გარანტად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ჩადენილი გადაცდომის შინაარსიის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებული დისციპლინარული სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა მართებულია. მის მიერ ჩადენილი ქმედება მიმართულია საჯარო მოსამსახურისათვის - პოლიციელისათვის დადგენილი პროფესიული ქცევის წესებისა და ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ, გ. ხ-ის მიერ ჩადენილი ქმედება ლახავს შს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს. ამდენად ჩარევის კანონიერი საფუძვლის, ლეგიტიმური მიზნის და ჩარევის ინტენსივობის გათვალისწინებით, დასაბუთებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება ჩარევის კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის - საჯარო ინტერესის დაცვის მიზნის პროპორციულობის შესახებ.

პირის გათავისუფლება სამსახურიდან არის იძულებითი ღონისძიება, რომელიც სარწმუნოდ უნდა დასაბუთდეს. საკასაციო პალატა არ იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას სადავო აქტის დაუსაბუთებლობის, მისი სზაკ-ის მე-13, 53-ე, 96-ე მუხლების მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ. სადავო აქტში, აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძვლების გარდა, მითითებულია აგრეთვე, რომ აქტის გამოცემის საფუძველია - შსს გენერალური ინსპექციის დასკვნა. შს სამინისტროს გენერალური ინსპექცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს სისტემაში "პოლიციის ეთიკის კოდექსისა" და "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების" ნორმების დარღვევის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენას და სათანადო რეაგირებას, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი მიზეზების აღმოსაფხვრელად შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას ("პოლიციის შესახებ" კანონის 57.4 მუხ. "ა" და "გ" ქვეპუნქტები, საქართველოს მთავრობის 13.12.2013წ. N337 დადგენილებით დამტკიცებული "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების" მე-10 მუხ. "გ" ქვპ). საქართველოს შს მინისტრის 23.02.2015წ. N123 ბრძანებით დამტკიცებული გენერალური ინსპექციის დებულების მიხედვით, სხვა ამოცანებთან ერთად, ინსპექციის ამოცანას შეადგენს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და საქვეუწყებო დაწესებულებებში კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების კონტროლი, სამინისტროს სისტემაში ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება, სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულებისათვის კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება (მე-2 მუხ., "ა" , "ბ", "ე" ქვპ.). სადავო აქტს N1 დანართად ერთვის გენერალური ინსპექციის დასკვნა შსს მოსამსახურის გ. ხ-ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე, რომელშიც მოყვანილია დისციპლინური სამართალდარღვევის გარემოებები. ... კუთვნილი მეხსიერების ბარათის მითვისების ფაქტზე საქმეში დაცულია აგრეთვე შსს გენერალური ინსპექციის საქმე N1293105 შსს მოსამსახურის გ. ხ-ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე. შსს გენერალური ინსპექციისათვის 27.04.16წ. მიცემული ახსნა-განმარტებაში გ. ხ-ემ აღნიშნა, რომ 11.02.2016წ. პირად საქმესთან დაკავშირებით იმყოფებოდა ქ. ..., ... ქ. N7-ში მდებარე ..., მონიტორიდან მოხსნა 4 გიგაბაიტის მეხსიერების ბარათი და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მას, ბარათი წარმოადგინა 24.02.16წ. შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის I განყოფილებაში, მისი მოწმის სახით გამოკითხვის შემდეგ, ახსნა-განმარტებაში მითითებულია, რომ გ. ხ-ე სრულად აცნობიერებდა ჩადენილ ქმედებას და თავს დამნაშავედ გრძნობდა (ტ. 1, ს.ფ.183-184). ამდენად, საფუძველს არის მოკლდებული მოსარჩელის მოსაზრება, რომ სზაკ-ის მე-13, 95-ე, 96-ე მუხლების დარღვევით მას არ მიეცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა, არ ეცნობა ადმინისტრაციული წარმოების შესახებ, არ გამოკვლეულა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

ბათუმის რაიონული პროკურატურის 15.04.2016წ. დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "ი" ქვეპუნქტის საფუძველზე, პროკურორის მიერ ბრალდებაზე უარის თქმისა და განრიდების გამო, აგრეთვე ის გარემოება, რომ ნასამართლობის ფაქტი წარმოშობს პირის მიმართ შედეგებს დასაქმების სფეროში, ხოლო განრიდება არა, არ ადასტურებს გ. ხ-ის ქმედებაში საზოგადოებისათვის საშიშროების არ არსებობას, სადავო ბრძანებით შეფარდებული დისციპლინური ზომის - სამსახურიდან გათავისუფლების უკანონობას, სისხლის სამართალწარმოების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებების გამოყენების შეუძლებლობას დისციპლინური წარმოების მიზნებისათვის. პოლიციელი და სამინისტროს სხვა მოსამსახურე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და დანაშაულის ჩადენისათვის პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ("პოლიციის შესახებ" კანონის 59-ე მუხ.). კანონით აკრძალული ქმედების ჩადენის ფაქტის სასამართლო აქტით დადასტურების არ არსებობა, ნასამართლობის არქონა არ გამორიცხავს მისი დადგენის შესაძლებლობას დისციპლინური წარმოების ფარგლებში. ის, რომ პირი ნასამართლევად არ ითვლება მანამ, სანამ მის მიმართ კანონიერ ძალაში არ შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რაც არ არსებობს მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიმართ, არ ადასტურებს შს სამინისტროს მიერ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას. უდანაშაულობის პრეზუმფცია ადამიანსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობათა განმსაზღვრელ უმნიშვნელოვანეს პრინციპს შეიცავს. ამასთანავე, მოსარჩელის მიმართ დისციპლინური ღონისძიება გამოყენებულ იქნა არა დანაშაულის, არამედ დისციპლინური სამართალდაღვევის ჩადენის გამო. ამდენად, მოცემული სამართალურთიერთობის მიმართ უდანაშაულობის პრინციპის დარღვევის მოსაზრებები არ არის რელევანტური და არ ქმნის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განრიდება წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი დევნის/სასჯელის ალტერნატიულ მექანიზმს, რომელიც გულისხმობს პირის მიმართ ისეთი ღონისძიებების გამოყენებას, რომელთა შესრულების შემთხვევაში პროკურორი არ იწყებს სისხლისსამართლებრივ დევნას ან თუ დევნა დაწყებულია, იღებს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის გადაწყვეტილებას. განრიდება იძლევა მართლმსაჯულების მიზნების მიღწევის შესაძლებლობას პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი სანქციის გამოყენების და მისი თანმდევი ნეგატიური შედეგის გარეშე. ამასთანავე, განრიდების ინსტიტუტის გამოყენება არ გამორიცხავს პირის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს, განრიდების შემთხვევაში ქმედების ჩადენის ფაქტი დადასტურებულია(იხ. სუს 20.04.2017წ. გადაწყვეტილება საქმეზე N ბს-644-637(კ-16)), უფრო მეტიც, სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმი გამოიყენება სწორედ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც პირი აღიარებს სამართალდარღვევის ჩადენას, პირს გაცნობიერებული აქვს თავისი საქციელის მართლწინააღმდეგობა და გამოხატავს მზადყოფნას გამოასწოროს უარყოფითი შედეგები, ხოლო სახელმწიფო თავის მხრივ იჩენს ჰუმანურობას და კონფლიქტს ნაკლებად ხისტი მეთოდით აგვარებს, რაც საშუალებას აძლევს ქმედების ჩამდენ პირს განერიდოს სისხლისსამართალწარმოებასა და მისგან მომდინარე ნეგატიურ შედეგებს-სისხლისსამართლებრივ სასჯელს და ნასამართლობას. განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ გ. ხ-ე მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სხვის ქონებას, რასაც თავადაც არ უარყოფდა (დევნის შეწყვეტის შესახებ 13.04.16წ. დადგენილებით დასტურდება, რომ ბრალდებული აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან, აანაზღაურა მიყენებული ზიანი, აღიარა ჩადენილი დანაშაული და თანხმობა განაცხადა განრიდებაზე, 13.04.16წ. განრიდების შეთავაზების ოქმის თანახმად, გ. ხ-ეს განემარტა, რომ განრიდების პირობების შესრულება ნებაყოფლობითია). საქმის მასალებით დასტურდება, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან განრიდების პირობას წარმოადგენდა გ. ხ-ის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაც გ. ხ-ის მიერ სრულად იქნა შესრულებული, ... მეხსიერების ბარათი 24.02.2016წ. ნებაყოფლობით იქნა წარმოდგენილი გ. ხ-ის მიერ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში. პირის მიმართ განრიდების გამოყენება გამორიცხავს ნასამართლობას, ვინაიდან სასამართლო არ მსჯელობს პირის ბრალეულობაზე და შესაბამისად განაჩენის გამოტანა არ ხდება დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ, თუმცა გ. ხ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტა არ ადასტურებს, რომ მას არ ჩაუდენია მართლსაწინააღმდეგო ქმედება, დისციპლინური სამართალდარღვევა. სისხლის სამართლის და დისციპლინურ წარმოებას შორის სხვაობა უდაოდ არსებობს, დისციპლინური და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განსხვავებული ბუნებისაა, მათ განსხვავებული მიზნები, მტკიცების სტანდარტები და შემადგენელი ელემენტები აქვთ, დისციპლინური წარმოება არ ცვლის სისხლისსამართლებრივს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 08.06.1976წ. გადაწყვეტილება საქმეზე "ენგელი და სხვები ნიდერლანდების წინააღმდეგ"(§81,82), 28.01.1983წ. გადაწყვეტილება "ალბერი და ლე კომპტი ბელგიის წინააღმდეგ", §25). ამასთანავე, განაჩენის არარსებობა არ ადასტურებს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შეუძლებლობას, საქმეში დაცული მტკიცებულებების ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ შეფასების შეუძლებლობას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 11.02.2003წ. გადაწყვეტილება "ი. ნორვეგიის წინააღმდეგ", §41). მსგავს საქმეში, რომელშიც სისხლისსამართლებრივ ბრალდებაში გამართლებული პოლიციელი სამსახურიდან გათავისუფლდა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ დისციპლინურ სამართალწარმოებასა და სისხლისსამართლებრივ მსჯავრდებას განსხვავებული მტკიცების სტანდარტი აქვს. დისციპლინური წარმოების ფარგლებში დგინდება არა პოლიციელის დანაშაული, არამედ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევა, გამამტყუნებელი განაჩენის არარსებობა არ ადასტურებს პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებისა და სისხლის სამართლის საქმეში დაცული მტკიცებულებების ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ შეფასების შეუძლებლობას (იხ. საქმე „სიკიჩი ხორვატიის წინააღმდეგ“ 15.07.2010, N9143/08, §53-55). მართალია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლში 24.09.2010წ. კანონით შეტანილი ცვლილებების შედეგად სისხლის სამართლის აქტს არ აქვს პრეიუდიციული ძალა, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიღებული პროცესუალური აქტების მტკიცებულებად მიღებასა და მათი სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერებით შესაბამისი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას (სუს 22.01.2015წ. განჩინება, საქმე Nბს-144-141(2კ-14)).

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განრიდებას არ გამოუწვევია ავტომატურად დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა დისციპლინური წარმოება, სამართალდარღვევის ჩადენა გ. ხ-ემ სრულად აღიარა არა მხოლოდ სისხლის სამართალწარმოების პროცესში. საქმეში დაცულია საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის საქმე N1293105 გ. ხ-ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე. საქმეში დაცულია სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შემდეგ შს სამინისტროს გენერალური ინსპექციისათვის 27.04.2016წ. მიცემული ახსნა-განმარტების ხელწერილი დაწერილი გ.ხ-ის მიერ, რომელშიც ის უთითებს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა მეხსიერების ბარათი, ახსნა-განმარტებაში გ. ხ-ე აღნიშნავს, რომ სრულად აცნობიერებდა ჩადენილ ქმედებას, თავს გრძნობდა დამნაშავედ (ტ.1, ს.ფ. 229-230). ამდენად, უდანაშაულობის პრინციპის გაფართოება და მისი მოქმედების გავრცელება მოცემულ შემთხვევაზე დაუშვებელია, რადგან დისციპლინურ წარმოებაში მოსარჩელემ დაადასტურა სამართალდარღვევის ჩადენა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლისსამართალწარმოება დასრულდა განრიდებით და გ. ხ-ეს არ დაკისრებია სისხლისსამართლებრივი სასჯელი. შესაბამისად სახეზე არ არის სისხლისსამართლებრივ სასჯელთან ერთად პირისათვის დისციპლინური სასჯელის დაკისრება, ამდენად სახეზე არ არის აგრეთვე ერთიდაიგივე სამართალდარღვევისათვის ორჯერ დასჯა. ამდენად, გენერალური ინსპექციის უფროსის დასკვნა იმის შესახებ, რომ გ. ხ-ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან განრიდების მიუხედავად, მის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობის დარღვევას და ეწინააღმდეგება შს სამინისტროს მოსამსახურეთათვის დადგენილი ქცევის წესებს და ეთიკის ნორმებს - საფუძვლიანია, შედგენილია უფლებამოსილების ფარგლების დაცვით (შს მინისტრის 13.03.2015წ. N123 ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების" 4.2 მუხლის "ზ" ქვეპუნქტი), შესაბამისად არსებობდა შს მინისტრის 08.06.2016წ. N1401854 ბრძანებით გ.ხ-ის სამსახურიდან დათხოვნის კანონიერი საფუძველი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გათავისუფლების მართლზომიერება გამორიცხავს სამსახურში აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. თავის მხრივ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოხელის აღდგენის შემთხვევაშია შესაძლებელი, კანონზომიერი გათავისუფლება გამორიცხავს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. ამდენად, სააპელაციო პალატის მითითება იმაზე, რომ უკანონოდ გათავისუფლება იწვევს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას მოცემულ შემთხვევაში არ არის დასაბუთებული. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ გასამრჯელოსთან დაკავშირებით გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში გაუგებარია სააპელაციო პალატის მითითება ვინმე რ. ხ-ის გაცდენილი პერიოდის თანამდებობრივი სარგოს სამსახურიდან გათავისუფლების პერიოდიდან სამსახურში აღდგენამდე ანაზღაურების საჭიროებაზე (გასაჩივრებული გადაწყვეტილების 43-ე გვ.). ამდენად, ვინაიდან არ არსებობს გ. ხ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი(სზაკ-ის 60-ე მუხ.), დაუშვებელია გ. ხ-ის სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილება.

საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისის სახით უშვებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების შემთხვევებს. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის. სსკ-ის 268-ე მუხლი ჩამოთვლილი პირობების არსებობას უკავშირებს სასამართლოს უფლებამოსილებას და არ ზღუდავს იმპერატიულობით, რაც იმას ნიშნავს, რომ საპროცესო მხარე, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას დამაჯერებლად უნდა ადასტურებდეს და ასაბუთებდეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების აუცილებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების მნიშვნელობას მოცემულ ეტაპზე. მოცემულ შემთხვევაში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლის არ არსებობის გამო აზრს კარგავს სამუშაოზე აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიღებაზე უარის თქმის კანონიერებაზე მსჯელობა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, სამსახურიდან გათავისუფლების დროს დასაქმებულს შეუძლია მოითხოვოს გამოუყენებელი საშვებულებო კომპენსაცია. დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში, დასაქმებულს არ უნდა წაერთვას იმ შვებულების უფლება, რომელსაც სავარაუდოდ იგი გამოიყენებდა. საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობანი, რომლებიც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონშია რეგლამენტირებული, გამომდინარეობს საქართველოს მიერ აღიარებული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებიდან და საქართველოს კონსტიტუციიდან. „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 24-ე მუხლის მიხედვით ყველას აქვს პერიოდული ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება. ამდენად, დასაქმებულის უფლება ყოველწლიურად ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით რეალიზდება დამსაქმებლის ვალდებულებით უზრუნველყოს დასაქმებულის ფასიანი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა. "პოლიციის შესახებ" კანონის 53-ე მუხლით გათვალისწინებულია პოლიციელის ყოველწლიური შვებულებით სარგებლობის უფლება და ხანგრძლივობა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.12.2013წ. ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვის და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის" 2.5 მუხლის თანახმად, მოსამსახურეს კუთვნილი შვებულების დროს ეძლევა შესაბამისი ხელფასი (ფულადი სარგო), წელთა ნამსახურობის და სხვა სპეციალური დანამატები და კომპენსაციები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შვებულება არის დასაქმებულის უფლება, რომლის რეალიზება დასაქმებულის ნების გამოვლენაზეა დამოკიდებული. სამსახურიდან გათავისუფლების წინა წლის (2015წ.) პერიოდის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წინა წლის შვებულების მომდევნო წლისათვის გადატანის წესი სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წესრიგდება საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად. შრომის კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, თუ დასაქმებულისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე, დასაქმებულის თანხმობით დასაშვებია შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის. შვებულების მომდევნო წლისათვის გადატანა შესაძლებელია ორი პირობის არსებობის შემთხვევაში, კერძოდ დასაქმებული უნდა იყოს თანახმა, ამასთანავე დასაქმებულისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე. კანონის აღნიშნული დანაწესი ანაზღაურებადი შვებულების გადატანის საშუალებას იძლევა, თუმცა არა უმეტეს ზედიზედ ორი წლის განმავლობაში. მოცემულ შემთხვევაში სასკ-ის 17.1 მუხლით დადგენილი წესით მოსარჩელეს-გ.ხ-ეს უნდა დაედასტურებინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ შვებულების უფლების გამოყენების თაობაზე მოთხოვნა წარდგენილი ჰქონდა, რამეთუ შრომის კოდექსის 21.1. მუხლი ანიჭებს დასაქმებულს უფლებას ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით, ხოლო აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის აუცილებელია დასაქმებულის ნება, რომელიც უნდა მიუვიდეს დამსაქმებელს (იხ. სუს 26.03.2010წ. Nას-836-1122-09). საქმის მასალებით არ დასტურდება გ. ხ-ის მიმართვა კუთვნილი შვებულების გაცემაზე ან გადავადებაზე და ადმინისტრაციის უარი კუთვნილ შვებულებაში გაშვებაზე ან გადავადებაზე. ამდენად, გათავისუფლებამდე წინა წლის გამოუყენებელი შვებულების ფულადი ანაზღაურების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველო მონაწილეა "ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ" 04.06.1936წ. კონვენციის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 22.02.1995წ. დადგენილებით), კონვენცია ითვალისწინებს საშვებულებო დახმარების ანაზღაურებას იმ პირისათვის, რომელიც კუთვნილი შვებულების გამოყენებამდე გათავისუფლებულია დამსაქმებლის მიზეზით. კონვენციის მიხედვით დასაქმებულს შეუძლია მოითხოვოს გამოუყენებლი საშვებულებო კომპენსაცია, რადგან დამსაქმებლის ინიციატივით შრომის ურთიერთობის შეწყვეტით დასაქმებულს არ შეიძლება წაერთვას შვებულების უფლება, რომელსაც იგი სავარაუდოდ გამოიყენებდა (მე-6 მუხ). კონვენციით განსაზღვრული პირთა წრის (1-ლი მუხ.) გათვალისწინებით, სადავო სამართალურთიერთობათა მიმართ კონვენციის მე-6 მუხლის გამოყენება არ დაიშვება, თუმცა ხსენებული ნორმის მსგავს რეგულაციას ითვალისწინების აგრეთვე ეროვნული კანონმდებლობაც. მიუხედავად იმისა, რომ გათავისუფლება განაპირობა გ. ხ-ის არამართლზომიერმა ქმედებამ, გათავისუფლება მოხდა ადმინისტრაციის ინიციატივით, რომელმაც გამოსცა გ. ხ-ის სამსახურიდან გათავისუფლების აქტი. რადგანაც დათხოვნილი მუშაკისათვის შვებულების მიცემა შეუძლებელია, ხდება გამოუყენებელი შვებულებისათვის კომპენსაციის გაცემა. შკ-ის 21.4 მუხლის თანახმად დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შკ-ის 37.1 მუხლის "ა", "ვ"-"თ", და "ო" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, მათ შორის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შემთხვევაში(37-ე მუხ. "ზ", "თ" ქვპ.). სადავო პერიოდში მოქმედი 31.10.1997წ. "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონი ითვალისწინებდა მოსამსახურეთათვის ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებას 30 კალენდარული დღის ოდენობით. მოხელის უფლება ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით არ არის დამოკიდებული სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის, სამსახურში აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. შვებულებით სარგებლობის უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უზრუნველყოს დასაქმებულთა მიერ ამ უფლების სამართლიანი რეალიზაცია. მოცემულ შემთხვევაში დასტურდება, რომ გ. ხ-ემ ვერ ისარგებლა 2016 წ. კუთვნილი ანაზღაურებადი ყოველწლიური შვებულებით, დამსაქმებლის ბრძანებით, ე.ი. დამსაქმებლის ინიციატივით სამსახურიდან გათავისუფლების გამო გ. ხ-ემ ვერ ისარგებლა კუთვნილი შვებულებით, რომლითაც იგი სავარაუდოდ ისარგებლებდა. ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ ეტაპზე ამ უფლების პირდაპირი აღდგენა შეუძლებელია, მოსარჩელის უფლების აღდგენა უნდა მოხდეს გამოუყენებელი შვებულების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორების შს სამინისტროს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივრების მოთხოვნა 2016 წლის შვებულების თანხის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ არ არის დასაბუთებული.

სასკ-ის მე-9 მუხლის, აგრეთვე "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" კანონის 5.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე და მოპასუხე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სსკ-ის 55.3 მუხლის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯებს სახელმწიფო აანაზღაურებს. სოციალურ დავებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მხარეთა გათავისუფლება არ გამორიცხავს საჭიროების შემთხვევაში საქმის განხილვის პროცესში დავასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების საკითხის გადაწყვეტის საჭიროებას. სასკ-ის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (სსკ-ის 37.3 მუხ.). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელ სამოქალაქო კოდექსის მუხლებში (სკ-ის 709-722 მუხ.) გათვალისწინებული არ არის სპეციალური მოთხოვნა ხელშეკრულების ფორმის თაობაზე, თუმცა დაცული უნდა იქნეს სკ-ის 709-ე მუხლის მოთხოვნა მარწმუნებლის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელების მინდობილობის გაცემის შესახებ, რათა წარმომადგენელმა შეძლოს წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელება. ვინაიდან მინდობილობის შინაარსი და დავალების შინაარსი არ არის ურთერთგამომრიცხავი დოკუმენტი, არ გამოირიცხება მათი ერთ დოკუმენტში - მინდობილობაში მოქცევა. საქმეში დაცულია სანოტარო წესით დამოწმებული განუსაზღვრელი ვადით გაცემული მინდობილობა, რომლითაც განისაზღვრა ადვოკატის უფლებამოსილება და ვალდებულება დაიცვას მოსარჩელის ინტერესი. საქმეში დაცულია 17.07.14წ. N140748204 რწმუნებულება/მინდობილობა, თუმცა არ მოიპოვება ადვოკატისათვის თანხის გადახდის ქვითარი, რაც იმთავითვე არ გამორიცხავს გაწეული მომსახურების ანაზღაურების შესაძლებლობას (იხ.ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე "ფადეევა რუსეთის წინააღმდეგ" §145, §146). მარწმუნებელსა და ადვოკატს შორის წარმოშობილი ურთიერთობის მატერიალური საფუძველია დავალების ხელშეკრულება (სკ-ის 709-ე მუხ.), მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში (სკ-ის 710-ე მუხ.). გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება მოცემულ შემთხვევაში პრეზიუმირებულია, ვინაიდან სასყიდლიანი დავალების ხელშეკრულება შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი, ხოლო ადვოკატის მომსახურების ღირებულება საპროცესო კანონმდებლობის თანახმად წაგებულ მხარეს უნდა დაეკისროს. იურდიული მომსახურების გაწევის შემთხვევაში ივარაუდება მხარეთა შორის სასყდლიანი დავალების ხელშეკრულების არსებობა, საწინააღმდეგო საჭიროებს დამტკიცებას. საქმეში დაცული რწმუნებულება/მინდობილობა არ შეიცავს დათქმას იურიდიული დახმარების უსასყიდლოდ გაწევის შესახებ. 17.07.2014წ. N140748204 რწმუნებულების თანახმად დავალების შესასრულებლად მარწმუნებელმა იკისრა ვალდებულება გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პროცესის ხარჯების ანაზღაურების, მეორე მხარისათვის წარმომადგენლობითი ხარჯების გადახდის დაკისრების საკითხი სასამართლოს მიერ წყდება მხარის მიერ მისი დასმის შემთხვევაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ივარაუდება, რომ მათ პრეტენზია პროცესის ხარჯებთან დაკავშირებით არ გააჩნიათ. მოცემულ შემთხვევაში ადვოკატის მომსახურების ღირებულების მოპასუხისათვის დაკისრების საკითხი სარჩელის აღძვრისთანავე დაისვა სასამართლოს წინაშე. იურიდიული დახმარება მოიცავს სამართლებრივი დოკუმენტების შედგენას, წარმომადგენლობას სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოში ("იურიდიული დახმარების შესახებ" კანონის მე-2 მუხ. "ა" ქვპ.). ხსენებული მინდობილობის საფუძველზე ხორციელდება მოსაჩელის დაცვა სასამართლოში წარმომადგენლის მიერ. საქმის მასალებით დასტურდება ადვოკატის მიერ გ. ხ-ისათვის იურიდიული მომსახურების ყველა ინსტანციაში გაწევა. ამდენად სასამართლომ უნდა განიხილოს არა მარწმუნებლის მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება, რაც საქმის მასალებით არ დასტურდება, არამედ საქმის მასალებით დადასტურებული ადვოკატის მიერ მარწმუნებლისათვის გაწეული მომსახურების ღირებულების მოპასუხისათვის დაკისრების საკითხი. მარწმუნებელსა და ადვოკატს შორის იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების გადახდის ქვითრის, საგადასახადო დავალების შესრულების დოკუმენტაციის წარუდგენლობა, არ გამორიცხავს საქმის განხილვასთნ დაკავშირებით გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება წარმომადგენლობითი მომსახურების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში მოკლებულია სამართლებრივ და ფაქტობრივ წინამძღვრებს, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება მოითხოვდა სასამართლოსგან ადვოკატის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების მოპასუხისათვის დაკისრებას (სუს 14.07.2016წ. Nბს-776-768 (2კ-4კს-15) გადაწყვეტილება)), ვინაიდან მხარის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლოს თავადაც შეუძლია განსაზღვროს იურიდიული დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით მომსახურება გაწეულია. საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან არსებობს გ. ხ-ის საკასაციო საჩივრის და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად არსებობს წარმომადგენლობაზე გაწეული ხარჯის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების წინაპირობა, ამ ნაწილში ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების ოდენობა უნდა განისაზღვროს სამივე ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობითი საქმიანობის შედეგის - მოთხოვნის ნაწილობრივი დაკმაყოფილების გათვალისწინებით. ადვოკატის მომსახურების ღირებულების განსაზღვრისას საკასაციო პალატა ხელმძღვანელობს 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებით, აგრეთვე მხედველობაში იღებს საქმის სირთულეს, უფლების დარღვევის აღსაკვეთად წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობას, ხანგრძლივობას და სხვა გარემოებებს.

დაუსაბუთებელია კასატორის შუამდგომლობა სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯების სახით საქმის განხილვის უზრუნველსაყოფად საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საკასაციო საჩივარზე, შესაგებელზე, მათ ასლებზე დახარჯულ ქაღალდებზე (100 ლ.), ასლებზე (50ლ.), აკინძვაზე (5 ლ.), საფოსტო მომსახურებაზე გაწეული ხარჯების (50ლ.), სასამართლოში გამოცხადებისათვის ტრანსპორტზე (100ლ.), გამოცხადების პერიოდში აუცილებელ კვებაზე (300ლ.), გაწეული დანახარჯების ანაღაურებაზე, ასევე სასამართლოში მოცდენილი დროის ანაზღაურების (7000 ლ.) დაკისრება მოპასუხეებისათვის. პროცესის ხარჯები, რომელიც შედგება სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯებისაგან, წარმოადგენს მხარეთა მიერ მატერიალური უფლებებისა დასაცავად (აღსადგენად) გაწეულ(გასაწევ) ხარჯებს, რაც შესაძლებელია ანაზღაურდეს სარჩელზე დამდგარი შედეგის შესაბამისად და პროპორციულად, როგორც პროცესუალური მოთხოვნა. კასატორი შუამდგომლობს სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების თაობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარეებს გ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯი-50 ლარის ოდენობით, რასთან დაკავშირებითაც კასატორები - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური არ გამოთქვამენ პრეტენზიას წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებში, გადაწყვეტილების აღნიშნულ ნაწილს არ ასაჩივრებს არც კასატორი - გ. ხ-ე. სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილების გამო, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ეს ნაწილი უცვლელად უნდა დარჩეს. რაც შეეხება საკასაციო ინსტანციაში გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად თანხების მოთხოვნას, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოთხოვნის ეს ნაწილი არის დაუსაბუთებელი. საკასაციო პალატის მიერ საქმე განხილულია სსკ-ის 408.3 მუხლის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, შესაბამისად უსაფუძვლოა ტრანსპორტის, კვების, სასამართლოში დროის დაკარგვის მოთხოვნა, რაც შეეხება ქაღალდზე, ასლებზე, მასალების აკინძვაზე დანახარჯის ანაზღაურებას, კასატორს არ წარმოუდგენია ამ მიმართულებით დანახარჯების გაწევის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტაცია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს შს სამინისტროს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივრები, აგრეთვე გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, მოსარჩელის მოთხოვნა სადავო აქტის ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის შესახებ ახალი აქტის გამოცემის, იძულებითი განაცდურის და 2015 წლის შვებულების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება 2016 წლის გამოუყენებლი შვებულების ანაზღაურების და სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯის (50ლ.) მოპასუხეებიისათვის დაკისრების მოთხოვნის დაკმაყოფილების, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ შუამდგომლობის არ დაკმაყოფილების ნაწილში, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ საადვოკატო მომსახურების ხარჯი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.06.2017წ. გადაწყვეტილება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისათვის გ. ხ-ის სასარგებლოდ 2016 წლის გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ანაზღაურების, მოწინააღმდეგე მხარეებისათვის გ. ხ-ის სასარგებლოდ სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯის - 50 ლარის ოდენობით დაკისრების, აგრეთვე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ შუამდგომლობის არ დაკმაყოფილების ნაწილში დარჩეს ძალაში;

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.06.2017წ. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

5. გ. ხ-ის სარჩელი „გ. ხ-ის დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 08.06.2016წ. N1401854 ბრძანების ბათილად ცნობის, გ. ხ-ის აჭარის ა/რ საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ქ. ბათუმის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ქ. … ... … განყოფილების უმცროსი ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების, სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსათვის გ. ხ-ის სასარგებლოდ, 2016 წლის 1-ლი მაისიდან მოსარჩელის აღდგენამდე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალებისა და 2015 წლის კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების ნატურით ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს გ. ხ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საადვოკატო მომსახურების ხარჯის 300 ლარის ოდენობით ანაზღაურება;

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი