Facebook Twitter

საქმე Nბს-1435(კს-18) 15 იანვარი, 2019 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - თ. ც-ე

მოწინააღმდეგე მხარეები: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური

მესამე პირი - ნ. წ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ც-ემ 2017 წლის 24 აპრილს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 5 აგვისტოს №001193 დადგენილებისა და „თ. ც-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 24 მარტის №1-705 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა თ. ც-ის წარმომადგენლის - მ. ტ-ის შუამდგომლობა საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით ნ. წ-ის ჩაბმის შესახებ; №3/2915-17 ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა ნ. წ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. ც-ის სარჩელი, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ც-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივლისის განჩინებით, აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში, წარედგინა სასამართლოსთვის სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დედნის სახით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 სექტემბრის განჩინებით თ. ც-ის სააპელაციო საჩივარი, მოწინააღმდეგე მხარეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და მესამე პირი - ნ. წ-ის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად, ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის გამო.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელანტს (თ. ც-ის დას) საქმეში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ..., კორპუსი N332, ბინა N48) ხარვეზის შესახებ განჩინება ჩაჰბარდა 2018 წლის 3 აგვისტოს. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 74-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარების თარიღად მიჩნეულ იქნა 2018 წლის 3 აგვისტო. ამასთან იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, მხარისათვის ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 4 აგვისტოს და ამოიწურა 2018 წლის 14 აგვისტოს დადგომისთანავე.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ამ ხნის მანძილზე სასამართლოში არ შემოსულა არანაირი განცხადება/შუამდგომლობა ხარვეზის გამოსწორებასთან დაკავშირებით, რაც შესაძლებელს გახდიდა სასამართლოს ემსჯელა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე თ. ც-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ც-ემ. კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.

თ. ც-ე აღნიშნავს, რომ 2018 წლის 3 აგვისტოს ჩაჰბარდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივლისის განჩინება, რომლითაც დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 10 დღის ვადაში სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით განჩინებით განსაზღვრულ ვადაში, განჩინების ჩაბარებიდან მე-6 დღეს გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი იმავე დღეს წარადგინა სააპელაციო სასამართლოს კანცელარიაში. ამდენად, თ. ც-ის მოსაზრებით მის მიერ კერძო საჩივარზე დართული სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის ასლი ადასტურებს, რომ არ არსებობდა მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და მიიჩნევს, რომ თ. ც-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი არსებობდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივლისის განჩინებით თ. ც-ეს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში, წარედგინა სასამართლოსთვის სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დედნის სახით. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

ხარვეზის შესახებ განჩინება კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა აპელანტს მის მიერ მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ..., კორპუსი N332, ბინა N48) და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი ნაწილით დადგენილი წესით 2018 წლის 3 აგვისტოს ჩაბარდა ადრესატის დას. ხარვეზის შესახებ განჩინების 2018 წლის 3 აგვისტოს ჩაბარების ფაქტს ადასტურებს კერძო საჩივრის ავტორიც.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების 10 - დღიანი ვადის ათვლა 2018 წლის 4 აგვისტოდან დაიწყო და 13 აგვისტოს 24:00 საათზე ამოიწურა. კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი ამ ვადაში არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობა წარუდგენია სასამართლოში. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ შესულა არანაირი განცხადება/შუამდგომლობა ხარვეზის გამოსწორებასთან დაკავშირებით, რაც შესაძლებელს გახდიდა სასამართლოს ემსჯელა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე.

კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გამოასწორა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის დედანი წარადგინა სააპელაციო სასამართლოს კანცელარიაში გადახდის დღესვე. კერძო საჩივარს ერთვის თ. ც-ის მიერ 2018 წლის 9 აგვისტოს სასამართლოს მიერ მითითებულ ანგარიშზე 150 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის ასლი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი წესით არ დასტურდება თ. ც-ის მიერ მითითებული გარემოება - 2018 წლის 9 აგვისტოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის დედნის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიაში წარდგენა. ამასთან, კერძო საჩივარს ერთვის მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის დადგენილ ვადაში გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი და არ არის წარმოდგენილი კერძო საჩივარში მითითებული გარემოების - აღნიშნული ქვითრის დედნის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიაში ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზი გამოსწორებულად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე სრულად შეასრულებს სასამართლოს მითითებას. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტს ხარვეზის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილით ნათლად განემარტა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი უნდა წარედგინა სასამართლოსთვის. შესაბამისად, სასასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა ხარვეზის შესავსებად საკმარისი ვერ იქნებოდა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში, თ. ც-ეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ხარვეზის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შევსების - სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის 2018 წლის 9 აგვისტოს სააპელაციო სასამართლოს კანცელარიაში ჩაბარების ფაქტს. მხარის მხოლოდ სიტყვიერ მითითებას კი, სასამართლო ვერ გაიზიარებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილია 2018 წლის 9 აგვისტოს ბაჟის გადახდის ქვითრის ასლი, რომლის დედნის წარმოდგენის გარეშე სასამართლოს არ გააჩნია საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობა დაუბრუნოს აპელანტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე,410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ც-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 17 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე