Facebook Twitter

საქმე Nბს-569-569(კს-18) 11 სექტემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ზ. ს-ი

მოწინააღმდეგე მხარეები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის

აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ატესტაციის საკონკურსო-საატესტაციო საპრეტენზიო კომისია

მესამე პირი - ე. შ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, გადაწყვეტილების განმარტებისა და გადაწყვეტილების აღსრულების დაბრკოლებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტის მიზნით საქმის სააპელაციო პალატისათვის დაბრუნება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება, გამოუყენებელი შვებულების ნატურით ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ს-მა 2014 წლის 23 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სასარჩელო მოთხოვნისა და მოპასუხეთა წრის დაზუსტების შემდეგ, ზ. ს-მა მოპასუხეებად მიუთითა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია და საპრეტენზიო კომისია. მოსარჩელემ მოითხოვა ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნას ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2014 წლის 3 დეკემბრის №2/77 ბრძანება ზ. ს-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის ქ. თბილისის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება ზ. ს-ის ნაწილში, ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის ქალაქ თბილისის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 14 ნოემბრის №6 საოქმო გადაწყვეტილება ზ. ს-ის საატესტაციო შედეგის არადამაკმაყოფილებლად მიჩნევის ნაწილში, ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის ქალაქ თბილისის მერიის მოხელეთა ატესტაციის საკონკურსო-საატესტაციო საპრეტენზიო კომისიის 2014 წლის 14 ნოემბრის №1 საოქმო გადაწყვეტილება ზ. ს-ის საჩივრის უარყოფის ნაწილში, ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის ქალაქ თბილისის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 21 ნოემბრის №7 საოქმო გადაწყვეტილება ზ. ს-ის თაობაზე საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული საოქმო გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის ქალაქ თბილისის მერიის მოხელეთა ატესტაციის საკონკურსო-საატესტაციო საპრეტენზიო კომისიის მიერ უმოქმედობით მიღებული გადაწყვეტილება ამავე კომისიის 2014 წლის 14 ნოემბრის №6 ოქმზე მოსარჩელის ნაწილში წარდგენილი შენიშვნების უარყოფის შესახებ, ზ. ს-ი დაუყოვნებლივ აღდგენილ იქნეს სამსახურში, ზ. ს-ს აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური ხელფასი სრულად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას დაეკისროს ზ. ს-ის სასარგებლოდ გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ნატურით ანაზღაურება და მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული პროცესის ხარჯების სრული ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. ს-ის სარჩელი მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო და საპრეტენზიო კომისიების მიმართ არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ზ. ს-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით ზ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ზ. ს-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული საოქმო განჩინებების გაუქმების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 14 ნოემბრის №6 ოქმით მიღებული საოქმო გადაწყვეტილება ზ. ს-ის საატესტაციო შედეგის არადამაკმაყოფილებლად მიჩნევის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მერიის მოხელეთა ატესტაციის საკონკურსო-საატესტაციო საპრეტენზიო კომისიის 2014 წლის 14 ნოემბრის №1 სხდომის ოქმით მიღებული საოქმო გადაწყვეტილება ზ. ს-ის საჩივრის უარყოფის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 24 ნოემბრის №7 სხდომის ოქმით მიღებული შემაჯამებელი საოქმო გადაწყვეტილება ზ. ს-ის თაობაზე საპრეტენზიო კომისიის მიერ მიღებული საოქმო გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2014 წლის 3 დეკემბრის №2/77 ბრძანება ზ. ს-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ თანაბარწილად დაეკისრათ სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით, ადვოკატის დახმარებისთვის 600 ლარის ანაზღაურება და პროცესის სხვა ხარჯის 100 ლარის ანაზღაურება; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; აპელანტის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მოქცევის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ზ. ს-მა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო-საატესტაციო საპრეტენზიო კომისია).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ნოემბრის გაჩინებით ზ. ს-ის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო-საატესტაციო საპრეტენზიო კომისიის) საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება.

ზ. ს-ის წარმომადგენელმა - ი. პ-მა 2017 წლის 26 დეკემბერს შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. შუამდგომლობის ავტორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული 2016 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტის განმარტება და გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით ზ. ს-ის წარმომადგენლის ი. პ-ის შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილების მე-7 პუნქტის განმარტებისა და გადაწყვეტილების აღსრულების დაბრკოლებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტის მოთხოვნის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არსი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტის ბუნდოვანება, შესაბამისად, გადაწყვეტილება არის გასაგები და განმარტებას არ საჭიროებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი განიმარტება იმგვარად, როგორც ამას განმცხადებელი მოითხოვს, ეს გამოიწვევს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის შეცვლას, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნით დაუშვებელია. კანონიერ ძალაში შესული 2016 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ განაცდური ხელფასის ნაწილში ზ. ს-ის სარჩელი იმ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სახეზე არ არის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხი, რომელიც საჭიროებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დაბრკოლებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ს-მა. კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების/გადაწყვეტილების აღსრულების დაბრკოლებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტის მიზნით საქმის სააპელაციო პალატისათვის შესაბამისი მითითებებით უკან დაბრუნება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 12 სექტემბრის №ბ01.011.72552 ბრძანებით ზ. ს-ი დაინიშნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის ცხელი ხაზის განყოფილების ... თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით. სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდისათვის მიუღებელი ხელფასის განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით ზ. ს-მა არაერთხელ მიმართა ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას, რაზედაც გამგეობის 2017 წლის 13 ოქტომბრის წერილით უარი განუცხადეს განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე, იმ საფუძვლით, რომ ამგვარი რამ არ მიუკუთვნებია სასამართლოს მოსარჩელისთვის რაც კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით ცალსახად ეწინააღმდეგება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტს და ასევე ამავე კანონის წინამორბედ კანონს „საჯარო სამსახურის შესახებ“. რამდენადაც მოსარჩელე აღდგენილია სამსახურში, ხოლო მას განაცდურის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა, მაშინ როდესაც განაცდურის საკითხი აღდგენის შემთხვევაში სასამართლომ გადაწყვიტა. ასეთ პირობებში განაცდურის ანაზღაურებისათვის მოსარჩელეს პრაქტიკულად უწევს ახლიდან წამოიწყოს დავა, დაუსრულებლად იდავოს, მაშინ როდესაც გადაწყვეტილების განმარტება საუკეთესო საშულებაა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების რეალური აღსრულების ხელშესაწყობად.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით და განმარტებაზე უარით ხელი შეუწყო პროცესის „უკვდავობას“ და ფიქციად აღიარა განაცდურზე უფლება, მაშინ როდესაც სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და პირს საკუთარი უფლებების დასაცავად დაუსრულებლად არ უნდა უწევდეს სასამართლოში სიარული.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 27 ოქტომბრის კანონის 127-ე მუხლზე და 2015 წლის 27 ოქტომბრის მოქმედი კანონის 118-ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე ეწინააღმდეგება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტით დადგენილ და გადაწყვეტილ შედეგებს და წარმოადგენს უკვე განხორციელებული მართლმსაჯულების უარყოფას. რამდენადაც, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტის თანმდევი სამართლებრივი შედეგები აღუსრულებელია, მაშინ როდესაც მოსარჩელის აღდგენის შემთხვევაში განაცდური ხელფასის ანაზღაურების ვალდებულება აღნიშნული იყო კანონიერ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

კერძო საჩივრის ავტორმა საკასაციო სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან მოყვანილი ციტატების საფუძველზე აღნიშნა, რომ არსებული სამართლებრივი რეალობა შესაძლებელია ასევე შეფასდეს და პროცესუალურად დაკვალიფიცირდეს, როგორც გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხი, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შემაფერხებელი ხდომილება, რომელიც საჭიროებს სასამართლოს მხრიდან სწორი საპროცესო მექანიზმებით მოწესრიგებას. რამდენადაც, კანონიერ ძალაში შესული სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით პირი აღდგენილია სამსახურში და ამავე გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ აღდგენისას ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას უნდა აენაზღაურებინა სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდისათვის მიუღებელი ხელფასი განაცდურის სახით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით მიზანშეწონილია განიმარტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტი გულისხმობდა თუ არა ამ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ზ. ს-ის აღდგენისას მისთვის განაცდური ხელფასის მოპასუხის მხრიდან ანაზღაურების ვალდებულებასაც, სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან, მოსარჩელის სამსახურში აღდგენის დღემდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განჩინებით ზ. ს-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და კერძო საჩივრის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით ზ. ს-ის წარმომადგენლის - ი. პ-ის შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილების მე-7 პუნქტის განმარტებისა და გადაწყვეტილების აღსრულების დაბრკოლებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტის მოთხოვნის შესახებ არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანი და იგი არ საჭიროებს დამატებით განმარტებას სასამართლოს მხრიდან, შესაბამისად, გადაწყვეტილება არის გასაგები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების (განჩინების) განმარტება დაიშვება მხოლოდ გადაწყვეტილების (განჩინების) აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, ამასთან, გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად და იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. გადაწყვეტილების განმარტება მისი ნაკლოვანების აღმოფხვრის ერთ-ერთი საშუალებაა. გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში განიმარტება, როდესაც მისი შინაარსი არის ბუნდოვანი, გაურკვეველი ან წინააღმდეგობრივი. გაურკვევლობა უნდა ეხებოდეს სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს. გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების განმარტების მიცემაში პრიორიტეტულია არა მხარის სურვილი, მოისმინოს მიღებული გადაწყვეტილების დამატებითი არგუმენტები, არამედ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის ბუნდოვანება.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტი არ არის ბუნდოვანი და შესაბამისად, იგი არ საჭიროებს განმარტებას, მისი დასაბუთება მოცემულია ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, ხოლო სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი სავსებით ცხადია. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზ. ს-ს მართებულად ეთქვა უარი გადაწყვეტილების განმარტებაზე, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი იძლევა გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას მისი შინაარსის შეუცვლელად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გადაწყვეტილების განმარტების მოტივით, თუნდაც ნაწილობრივ შეცვალოს იგი ან შეეხოს ისეთ საკითხს, რომელიც არ იყო მისი მსჯელობის საგანი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული 2017 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2014 წლის 3 დეკემბრის №2/77 ბრძანება ზ. ს-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, სასამართლოს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 2017 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილების მე-7 პუნქტის კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული ფორმულირებით განმარტების შესაძლებლობა არ არსებობს. რამდენადაც, იმავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის იმ ნაწილის დაკმაყოფილებაზე, რომლის დაკმაყოფილების შესახებ კონკრეტულად არ იყო მითითებული ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში. ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში პირდაპირ არის მითითებული, რომ განაცდური ხელფასის ნაწილში ზ. ს-ის სარჩელი იმ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა. ამასთან, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტაციას სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების სავალდებულოობის შესახებ. თუმცა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობას და განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დარეგულირებული იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით არ არის დაკმაყოფილებული, არ შეიძლება გახდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის გამოყენებით, სარეზოლუციო ნაწილის განმარტების, განვრცობის საფუძველზე აღსრულების საგანი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე